კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 თაკო ვადაჭკორია: რამდენად ძლიერი ვყოფილვარ, რომ ამდენ ტყავში შევძვერი და ცხოვრება ნულიდან დავიწყე

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  თაკო ვადაჭკორია ცოტა ხნის წინ გამოჩნდა „ნოე ჟორჟოლიანის შოუში“ და მისი საოცარი ხმის ტემბრითა და მომხიბვლელი გარეგნობით ტელემაყურებლის სიმპათია და სიყვარული დაიმსახურა.
– ამბობენ, მაძიებელი ადამიანი ხარ, არ გიყვარს თავისუფალი დროისა და ენერგიის ტყუილად ხარჯვა. ასეა?
– ბოლო ათი წელია, ამდენი არ დამისვენია. რაც შეეხება მაძიებლობას, ყოველთვის ვეძებ სიახლეს, ახალი სფეროები მაინტერესებს. მაგალითად, ადრე კერვით ვიყავი გატაცებული, მერე – სამკაულების შექმნით, მერე, ფსიქოლოგიით. ანუ, არის სფეროები, რაც მაინტერესებს და ვიწყებ ამაზე კვლევას და კითხვას. მოკლედ, ყოველთვის იმაზე მეტი მაინტერესებს, ვიდრე ინფორმაციას გვაწვდიან და ამის გამო, მართლა მაძიებელი ადამიანი ვარ.
– შენი მეგობრები აღნიშნავენ, რომ ძალიან კარგი დედა ხარ. ვიცი, მთელი ორსულობა რესტორანში, მიკროფონით ხელში სცენაზე იდექი და მღეროდი. შვილს თუ გამოჰყვა მუსიკალური ნიჭი?
– სანი უკვე რვა წლის გახდა და ფიზიკურად იმხელაა, უფრო დიდად აღვიქვამ, ვიდრე მისი ასაკია (იცინის). მუსიკალური ნიჭი გამოჰყვა, მაგრამ მე სკეპტიკური დედა ვარ და არ ვთვლი, რომ ჩემი შვილი ყველაზე მაგარია. თავისი გემოვნება აქვს და უცხო ენებისკენ საოცარი მიდრეკილება. კარგად რეპავს, მღერის, რიტმიც აქვს, მაგრამ სურვილი, რომ საზოგადოების წინაშე წარდგეს – არა. სანი ჩემი ცხოვრების მთავარი მამაკაცია – პირველი და შეუცვლელი. მისი აზრი და ყველა რჩევა მნიშვნელოვანია. ცხოვრებაში მისი იმედი მაქვს. ძალიან პატარა ასაკიდან იყო ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ყველა გადაწყვეტილებასა თუ მნიშვნელოვან საკითხში იყო ჩართული. შეიძლება, მისი აზრი არ ყოფილიყო გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი, მაგრამ ყოველთვის ვუსმენდით და ისიც აფიქსირებდა თავის მოსაზრებას. არ დამავიწყდება, ერთხელ ორ გაჭირვებულ ბავშვთან მივდიოდი დასახმარებლად, რომლებიც დედის გარეშე იზრდებოდნენ და გადავწყვიტე, ალექსანდრეც წამეყვანა. მაშინ 5 წლის იყო და ამით, ვაჩვენე, როგორ უნდა დააფასოს რეალური ცხოვრება და ის, რაც აქვს. იცის, რომ ფული ჰაერიდან არ მოდის და ამისთვის აუცილებლად უნდა იშრომოს. აქვს მიზანი და არის ორიენტირებული იმაზე, რაც ყველაზე მეტად უნდა. არ ვზრდი ისე, რომ დაჯდეს და ყველა საგანი ათიანზე ისწავლოს. პრაქტიკულად ვუდგებით, რა გვჭირდება და რა უფრო გამოგვადგება ცხოვრებაში. თავის ასაკის მიუხედავად, ისეთ კარგ რჩევებს მაძლევს, გაოცებული ვარ (იცინის).
– სანი თუ ერევა შენს ცხოვრებაში, გიშლის თამამად ჩაცმას?
– რასაკვირველია, ერევა. ერთი პერიოდი მიშლიდა მოკლე და ამოღებული კაბის ჩაცმას. ახლა იცის, რომ დედა სულ გაპრანჭული უნდა იყოს და ესეც გადავლახეთ. თუ გარეთ სპორტული ტანსაცმლით გავდივარ, პრეტენზია აქვს (იცინის).
– ბევრმა არ იცის, რომ ქველმოქმედი ხარ. რატომ არ გიყვარს ამის აფიშირება და გაჟღერება?
– სიკეთე იმიტომ არ უნდა გააკეთო, რომ დაგიბრუნდეს. თუმცა, ბუნების კანონია, რომ უკან აუცილებლად სიკეთით გიბრუნდება. ყველაზე რთულ მდგომარეობაშიც კი, ყოველთვის, ჩნდება ჩემთვის გამოსავლის გზები. კიდევ ვამბობ, იმიტომ კი არ ჩავდივარ სიკეთეს, რომ მერე ამაზე ვიფიქრო, დამიბრუნდება-მეთქი.
