კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 დავით კვირცხალია: არ ვემდური ბედს, ამ სიბერეში ორი ასეთი ნობათი ჩამომიგდო, რომელსაც ჩავეჭიდე

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  რამდენიმე დღის წინ ყველასთვის ცნობილი გრიშა კაკაჩია – მსახიობი დავით კვირცხალია 70 წლის გახდა და ეს დღე განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა იმ უამრავი ადამიანის წყალობით, რომლებიც მისდამი განსაკუთრებულ სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავდნენ.
  დავით კვირცხალია: ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე, გულწრფელად გეუბნებით, ცოტა გაზვიადებული მეჩვენება ამხელა ყურადღება ჩემდამი. განა არ მსიამოვნებს, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა: ჩემს თუ სხვა თეატრებში არიან ჩემზე მაგრები, ჩემისთანები თუ ჩემზე ნაკლები მსახიობები და თავს უხერხულად ვგრძნობ, რომ ჩემმა დაბადების დღემ ასეთი ყურადღება მიიპყრო. თუმცა, არ მინდა, უმადურ კაცად ჩამთვალონ. განსაკუთრებული მადლობა „ფორმულას“, ძალიან ემოციური იყო სერიალის მონაწილე ახალგაზრდა მსახიობების გულითა და სულით მოლოცვა. კორონავირუსის გამო დაბადების დღეს სახლში მომიწია ყოფნა. მართალი რომ გითხრათ, რაღაც მხრივ, მესიამოვნა კიდეც, რომ ხალხმრავლობას ამარიდა. დიდ დაბადების დღეს ნამდვილად არ გადავიხდიდი.
– განსაკუთრებულად აღნიშვნა არ გიყვართ?
– ახალგაზრდობაში დაბადების დღეც მიყვარდა და მოლოცვების მიღებაც, მაგრამ ახლა დიდი სუფრები არ მიყვარს, ზედმეტია, რაც არ გეკუთვნის. ამჯერად ჩემმა დაბადების დღემ ასეთი ხმაური იმით გამოიწვია, რომ სამოცდაათი წლის გავხდი, არავის სჯერა (იცინის). ვაიმე, მართლაო – მეკითხებიან. ახალგაზრდობაში უფრო მეტს ვქეიფობდით, ხან მშობლები მიხდიდნენ, ხან მე ვიხდიდი და ხან ძმაკაცები – მე თუ არ მქონდა, მაგრამ ასეთი ხალხმრავალი მოლოცვა აქამდე არ მიმიღია. ყველას დიდი მადლობა ამხელა სიყვარულისთვის. რომ არა ეს მდგომარეობა, ვფიქრობდი, ვინ უნდა დამეპატიჟებინა. სამოცდაათი წლის ადამიანს დიდი წრე ჰყავს. შარშანწინ ვერ გადავიხადე, ჩემი უახლოესი მეგობარი, გელა ახვლედიანი გარდაიცვალა ზუსტად ჩემ დაბადების დღეს, შარშან ჩემი ძმადნაფიცი დათო მესხი წავიდა, ისიც ზუსტად ჩემი დაბადების დღეს. მართალი რომ გითხრათ, წელს სულელური შიში მქონდა და ამიტომ, ზუსტი გეგმა არ მქონია. ერთი ვიცოდი, რომ ჩემი მეუღლე და ქალიშვილები კარგ სუფრას გამიკეთებდნენ და ჩემი მეგობრები მოვიდოდნენ. გარეთ გასვლის განწყობა და საშუალება არ მქონდა. ბევრი, ალბათ, ნაწყენი დარჩებოდა. საერთოდ, არავის ვეუბნები ხოლმე, ვინც მირეკავს, მათ ვეპატიჟები. ზოგი თავს იკავებს, ზოგი მოდის. მაინცდამაინც დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ რაოდენობას, მხიარულება თუ გინდა, ორ კაცშიც შესაძლებელია. არც დაბადების დღეა ამისთვის საჭირო. ერთმანეთი რომ მოგვენატრება მეგობრებს და დავსხდებით, ადგომა აღარ გვინდა ხოლმე, იმდენს ვიხსენებთ და ამ ასაკში სამომავლო გეგმებს ვაწყობთ, თან გვეცინება.
– თქვენი სურვილები რას უკავშირდება ამ ასაკში?
