კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 ღალატის ანატომია

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #18-21(1012)
თეონამ საყვედურით შეხედა და თანაგრძნობით გაუღიმა.
– ჰო, შენ მართალი ხარ. ვაღიარებ. არ ვიმსახურებ, ჩემი მეგობარი იყო და მხარი მომაგებო, როცა ამისი მოთხოვნილება მექნება. მაგრამ შენ ჯერ არ იცი, ცხოვრება როგორი რთულია. ისეთ მოულოდნელ სიურპრიზებს გვთავაზობს, ვერასოდეს რომ ვერ წარმოვიდგენდით.
– ანუ, მე მოულოდნელი სიურპრიზი ვარ? – წყენით ჩაილაპარაკა ვახომ, – არასოდეს მსმენია საკუთარ თავზე ასეთი კომპლიმენტი.
– ვახო, ძალიან გთხოვ...
– მესმის. შენთვის მნიშვნელოვანი ქმარია და არა მე. პრინციპში, ეს ხომ თავიდანვე ვიცოდი.
– შეიძლება ასეც ვთქვათ. თუმცა არაფრის გარანტია არ არსებობს. მე არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ქმართან დავრჩები.
– ჩემთვის ვერაფერი ნუგეშია შენი სიტყვები, რადგან რეზერვშიც კი არ განვიხილები.
– ვახოოო... ასე ნუ ლაპარაკობ, – თეონამ მუდარით შეხედა ბიჭს – მინდა ვიმეგობროთ. მართლა.
– გავიგე. მოთმინებით დაველოდები, როდის დაგჭირდები. ხომ ამას ელოდები ჩემგან.
თეონამ ამოიოხრა და არაფერი უპასუხა.
* * *
მარიშკამ სიგარეტს მოუკიდა და კაცს გამომცდელი მზერა მიაპყრო. დათო მისგან მოშორებით იდგა და ფიქრობდა, საიდან დაეწყო.
– რა მოხდა? – მოთმინება დაკარგა გოგომ, – ისეთი ხმით დამირეკე, ვიფიქრე, გაგიჟებით მოვენატრე-მეთქი და გახარებული გამოვეშურე. ისე ვჩქარობდი... ამ ტაქსმა ხომ გადამრია. ჯერ როდის მოვა შენამდე, არავინ იცის. მერე გზაც უნდა ასწავლო და მოძრაობის წესებიც. არ მისმენ? შენს გასაგონად ვლაპარაკობ.
– გისმენ, მაგრამ მე რა უნდა გავაკეთო, ვერ ვხვდები. პირად მძღოლს ვერ გამოგიყოფ. არც ტაქსების კომპანია მაქვს.
– ძალიან გთხოვ, თავს ნუ იშტერებ. პირადი მძღოლი არა, მაგრამ შეგიძლია, მანქანა მიყიდო.
– რა? – ლამის იყვირა დათომ, – იმედია, ხუმრობ.
მარიშკამ სიგარეტის კვამლი ნელა გამოუშვა და დამცინავად შეხედა.
– რა იყო? არ მეკუთვნის შენგან ერთი ნორმალური საჩუქარი? ჩემნაირი საყვარელი ცოტა ძვირი სიამოვნებაა და იქნებ, დამაფასო.
– გაფასებ და თუ ჭკვიანად მოიქცევი, შეიძლება, კიდევაც მიიღო მანქანა. მოკლედ, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, დაიმსახურებ თუ არა..
– ეს ულტიმატუმია? არც ასეთი მენტორის ტონია ჩემთვის მისაღები. ძალიან გინდა, ვიჩხუბოთ?
კაცმა თავი გააქნია.
– არა, რა თქმა უნდა.
