კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ზურაბ რთველიაშვილი: ადამიანები, სამწუხაროდ, ცხოველურ ლტოლვასა და ვნებას ერთმანეთში ურევენ

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: ზურაბი.
გვარი: რთველიაშვილი.
პროფესია: პოეტი.
– მოგონება ბავშვობიდან....
– ბავშვობაში მშობლებთან ერთად შორეულ ყაზახეთში ვცხოვრობდი. მამა, როგორც ახალგაზრდა სპეციალისტი, მიავლინეს ყამირის ასათვისებლად – 60-იან წლებში ეს იყო ახალი, მასშტაბური საკავშირო მნიშვნელობის პროექტი. აქედან გამომდინარე, რუსულენოვან სკოლაში მომიწია შესვლა. პირველი სასწავლო დღე იყო, კლასის დამრიგებელმა ყველა ბავშვს ცალ-ცალკე მიმართა თხოვნით – წაეკითხათ  მათი საყვარელი ლექსი. ჯერი ჩემამდეც მოვიდა, ცოტა ვიყოყმანე, გარემოცვას გადავხედე, მერხებს, ძირითადად, რუსები უსხდნენ. ჯერ ვიფიქრე, რომელიმე რუსული ლექსი წამეკითხა, მაგრამ უცბად ბარათაშვილის „მერანი“ დავჭექე გამოთქმით, ჟესტიკულაციებით, ხმამაღლა ვკითხულობდი, რამდენადაც შემეძლო, მთელ ხმაზე. როცა კითხვა დავასრულე, ყველა პირდაღებული შემომცქეროდა, მასწავლებელმა ტაში შემოჰკრა და შემაქო, რა კარგად წაიკითხე ლექსი შენს მშობლიურ ენაზე, ყოჩაღო. ისეთი სიამაყით და სიხარულით ავივსე, რომ ეს ემოცია დღესაც მახსოვს.
– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...
– ჯარისკაცობა დიდად არ მიზიდავდა, მზად ვიყავი, პირდაპირ სარდლის კიტელი მომერგო.
– ადამიანში ვაფასებ...
– ბუნებრიობას, გულწრფელობას. თუ ჩვენი ყოფიერების პრიზმიდან დავიწყებთ შეფასებების გაკეთებას, ნებისმიერში შეგვიძლია, აღმოვაჩინოთ რაიმე ნაკლი. მთავარია, ეს ადამიანი არ იყოს ამ ყოფიერებისგან გაბოროტებული, დანარჩენს – ყველაფერს ეშველება. ყოველი კონკრეტული ადამიანის უკან კონკრეტული ისტორია, განსხვავებული ბედია და ვიდრე მის ნაკლზე დავიწყებთ ლაპარაკს, ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. ძნელია, ამ ილუზიებით სავსე სამყაროში ყოველთვის ობიექტური იყო სხვების მიმართ. მთავარია, რომ გქონდეს უნარი, ნებისმიერში დაინახო სიკეთე, რას იზამ, თუ ეს სიკეთე ზოგჯერ არამიმზიდველად გამოიყურება...
– წარმატებული ადამიანი…
– ჩემთვის, რატომღაც, უფრო საქმიანი, ბიზნესთან დაკავშირებული ადამიანის იმიჯს უკავშირდება. ჩვენ ხომ, ძირითადად, ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე გავიზარდეთ. ვინმეს წარმოუდგენია წარმატებული ქრისტე? ასე ხომ არასოდეს ვიტყვით? მაცხოვარი, უპირველესად, ყველა ჩვნგანისთვის ბოროტებასა და უმეცრებაზე გამარჯვების სიმბოლოს წარმოადგენს, ეს არის ყველაზე დიდი მაგალითი ჩვენთვის, რათა შევძლოთ საკუთარი წილი სიკვდილის კულტურის დამარცხება. ნებისმიერი ადამიანი, ვინც განსაკუთრებული სიყვარულით უდგება საკუთარ საქმეს, ყოველთვის გამარჯვებულია, წარმატება კი ამ გამარჯვების თანმდევია. მახსოვს, ერთი ძველი ნაცნობი ძალიან მტკივნეულად განიცდიდა საზოგადოებისთვის ცნობადი კოლეგების პატარ-პატარა წარმატებებს. სიმართლე გითხრა, საცოდავი და სასაცილო სანახავი იყო მისი გამუდმებული წუწუნი. ერთხელაც, ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი, შე კაი ადამიანო, რატომ ხარჯავ ამხელა ენერგიას ასეთ სისულელეებზე? უბრალოდ, კარგად აკეთე, რისი კეთებაც შეგიძლია და ისე გაჩნდებიან შენ გარშემო ტელეკამერები და ჟურნალისტები, ვერც კი შეამჩნევ ამას, შენც გახდები ცნობადი და წარმატებული-მეთქი. ხშირად ნამდვილი გამარჯვება ბევრად  უხილავია, ვიდრე თვალში საცემი პატარ-პატარა წარმატებები.
