კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ვახტანგ ფანჩულიძე: ბაზარში რომ მივდიოდი, უკან ჩემით ვეღარ ვბრუნდებოდი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

„სიყვარული ყველას უნდა“ – ამ ფილმის გადაღებიდან ორმოცი წელი გავიდა და ზუსტად ამდენი ხანია, ბურნუთას როლის შემსრულებლის – ვახტანგ ფანჩულიძის ცხოვრება უდიდესი სიყვარულითაა სავსე, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, ვერაფერი შეედრება.
  ვახტანგ ფანჩულიძე: „სიყვარული ყველას უნდა“ 1979 წელს გადავიღეთ. მაშინ ინსტიტუტში ვსწავლობდი, მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი სამსახიობო-სარეჟისოროს მიმართულებით. იმ პერიოდისთვის უკვე სამი მთავარი როლი მქონდა ნათამაშები ესაძესთან, ბადურ წულაძესთან და ბიძინა ჩხეიძესთან. ასე რომ, ბატონი გიორგი შენგელაია ეკრანიდან მიცნობდა. სხვათა შორის, ის დასაწყისშივე ამბობდა, რომ ეს საუკუნის ფილმი იქნებოდა. „სიყვარული ყველას უნდა“ ნამდვილი ქართული ფილმია, ქართული სისხლით და ამიტომაც მიიღო მაყურებელმა ასე კარგად. როგორც გითხარით, გიორგის ეკრანზე კი ვყავდი ნანახი, მაგრამ ისე კარგად არ მიცნობდა, რომ სცოდნოდა, რამდენად კარგად მოვერგებოდი კახურ ხასიათს. როდესაც სინჯზე დამიბარა, მითხრა, ძალიან გაფასებ შენი ნამუშევრების გამო, მაგრამ ეს სულ სხვა როლია – ნამდვილი კახელის, თავისი უწმაწური სიტყვებით, გინებით, სიზარმაცით, ბირჟით, დალევით და თუ იცნობ კახეთსო? ასე თუ ისე, კი ვიცნობდი, მაგრამ გადაწყვიტა, ცოტა ხნით, იქ მეცხოვრა, რომ ყველაფერში კარგად გავრკვეულიყავი. ორი კვირა გავატარე იქ და ყველაფერი კარგად შევისწავლე, რაც მართლა დამეხმარა ამ როლის თამაშში.
– შედეგი ყველამ ვიცით, მუშაობის პროცესი როგორი იყო?
– გენიალური. მოგეხსენებათ, კინოს გადაღებაზე დიდი გუნდი მუშაობს. ამ ფილმზე განსაკუთრებით ბევრი შევიკრიბეთ, 70-80 კაცი ვცხოვრობდით „ინტურისტში“. იმ დროს ცხოვრება დუღდა საქართველოში და კახეთში – მით უმეტეს. მაშინ ყველა შეძლებული იყო, ხალხს ეკონომიურად არ უჭირდა და გადაღების შემდეგ ოჯახები გველოდნენ – დღეს ჩვენთან უნდა წამოხვიდეთო. სამოცდაათკაციანი სუფრა უკვე გაშლილი ჰქონდათ. სია იყო შედგენილი: დღეს მიტოაანთ მივდივართ, ხვალ შაქროაანთ და ასე შემდეგ (იცინის). ყოველ საღამოს ქეიფი გვქონდა. ისე შევედი როლში, მართლა ბურნუთა ვიყავი, თავის ბირჟებით, თავის სიყვარულით. მე მაშინ დიდი სიმპათიები მქონდა დარეჯანისადმი, ძალიან ვაფასებდი და მიყვარდა, უფრო მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ერთი ამოსუნთქვით შედგა ეს ფილმი, იმიტომ რომ კახეთში იყო გადაღება. მე მიმაჩნია, რომ ქართველები ყველა ნიჭიერები ვართ, მაგრამ კახელები – განსაკუთებულად. თითოეული კახელის ცხოვრება უკვე შემოქმედება და ფილმია – თავისი მეტყველებით, ბუნებით, საქციელით, სადღეგრძელოებით, გინებით (იცინის). ფილმში უშუალო, ნამდვილი ურთიერთოებიბია და ამიტომაც აიტაცეს მაშინვე.
