კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ნანუკა ჟორჟოლიანი: ჩემი კრიზისი ინდოეთში დავამენეჯმენტე

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მენტალური პრობლემები და ასაკი ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოწვევად მიიღო და პირველ რიგში, პრობლემის აღიარებით, შემდეგ კი ცხოვრების ჯანსაღი წესით მათ ბრძოლა გამოუცხადა. შედეგად, დღეს ძალიან ბევრი, მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანისთვის თვალსაჩინო მაგალითია იმის, რომ შესაძლებელია, ამ პრობლემებსაც ებრძოდე და თან ისეთივე პროდუქტიული და საჭირო იყო საკუთარი საქმისა და გარშემო მყოფებისთვის, როგორიც ამ პრობლემების არარსებობის შემთხვევაში.
  ნანუკა ჟორჟოლიანი: როდესაც ჯანსაღი ცხოვრების წესს ვტირაჟირებთ, ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არ უნდა დაგვავიწყდეს. თუ ადამიანი სოფელში არ ცხოვრობს და საკუთარი, ნატურალური პროდუქტი არ აქვს, ეს სიამოვნება საკმაოდ ძვირი დაუჯდება. იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს საარსებო მინიმუმი არ აქვთ, ძნელია ამ თემის წინ წამოწევა. გასაგებია, რომ უმრავლესობას შია და მათთვის გასაკვირიც კია, საერთოდ, რაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან სწორია ამ თემის ტირაჟირება. ახალი თაობა მოდის და მათთვის ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი მგონია იმის თქმა, რომ ამ ყველაფრის დასაწყებად არაა აუცილებელი, ორმოც წელს დაელოდო. ცხოვრების ჯანსაღი წესი მარტო კარგი ხარისხის თევზის ჭამა არაა, ეს არც მარტო სიგარეტის მოწევაზე უარის თქმას გულისხმობს. ესაა, თუნდაც, ღია ცის ქვეშ სეირნობა და არა მხოლოდ სპორტდარბაზებში ვარჯიში. ოცდამეერთე საუკუნეში ყველაფერი „იგუგლება“, „იუთუბზეც“ ყველაფრის ნახვა შეგვიძლია და საკუთარ სახლებში ვარჯიშის ალტერნატიულ გზებზე ბევრი რჩევის მიღებაც. ასე რომ, როდესაც ჯანსაღ ცხოვრებას ვტირაჟირებ, მხოლოდ გემრიელ საჭმელებს არ ვგულისხმობ. ყველას შეგვიძლია, ბევრი წყალი ვსვათ, ძილის რეჟიმი მოვიწესრიგოთ, ეს ხომ არ უკავშირდება ფინანსებს?! თუნდაც ვარჯიში ავიღოთ. ბევრი წერს, არ გვაქვს საშუალება, სპორტდარბაზებში სასიარულოდო. კორონავირუსმა დაამტკიცა, რომ გაცილებით უფრო ეფექტური აღმოჩნდა სახლში ვარჯიში. ამ პერიოდში ადამიანები იძულებულები გახდნენ, ევარჯიშათ წყლით სავსე ბოთლებით, სავარძლის დახმარებით, ღია ცის ქვეშ, სუფთა ჰაერზე. შედეგიც გაცილებით ეფექტური გამოვიდა და პროცესიც – სასიამოვნო. ამიტომ, როცა ამ თემებით ვართ დაინტერესებული, მაგრამ შესაბამისი ფინანსური საშუალება არ გვაქვს, ძალიან ბევრ რამეს, შეგვიძლია, ალტერნატივა მოვუძებნოთ.
– რამდენადაც ვიცი, თქვენზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ინდოეთში მოგზაურობამ, მკურნალობამ. იქ ძალიან ბევრი რამ ვისწავლეო...
– პირველად იქ მივხვდი, რომ შემეძლო, საკუთარი თავისთვის მთელი დღით ტელეფონის გამორთვის უფლება მიმეცა. შეიძლება, ვიღაცას ვერ წარმოუდგენია, ან მანამდე რატომ იყო ეს პრობლემა. მაგრამ, როცა 17-18 წელი ისე მუშაობ, რომ წყვეტა არ გქონია და არ შეგისვენია (თუ არ ჩავთვლით, საბაზე მშობიარობის მომენტს. მაშინ სამი თვე ნამდვილად დავისვენე), როდესაც ასე ცხოვრობ, აბსოლუტურად სხვა ტემპი გაქვს და 38 წლის ასაკში ხვდები ინდოეთში... გულწრფელად ვამბობ, პირველად გავაცნობიერე, რომ შემიძლია, თავს უფლება მივცე, ტელეფონი გამოვრთო მთელი დღე ისე, რომ ამაზე არ ვიდარდო. რაღაცებისადმი მიჯაჭვულობა გაქრა. მივხვდი, რომ არ არის აუცილებელი, ყველაფერი მე ვაკეთო. შემეცვალა პრიორიტეტები, დამოკიდებულებები. ისე დაემთხვა, რომ მე ჩემი კრიზისი ინდოეთში დავამენეჯმენტე. ამიტომ ჩემთვის ინდოეთია ათვლის წერტილი. ვიღაცისთვის ეს შეიძლება, იყოს საკუთარი სოფელი, სადაც ჩავიდა და მარტოობასა და ბუნებაში მიხვდა, რომ  ცხოვრებაში რაღაცები შესაცვლელი აქვს. საკუთარ თავს ბევრი დრო უნდა დაუთმოს, კარგად მოუსმინოს და ცხოვრების ტემპი შეიცვალოს. ტემპი, რომელიც მე მანამდე მქონდა ნამდვილი სიგიჟე იყო. რამაც ჩემი ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია. ასევე, სტრესმა, რომელსაც ვიღებდი. იმ რაღაცებმაც, რასაც ზედაპირულად ვერ ვუყურებდი. შვილებთან ურთიერთობის ხანგრძლივობა, ჩემი ინტეგრაცია მათ ცხოვრებაში, კვება, ძილი – ყველაფერი რადიკალურად შევცვალე.
