კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 ჯანდაცვის თანამედროვე ფილოსოფია – რეფორმა, რომელიც აუცილებელია განვითარებულ ქვეყნებთან დასაახლოებლად

ინტერვიუ „საქართველოს ზრუნვის პლატფორმის“ თავმჯდომარესთან, ბატონ უჩა ვახანიასთან.
– ბატონო უჩა, პირველ რიგში, გვიამბეთ თქვენი ორგანიზაციის შესახებ.
– „საქართველოს ზრუნვის პლატფორმა“ 2013 წელს დაფუძნდა და აერთიანებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორში მოქმედი 40-ზე მეტი ორგანიზაციის მიერ შექმნილ სამ თემატურ კოალიციას. ესენია: „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“, „კოალიცია შინმოვლა საქართველოში“ და „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია“. ამრიგად, ეს არის კოალიციათა კოალიცია, ქსელების ქსელი. რეალურად, პლატფორმა წარმოადგენს ჯანდაცვის სექტორში მოქმედ ყველაზე მასშტაბურ გაერთიანებას, რომლის მიზანია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ინტეგრირებული ზრუნვის სისტემის განვითარება. ეს არის ერთგვარი დარგობრივი ხიდი ჩვენსა და განვითარებულ მსოფლიოს შორის.
– შემდეგი შეკითხვა შეეხება თქვენ მიერ განხორციელებულ საქმიანობას.
– „საქართველოს ზრუნვის პლატფორმა“ მისი დამფუძნებელი კოალიციების დონეზე მრავალ მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებს. ცხადია, უფრო დიდი მასშტაბია ორგანიზაციების დონეზე, რომლებიც მუშაობენ ხანდაზმულებზე და შშმ პირებზე ზრუნვის, აივ/შიდსის, ნარკომანია-ალკოჰოლიზმის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში. თვით პლატფორმის მიერ ბოლო დროს განხორციელებული საქმიანობებიდან გამოვყოფ საქართველოში ზრუნვის სისტემის შეფასების პროექტს, რომელმაც პირველად მოგვცა საშუალება, სრულად დაგვენახა საქართველოში ამ დიდი სეგმენტის მასშტაბი, მიღწევები და პრობლემები. ამ დოკუმენტით სარგებლობენ ავტორიტეტული ექსპერტები და ორგანიზაციები, მაგალითად, გაერო.
– რა საქმიანობით არის დაკავებული თქვენი ქსელი მიმდინარე ეტაპზე?
– ამჟამად, ჩვენ ვახორციელებთ პროექტს, რომლის დონორია „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“, ხოლო მხარდამჭერი – Bread for the world. პროექტის მიზანია ჯანდაცვის სექტორში ბიოსამედიცინო მიდგომის ბიოფსიქოსოციალური მიდგომით შეცვლის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ დაინტერესებული პირების კვლევა, კანონმდებლობისა და სახელმწიფო პროგრამების ანალიზი, პრაქტიკის მიმოხილვა ხუთი დარგის მიხედვით. ესენია: ქრონიკული დაავადებები, ხანგრძლივი მოვლა, პალიატიური მზრუნველობა, წამალდამოკიდებულება და ფსიქიატრია. ვფიქრობთ, შემაჯამებელი დოკუმენტი დააინტერესებს ჯანდაცვის პროფესიონალებს და დარგით დაინტერესებულ პირებს. დოკუმენტი ხელმისაწვდომია „საქართველოს ზრუნვის პლატფორმის“ ფეისბუქ-გვერდზე.
  გარდა ამისა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად, შევიმუშავეთ უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამა ექიმებისთვის და ჯანდაცვის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის, რომლის მიზანია მსმენელთა გაცნობიერება ბიოფსიქოსოციალური მიდგომის უპირატესობის შესახებ ბიოსამედიცინო მიდგომასთან შედარებით. პროგრამა ელოდება სახელმწიფო აკრედიტაციას, შეფასდება 6 კრედიტ-ქულით და ხელმისაწვდომი იქნება 1 ივნისიდან. აქვე ხაზს გავუსვამ – პროგრამა შედგენილია ისე, რომ ის გასაგები და საინტერესო იყოს არამედიკოსებისთვისაც.
– რაში მდგომარეობს ბიოფსიქოსოციალური მიდგომის არსი?
