კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 როგორ იბრძოდა წლების განმავლობაში ლიანა ჯიქია შვილის სიცოცხლისთვის და რატომ მიიწვიეს ის და მისი ქალიშვილი პრინცესა დიანას სასახლეში პრინცებთან – უილიამთან და ჰარისთან შეხვედრაზე

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანი უკვე ბევრი წელია, მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ლონდონში ცხოვრობს. ეს არის ქალბატონი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შვილი, რომელსაც ერთ წელზე მეტ სიცოცხლეს არ უწინასწარმეტყველებდნენ, ფეხზე დააყენა და დაუღალავი ბრძოლის შედეგად, ის წარმატებულ და ცნობილ ადამიანად იქცა. შვილის სიცოცხლისთვის ბრძოლის პარალელურად, ქალბატონმა ლიანამ შექმნა ქართული სათვისტომო, ქართული სკოლა, რომელსაც დღემდე მართავს და მის სახელს არაერთი კეთილი საქმე უკავშირდება.
  ლიანა ჯიქია: მოსკოვის სახელმწიფო აკადემია დავამთავრე და რამდენიმე წელი მერიაში ვმუშაობდი, შემდეგ ასპირანტურაში ჩავაბარე და დავბრუნდი ჩემს ინსტიტუტში, რომელიც უკვე უნივერსიტეტი იყო. თუმცა, მოსკოვში დაბრუნებამდე გავთხოვდი. ჩემი მეუღლე თანაკურსელი, მოსკოველი რაჭველი – ვახტანგ გოგრიჭიანია. ასპირანტურაში ყოფნის პერიოდში შეგვეძინა ქალიშვილი – ანა. ერთადერთი ქალიშვილი გვყავს, რომელიც გულის მრავალმხრივი პრობლემით დაიბადა. მაშინ ყველაზე ცნობილი მოსკოვის ბაკულევის ინსტიტუტი იყო, მაგრამ ანასთვის შუალედური ოპერაციის გაკეთებაზეც კი იქ უარი განგვიცხადეს. 460 წერილი გავაგზავნეთ სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ საავადმყოფოებში და ერთადერთი – მიჩიგანის საავადმყოფოდან მოგვწერეს, რომ ეცდებოდნენ, ანასთვის შუალედური ოპერაციის გაკეთებას. „ბაკულევში“ გვეუბნებოდნენ, რომ ამ მდგომარეობით ანა ერთ წლამდე ვერ იცოცხლებდა და ამიტომ ძალიან ვჩქარობდით. უკვე ამერიკაში წასვლაზე ვფიქრობდით, როცა ლონდონის ცნობილი ბავშვთა კლინიკიდან Great Ormond Street Hospital-ის პროფესორისგან მოგვივიდა წერილი, რომ ის შეძლებდა ამ პრობლემის გადაჭრას. რომ მას ჰყავდა ანას მსგავსი პაციენტი, რომელიც ცხრამეტი წლის იყო და თავს მშვენივრად გრძნობდა. ამ წინადადებამ გადაწყვიტა ჩვენი მომავალი.
– რა მდგომარეობით დაიბადა ანა, რაში იყო კონკრეტულად პრობლემა?
– ანას გულის რამდენიმე დეფექტი ჰქონდა. როდესაც ამ პროფესორთან ჩამოვედით, პირველი შუალედური ოპერაცია გაუკეთდა და კვლავ მოსკოვში დავბრუნდით. პროფესორი მონაცემებზე დაკვირვებას აგრძელებდა. ანა ფიზიკურად ძლიერი იყო, მდგომარეობა კარგად მიდიოდა და გვეგონა, კიდევ ერთი ოპერაცია ორ წელიწადში მოგვიწევდა, მაგრამ ცხრა თვის შემდეგ გახდა საჭირო. როგორც ექიმებმა გვითხრეს, ეს ოპერაცია ბრწყინვალედ ჩატარდა, მაგრამ მეორე დღეს დაიწყო პრობლემები და კიდევ ერთი ოპერაცია გახდა საჭირო გულზე. მეოთხე დღეს მესამე ოპერაცია დასჭირდა. შემდეგ გული გაუჩერდა, დაკარგა მხედველობა, სმენა და ლონდონისთვისაც „გადადებული“ პაციენტი გახდა. თუ თანხმობას მივცემდით, აპარატიდან გათიშავდნენ. რა თქმა უნდა, გადავწყვიტე, ბოლომდე მებრძოლა და უფლის წყალობით, ანა გაჭირვებიდან გამოვიდა, დაუბრუნდა მხედველობაც, სმენაც და მშვენიერი ახალგაზრდა გაიზარდა. დღეს ის ძალიან ცნობილია ბრიტანეთში და ნამდვილად კარგი პიროვნებაა, რომელიც მზადაა, ყველას დაეხმაროს.