– რა არის შინაგანი წონასწრობისა და სიძლიერის წყარო? ფსიქოლოგიური სირთულეების დროს, ალბათ, სწორედ, ამის მიღწევაა ყველაზე მთავარი, რაც ვიცით, რომ თქვენ გამოიარეთ.
– მგონია, რომ რაღაც ასაკის შემდეგ აბსოლუტურად სხვანაირად ვიაზრებთ ყოველდღიურობას. ჩემთვის, მაგალითად, კრიზისი აღმოჩნდა აუცილებელი, რომ ეს რესტარტი გამეკეთებინა. ჩემს ცხოვრებაში მთავარი ადამიანებია, მოტივაციას და ენერგიას მე ისინი მაძლვენ. თუმცა, ვიმეორებ, ჩემთვის მთავარი გარდამტეხი კრიზისი აღმოჩნდა. ამან ძალიან ბევრი დამაკლო ემოციური თვალსაზრისით და ასევე, აისახა ჩემს საქმეზეც. რაც ჩემი გადაცემების ხარისხსაც ეტყობა. დღევანდელი გადასახედიდან, ჩანს, რომ რაღაცები ზედაპირული იყო. მე მაშინ სტაფი ძალიან დამიდგა გვერდით. ყველაფერს აგვარებდნენ, მე მარტო მივდიოდი, გადაცემას ვწერდი და მოვდიოდი. ჩემი თანამონაწილეობა მინიმალური იყო. შესაბამისად, ამ გადასახედიდან, იმან, რამაც ყველაზე მეტი შიში და შფოთვები მომიტანა, რეალურად ჩემი ცხოვრება ძალიან სწორად დაარესტარტა და ბევრი რამ სწორი მიმართულებით წარმართა. ამიტომ შემიძლია, ვთქვა, რომ შესაძლებელია კრიზისები საჩვენოდ გამოვიყენოთ.
– როცა კრიზისია, რა თქმა უნდა, რთულია, რადგან ადამიანს ბრძოლა გიწევს ამ სიტუაციიდან თავის დასაღწევად, მაგრამ დღევანდელ და რამდენიმე წლის წინანდელ ნანუკას თუ შევადარებთ, მგონი, კარგი ცვლილებაა...
– ასეა. საკუთარ თავთან ჰარმონიაში მოსვლა ადამიანს ვიზუალურადაც სხვანაირს ხდის. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვიღაც უფრო მეტად ან ნაკლებად მომხიბვლელი ხდება, მაგრამ როდესაც ფიზიკურ აქტივობას მეტ დროს უთმობ, ძილს და პირველ რიგში, ფიქრებს იწესრიგებ, რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ თავს უკეთეს განწყობას უქმნი. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რაც მე ყველაზე დიდ გამოწვევად ჩავთვალე, იყო ჩემი ღია აღიარება, იმისა, რომ მე მენტალური პრობლემები მქონდა. ჩემი აზრით, ათი წლის განმავლობაში არცერთ ჩემს გადაცემას თუ ნაბიჯს ასეთი სასარგებლო გამოხმაურება არ ჰქონია. შეიძლება, ძალიან ცუდად გამომდის, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ამით ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარე. მენტალური პრობლემა ძალიან რთულია. მესმის, რომ ადამიანებს შიათ, მაგრამ ეს კიდევ სხვა სასოწარკვეთაა. ცხოვრობ რეალურ სამყაროში, მაგრამ არ ცხოვრობ. ვერ ფუნქციონირებ და იმის განცდა და შიშები, რომ შეიძლება, გიჟდები და ამას აცნობიერებ აბსოლუტურად გააზრებული ფსიქიკით, თან ეს გაუთავებლად გრძელდება, საშინელებაა. შიში არის ყველაზე ცუდი ენერგია, რაც ადამიანს აქვს. მასზე დამანგრეველი რამ არ არსებობს. წარმოიდგინეთ, როგორია, როცა მუდმივად განიცდი და იმ შიშით ცხოვრობ, რომ შენ გიჟდები. როცა ადამიანი ასეთ ფორიაქშია და შენ ეუბნები, რომ არ გაგიჟდება და ეს შიშები ტყუილი განცდაა, რომელიც მალე გაივლის, ჩემი აზრით, ეს ყველაზე სწორად გაწვდილი ხელია. როდესაც ეს ადამიანები შენ ძლიერად გთვლიან, გიყურებენ, ხედავენ, რომ არ წაიქეცი, რომ აგრძელებ საკუთარ საქმიანობას, ანუ, რადგან ამ ყველაფერმა შენ ვერ დაგამარცხა, ესე იგი, ვერც მათ მოერევა და საკუთარი თავის იმედი უბრუნდებათ. ჩემი აზრით, ეს ყველაზე სწორი თანადგომაა და თუ ვინმე მკითხავს, ჩემი გადადგმული რომელი ნაბიჯი მიმაჩნია ყველაზე სწორად, ვუპასუხებ, რომ ეს იყო ჩემი აღიარება. ძალიან ბევრი გოგონა მწერდა, მათ შორის რაიონებიდან, ემიგრანტები. ერთი გოგონა მეუბნებოდა, დედამთილს ამ პრობლემის შესახებ რომ ვუთხარი, მივხვდი, რომ სხვანაირად ყურება დამიწყო, ჩათვალა, რომ ვგიჟდებოდიო. როდესაც ადამიანებს ეუბნები, რომ შეიძლება, ფისიქიატრი დაგჭირდეს, მაგრამ არა უშავს, შენ აბსოლუტურად ქმედითი და საჭირო ხარ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
– დიახ, შეიძლება მაქვს ასეთი პრობლემა, გისმენთ და საუბრობთ, როგორ დაამარცხეთ ის თქვენ. გავიდა დიდი დრო, მაგრამ მე ეს ბოლომდე ვერ მოვახერხე მცდელობების მიუხედავად და ვფიქრობ, რომ ჩემშია პრობლემა...
– ამიტომ ყველას ვეუბნები, რომ აქ ბოლომდე გამოჯანმრთელება არ არსებობს. იმ ტიპის პრობლემები, რომელიც კონკრეტულად მე მაწუხებდა – შფოთვითი აშლილობა თუ უფრო რთული პერიოდები, არის პრობლემები, რომელსაც საბოლოო ჯამში, ჩვენ ვერევით, მაგრამ ეს გრძელი პროცესია. შეიძლება, მე გადაცემის წაყვანისას მქონდეს შფოთვა, მაგრამ ამას მაყურებელი ვერ მიხვდეს. ამ დროს თვითონვე უნდა უზრუნველვყოთ საკუთარი თავი. მაგრამ მთავარია, საიდან ვიღებთ ამისთვის საჭირო ენერგიას. ამას ვიღაც ინდოეთიდან იღებს, ვიღაც – შვილისგან და სხვა – სიყვარულისგან. ასეთ ადამიანებს ყოველთვის უნდა გვქონდეს ხელის მოსაკიდებელი. გვჭირდება ენერგია, ძალა, რომელსაც ჩავეჭიდებით. ამიტომ ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემო ფაქტორებს და ადამიანებს.
  სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი მენტალური პრობლემების გარდა, კიდევ ერთი გამოწვევა მქონდა, მე ომი გამოვუცხადე ასაკს. მინდოდა წლები ციფრებად მექცია. მივხვდი, რომ ჩემს მენტალურ პრობლემას ასაკისა და ნაოჭის მატებაც აღრმავდებდა. ვარ თუ არა თვითკმაყოფილი? არა, იმიტომ, რომ რაღაცები კიდევ მაქვს მოსარევი. მაგრამ ბრძოლისუნარიანი ვარ, წაქცეული ბევრჯერ წამოვმდგარვარ, ეს თანდაყოლილი უნარია. რაც უფრო მეტი პრობლემა მაქვს, მეტად ვძლიერდები. თუმცა, კარგად მესმის ქალების, ვისაც ეს თვისება არ გააჩნია. თუ პრობლემა გაძლიერებაში არ ეხმარება, ამის გამო არცერთმა ქალმა არ უნდა ჩათვალოს, რომ სუსტია. უბრალოდ, ყველას არ აქვს სწორი ხელჩასაჭიდი, ან რეალიზება აკლია, ან პირად ცხოვრებაში არ არის რაღაც ისე. მე ვფიქრობ, ყველა ქალი ახერხებს ფეხზე წამოდგომას, თუ რამე ხელჩასაჭიდს იპოვის. ამ დროს საკუთარ თავს ვერ ჩაეჭიდები, რადგან კრიზისში ხარ, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემო ფაქტორები: სამსახური, შვილები თუ სხვა, მათთვის სიამოვნების მომგვრელი გზა და საშუალება. ყველას ჩვენი მიკროსამყარო გვაქვს ამიტომ უნივერსალურ კონკრეტულ მაგალითს ვერ დავასახელებ.


скачать dle 11.3