კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ძველი თბილისის დამნაშავეები

ნინო კანდელაკი აბო იაშაღაშვილი

  გრიგორი ტარასენკო – პოლიციის აგენტი, სარუხანოვის მკვლელობის გამო ჩასვეს ციხეში ხუთი წლით და იქიდან გამოიქცა. იმალებოდა მადათოვის კუნძულზე სხვა, ასევე ციხიდან გამოქცეულ არესტანტებთან ერთად და ისინი აქედან ძარცვავდნენ ღამის ტფილისს. მათ სამჯერ სცადეს აწკარუნაშვილის ბინის გაქურდვა და კარის შერჩეული გასაღებით გაღება, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა გასაღებს საკეტში ყოფდნენ, მეორე მხრიდან გასაღები ხვდებოდათ, დიდი ხმაურით ოთახში რომ ვარდებოდა და იქიდან ქალის ყვირილი ესმოდა, რის გამოც ხელს იღებდნენ ჩანაფიქრზე და გაეცლებოდნენ იქაურობას. როგორც მერე გაირკვა, აწკარუნაშვილი სახლში მოხუც ქალს ტოვებდა, საკეტში გასაღებს უკეთებდა, ქვეშ კი დიდ ტაშტს უდგამდა. თუ მეორე მხრიდან გასაღებს შეყოფდნენ, ის ტაშტში ვარდებოდა, დიდ ხმას გამოსცემდა, ამაზე ქალი ყვირილს ტეხდა და ქურდებს აფრთხობდა. 1908 წელს ტარასენკოსთან ერთად დაკავებული იქნენ ამ ბანდის სხვა წევრებიც, ასევე ტფილისელი იაკობ კრავჩენკო, ქვრივის მკვლელობის გამო ასხაბადის ციხეში ჩასმული და იქიდან გამოქცეული, ალექსანდრე ბრონშტეინი, ტომსკის მკვიდრი, თაღლითობასა და ყალბი საბუთების დამზადების გამო რომ იხდიდა სასჯელს სამარყანდის ციხეში და ტფილისელი იოსებ ზაპრუცკი, ყველა სხვისი გვარითა და პასპორტით.
იაკობ ტატიშვილი – 1908 წელს მოიპარა ვაჭარი ხარაზოვის 14 წლის შვილი, რომელსაც თავადი თუმანოვის შვილთან ერთად, ყალბი ფულის ბეჭდვაში გარევა შესთავაზა და ასე შეიტყუა ლუდხანაში, საიდანაც ის გაიტაცეს. ამ პერიოდში გატაცებები ძალიან გახშირდა. მოიპარეს ბაქოში ნავთობის საბადოების პატრონი იუზბაშევის შვილი, ვაჭარი დარჩო დივანოვი, სახლების პატრონი არუშანოვის შვილი ფაეტონში ჩასვეს სამმა კაცმა და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს. მოიპარეს ბრიტანეთის ქვეშევრდომი სიტნომ სტოკი, რომელსაც თან ჰქონდა 15 ათასი მანეთი და პირდაპირ სადგურიდან უკვალოდ გააქრეს.
  გერასიმე თავართქილაძე – მძარცველი, ტფილისიდან გადავიდა საყაჩაღოდ ბაქოში და იქ შეეკრა ნიკოლოზ მაჭავარიანის ბრბოს. შიგ ოციოდე კაცი შეყრილიყვნენ, ავაზაკობაც ფართეთ გაეჩაღებიათ და მათ შორის მიზანში ხომალდი „იმპერატორი ნიკოლოზ მეორე“ ამოეღოთ, მილიონ ორასი ათასი მანეთი რომ გადაჰქონდა ბაქოდან კრასნოვოდსკში. ისინი, როგორც მგზავრები, ასე აპირებდნენ გემზე ასვლას და შუა ზღვაში თავს უნდა დასხმოდნენ გემის დაცვას, დაეხოცათ ისინი, აეძულებიათ ნაპირზე გადმოესვათ და ფულთან ერთად გამქრალიყვნენ. 1910 წელს სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა მაჭავარიანმა გემზე შეიტანა ჩემოდანი, რომელშიც 14 მაუზერი, ორი „სმიტ ვესონი“ და შვიდასზე მეტი ტყვია იდო. თუმცა ვიღაცამ გასცა ისინი, პოლიციამაც მიიღო სათანადო ზომები და როცა ყველა გემზე შეიკრიბა, ჯარმა და პოლიციამ მათ ალყა დაარტყეს და ყველა ხელთ იგდეს. დააკავეს 15 ადამიანი. მათ შორის ნიკოლოზ მაჭავარიანი, გერასიმე თავართქილაძე, სიმონ ბერიძე, ხრისტო ვლასტოპულო, ბეჟან ავალიანი, სერგო ქორიძე, ნიკოლოზ ლორთქიფანიძე, სამუილ ქავჟარაძე, ნიკოლოზ ბებურიშვილი, პლატონ სარიშვილი. მიესაჯათ ხუთი და ექვსი წელი კატორღა ან არესტანტული განყოფილება.