* * *
თეონა ცდილობდა, ვახოსთან მომხდარი შემთხვევა დაევიწყებინა. ქმრის ღალატი თუ სერთოდ შეეძლო, ვერ წარმოიდგენდა. როცა სამსახურში გოგოები ამაზე ლაპარაკს იწყებდნენ და თავიანთი ინტიმური ცხოვრების დეტალებს გადმოფენდნენ, უხერხულობაში ვარდებოდა და ოთახიდან გადიოდა. ვიკა მესამედ იყო გათხოვილი და ამ საქმეში გამოცდილებაც მეტი ჰქონდა. მანჩო და ნინიკო ხშირად ეკითხებოდნენ, როგორ ახერხებდა და ჯერაც ქორწინებაში მყოფი, სხვა მამაკაცთან აბამდა რომანს. მართალია, მისი სიტყვებით ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთხელ ჰქონდა, მაგრამ გამოუცდელი ნინიკოსთვის ვიკა ექსპერტი იყო ქალისა და კაცის ურთიერთობის საკითხებში.
ორი კვირა გავიდა ვახოსთან საუბრის შემდეგ. თეონა შეეცადა, ისე მოქცეულიყო, თითქოს არაფერი მომხდარა. ის ეჭვი, რომ ქმარმა უღალატა, ბუნებრივია, არსად წასულა. მაგრამ გადაწყვიტა, მასთან ერთად ცხოვრება ესწავლა. მით უმეტეს, რომ ახლა არც თავად იყო ქმართან პირნათელი. რა თქმა უნდა, ყოველთვის რჩებოდა არჩევანი – ოჯახის დანგრევა, მაგრამ ქალი ამ ვარიანტს არ განიხილავდა. ინტერნეტში ყველაფერი წაიკითხა, რაც ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე ფსიქოლოგიურ ასპექტში იყო განხილული. თუმცა ერთია წაკითხული, მეორე – როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელიც სულ ღიაა, მოყვეს ამ ურთიერთობის ყველაზე იდუმალი წვრილმანები.
– თეონა მოვიდა, გოგოებო. რა კარგია. ახლა გვეტყვის, ვინ არის ჩვენ შორის მართალი, – ოვაციებით შეეგება ნინიკო.
– დაანებეთ თეოს თავი, – ხელი აიქნია მანჩომ, – ეგ მეტისმეტად პატიოსანია. ჩვენ ან ვიკას უნდა ვენდოთ, ან დაველოდოთ, სანამ ჩვენს თავზეც გადაივლის ქარიშხალი, რომ რაღაც ვისწავლოთ.
– შეცდომების კასკადს რომ დავუშვებ და ყველაფერს გავაფუჭებ, მერე რაღად მინდა ვინმეს რჩევა, – ტუჩი აიბზუა ნინიკომ.
– მე გეუბნები, დამიჯერე, – ჩაიცინა ვიკამ, – დაემშვიდობე მაგ კაცს. გატყუებს.
– აუუ, რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული? – აწუწუნდა ნინიკო, – არ შეიძლება, მართლა მე ვუყვარდე და ცოლთან მხოლოდ ცხოვრობდეს?
– ღმერთო! – ვიკამ ხელები გაასავსავა და თვალები ისე დაატრიალა, თითქოს ეუბნებოდა, ასეთი სულელი როგორ შეიძლება, შენი ასაკის ქალი იყოსო.
– თეონა, უთხარი, რა, ამათ...
– რა ხდება? – დაღლილი ხმით იკითხა ქალმა, მაგიდასთან მივიდა, გრაფინიდან წყალი დაისხა და მოსვა.
– რა ფერი გაქვს? – მზრუნველი ხმით ჰკითხა მანჩომ.
– ლიფტს არ დაველოდე, ფეხით ამოვედი და ცოტა დავიღალე, – გაუღიმა თეონამ.
მანჩომ ეჭვით შეხედა და მხრები აიჩეჩა
– ერთი სართული. ფერიც არ მომწონს.
– არაფერია, გაივლის. უჰაერობაა აქ. ფანჯარა ხომ არ გაგვეღო?