– მაყურებლის ასეთ რეაქციაზე სასიამოვნო, ალბათ, არაფერია.
– გიორგი მეუბნებოდა, ძალიან თბილად მიიღებს მაყურებელიო, მაგრამ ასეთ აღტაცებასა და სიყვარულს თუ გამოიწვევდა, მისთვისაც მოულოდნელი იყო. ქუჩაში რომ გამოვდიოდი, სულ „ვაიმე, ბურნუთა“ მესმოდა. სხვათა შორის, როგორი დამოკიდებულებაც ორმოცი წლის წინ იყო, ისეა დღესაც. მასშტაბები ოდნავ შემცირდა, მაგრამ ბურნუთასადმი მაინც ყველას ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს. ღმერთის ძალიან მადლობელი ვარ ამ ორმოცი წლის გამო; იმის გამო, რომ კინოში მომახვედრა, ასეთი როლი მათამაშა და ხალხმა ასე შემიყვარა. ეს ბედნიერება სიცოცხლის ბოლომდე კი არა, მერეც გამყვება. მიმაჩნია, რომ ადამიანი ღირებულებისთვისაა შექმნილი და ამ ფილმის სახით, რაღაც პატარა ღირებულება მეც შევქმენი. ადამიანები რომ მხედავენ, სახეზე ღიმილი ეფინებათ და ჩემთან ფოტოს გადაღების სურვილი უჩნდებათ, ეს გენიალურია, ამას ვერაფრით იყიდი.
– მაშინ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიჭი იყავით, არა?
– სხვათა შორის, პირველი ფილმის შემდეგ დაიწყო ეს მომენტები, მაგრამ იქ უფრო განსხვავებული გმირი იყო. ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ, ვხედავდი, რომ ყველას ჩემი გულში ჩახუტება უნდოდა. ბაზარში რომ მივდიოდი, უკან ჩემით ვეღარ ვბრუნდებოდი (იცინის): ბურნუთ, მოდი ჩვენთან დალიე ერთი სადღეგრძელო... ბურნუთ – ჩვენთან... უბრალო ადამიანი ვარ, ძალიან მიყვარს ხალხი და მათთან ურთიერთობა. როცა ვხვდები, ადამიანს ვუყვარვარ და ჩემი დანახვა უხარია, ამაზე დიდი ბედნიერების წყარო ხომ არ არსებობს?! ვინც მეძახდა, აბსოლუტურად ყველასთან მივდიოდი. მერე, რა თქმა უნდა, ვთვრებოდი და ტაქსით მივყავდი სახლში დატვირთული, ნაჩუქარი ხორცით, ხილით, ქათმებით და ასე შემდეგ (იცინის).
– მერე ნელ-ნელა როგორ გაქრით ეკრანიდან?
– რამდენიმე ფილმში კიდევ ვითამაშე, მაგრამ ზოგი არ გამოსულა ეკრანზე. მაშინ ცენზურა იყო, ზოგ ფილმს უშვებდნენ, ზოგს – არა. ოთხმოციანი წლების ბოლოს ყველაფერი აირია, 1989 წელს ვითამაშე თემურ ფალავანდიშვილის ფილმში და ამის შემდეგ, ყველაფერი შეჩერდა. მერე იყო სამოქალაქო ომი, კინოსთვის აღარავის ეცალა. 90-ანებში სახლში ვიყავი, როგორც ყველა. 90-იანების ბოლოს საბერძნეთში წავედი, მაგრამ დიდხანს ვერ გავჩერდი და ხუთ წელიწადში დავბრუნდი. მგონი, მსოფლიოში  მარტო ქართველს ენატრება საკუთარი სამშობლო, რაც უნდა კარგად იყოს სხვა ქვეყანაში. იქ მატერიალურად კარგად ვიყავი, კარგი შემოსავალი მქონდა და ისიც ვიცოდი, სად ვბრუნდებოდი, რომ აქ ისევ სიბნელე და გაჭირვება იყო. იმის მიუხედავად, რომ ბერძნები კარგი ხალხი აღმოჩნდნენ და თბილად მიმიღეს, მომენტარა ჩემი ქვეყანა, ვეღარ გავძელი და ჩამოვედი. აქ კინოინდუსტია ისევ არ არსებობდა, მაგრამ შემოსავალი აუცილებელი იყო და ხან ღებვაზე ვმუშაობდი, ხან მშენებლობაზე. სხვათა შორის, შარშან უნიჭიერესმა ახალგაზრდამ – სანდრო კობერიძემ გადამიღო თავის მესამე ფილმში – „ქარმა დაუბერა, ქალმა თავის ყელსაბამზე გაიფიქრა“, ერთ-ერთ მთავარ როლზე.
