კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 რატომ ეშინია ანა ჯავახიშვილს ყველაზე მეტად შეყვარებულის აზრის და რატომ არ ჩქარობენ ის და ლუკა თარხან-მოურავი დაქორწინებას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მსახიობები ანა ჯავახიშვილი და ლუკა თარხან-მოურავი თითქმის ხუთი წელია, შეყვარებულები არიან. კარანტინში ურთიერთობის დაძაბვის შესახებ ბევრი წყვილი წუწუნებს, თუმცა მათთვის ეს პერიოდი საკმაოდ საინტერესო და დატვირთული აღმოჩნდა, რაზეც თავადვე გვიამბობენ.
  ლუკა თარხან-მოურავი: ჩვენ მსგავსი პერიოდი უცხოეთში რამდენჯერმე გავიარეთ. საკმაოდ დიდი დრო, სამი თვე, ფაქტობრივად, სახლში ვიყავით გამოკეტილები, რადგან ზამთარი იყო, მაგრამ ამის გამო დიდი დისკომფორტი არ შეგვქმნია. ასეთ სიტუაციაში სხვადასხვა თამაშს ვიგონებთ ხოლმე და თავს ვირთობთ. ეს კარანტინი კი საკმაოდ ნორმალურად გადავაგორეთ. პატარა კომპანია შევქმენით და სახის დამცავი ფარების დამზადება დავიწყეთ.
  ანა ჯავახიშვილი: გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი რესურსი ქველმოქმედებისთვისაც გამოგვეყენებინა. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი დრო გვქონდა. ჩვენი პროფესია ამ შემთხვევაში გამოუსადეგარი აღმოჩნდა, ყველაფერი გაჩერდა და გადავწყვიტეთ, ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი ამ გზით მოგვეხადა. ჩვენ მიერ დამზადებული ფარები სხვადასხვა ორგანიზაციას უსასყიდლოდ გადავეცით. თავიდან ყველაფერს ჩვენი ხელით ვამზადებდით. ვისაც სურვილი ჰქონდა, შეძენაც შეეძლო ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.
ლუკა: ფარების დამზადების შესახებ იდეა ანას დედას გაუჩნდა. ინტერნეტში ვნახეთ დეტალები, შევისწავლეთ და ჩვენი ხელით დავიწყეთ დამზადება. გაყიდვებიც იმ რაოდენობით იყო, ქველმოქმედების საშუალებას გვაძლევდა, რომ ზარალში არ გადავსულიყავით.
– ამ ორი თვის განმავლობაში გქონდათ პერიოდი, როცა დიდი ხანი ვერ ნახულობდით ერთმანეთს?
ანა: არა, თითქმის სულ ერთად ვიყავით. კომენდანტის საათის გამო ძალიან ბევრჯერ შეგვექმნა უხერხულობა. რამდენჯერ გავმზადებულვართ მეგობართან გასასვლელად და მერე გაგვხსენებია, რომ კომენდანტის საათი იყო და უკან მოვბრუნებულვართ. ბოლო წამებშიც შემოგვისწრია სახლში.
ლუკა: ავტომობილებით გადაადგილება რომ აიკრძალა, ბიძაჩემს მოპედი გამოვართვი, ცარიელ ქალაქში ტარება ვისწავლე და ის პერიოდი მშვენივრად გადავადგილდებოდით. რომანტიკული ამბავიც გამოგვივიდა. მოპედით გავისეირნეთ მე და ანამ ქალაქში. აბსოლუტურად ცარიელი იყო თბილისი და სანაპიროზე მზის ჩასვლის ულამაზეს პროცესს ვუყურეთ. ასეთ ლამაზ და სუფთა თბილისში არასოდეს გვისეირნია. მოუხდა ქალაქს ცოტა ხანი ავტომობილებისგან განტვირთვა.
ანა: ერთმანეთთან ფეხით ვერ მივიდოდით და მეგონა, რომ ეს პერიოდი ვერ შევძლებდი მის ნახვას. უცებ დამირეკა, ქვემოთ ჩამოდიო. მეგონა, ფეხით მოვიდა, მაგრამ მოპედით დამხვდა და მითხრა, რომ იმ დღეებშიც ჩვეულებრივად შევძლებდით გადაადგილებას. ყველა მეგობართან ვიყავით, მთელი ქალაქი მოვიარეთ, საქმეებსაც ვაკეთებდით. ჩვენი კლასტერი, ვინც ერთად ვმუშაობდით, ყველა სათითაოდ მოჰყავდა (იცინის). იმ პირობებში შეფერხების გარეშე გადაადგილება ძალიან დიდი ეგზოტიკა იყო.