– ასაკით არც ისე დიდი იყავით, როცა ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდით, სად იპოვეთ ძალა ამ ყველაფერთან გასამკლავებლად?
– მაშინ კი არა, ამხელა გამოცდილების შემდეგაც ძალიან ძნელია, სიტუაციასთან შეგუება. ადამიანს ასი შვილიც რომ ჰყავდეს, რომ ეუბნებიან, შენი შვილი მაქსიმუმ ერთი წელი იცოცხლებსო, ეს განაჩენია. „ბაკულევში“ ერთმა პროფესორმა პირდაპირ მითხრა: დაივიწყეთ ეს ბავშვი და სხვა გააჩინეთო. მაგრამ ასეთ დროს მეორე სუნთქვა გეხსნება, არ გინდა, იმედი დაკარგო. ქართველები ბუნებით ღვთისმოშიშები ვართ, საბჭოთა ბავშვები ვიყავით, მაგრამ უფლის ყოველთვის მწამდა. რეანიმაციაში ყოფნისას ჩვენ გვერდით ბავშვები იხოცებოდნენ. თავიდან მეუბნებოდნენ, სხვა განყოფილებაში გადაჰყავთო, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ სხვაგან კი არ გაჰყავდათ, ყოველდღე უამრავი ბავშვი იღუპებოდა. ვლოცულობდი, ღმერთო მაჩუქე ჩემი ანა-მეთქი. მაგრამ მერე, ამ ყველაფრის შემხედვარე, ვფიქრობდი, მე ვინ ოხერი ვარ-მეთქი. თუმცა, ის პერიოდიც იყო, როცა ვამბობდი, რატომ მაინცდამაინც მე, რატომ ჩემი შვილი-მეთქი?! ეს ის პერიოდია, როცა გვერდით ერთი ადამიანიც კი არ გვყავდა, რომ სულიერად გავეძლიერებინეთ. ერთ დღეს, ანას ექთანმა მითხრა, 23 წელია, ექთნად ვმუშაობ და თქვენნაირი მშობლები არ მინახავს. ამდენი წლის განმავლობაში, ერთი პაციენტი გადარჩა ასეთი მძიმე მდგომარეობით, ოთხი ბიჭი მყავს და ოთხივეს გეფიცებით, დარწმუნებული ვარ, მეორე თქვენი ანა იქნებაო. შორიდან შეიძლება, სასაცილოა, რადგან სასოწარკვეთილი ადამიანის მდგომარეობიდან გამოსაყვანად მსგავსი რაღაცის თქმა, ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ჩემთვის ეს ისეთი ხავსი იყო, რომელსაც მთელი ძალით ჩავეჭიდე. ანა ორი წლისა და ორი თვის იყო, გული რომ გაუჩერდა. მისთვის არასდროს გვითქვამს, რომ გულის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. ყველაფერს ვასწავლიდი, მაგრამ არასდროს ვეუბრებოდი, სად იყო გული. თუ ეტკინებოდა, გვეტყოდა, აქ მტკივაო, მაგრამ არ იცოდა, იქ რა იყო. ბანაობისას ნაოპერაციევს რომ ხედავდა და მეკითხებოდა, ეს რატომ მაქვსო, ჩემი მეუღლის მკერდზე არსებულ ბავშვობის ტრავმას ვაჩვენებდი და ვპასუხობდი, პატარაობისას ორივე ერთნაირი ცელქები იყავით და იმიტომ გაქვთ-მეთქი. ცხრა წლის ხდებოდა, შუაღამისას რომ გამაღვიძა: დედა, გამახსენდა, პალატაში რომ ვიყავი, ცუდად გავხდი და ექიმები მოცვივდნენ. შენ ტიროდი და გარეთ არ გადიოდი, ისინი