– ამხელა პაუზის შემდეგ, ალბათ, დიდი ემოცია გქონდათ, კვლავ თქვენს საქმეს რომ დაუბრუნდით.
– სულ ახალგაზრდებისგან შემდგარი ჯგუფი იყო, უსაყვარლესი ბავშვები და საოცრად თბილად მიმიღეს. გადაღებაზე რომ მივიდოდი, ტაშით მხვდებოდნენ. ერთი თვე ვმუშაობდი ამ არაჩვეულებრივ ახალგაზრდებთან. გადაღებები რომ დაიწყო, თავიდან ცრემლები მადგებოდა ხოლმე მონატრებისგან. როგორც ამბობდნენ, ჩემი როლი ძალიან კარგად შევასრულე. წამოსვლისასაც ტაშით გამომაცილეს და ამხელა პაუზის შემდეგ ისე იმოქმედა ჩემზე ამან, რომ ცრემლები ვერ შევიკავე.
– მუშტაიდის ბაღში როგორ აღმოჩნდით?
– უკვე ოთხი წელია, აქ ვმუშაობ, ატრაქციონების ოპერატორი ვარ. კარგი ატმოსფეროა, სუფთა ჰაერი, ბავშვები... მათ რომ ყოველდღიურად ვხვდები, ძალიან მიხარია. თან, რომ მოდიან და სურათებს იღებენ, ძალიან მახარებენ. ამდენი წელი გავიდა და დღევანდელ ახალგაზდებსაც რომ ნანახი აქვთ ეს ფილმი და აღფრთოვანებული მოდიან ჩემთან, ეს იმხელა სიხარულია, ეჭვი მეპარება, რომ მატერიალური კეთილდღეობით გამოწვეული ემოცია შეედაროს.
– ვარსკვლავური პერიოდის შემდეგ ცხოვრების შეცვლას როგორ შეეგუეთ?
– მე იტალიურ ეზოში გავიზარდე, ქუთაისში. სულ ეზოში ვიყავი, ხალხთან ურთიერთობა ძალიან მიყვარდა. არ მიყვარს ფუფუნება და განცხრომა, უბრალოება მირჩევნია. არ მინდა და ის ცუდია-მეთქი, ამას არ ვამბობ, მაგრამ თავს აქაც ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. მილიონერობა კარგია, მაგრამ ეს რეალობა მე ტრაგედიად არ მიმიღია. კინოს დროს კარგი ანაზღაურება იყო და ეკონომიკურად ძლიერად ვიყავი. სიტუაცია რომ შეიცვალა, განვიცდიდი, მაგრამ იმიტომ, რომ ჩემი პროფესია მიყვარდა და ძალიან მინდოდა როლების თამაში. სხვა მხრივ, ხალხში დავრჩი, ჩემს მეგობრებთან ერთად და ჩვეულებრივად გავაგრძელე ცხოვრება.
– ოჯახური ცხოვრება როგორ აეწყო?
– მეორე კურსზე ვიყავი, როცა დავქორწინდი. ერთი შვილი გვყავს.  ის პროფესიით ექიმია.
– ახლა რაზე ოცნებობთ?
– მინდა, ისევ ისეთი ცხოვრება მქონდეს კინოგადაღებების თვალსაზრისით, მაგრამ დაწყნარებულ და დალაგებულ საქართველოში. ვოცნებობ, გარშემო ბედნიერ და გაბრწყინებულ სახეებს ვუყურებდე. მარტო კინოხელოვნება იყოს აყვავებული და მსახიობები ბედნიერები, მეზობელი კი უბედური მყავდეს, ნამდვილად არ მინდა. ვისურვებდი, რომ ყველასთვის სასიამოვნო იყოს ამ ქვეყანაში ცხოვრება.

скачать dle 11.3