– ჯანმრთელობის დაცვაში არსებობს ორი ძირითადი მოდელი – ბიოსამედიცინო და ბიოფსიქოსოციალური. მათ შორის არის კონცეფტუალური განსხვავება: პირველი – დღემდე გაბატონებული საქართველოში – ფოკუსირებულია დაავადებაზე, ხოლო მეორე – პიროვნებაზე, რომელსაც დაავადება აქვს. განვითარებული ქვეყნები 1980-იანი წლების შემდეგ მეტად იხრებიან ბიოფსიქოსოციალური მოდელისკენ, ჩვენ კი ვრჩებით საბჭოთა პერიოდის ბიოსამედიცინო მიდგომის ტყვეობაში. ამის გამო შეზღუდულია თანამედროვე პროგრესული მომსახურებების, მეთოდების, მიდგომების დანერგვა, იაფი და ეფექტური სამედიცინო მომსახურებების განვითარება. ბიოფსიქოსოციალური მოდელი უფრო მეტად არის პაციენტის საჭიროებებზე ორიენტირებული და ხარჯთეფექტურია. შეიძლება ითქვას, რომ ბიოფსიქოსოციალური მიდგომა არის თანამედროვე ჯანდაცვის სისტემების მთავარი ორიენტირი და ტენდენცია.
  განსხვავებით ბიოსამედიცინო მოდელისგან, რომელიც ფოკუსირებულია დაავადებაზე, ანუ დაავადებულ ადამიანს განიხილავს, როგორც დაზიანებულ მანქანას, რომელიც სისტემამ უნდა შეაკეთოს, ბიოფსიქოსოციალური მიდგომა ითვალისწინებს პაციენტის ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ პრობლემებსა და საჭიროებებს, კულტურულ და სულიერ ღირებულებებს. ამდენად, ის მეტად ჰუმანური და ეფექტურია.
– თქვენ ახსენეთ პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევები. რა შედეგები გამოიკვეთა?
– დიახ, ერთი კვლევა ჩატარდა დაინტერესებულ პირებთან, რომელმაც გამოავლინა, რომ საზოგადოებაში, მეტადრე, პროფესიულ თემში, არსებობს ბიოფსიქოსოციალური მიდგომის დანერგვის სურვილი და მზაობა.
  რაც შეეხება კანონმდებლობას, კონვენციებისა და კანონმდებლობის დონეზე მეტ-ნაკლებად აღიარებულია ბიოფსიქოსოციალური მიდგომა, თუმცა, ეს მცირედ არის ასახული კლინიკური პრაქტიკის ეროვნულ სახელმძღვანელოებში (ეგრეთ წოდებული „გაიდლაინები“) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტებში (ეგრეთ წოდებული „პროტოკოლები“).
  მსგავსი ასიმეტრიულობა და ფრაგმენტულობა გამოიკვეთა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების კვლევისას. ფსიქიატრიის პროგრამაში აღნიშნულია ბიოფსიქოსოციალური მიდგომა, თუმცა ვლინდება პრობლემები განხორციელების დონეზე. არის პრეცედენტები და პერსპექტივა პალიატიურ მზრუნველობაში, წამალდამოკიდებულებაში, ტუბერკულოზისა და დიაბეტის მართვის პროგრამებში. ამასთან, ამგვარი მოდელის გარეშე წარმოუდგენელია, მაგალითად, პირველადი ჯანდაცვის, ხანგრძლივი მოვლისა და ზოგიერთი სხვა მიმართულების განვითარება. ბოლო პერიოდში სულ უფრო იზრდება მრავალდარგობრივი (ეგრეთ წოდებული „მულტიდისციპლინური“) მიდგომის როლი, რაც ბიოფსიქოსოციალური მიდგომის არარსებობის ფონზე პარადოქსულად გამოიყურება.
– რა არის საჭირო ბიოფსიქოსოციალური მოდელის დამკვიდრებისთვის? რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ?
– საჭიროა საქმიანობების წარმართვა რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ, ინფორმაციის ფართოდ გავრცელება და თანამოაზრეების მობილიზება, მზაობის გაზრდა და საზოგადოების მხრიდან მოთხოვნის გაჩენა; გარკვეული საკანონმდებლო აქტივობები, მეტადრე, კლინიკურ სახელმძღვანელოებსა და სტანდარტებში მოდელის ასახვა; სახელმწიფო პროგრამებში სათანადო ცვლილებების ინიცირება; საქმეს, ასევე, წაადგება დონორული რესურსების მობილიზება ცალკეული პროექტების პილოტირებისა და მტკიცებულებების შეგროვების მიზნით.
  დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით ძალიან ჩამოვრჩით განვითარებულ მსოფლიოს, მაგრამ გვაქვს კარგი ამბავიც – ნულიდან არ ვიწყებთ. საჭიროა კონცეფტუალური შეთანხმების მიღწევა და ცვლილებების თანდათანობით განხორციელება. შედეგი თავისი ეფექტურობით გაგვაკვირვებს. ნება მომეცით, დავასრულო სენტ-ეკზიუპერის ლოცვით: „ღმერთო, მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება...“
скачать dle 11.3