– რა თქმა უნდა, უჰაერობაა, – მხარი აუბა ვიკამ, – ამ ნინიკოს გადამკიდე, ფანჯარას ვერ გააღებ. დადის ნახევრად შიშველი, თან სულ სცივა და წუწუნებს. ვერ გავაგებინე, რომ სუფთა ჰაერი აუცილებელია. მანჩოს სუნამოს ფონზე – მით უმეტეს.
– რას ერჩი ჩემს სუნამოს? – აღშფოთდა მანჩო, – რითია შენსაზე ნაკლები?
– არაფრით, მანჩო, არაფრით. უბრალოდ, ძალიან ბევრს ისხამ და გავიგუდე, – ვიკამ ფანჯარა გამოაღო და თეონას შეხედა, – უკეთ ხარ?
– შედარება არაა, – გაუღიმა თეომ, – აბა, რას განიხილავდით?
– ნინიკოს თაყვანისმცემელი გამოუჩნდა, – გადაიკისკისა ვიკამ, – ცოლიანი დონ ჟუანი. ჩვეულებრივი, საშუალო სტატისტიკური ცრუპენტელა.
– აუ, რანაირები ხართ, რა... პაწაწინა ბედნიერებასაც არ შეარჩენთ ადამიანს. ისე გამოუტანეთ განაჩენი, არც კი იცნობთ.
– ნინიკო, საყვარელო, არ მჭირდება მასზე აზრის შესაქმნელად გულითადი ნაცნობობა, – ჩაეცინა ვიკას, – მე ჯერ არ შემხვედრია ცოლიანი კაცი, რომელიც „ნაშას“ დაკერვას სხვა სიტყვებით შეეცდებოდა. ყველას ერთნაირი ტექსტი აქვს.
– ანუ, იმის თქმა გინდა, რომ მე „ნაშა“ ვარ? – აღშფოთებისგან გაწითლდა ნინიკო, – მადლობა. ძალიან მჭირდებოდა შენგან ამის მოსმენა.
– არა... იმის თქმა მინდა, რომ იმის თვალში ხარ „ნაშა“. ჩვენ კი ეს არ უნდა დავუშვათ.
– იქნებ, მართლა დაშორებულია ცოლს. ამ ვერსიას რატომ გამორიცხავთ? – „სხვათა შორის“ იკითხა თეონამ. თავს ისევ სუსტად გრძნობდა. მანჩოს სუნამოც მართლა აღიზიანებდა.
– კარგი რაა. მე მაინც არ მესწავლება ეგ ამბავი. თან, ამ მოღალატე კაცებს არანაირი კრეატივი არ გააჩნიათ. არანაირი ფანტაზიის უნარი. ერთი ერთშია მაგათი არგუმენტები: „რა ვქნა, რომ წამოვიდე ბავშვს არ მაჩვენებს“, „არ მიყვარს, მაგრამ მეცოდება, ძალიან ვუყვარვარ“, „უბრალოდ, ერთ სახლში ვცხოვრობთ, დიდი ხანია ერთად არ ვწევართ“... – ირონიულად წაიმღერა ვიკამ, – ამის მეტი რა მომისმენია.
– ვისგან, შენი მრავალრიცხოვანი ქმრებისგან? – წაკბინა მანჩომ.
ვიკას არ სწყენია. ზოგადად, იშვიათად სწყინდა რამე. საკმაოდ მხიარული და ძალიან პოზიტიური გოგო იყო. ალბათ, იმიტომ, რომ თავისი პირადი „დალაგებული“ ჰქონდა და სხვისი ცხოვრება ნაკლებად აინტერესებდა. ყოველ შემთხვევაში, კრიზისულ სიტუაციაში მისი ნდობა უფრო შეიძლებოდა, ვიდრე დანარჩენი ორი ქარაფშუტასი.