კი გექაჩებოდნენ. მე გული მტკიოდა ძალიანო და გულზე მიიდო ხელი. მაშინ ჩემთან ჯისუსი (მაშინ კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა) მოვიდა, ჩემი გული ხელზე დაიდო, მკერდზე მიმადო, მე ის ადგილი გამითბა და გავიღვიძეო. ძალიან დავიბენი, რა კარგი სიზმარი გინახავს-მეთქი, ვუთხარი და გაბრაზდა, სიზმარი არ ყოფილა, გამახსენდაო! მამაოს დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი. ის მაშინვე მოვიდა და მითხრა, ეს სიზმარი არა, ზმანებაა. უფალმა ჩათვალა, რომ ანას ამ ასაკში უნდა გაეაზრებინა ყველაფერი და ჩაიწერეთ. ეს თქვენ არ გეკუთვნით, უფლის სიტყვაა და ეკლესიაში მოიტანეთო. მე მწამს, რომ ანას შეგრძნებები რაღაცისთვის აღდგა.
– ახლა როგორი მდგომარეობა აქვს და გოგონა, რომელსაც არანაირ მომავალს არ უწინასწარმეტყველებდნენ, როგორ იქცა მისაბაძ ადამიანად, რომელიც უამრავ გაჭირვებულს ეხმარება?
– ანა ამჟამად 30 წლისაა, კოლეჯში სწავლობს. მან დაწყებითის პედაგოგიური დაამთავრა და ექვსი თვე მუშაობდა სპეციალურ სკოლაში. შემდეგ ისევ საავადმყოფოში მოგვიწია წასვლა და ოპერაციის შემდეგ ვეღარ შეძლო მუშაობის გაგრძელება. მე რვაჯერ გამოვიცვალე სამსახური, არა იმიტომ, რომ არ მომწონდა, როდესაც ანას დიდი ხნით უწევდა საავადმყოფოში წოლა, მე მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი. ამიტომაც მიწვედა სამსახურების გამოცვლა. შემოქმედებითი ნიჭი აქვს. ძალიან მოსწონს კერამიკაზე მუშაობა და კარგადაც გამოსდის. ხატვა და ფოტოგრაფია უყვარს, არაერთი გამოფენა ჰქონდა აქ და ორი – საქართელოშიც. გამოფენებიდან შემოსული თანხით ბავშვებს ეხმარება აფრიკასა თუ სხვადასხვა ქვეყნებში. ყოველწლიურად ყიდულობს გულის ერთ აპარატს Great Ormond Street Hospital-ის ჩვილ ბავშვთა რეანიმაციისთვის. არაერთ საქველმოქმედო ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. ის ძალიან
ცნობილია, საქველმოქმედო საღამოებზე ეპატიჟებიან და დიდი პატივით იღებენ. ანა ასპონსორებს ჩვენს ქართულ სკოლას. საქართველოში რამდენჯერმე გამოვგზავნეთ ტანსაცმელი და პროდუქტები. გავაკეთეთ დიდი საქველმოქმედო საღამო და თანხაც გამოვგზავნეთ, რომელიც სამწუხაროდ, არ ვიცით, სად წავიდა. ამიტომ წელს თვითონ ჩამოვიტანეთ ტანსაცმელი, საჩუქრები, გარკეული თანხა და თავად გადავანაწილეთ იმ ადამიანებზე, ვისაც ეს ძალიან სჭირდებოდათ.
– ახლა როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა? როგორც ჩანს, ემოციურად ძლიერი ადამიანია, ამდენი რამ გამოიარა...