– მეშინია...
–  მე სულიერი პანდემიის მეშინია, სულიერებადაცარილებული ადამიანების მეშინია. ყველაზე საშიშია, როდესაც ადამიანები კარგავენ თავისუფალ ნებას – აი, ამის ნამდვილად მეშინია, ყველა დანარჩენი შიში დაძლევადია, თუ მის გაუზვიადებელ არსს და მიზეზს დავინახავთ.
– მწამს...
– რომ ამ გლობალური იზოლაციის შემდეგ კაცობრიობა უკეთესისკენ შეიცვლება, გახდება უფრო ჰუმანური, ბევრად უფრო ტოლერანტული, სამწუხაროდ, ზოგჯერ დიდი განსაცდელია საჭირო იმისთვის, რომ გასაჭირში ადამიანმა ხელი გაუწოდოს მეორე ადამიანს, რომ საბოლოოდ უარი თქვას ძალადობაზე, რომ
დაუპირისპირდეს სოციალურ და პოლიტიკურ უთანასწორობას... რა ვქნა? გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და უკეთესი მომავლის მწამს!
– მაბედნიერებს...
– ჩემი მეუღლე, მან ჩემს ცხოვრებას ახალი აზრი შესძინა, ნინო ჩემი ყველაზე მთავარი ინსპირატორია, ჩემი განუმეორებელი მუზაა. დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენს საყვარელ ადამიანთან ერთად გეგმავ ყოველ ახალ დღეს, როდესაც შენს მარადიულ შეყვარებულს უკითხავ ახლად დაწერილ ლექსს და მის თვალებში კითხულობ ენით გამოუთქმელ სიხარულს.
– მაკვირვებს...
– გულწრფელად მიკვირს, როდესაც ოცდამეერთე საუკუნის მოქალაქე ჯიუტად ცდილობს, ბნელ შუა საუკუნეებში დაბრუნებას. განსაკუთრებით მაკვირვებენ განათლებული ადამიანები, რომლებსაც სიცოცხლე ვერ წარმოუდგენიათ პოლიტიკური კერპთაყვანისმცემლობის გარეშე.
– ვერიდები...
– ვერიდები ადამიანებთან კამათს, ვისაც არ გააჩნია სხვისი მოსმენის უნარი და განსხვავებული აზრის მიღების კულტურა. ამ დროს ვხვდები, რომ აზრი არა აქვს ასეთ ადამიანებთან პოლემიკაში შესვლას – ეს დროისა და ნერვების ფუჭი ფლანგვაა...
– ვემტერები..
– მოღალატე და უპრინციპო ადამიანებთან ერთად არ უნდა საუბრობდე  ქვეყნის მომავალზე, ერთმანეთისგან უნდა არჩევდე მარწყვითა და იარაღით მოვაჭრეს. ყველაზე სწორია, ასეთი ადამიანები მოკვეთოთ აქტიური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებიდან.
– სიყვარული – ეს არის...
– უნივერსალური ენერგიაა, რომელსაც ანაწილებ შენს გარემომცველ სამყაროში. სიყვარულია ყველაფრის საწყისი, ოჯახის, შემოქმედებითი ნიჭის, სიკეთის, კეთილშობილების. სიყვარული ღმერთია, რომელსაც არ გააჩნია კონკრეტული ფორმა.
– ვნება და სიყვარული...
– ვნება ის ნაპერწკალია, რომელიც ანთებს და აღვივებს ნამდვილ სიყვარულს. ვნება ყველანაირი შემოქმედებითი პროცესის ინსპირატორია. სამწუხაროდ, ადამიანების ნაწილი ცხოველურ ლტოლვასა და ვნებას ერთმანეთში ურევენ...
– იდეალური ქალი არის...