– აუ, როგორ მომიშალეთ ნერვები, – ტუჩები გაბუსხა ნინიკომ, – კარგი, არ ვუპასუხებ, როცა დარეკავს და აღარც შევხვდები.
– ნინიკო, ახლა გირჩევნია მაგის გაკეთება. მაინც მოგიწევს და მერე უფრო გეტკინება გული.
– საინტერესოა, შენ როგორ არჩევ ასე ზუსტად მამაკაცებს, რომ სულ კარგი ქმარი გყავს.
– სულ კარგი ქმრები რომ მყოლოდა, სამჯერ ხომ არ გავთხოვდებოდი, – გადაიკისკისა ვიკამ, – აი, მესამემ, მგონი, გაამართლა.
– ჰო, შენ და თეონას, აშკარად, ძალიან გაგიმართლათ, – გამოაჯავრა ნინიკომ და თეონას მიუბრუნდა, – შენ როგორ ხვდები, ქმარი როდის გატყუებს.
თეონა დაიბნა და ერთბაშად ვერაფერი უპასუხა.
– მე მეკითხები? – გაუღიმა საწყლად.
– ჰო. ოღონდ, არ მითხრა, რომ ქმარს არასოდეს უთქვამს შენთვის ტყუილი.
– არ ვიცი. ალბათ, უთქვამს. მაგრამ სიმართლე გითხრა, ძალიანაც არ ვუკირკიტებ, ხოლმე.
– მართალია. სულ რომ ვამოწმო, როდის მატყუებს და როდის არა, ნერვები აღარ შემრჩება. მაგრამ, ეს, როცა საქმე ქმარს ეხება. შენი შემთხვევა სხვაა. არ მეთანხმები, თეო?
– რა? ა, ჰო... კი, ასეა. გოგოებო, ჩაი ხომ არ დაგველია? ჩავიდეთ რა, ქვემოთ, კაფეში. ცოტა მომშივდა კიდეც. კრუასანზე უარს არ ვიტყოდი.
მანჩომ შეხედა და თავი ეჭვით გადააქნია.
– რაღაცნაირი, სხვანაირი ხარ დღეს.
– როგორი სხვანაირი, – ნაძალადევად გაუღიმა თეონამ, – ჩაი მომინდა პირველად თუ კრუასანი?
– არ ვიცი, არ ვიცი... – ჩაილაპარაკა მანჩომ და ჩანთიდან საფულე ამოიღო.
– კარგი, ბატონო, ჩავიდეთ. იქ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. რაღაც გადაწყვეტილებამდე ხომ უნდა მივიდეს ეს გოგო?
– მივედი უკვე, – ამოიოხრა ნინიკომ, – დავემშვიდობები...
* * *
დათოს უკვე გაცნობიერებული ჰქონდა ის ფაქტი, რომ მარიშკასგან თავს ადვილად ვერ დაიხსნიდა. დაშორება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ ეშინოდა მისი შურისძიების. ნებისმიერ რამეზე შეეძლო წასვლა. ქალის კეთილგონიერების იმედი არ უნდა ჰქონოდა. თეონასთან კი ძლივს „დაალაგა“ ურთიერთობა და როგორც თავად წარმოედგინა, საჩუქართან დაკავშირებული ეჭვიც გაუფანტა. უთხრა, დამავიწყდა და მერე თბილისში გიყიდე, როცა გამახსენდა და მივხვდი, ხელცარიელი სახლში ვერ მოვიდოდიო. თეონამ მხოლოდ გაუღიმა პასუხად. არაფერი უთქვამს და კაცი ვერ მიხვდა, დაუჯერა ცოლმა თუ არა. ღიმილი, ისიც ორაზროვანი ვერაფერი ნუგეში იყო. მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოეჩინა, რომ თეონას ეჭვი აღარ შეჰპარვოდა მის ქმედებებში. ბოლო შეხვედრა მარიშკასთან დღისით დაგეგმა, რომ სამსახურიდან დაბრუნებულ ცოლს სახლში დახვედროდა. რესტორანში მისი საყვარელი კერძები შეუკვეთა და დამლაგებელიც გააფრთხილა, სახლი განსაკუთრებულად დაელაგებინა. ურთიერთობის აღდგენაზე სერიოზულად უნდა ემუშავა, რომ თეონას კეთილგანწყობა და სიყვარული დაებრუნებინა. იმის გაცნობიერებამ, რომ შეიძლებოდა, ცოლი დაეკარგა, ერთბაშად მიახვედრა, რომ ამას ვერ შეეგუებოდა.