– ბევრი წყვილი ამბობს, რომ ეს პერიოდი კონფლიქტისა და დაძაბულობის მიზეზი გახდა, თქვენთანაც იყო მსგავსი შემთხვევა?
ლუკა: კარანტინი ვერ გვაჯობებს (იცინის).
ანა: ჩვენ ამ ახალი ამბის გამო ძალიან ბევრი საქმე გვქონდა და ჩვენ და ჩვენი მეგობრები, ბევრჯერ ცხრა საათამდე ვერ ვასწრებდით ყველაფრის გაკეთებას. ამიტომ ყველანი ერთად ვიყავით ლუკასთან. ვიცოდით, რომ სახლში წასვლას ვერ მოვახერხებდით და ფაქტობრივად, სამი კვირის განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით. მე და ლუკა დიდი ხანია, ერთად ვართ და იმდენად კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, კარანტინში ახალი ნამდვილად არაფერი აღმოგვიჩენია. ერთადერთი, რაც ჩემთვის შეიცვალა, ისაა, რომ დილით ვდგებოდი და ცხრა საათზე ტელევიზორს ვრთავდი, რომ ახალი ამბები მომესმინა. ისეთი სტრესის ქვეშ ვიყავი, სხვანაირად არ შემეძლო.
ლუკა: ანაზე სამი წლით უფროსი ვარ და მისგან განსხვავებით, 90-იანების ბავშვობა მე კარგად მახსოვს. ამიტომ ის, რაც ახლა ხდებოდა, მისთვის ძალიან უცნაური იყო და ნერვიულობდა, ვაიმე, საჭმელი აღარ იქნებაო?! ვამშვიდებდი, 90-იანებში თუ გადავრჩით, კარანტინი ნამდვილად ვერ მოგვკლავს-მეთქი (იცინის).
– რაც შეეხება თქვენს ურთიერთობას, საკმაოდ დიდი ხანია, ერთად ხართ, რა შეცვალა დრომ?
ანა: ამ წლებმა ორივე უკეთესობისკენ შეგვცვალა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთად გავიზარდეთ და ერთმანეთის რეგრესს ხელი არ შევუწყვეთ. პირიქით, ძალიან ვცდილობდით, ორივეს პროგრესი გვქონოდა ურთიერთობაშიც, პიროვნულ დონეზეც და ასევე, პროფესიაში.
ლუკა: პროფესიამაც ხელი შეგვიწყო. ხშირად გვიღებენ ერთად. ჩვენი პროექტების სამოცდაათ პროცენტში ერთად ვთამაშობთ. ხან  საქმროს ვუკლავ ქორწილში ეჭვიანობის ნიადაგზე, ხან სიყვარულს ვუხსნი და ასე შემდეგ. ახლაც სერიალში „მისამართის გარეშე“ ანას თაყვანისმცემლის როლი მაქვს, რომელიც გიჟდება მასზე. გაგვიმართლა, რომ გადასაღებ მოედანზეც ძალიან ხშირად ვართ ერთად. ყოფილა შემთხვევა, როცა რეჟისორმა ორივე დაგვიბარა ქასთინგზე და მითხრა, როგორღაც უნდა დაიჯერო, რომ მართლა გიყვარს ეს გოგოოო, არ იცოდა, რომ შეყვარებულები ვიყავით და ძალიან გამიჭირდება-მეთქი (იცინის). რომ გაიგო, ძალიან გაუხარდა და მაშინვე დაგვამტკიცა როლებზე (იცინის). ამ წლებმა საკუთარი თავის კონტროლი მასწავლა. სიმშვიდე გამოვიმუშავე. ბავშვობიდან ძალიან ფეთქებადი ხასიათი მქონდა, ანასთან და ასაკთან ერთად მგონი, ცოტა დავღვინდი. ახლა უფრო წყნარი ვარ, მეტს ვფიქრობ და მერე ვმოქმედებ. ადრე უფრო ხშირად ვკინკლაობდით რაღაცებზე, ახლა მშვიდი, მაგრამ ემოციებით სავსე ურთიერთობა გვაქვს.
ანა: არა მგონია, მე ის ადამიანი ვიყო, ვისაც სასიყვარულო ურთიერთობაზე რჩევების მიცემა შეუძლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარია, საყვარელი ადამიანის საუკეთესო მეგობარი იყო.
ლუკა: კი, ასეა. როდესაც ადამიანი შენი მეგობარია, მერე მასთან ყველაფერი გაცილებით მარტივია. აი, ახლა ანას უკვე კომპიუტერული თამაშებიც შევაყვარე. ხუთი წელი დამჭირდა ამისთვის (იცინის). მე ბავშვობიდან მიყვარდა და ძალიან სასიამოვნოა, რომ დროთა განმავლობაში ორივე ვინტერესდებით ერთმანეთის ინტერესებით.