– აუცილებლად უნდა გკითხო პირად ცხოვრებაზე, რაზე საუბარსაც ბევრი გაურბის. თუ არის შენ გვერდით საყვარელი მამაკაცი და ამ მხრივ, თუ გწყალობს იღბალი?
– ჩემს პირად ცხოვრებაში გაურკვევლობაა. სტაბილური ურთიერთობები არ მქონია და რომ მქონოდა, ყველა გაიგებდა. ზოგს მარტივად გადააქვს პირველი უიღბლო სასიყვარულო გამოცდილება. ჩემს შემთხვევაში კი რთული აღმოჩნდა. მძიმედ გადავიტანე და ახლა, როცა შვილი მყავს, უფრო ფრთხილი ვარ და ყველაფერს სხვანაირად ვწონი და ვშიფრავ. სერიოზულ ნაბიჯს პირად ცხოვრებაში მარტივად ვერ გადავდგამ, ყველაფერს ვაკვირდები. თან, სიმართლე გითხრათ, უჭირთ ჩემნაირ ქალთან ურთიერთობა, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, არ არის მარტივი. ასე რომ, ჩემთან ურთიერთობას გაძლება, შეგნება და მიდგომა უნდა (იცინის). იყო პერიოდი, როცა ვფიქრობდი, რომ ბედნიერებისთვის არ არის აუცილებელი გვერდით მამაკაცის ყოლა და ბედნიერი ვიყავი იმით, რაც მქონდა. ზოგადად, მინიმალურითაც ბედნიერი ვარ, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, ვფიქრობ, რომ ქალური ბედნიერებისთვის გვერდით საყვარელი მამაკაცი ყველა ქალს სჭირდება. მარტო ქალს კი არა, მამაკაცსაც სჭირდება გვერდით სასურველი ქალი.
– რამდენად ხშირია შენს ცხოვრებაში გამოწვევები და როგორ უმკლავდები მარტო?
– მთელი შეგნებული ცხოვრება გამოწვევების წინაშე ვარ. თუმცა, ძლიერი აღმოვჩნდი და ვუმკლავდები. ოც წლამდე დედოფალივით ვიზრდებოდი, არაფერი მაკლდა, კომფორტში ვიყავი. თუმცა, მერე ყველაფერი ამოყირავდა და უცებ მომიწია ვყოფილიყავი კაციც, ქალიც, მამაც, ბაბუაც და ბიძაც – ყველაფერი ერთად. ყველაზე რთული პერიოდი იყო, როცა მამა წავიდა სახლიდან და ჩემი ოჯახი დაინგრა. ბევრი პრობლემის წინაშე დავრჩი, მაგრამ, გადავლახე და არ მიწუწუნია. მივხვდი, რამდენი შემძლებია, რამდენად ძლიერი ვყოფილვარ, რომ ამდენ ტყავში შევძვერი და ნულიდან, არაფრიდან დავიწყე ცხოვრება, რასაც ჩემს ასაკში, ქალი კი არა, ბევრი კაციც კი ვერ მოახერხებდა. ყველაზე მარტივი გამოსავალი დანებებაა. მე კი ამით ვამაყობ, რომ არ დავნებდი. ახლაც კი, როცა ყველა დაზაფრულია და ნერვიულობს, მაქსიმალურ სიმშვიდეს ვინარჩუნებ. მხოლოდ კარგზე ვფიქრობ და ეს ამართლებს. ამიტომ, სხვებსაც მოვუწოდებ: რაც უნდა უფსკრულის წინაშე იდგეს ადამიანი, ყოველთვის იფიქროს იმაზე, რომ ღმერთი გამოსავალს გამოუჩენს და ყველაფერი კარგად იქნება.
– ახლახან „პოსტ ტვ-ის“ ეთერში გამოჩნდი და სოციალურ ქსელში დაწერე: სამსახური არის ადგილი, სადაც ვწყდები სამყაროს და მავიწყდება, მსოფლიოში რაც ხდებაო.
– ქასთინგი იყო გამოცხადებული და „ნოე ჟორჟოლიანის შოუში“, მოულოდნელად და შემთხვევით გამოვჩნდი. გარკევული ღელვა მქონდა, მაგრამ იმდენად კარგი გარემოა, იმდენად კარგი ადამიანების გარემოცვა და იმდენად მარტივად შევედი კონტაქტში, ტელევიზია მეორე სახლივით გახდა. იქ რომ მივდივარ და იწყება გადაღება, ის სამი საათი, მართლა ვეთიშები სამყაროს, მავიწყდება, რა ხდება მსოფლიოში, რამდენი პრობლემაა.
– ყველაზე მეტად, რისი შიში გაქვს ცხოვრებაში?
– ყველაზე მეტად, მარტოობის მეშინია. არასოდეს მდომებია მარტო ცხოვრება, ყოველთვის მჭირდება საყვარელი ადამიანები. შეიძლება, ერთი ადამიანი იყოს შენ გვერდით, მაგრამ სრულიად გავსებდეს და გაბედნიერებდეს.

скачать dle 11.3