ახლა მარიშკას ელოდებოდა. ერთ პატარა კაფში, რომელიც ამ დროს სრულიად ცარიელი იყო. მხოლოდ ახალგაზრდა ბარმენი წმენდდა ჭიქებს და დაუფარავი ინტერესით გააპარებდა ხოლმე მზერას განაპირა მაგიდასთან მჯდარი მამაკაცისკენ, მესამე ჭიქა ჩაის რომ სვამდა. დათოს ცოტათი აღიზიანებდა ასეთი ინტერესი, მაგრამ ვერაფერს გააწყობდა. მარიშკა აგვიანებდა. კაცი გრძნობდა, რომ ქალი ამას სპეციალურად აკეთებდა, თუმცა რადგან ამჯერად ბურთი მის მოედანზე იყო, ესეც უნდა აეტანა. მარიშკას შეეძლო, ერთ წუთში გაენადგურებინა მისი ოჯახის მომავალი. ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, ისევ სჭირდებოდა თუ არა ქალს მასთან ურთიერთობა. ბარმენის აღფრთოვანებულმა გამომეტყველებამ მიახვედრა, რომ მარიშკა მოვიდა. გოგოს საკმაოდ სადად ეცვა, მაგრამ უბრალო ჯინსში და მაისურშიც კარგად ჩანდა მისი სხეულის შთამბეჭდავი ფორმები. დათოს წინ დაუჯდა და გამომწვევად გაუღიმა.
– აბა, გისმენ. ვხვდები, ტყუილად არ დამიბარე ასეთ კონსპირაციულ ადგილას. რა საყვარელი ხარ, სად იპოვე ეს კაფე. .ძლივს მოვაგენი.
– გაგიკვირდება და ძალიან კარგი ჩაი აქვთ. შევუკვეთო შენთვისაც?
– გმადლობ, ჩაი არ მიყვარს. ყავას დავლევ. ისე კი, რაც მალე მეტყვი სათქმელს, მით უკეთესი. მეჩქარება.
– ჰო? – ყასიდად გაიოცა კაცმა.
– ჰო. მე არ მაქვს ფუფუნება, არ ვიმუშაო. არავინ ზრუნავს ჩემს კომფორტზე, მაგრამ შენ ეს არ გაინტერესებს. ამიტომ საქმეზე გადავიდეთ.
– მოიცა, ყავას შევუკვეთავ შენთვის.
– არ შეწუხდე. მითხარი, რა გინდა. თუ გინდა, მე გეტყვი. ვხედავ წვალობ და დაგეხმარები. ტყუილად ფიქრობ, ჩემთვის სიურპრიზი იქნება. ჩვენი ბოლო შეხვედრისას მივხვდი, რომ გადაწყვეტილება მიღებული გაქვს. ახლა ცდილობ, როგორ წახვიდე ისე, რომ სახეც შეინარჩუნო და კარგ ტიპადაც დარჩე. არ გამოგივა.
– მარიშკა, მოდი შევთანხმდეთ, რომ თავიდანვე ყველაფერი იცოდი. არ მომიტყუებიხარ.
– ჰო, ცოლი რომ გყავდა, ვიცოდი. მაგრამ ამან ხელი არ შეგიშალა ლოგინში ჩამწოლოდი. მაშინ უხერხულობას არ გრძნობდი და თუ გინდა, იმ სიტყვებსაც გაგახსენებ, რასაც მეუბნებოდი.