– კანონმორჩილი ადამიანი ვარ. მიკვირს იმ ადამიანების კომენდანტის საათის დროს რომ აჯარიმებენ. არ ვიცი, რა მოუვიდა ამ ხალხს, რატომ ვერ ხვდებიან სახლში მისვლის დროს?! თუმცა, ამ კორონამ ერთი რამ გააკეთა, რომ არა ეს მდგომარეობა, ამდენი გულით მომლოცველი, ალბათ, არ მეყოლებოდა. რაც შეეხება მომავლის ოცნებებს, სამოცდაათი წლის კაცი ვარ და პირველად რომ გამოაცხადეს, 65-70 წლისები ნუ გამოხვალთ ქუჩაშიო, დავითრგუნე. მაგრამ მერე მივხვდი, რომ საჭიროა ასე მოქცევა. არ მიყვარს ტრაბახი და არც არასდროს მიტრაბახია. შეიძლება, არც მქონდა სატრაბახო, მაგრამ უხერხულად ვგრძნობ თავს, ახლა ამდენს რომ მაქებენ. პირიქით, ბევრი დრო მაქვს დაკარგული, ახლა ვხვდები, რომ მას არ ვაფასებდი. ძალიან მალე გაირბინა ახალგაზრდობამ. ვფიქრობ, რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა მაშინ. მაგრამ ყველას თავის პატარა ეშმაკი აზის მხარზე, რომელიც ხელს უშლის, ცდუნებისკენ გაახედებს და ბევრ რამეს აკარგვინებს. როგორც ყველას, მეც ჩემი სუსტი მხარეები მქონდა. ვინც მართლა დიდი ადამიანი და ხელოვანია, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მოვალეობა აკისრია წინაპრების წინაშე. მე უფრო მსუბუქად გავიარე ჩემი ცხოვრება. მაგრამ ერთი რამით ნამდვილად შემიძლია, ვიამაყო, არასდროს შემშურებია და შემხარბებია. „თბილისელები“ ჰქვია თქვენს ჟურნალს და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი ისაა, რომ თავის დროზე, თბილისმა მიმიღო და გულში ჩამიკრა. თბილისშია ჩემი რუსთაველის თეატრი, რომელშიც მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე – 50 წელი. ეს ჩემთვის სხვა განზომილებაა. ამდენი წელი რომ ისეთ ადამიანებთან ერთად ხარ, როგორებიც ამ თეატრში იყვნენ და არიან, ესე იგი, რაღაცას წარმოადგენ. არასდროს ყოფილა ეჭვქვეშ ჩემი მდგომარეობა თეატრში, არასდროს მომითხოვია იმაზე მეტი, ვიდრე ვიმსახურებდი, არც იმდენი. თეატრი თავად მაფასებდა იმდენად, რამდენსაც ვიმსახურებდი. გენიოსების თვალწინ გავიზარდე, ახლა უკვე სამოცდაათი წლის ვარ და უხუცესებში გადავედი (იცინის).
– განიცდით ასაკის მატებას?
– არაფერს ვნანობ და ალბათ, არც განვიცდი. რომ განვიცადო, რა, მომაკლდება წლები? (იცინის) მხოლოდ იმას ვფიქრობ, რომ ამ წლების უკეთესად გამოყენებაც შეიძლებოდა.
– დღეს ყველამ იცის გრიშა კაკაჩიას შესახებ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მანამდე არ გიცნობდნენ. ქალბატონმა მარინა კახიანმა დაბადების დღის მოსალოც სიტყვაში თქვენი რომეო გაიხსენა, რომელზეც თბილისელი ახალგაზრდა ქალბატონები გიჟდებოდნენ.
– ის ჩემი ძალიან დიდი მეგობარია, ძალიან ნიჭიერი და ულამაზესი ქალბატონი. ვამაყობ მასთან მეგობრობით. კი, საკუთარი თავის მიმართ პრეტენზიები მქონდა. მინდოდა, დიდი მსახიობების გვერდით დავმდგარიყავი, რაც ალბათ, ისე არ გამოვიდა, როგორც მე მინდოდა. იყო ეგ პერიოდი, როგორც მარინა ამბობს, პატარა გოგონები დათოზე იყვნენ შეყვარებულიო, თუმცა, მე არავინ გამიმხილა თავის დროზე (იცინის). ბევრჯერ მიგრძნია სითბო და სიყვარული, მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო, სცენაზე ვმდგარიყავი და მეტი მემუშავა. მერე ასაკი მომემატა, გაჭაღარავება დავიწყე, წონაში მოვიმატე და ამას პატარა პაუზა მოჰყვა, მაგრამ ეტყობა უკვალოდ არ ჩაუვლია ახალგაზრდობის შრომას. ამ დროს გამოჩნდა ახალი როლი სერიალში – გრიშა კაკაჩია. რომ დამირეკეს, ვფიცავარ, ჩემი შვილიშვილებისთვის წავედი. ვიფიქრე, ნახონ, მათ ხომ არ ახსოვთ ჩემი ახალგაზრდობის დროს ნათამაშები როლები-მეთქი. გენიალური ადამიანი, გიორგი ლიფონავა შემხვდა, ეპიზოდური როლი იყო, რომლის დასრულების შემდეგაც ერთმანეთს დავემშვიდობეთ. მაგრამ რამდენიმე დღეში დამირეკეს, უნდა მოხვიდეთ, გეგმები გვაქვს გრიშა კაკაჩიასთან დაკავშირებითო. გადაწყდა, რომ ეს პერსონაჟი გააგრძელებდა სერიალში არსებობას და წლებია, უკვე ასეა. ახლა არ ვიცი, რა იქნება, ღმერთმა ქნას, რომ კიდევ გაგრძელდეს. თავიდან ვერ წარმოვიდგენდი თუ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო.
