კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 ნატუკა გულისაშვილი: ვხუმრობ ხოლმე – ცოლი უნდა მოვიყვანო-მეთქი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  ენერგიული, მუდამ ხალისიანი ტელე-რადიოწამყვანისა და მსახიობის ნატუკა გულისაშვილის ცხოვრებაში ახალი გამოწვევების დრო დადგა. ის ტელეეთერში საკუთარი გადაცემის წასაყვანად ემზადება და პარალელურად, პირველად იღებს მონაწილეობას კონკურსში – „მასტერშეფი“. როგორც თავად ამბობს, ცხოვრებაში გაუმართლა, არც გამოწვევების ეშინია და მიაჩნია, რომ ადამიანი, თავად იქმნის იმ ცხოვრებას, სადაც მას ყოფნა უწევს.
  ნატუკა გულისაშვილი:  ცხოვრებაში გამიმართლა, რადგან არაჩვეულებრივი მეგობრები მყავს – დედა და შვილი, ორ ფეხზე ვდგავარ. თან, პოპულარობა ადამიანების სიყვარულია და მე, როგორც მსახიობს, ამ კუთხით, პროფესიის თვალსაზრისითაც გამიმართლა. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ხალხს ვუყვარვარ და ამას ქუჩაში გასული ვგრძნობ. ეს კი ყველაზე დიდი გამართლებაა.
– რას ნანობ ყველაზე მეტად? იყო ცხოვრებაში ისეთი შესაძლებლობები, რაც ვერ გამოიყენე?
– რასაკვირველია, იყო. ზარმაცი ვიყავი, არ ვისწავლე კარგად უცხო ენა და არც საოპერო ჟანრს გავყევი და ამას ვნანობ. ჩემი პედაგოგი მაესტრო ნოდარ ანდღულაძე გახლდათ. ვოკალს დიდი დრო სჭირდება, ბევრ რამეზე უარის თქმა და ვიფიქრე: მოდი, ჯერ თეატრალურს ვცდი და ვოკალზე მუშაობას მერე გავაგრძელებ-მეთქი. ვიზარმაცე და ახლა ვნანობ. ასევე, ვნანობ, რომ ბევრ ადამიანს ვუჯერებდი და თავის დროზე სიტყვა „არას“ თქმა ვერ ვისწავლე... ბევრ რამეს ვნანობ, მაგრამ 40 პლუსის რომ გავხდი, რაღაცების გამოსწორება დავიწყე,  ვისწავლე ჩემი პოზიციის მყარად დაფიქსირება, სიტყვა „არას“ თქმა, გადაფასება და მივხვდი, რას ვერ ვაპატიებ ადამიანს – ეს არის ტყუილი. ჩემთვის ტყუილი ღალატის ტოლფასია.
– ხშირად ყოფილხარ ღალატისა და ტყუილის მსხვერპლი?
– ძალიან ხშირად და ამან რადიკალურად შემცვალა. მიჩვეულები რომ იყვნენ, ნატუკა ასეთი იყო და უცბად შევიცვალე, მეკითხებოდნენ: რა მოხდა, რა დაგემართაო. ასეთი შეცვლა აუცილებელი იყო, ტყუილმა და ღალატმა რომ გული აღარ მატკინოს. ახლად გაცნობილს სიტყვაზე ვეღარ ვენდობი. ბევრი ღალატი ვნახე და ამიტომ დავკარგე ადამიანებისადმი ნდობა, უფრო ფრთხილი გავხდი.
– ვინც გიცნობს, ყველამ იცის შენი დაუღალავი ენერგიის ამბავი. ახლა, როცა თეატრსა და კინოში არ ხარ დაკავებული, რაში ხარჯავ მოჭარბებულ ენერგიას და დროს?
– ამ ბოლო პერიოდში, რაც სახლში ყოფნა და უმუშევრობა მომიწია, უფრო დიდ დროს ვატარებ ოჯახის წევრებთან, ჩემს ძაღლს ვასეირნებ, ახალი პროექტები და იდეები ფურცელზე გადამაქვს, ვემზადები კონკურსისთვის და ვიდეოებს ვწერ, რომელსაც სოციალურ ქსელში ვდებ. ასევე, მივყევი სოფლის მეურნეობას და შუაგულ ვაკეში, აივანზე გავაკეთე პატარა ბოსტანი – ჩავრგე პომიდვრისა და კიტრის ჩითილები და მალე გეპატიჟებით ჩემი ხელით მოყვანილი „ვაკური“ ბოსტნეულის სალათაზე (იცინის). უმუშევრობის დროს, უფრო მეტი საქმე გამომიჩნდა. როცა შენ გარშემო ყველაფერი ჩერდება, დეპრესიაში კი არ უნდა ჩავარდე, რაღაც უნდა შეცვალო და გააგრძელო ცხოვრება. მე ეს პერიოდი კარგად გამოვიყენე.
– სულ მალე, კონკურს „მასტერშეფში“ გიხილავთ. თუ გაიარე საკონკურსო ეტაპი, რას ელი ამ შოუსგან, დაგვანახვებ ახალ ნატუკას?