– მარიშკა, ძალიან გთხოვ...
გოგომ გადაიკისკისა და გაფითრებულ კაცს აგდებით შეხედა.
– კარგი, ნუ გეშინია. ძალიან არ მომწონს კურდღელივით დამფრთხალი და ჩირგვში შესაძვრენად მომზადებული კაცები. პირდაპირ მითხარი, რომ ცოლის კალთაში ჯდომა გირჩევნია. რა იყო, არ გესიამოვნა, რაც ვთქვი? – სიმართლე არავის მოსწონს. მოკლედ, დავიშალეთ. შეგიძლია, ადგე და წახვიდე.
დათოს ყოყმანი დაეტყო. მარიშკამ წარბები ასწია გაკვირვების ნიშნად და ჭირვეული ტონით გაიმეორა.
– რამე გაუგებრად ვთქვი? ადექი და წადი შენს ცოლთან.
– რას აპირებ? – ფერი დაკარგა კაცმა.
– შენი ცხოვრებიდან გაქრობას. არ დაგირეკავ, არ შეგაწუხებ... ჰო, თუ სადმე შემთხვევით შევხვდებით, არ მოგესალმები. კიდევ რა გავაკეთო? ჩამომიწერე ხელსახოცზე, რომ არ დამავიწყდეს.
– დამცინი? – ამოიოხრა დათომ, – ჰო, სასაცილო მდგომარეობაში კი ჩავიგდე თავი. მაგრამ არ მინდა, ჩემზე ცუდად ფიქრობდე. მანქანა შეარჩიე და ფულს მე გადავიხდი. გადმოგირიცხავ.
– ნუ შეწუხდები. ნამდვილად არ მინდა ასეთი საჩუქარი იმ მამაკაცისგან, რომელსაც არაფერში ვჭირდები. წადი, მე ჩემს ყავას დავლევ და წავალ. ჰო, შეგიძლია, მარტო ჩაის ფული გადაიხადო...
ქალის ამ სიტყვებმა კაცის თავმოყვარეობას საბოლოო დარტყმა მიაყენა, მაგრამ ვერაფერი უპასუხა. მიხვდა, ახლა გაჩუმება სჯობდა. ფული გადაიხადა და კაფედან გავიდა.
* * *
თეონამ ვიკას რჩევა გაითვალისწინა, სახლში მისვლამდე აფთიაქში გაიარა და ორსულობის ტესტი იყიდა. გულში ეღიმებოდა მეგობრის ეჭვებზე, ორსულის ჩივილები გაქვსო. დარწმუნებული იყო, რომ რეპროდუქტოლოგის კვალიფიციური დახმარების გარეშე დაფეხმძიმებას ვერ შეძლებდა. ტესტი ღიმილით ჩაიდო ჩანთაში. მალე კი საერთოდ დაავიწყდა. გემრიელი სურნელი კარის ზღურბლზევე იგრძნო. მხარზე სამზარეულოს ტილოგადაკიდებული ქმრის დანახვამ კი გააოცა.
– რა ხდება? რამე გამომეპარა? დღეს რამეს აღვნიშნავდით და დამავიწყდა?
– ჰო, აღვნიშნავთ. მაგრამ შენ არაფერი დაგვიწყებია. მე გადავწყვიტე, ეს საღამო განსაკუთრებულად მექცია. თეონა, ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობა ბოლო დროს არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო.
– ჰო, ასეა. მეც ვფიქრობდი მაგაზე და მინდოდა დაგლაპარაკებოდი.
– მოდი, უბრალოდ, თავიდან დავიწყოთ ყველაფერი. თუ შენ მიგაჩნია, რომ ჩვენი ოჯახი იმსახურებს მეორე შანსს.
დასასრული შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3