– შევარდნაძის როლიც გაქვთ ნათამაშები.
– დიახ. გოგა ხაინდრავას „ჰეროკრატიაში“ ვითამაშე შევარდნაძის როლი. ძალიან მომხიბლა ამ პერსონაჟმა. ჩემთვის ცხოვრებაში არავის უთქვამს, რომ ცხონებულს ვგავდი რამით. მაგრამ გოგამ დაიჩემა, შენ უნდა გადაგიღოო. ისტორიული პიროვნების თამაშის გამოცდილება არ მქონდა და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ერთგვარი გამოცდა იყო, შევძლებდი თუ არა მსგავსების დაჭერას. დამსახურებული ადამიანებისგან დადებითი შეფასება მივიღე. ეს არ იყო დიდი როლი, მაგრამ შემაქეს, რაც ნამდვილად მესიამოვნა. მსახიობისთვის ესაა ყველაზე დიდი ჯილდო. არ ვემდური ბედს, ამ სიბერეში ორი ასეთი ნობათი ჩამომიგდო, რომელსაც ჩავეჭიდე.
– თეატრში რომელი როლებია თქვენთვის განსაკუთრებული?
– ახლა თუ გინდათ, ტრაბახად ჩამითვალეთ, მაგრამ თეატრში რაც მითამაშია, არავის უთქვმს ცუდი იყოო. არ ვამბობ სასწაული გავაკეთე და ყველა საოცრად მოხიბლული იყო-მეთქი, მაგრამ ცუდად არაცერთი გამიკეთებია და ყველა როლი ერთნაირად მიყვარს. ეს იგივეა, შვილებს შორის მეტად საყვარლის ამორჩევა სთხოვო ნამუსიან კაცს. მთავარია, რომ ამ სპექტაკლებში უდიდესი მსახიობების გვერდით ვიყავი. ეს ისეთი ადამიანები იყვნენ, ვის გაცნობასაც მთელი საქართველო ნატრობდა. გამიმართლა, რომ დავიბადე ისეთ ბედნიერ ოჯახში, როგორიც რუსთაველის თეატრია და დღესაც აქ ვარ.
– 50 წელი – თეატრშიც საიუბილეო თარიღი გაქვთ.
– თეატრში ჩემი მდგომარეობა ახლა მთლად ისე კარგი არაა. ეს არავის ბრალი არ არის. გადასარევი ახალგაზრდები მოდიან და თამაშობენ. მე ამჟამად ერთ სპექტაკლში ვთამაშობ – „12 განრისხებულ მამაკაცი“. რობერტ სტურუა აღიარებული, დიდი რეჟისორია და მის ნებაზე ბევრია დამოკიდებული. თეატრს თავისი რეპერტუარული პოლიტიკა აქვს და რეჟისორს რომელი მსახიობიც უნდა, იმას ჩართავს სპექტაკლში. ვნახოთ, მთავარია, კორონა მოგვშორდეს სამუდამოდ და ჩვენი ჩვეული ცხოვრება აღდგეს.
– კაკაჩიამ ყველაზე მასშტაბური აღიარება მოგიტანათ. მეუღლე, შვილები თუ შვილშვილები, ალბათ, განსაკუთრებით ამაყები არიან თქვენით.
– შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემი მეუღლე ინტელექტუალია და მას ნამდვილის და სუროგატის გარჩევა არ ეშლება. ჩვენ ერთმანეთი ჯერ კიდევ სკოლაში გავიცანით და მას შემდეგ სულ ერთად ვართ. გვიჩხუბია, გვქონია დაძაბული პერიოდი, მაგრამ ჩვენი დაშორება დღის წესრიგში არასდროს დამდგარა. როგორც ყველას, მეც მიჭირდა ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ ჩემი მეუღლე ყოველთვის ერთგულად მედგა გვერდით და სიამტკბილობით გავიარეთ ეს გზა. ორი ქალიშვილი მყავს, ორი შვილიშვილი. შვილიშვილებმა პირველებმა დამიძახეს „გრიშა“, ახლაც ასე მომმართავენ, მაჯავრებენ. შემთხვევით ვნახე, რომ ჩემს უფროს ქალიშვილსაც ტელეფონში ჩემი ნომერი „გრიშათი“ უწერია. არ ვბრაზობ, მეცინება და მიხარია.

скачать dle 11.3