– იდეალური ქალი რომ არსებობდეს, უნდა გვქონდეს რომელიმე ეტალონი, რომელსაც შევუსაბამებდით ჩვენთვის ძვირფასი ადამიანის თვისებებს. ვფიქრობ, ბუნებაში ასეთი ეტალონის არსებობა შუძლებელია. როდესაც ადამიანი თავდავიწყებით გიყვარს, ის, უბრალოდ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გიყვარს, მაქსიმუმ, შეიძლება, არსებობდეს უმნიშვნელო კომპრომისები, რომლებზეც ორივე მხარე უმტკივნეულოდ თანხმდება, რადგან მათი სიყვარული ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე წვრილმანი დეტალები.
– ქალს ალამაზებს...
– სურნელოვანი, ულამაზესი ლოტოსი შუა ჭაობში იზრდება, იფურჩქნება და ყვავის. ალბათ, რთული წარმოსადგენია, რომ ჭაობი ალამაზებს ამ საოცარ ყვავილს. ქალი თავად ალამაზებს ყველანაირ გარემოს თავისი შინაგანი კეთილშობილებით, იდუმალებით, რომელიც ყოველდღე ახალ გასაოცარ და სასიამოვნო სიურპრიზებს გთავაზობს.
– ის, რაც უპატიებელია...
– უფალმა ყველას ყველაფერი აპატია და შეუნდო. ჩვენ, ადამიანებს კი, ზოგჯერ პატარა შეცდომის პატიების უნარიც არ გაგვაჩნია. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რთული საპატიებელია ღალატი, რომელსაც არ ელოდები უახლოესი ადამიანების მხრიდან, სისასტიკე და დანაშაულებრივი გულგრილობა, რომელსაც დაუცველი ადამიანების მსხვერპლი მოჰყვება და ბევრი სხვა რამ.
– შეგშურებიათ?
– „მწუხარება სხვისა სიკეთესა ზედა“, როგორც სულხან-საბა განმარტავს თავის ლექსიკონში. ეს ყველზე ამაზრზენი თვისებაა ადამიანში, რომელსაც, ჩემი აზრით, შინაგანი არასრულფასოვნება იწვევს, რაღაც ბოროტ შიზოფრენიას ჰგავს. არასოდეს განმიცდია მსგავსი რამ, მაგრამ მინახავს ასეთი ადამიანების თვალები და მერწმუნეთ, ძალზე მძიმე სურათია.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– ეს, ალბათ, უფრო შორეული ბავშვობისა და სიყმაწვილის ისტორიიდანაა. სამაგიეროს გადახდა, ჩემი აზრით, მხოლოდ სიკეთისთვის საპასუხო კეთილი ნაბიჯის გადადგმით შეიძლება.
 – მრცხვენია...
– ადამიანების შეწუხება, როდესაც რაიმე პრობლემაა გადასაწყვეტი. მირჩევნია, თავად მოვაგვარო ყველაფერი, ვიდრე თხოვნით მივადგე, თუნდაც, ძალიან ახლობელ ადამიანს.
– მაკომპლექსებს...
– ზოგადად, არ მესმის სხვადასხვა კომპლექსითა და ფობიით დამძიმებული ადამიანების. მიჭირს მათთან ღია ურთიერთობა, თუმცა, ამით არ ვკომპლექსდები.
– მაღიზიანებს...
– უტიფრობა, სითავხედე, რომელიც სათავეს სიბნელიდან, უმეცრებიდან იღებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსგავსი ტიპი საპასუხისმგებლო სავარძელს იკავებს და მისი გადასაწყვეტია ნიჭიერი და წესიერი ადამიანების ბედი. ეს კი არ მაღიზიანებს, უბრალოდ, მაცოფებს.
– ვნანობ...
– ფუჭად დახარჯულ დროს. ვნანობ იმ წყენებს, რომლებიც უახლოეს ადამიანებს ოდესღაც ნებით თუ უნებლიეთ მივაყენე, განსაკუთრებით, როცა მათ პატიებას ვეღარასოდეს ვერ სთხოვ, რადგან ეს ადამიანები ჩვენს გვერდით აღარ არიან...
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– ღმერთის ფენომენი არ ექვემდებარება ადამიანურ აღქმას. პოეტებისთვის ღმერთი გალაქტიკების უსასრულო კარნავალია, სადაც თითოეულ ვარსკვლავსა და პლანეტას თავისი უცნაური მუსიკა და მაგნიტიზმი ახლავს თან. ღმერთი უნივერსალური ენერგიაა, რომელიც უსასრულოდ ძერწავს საკუთარ კოსმიურ სხეულს. მგონია, რომ ღმერთს არ შეიძლება, ჰქონდეს ადამიანური განცდები და პრიმიტიული აზრები.

скачать dle 11.3