– ახალი ნატუკა ვერ წარმომიდგენია, იგივე დავრჩები, თუმცა, „მასტერშეფი“ ახალი გამოწვევაა ჩემთვის, რადგან კონკურსებში არასდროს მიმიღია მონაწილეობა. მიყვარს კულინარია, ვიყავი კულინარიული გადაცემის წამყვანი, მქონდა ჩემი გადაცემაც ამ თემაზე, თუმცა, მე არ ვარ პროფესიონალი კულინარი და როცა მიმიწვიეს, დავთანხმდი. შარშან უარი ვთქვი. წელს კი მინდა, ჩემს თავს რაღაც დავუმტკიცო, ახალი ვნახო და შევისწავლო. ძალიან ვნერვიულობ. ვიცი, იქნება გულისწყვეტა, მაგრამ ადრენალინი მიყვარს. მითხრეს: ჟიურის წევრები ხანდახან უხეშად ელაპარაკებიან მონაწილეებსო... მსახიობი ვარ და გამოვლილი მაქვს რეპეტიციაზე რეჟისორებთან შეხლა-შემოხლა, ჭოლას ხან რა გამოუქანებია და უსვრია და ხან რა, ოთარ ეგაძემ ერთხელ სანთებელა მესროლა... არ მწყენია, ეს მუშა პროცესია. მჯერა, ჟიურის არცერთი წევრი თეფშს არ ჩამარტყამს თავში და სანთებელას არ გამომიქანებს, მაგრამ იმისთვის მზად ვარ, მათი მკაცრი პროფესიონალური რჩევები მივიღო. არანაირ ქასთინგსა და კონკურსში არ მიმიღია მონაწილეობა, როლებზეც კი, მამტკიცებდნენ და მერე მირეკავდნენ. ამიტომ, ახლა ამ შოუში ამაყი შევდივარ და მინდა, პირველივე ჯერზე, წინსაფარი ავიფარო. არც წაგება მიკვირს და არც მოგება, წინსაფრის აფარება კი ჩემთვის ნამდვილად არ არის უცხო (იცინის). ასევე, ჯერ არ მინდა ამაზე საუბარი, თუმცა გაგიმხელთ, რომ პროექტი შევიტანე ერთ-ერთ ტელევიზიაში და ზაფხულში წამყვანის ამპლუაში მიხილავთ.
– ნატუკა, ზოგადად, ქალებს ინტუიცია კარგად გვაქვს განვითარებული და ამ მხრივ, რა ხდება შენთან?
– წინათგრძნობა და წინასწარმეტყველური ხილვები არ მაქვს, მაგრამ ამოვიჩემე, 12 ივნისს დამთავრდება კორონამანია-მეთქი და ვნახოთ (იცინის). ზოგადად, სულ დადებითზე ვფიქრობ, ჩემი ინტუიციაც კარგ ამბებზე მაქვს დაპროგრამებული და მიხდება კიდეც. ყველაფერი ხომ კოსმოსში მიდის და უკან გვიბრუნდება? ჰოდა, მეც პოზიტივს ვაგზავნი და იგივე მიბრუნდება. გირჩევთ, ყველამ დადებითი მუხტი გაუშვით კოსმოსში.
– თქვი, ცხოვრებაში გამიმართლა – ოჯახი, მეგობრები, სამსახური, პროექტებიო. ყველაფერზე ისაუბრე, პირადი ურთიერთობების გარდა. ფიქრობ, რომ მამაკაცებში არ გაგიმართლა?
– დიახ, მამაკაცებში არ გამიმართლა, ქალისა და კაცის როლის მორგება ერთდროულად მიწევს ცხოვრებაში. ხან ბაზარში ვარ, ხან ელიავაზე, ხან მანქანის სახელოსნოში. იმდენად მოვირგე მამაკაცის როლი, ვხუმრობ ხოლმე: ცოლი უნდა მოვიყვანო-მეთქი (იცინის). ეს მამაკაცური საწყისი კი არა, ქალის ძლიერი სახეა. ელიავაზე რომ მხედავენ, უკვირთ: თქვენ მსახიობი არ ხართო? ასე რომ, ჩემში მამაკაცური საწყისები კი არ იღვიძებს, სულ თვალებდაჭეტილი, ორი მე ცხოვრობს ჩემში – მამაკაცური და ქალური. ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა, ეს შენი არჩევანიაო და ამაზე ხშირად მიფიქრია. შეიძლება, მართალია, ჩემი არჩევანია, ახლა მარტო რომ ვარ, მაგრამ ბევრჯერ გული მტკენია, ტყუილი მიგემია და აქედან გამომდინარე, მეშინია. არ ვნანობ, რომ მეორედ არ გავთხოვდი. იმავე გულის ტკივილს ვერ გადავიტანდი, რაც პირველი ოჯახის დანგრევის მერე ვიგემე და ამიტომ არ გადავდგი ეს ნაბიჯი. რასაკვირველია, ყველა ქალს უნდა გვერდით მამაკაცი,  თუნდაც იმიტომ, რომ დაღლილმა მხარზე თავი ჩამოაყრდნოს. თუმცა მე არ ვარ ის ადამიანი, რომ ბევრ რამეზე თვალი დავხუჭო. ჯერჯერობით, ასეთი არ გამოჩენილა.
– რომ გამოჩნდეს, დახუჭავ თვალს და გაჰყვები?
– ვერაფერზე დავხუჭავ თვალს, მით უმეტეს, თუ საქმე პირადს ეხება. ვაიდა, თვალდახუჭულს ჩამეძინოს და უარესში ავღმოვჩნდე? (იცინის). არ ვარ ის ადამიანი, თუ ვინმე გამოჩნდა, ეგრევე ცოლად გავყვე. ხომ შეიძლება, ორი ადამიანი ხელის მოწერისა და ზედმეტი ვალდებულებების გარეშე იყოს ბედნიერი? როგორც კი სიყვარული ჩარჩოში ჯდება და ზედმეტი ვალდებულებები მოდის, რაღაც ფუჭდება. ჩემთვის სიყვარულში თავისუფლებაა  მთავარი. ეს თავისუფლება ერთგულების ჩარჩოს არ უნდა სცდებოდეს. ვაღიარებ, რთულია მამაკაცის გარეშე ცხოვრება, თუმცა, მისი იმედი თუ არ გაქვს, ჯობს, საერთოდ არ გყავდეს.

скачать dle 11.3