  სიმონა თათუზოვი – მეტსახელად „პოჩიკ“, ქურდობის გამო რამდენჯერმე იჯდა მეტეხის ციხეში. 1872 წელს ის დაიჭირეს მას მერე, რაც იახშიბეკოვის დუქანი გაქურდა და იქიდან ორასამდე ქათამი, ოცდაათი იხვი და ორმოცდაათი ხოხობი მოიპარა. ის იყო ხოჯივანქის სასაფლაოს ყომარშიც გარეული. არ აკლდებოდა იქ ღამე მოპარულ ჯვრებს და სასაფლაოს ღობეებს. იმის ნამუსი მიცვალებულის გაძარცვაშიც შერცხვა. საფლავის ქურდები თხრიდნენ, ვინც მდიდარი ეგულებოდათ და შიგ ჩატანებულ სიმდიდრეს ეძებდნენ. 1873 წელს სპარსეთის შაჰის ტფილისში ვიზიტისას, როცა შადრევნებიდან წითელი ღვინო ასხამდა, იქ მუქთად გამომთვრალმა მეოთხე განყოფილებაში ძეგველოვის დუქანში ჩხუბი ატეხა და იქ მოკლეს.
ავაქ თარხანოვი – ქურდი, არაერთხელ ნასამართლევი. 1865 წელს გაერია ამქრების ატეხილ ჯანყში, როცა ამათ დაუწესეს მაღალი გადასახადები და არ აკლებდნენ იმას მისხალს. როცა ერევანსკის მეიდანზე ხალხი შეიკრიბა, ისიც იქ იყო, როცა ბაჟის ამკრებ ბაჟბეუქოვის სახლს დაეცნენ, ის ზანდუკიდან ამოათრიეს და აივნიდან გადმოაგდეს, ისიც უცქერდა. მერე კი ბრბო მოედო რას არა და ლეწავდნენ და ანგრევდნენ ყოველივეს, თარხანოვი კი გაერია დუქნების მტვრევაში და ზიდა ნაირგვარობები, თითქოს და სურის ცირკის იკარი კარლ მაბირი, ასე გადაფრინდებოდა ერთი დუქნიდან მეორესკენ, სძარცვავდა ბლომად და ილაგებდა უბეში. თამამშევის ქარვასლაში ისფაჰანელ იუველირ მირზა-იბრაჰიმ-გაზმი ოღლის შეუვარდა, ვისაც ზურმუხტები ჩამოეტანა, და გამოგლიჯა იმას ბლომად ქვები. ეს იყო ბაირამობა გათენებული ქურდებისათვის და ეს იყო ქალაქისათვის თითქოს და იქ ზევით ქალბატონ დუშეს გამართულ პანორამაში ნაჩვენები სოდომისა და გომორას დაქცევა. ლეწვა იყო ბლომად, ქურდობა არაერთი. კინტოები სვავდნენ ნაპარ აბსენტს და ხერესს და საღამომდე იყო სრული განუკითხაობა და ძარცვა. მერე კი ყაზარმებიდან გამოსულმა ჯარმა დაუარა მოჯანყეებს. იყო სროლა, იყო ფინდიხის ბოლი და სუნი ტფილისის ქუჩებში, იყო მსხვერპლი გავარდნილი ტყვიისა და თოფის ხიშტისა. ტყვია მოხვდა თარხანოვსაც, შიგ გულში, როცა გამორბოდა და ხელში ბღუჯა ფულით ცეხერლისა და რეიშის მაღაზიიდან. ის დაბარბაცდა და მიწაზე დაეცა, უბიდან კი გადმოჰყროდა ზურმუხტები მირზა-იბრაჰიმ-გაზმისა და ისინი იაგუნდებად ქცეულიყვნენ.
კოწია ქსენაშვილი – ხელის დამცლელი და ბაჟგადაუხდელის შემომტანი. ავლაბრის კარის იქით გაჰქონდა სხვადასხვა და ამის გამო დაეძებდნენ. 1823 წელს ის გამოცხადებულია ძებნაში. ის ხშირად სჩანდა ავანანთ ხევთან. მოედანი ის ჯერ არ იყო. პასკევიჩ-ერივანსკისა ჯერ არ ერქვა, ამ გენერალ კაცს ჯერ ვერ აეღო ერევანი და მისთვის ერივანსკობა არ ებოძებიათ. სალდათებს კი დაეწყოთ ამ მიდამოებში არაყზე გაცვლა სხვადასხვასი, ხიშტისა, ჩექმისა. მყიდველიც იყო. ვაჭრობაც გაჩაღდა. კოწია დალალობდა, შუაში დგებოდა, მეტსაც დასტყუებდა, უვარგისსაც შეაპარებდა. მერე დაეძებდნენ, ის კი ქრებოდა. აბა, რას მოსძებნის რუსი ტფილისელს მის ქალაქში. ქალაქი დიდი არ იყო, მაგრამ იქ დაიმალებოდა. სახლები იყო ბანიანი. იმის სარდაფებს ვინ დაითვლიდა. ზოგი ათასი წლის წინაც კი ამოეთხარათ. არაბებს მოსწრებოდა. ბანები იყო ბლომად და ზედ შიგ ჩასასვლელი ნახვრეტი. კარიც ის იყო, სარკმელიც, საბუხრეც და კიბეც. ღამე იქ სიარული სახიფათო იყო, უცხოს ფეხი ჩაუვარდებოდა და კისერს მოიტეხდა. ამიტომ ღამე დადიოდა, ღამე ვინ გამოგედევნება. იქით გაქცევა და დამალვა ერთი იყო. ეს იყო ტფილისის კატაკომბები.

(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)
скачать dle 11.3