– ვინ უფრო რომანტიკულია?
ანა: მე მგონია, რომ ამ მხრივ, ლუკას უფრო შეუძლია ჩემი გაოცება. ძალიან დიდი ფანტაზია აქვს, რომელსაც კარგად იყენებს. მეც ვცდილობ, რომ ჩვენი ურთიერთობა ყოველდღიურ რუტინაში არ გადაიზარდოს. ადრე არ მიყვარდა სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებები, ამის შიში მქონდა. სადმე წასვლა იქნებოდა თუ სხვა რამ მერჩივნა, წინასწარ დამეგეგმა, მაგრამ ლუკამ ამასაც შემაჩვია. ახლა ძალიან მომწონს, რომ ამ მხრივ შემცვალა. მგონია, რომ რომანტიზმი მოულოდნელ პატარ-პატარა სიახლეებსა და სიხარულებს მოაქვს.
– ხუთი წლის განმავლობაში არ გქონიათ ცდუნება, რომ დაქორწინებულიყავით?
ლუკა: ბევრ საკითხში სპონტანურები ვართ, თუმცა როცა ასეთ მნიშვნელოვან მოვლენას ეხება საქმე, ყველაფერს კარგად ვგეგმავთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. ჯერ გვინდა, ჩვენს პროფესიაში უცხოეთშიც მოვსინჯოთ ძალები.
ანა: კიდევ ერთი მომენტია, ჩვენც და ჩვენი მშობლებიც ისე ვართ ერთმანეთთან, რომ თითქმის ერთი ოჯახი ვართ. კითხვაც არ გაჩენილა, რამე ხომ არ ვქნათო? მთელი ამ დროის განმავლობაში, არასდროს მიგრძნია, რომ ლუკა ჩემი ოჯახის წევრი არაა და მე – მისი.
ლუკა: ანას ოჯახთან, მის ძმებთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს. პირველივე დღიდან მივხვდი, რომ ძალიან ბევრი საერთო გვქონდა. რადგან ოჯახს შევეხეთ, მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და ჩემი პატარა და – სოფო მოვიკითხო განსაკუთრებული სიყვარულით. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, ანა ვეგეტარიანელია, მე ჯერჯერობით – ვერ. მაგრამ ჩემს სახლში ანას საჭმელი ყოველთვისაა, ჩემი – არა (იცინის).
ანა: როცა რაიმეს შეცვლის საჭიროება გაჩნდება, შევცვლით კიდეც, მაგრამ ჯერჯერობით ასე ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს.
– ლუკა, ცოტა ხნის წინ ანას მონაწილეობით ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დადებითიც და უარყოფითიც. როგორია, შენი როგორც მსახიობის და თან შეყვარებულის პოზიცია?
ლუკა: რადგან ანა მანდილოსანია, მის მიმართ აგრესია არ გაჩენილა. როცა მისი მონაწილეობით ფილმი ან სპექტაკლი გამოდის, ანას ყველაზე მეტად ჩემი კრიტიკის ეშინია. რადგან ახლობელია,  უნდა, რომ კარგი ვუთხრა – ეს დამოკიდებულება ჩემთვის მიუღებელია. ბოლო პერიოდში, ორ სპექტაკლში საოცრად იმუშავა, იქ უფრო მეტად გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები და დარბაზიდან ძალიან ამაყი გამოვედი. ურთულესი როლები ძალიან საინტერესოდ შეასრულა.
ანა: ყველაზე სასიამოვნო შეფასებაა. სულ ვამბობ ხოლმე, ორი უნივერსიტეტი დავამთავრე, ერთი თეატრალური და მეორე – ლუკასი. ლექციებისა და რეპეტიციების შემდეგ მასთან მოვდიოდი, ქასთინგების წინაც მასთან გავდიოდი კონსულტაციას. ლუკას ძალიან დიდი შრომა აქვს ჩადებული ჩემში. თავიდან, პატარა რომ ვიყავი, ბევრი რამ არ მესმოდა და ლუკა მთელი დღისა თუ ღამის განმავლობაში მიხსნიდა, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. ამიტომ მისი შეფასება ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ლუკა: ანალოგიურად, ყველაზე მეტად მეც ანას აზრის მეშინია. როდესაც რაღაცას ვაკეთებ, თვალს ანასკენ ვაპარებ – მოეწონა თუ არა. პირველ რიგში მისი პოზიცია მაინტერესებს. ახლა კორონას გამო დაპაუზებულები ვართ და ჯერ არ ვიცით, პროფესიულად რა იქნება, მაგრამ უახლოეს მომავალში იუმორისტულ-შემეცნებითი ხასიათის ბლოგის გაკეთებას ვაპირებთ და ვნახოთ, რა გამოვა.

скачать dle 11.3