– ანას 2014 წელს ხერხემალზე ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია, საერთო ჯამში, 15 ოპერაცია აქვს გადატანილი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. 2014 წელს, არ ვიცით რატომ, მაგრამ ბალანსი დაერღვა. მანამდე ბალეტის სკოლაში დადიოდა, ძალიან უყვარს ცეკვა, მაგრამ ბალანსის დარღვევის შემდეგ ეტლი დასჭირდა. ძალიან კარგი სმენა აქვს, მხედველობას რაც შეეხება, სათვალეს ატარებს. საერთოდ, ბუნებით ძლიერი პიროვნებაა. შეუძლია, საკუთარი აზრის სისწორეში დაგარწმუნოს. კორონავირუსის გამო გარეთ გასვლას რომ ვერიდებით, ამბობს, მე რომ აქ ვზივარ, რამდენ ადამიანს სჭირდება დახმარება. რა ქნან მოხუცებმა, ვისაც დამხმარე არავინ ჰყავსო?! მე ასაკის გამო ვარ რისკ-ჯგუფში ის კი – ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ ანა მაინც ცქმუტავს, იმათ რა ეშველებათო. გადავწყვიტეთ, კონვერტები დავუტოვოთ მეზობლებს კართან და ვინმეს თუ რამე სჭირდება, მოგვწერონ და ჩვენ მივუტანთ. ანას ეს იმდენად აწუხებს, ჰაერივით სჭირდება მათი დახმარება და შესაბამისად, მეც ვერ ვისვენებ.
– ანას მიღწევებისა და საამაყო ჯილდოების შესახებაც მოგვიყევით, რის გამოც იცნობენ, იწვევენ წამყვან ტელევიზიებში და ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს.
– ანა 78 დღე იწვა რეანიმაციაში და ორი წლის რომ გახდა, მაშინ გადასცეს პირველი ჯილდო, როგორც ყველაზე გამბედავს. ბრიტანეთში ცნობილი ჯილდო – სახელმწიფო Apollo Avards ტიტული  – ანას ცხრამეტჯერ აქვს მიღებული. ჩვენი რაიონის მერი 2005 წლიდან იწვევს ანას პრინცესა დიანას სახლში. ესაა გამოჩენილი ადამიანების ძალიან ვიწრო შეკრება ჩაიზე. მერი ყველას საითითაოდ ესაუბრება, ერთმანეთს აცნობს, მადლობას უხდიან. მე მიწვევენ, როგორც ქართული სკოლის წარმომადგენელს და ანას კი – ცალკე. ის 2005 წლიდან ყოველ წელსაა ჩაიზე მერთან მიწვეულ სტუმრებს შორის და იმდენად ცნობილი ადამიანები ითხოვენ მასთან ფოტოს გადაღებას, პირიქით, ჩვენ რომ უნდა ვთხოვდეთ. 2007 წელს დააწესეს პრინცესა დიანას ორდენი „ქალაქის ყველაზე ახალგაზრდა ქველმოქმედის“ ტიტულით და პირველი ანას გადასცეს. პრინცესა დიანას კომიტეტიდან მოგვივიდა წერილი – ერთი კვირით მიგვიწვიეს პრინც უილიამთან და პრინც ჰარისთან შეხვედრაზე იმ სახლში, რომელშიც პრინცესა დიანა გაიზარდა. იმ პერიოდში ჩვენ საქართველოში ვიყავით. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ მისვლა და ავცდით ჰარისთან და უილიამთან ერთკვირიან დასვენებას. შემდეგ მადლობის წერილი გავგზავნეთ და გამოგვიგზავნეს ოფიციალური ჯილდო. „ბიბისი“ ყოველწლიურად იწვევს ანას, როგორც საქველმოქმედო ღონისძიებების სპონსორს.
– ფინანსურად როგორ შეძელით სხვა ქვეყანაში მკურნალობის უზრუნველყოფა  და დღემდე როგორ ახერხებთ საქველმოქმედო ნაბიჯების გადადგმას?
– ჩემი მეუღლის მამა – გიორგი გოგრიჭიანი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერია. მან წარადგინა აკადემიაში თხოვნა შვილიშვილის დასახმარებლად. ვახტანგის დედა კი კოსმოსური აპარატების საიდუმლო განყოფილების მთავარი ინჟინერ-გამომგონებელი იყო. მანაც და მეც ვითხოვეთ დახმარება ანასთვის და რაღაც თანხა გამოგვიყვეს. დანარჩენი ოჯახმა შეგვიგროვა და პირველად იმით ჩამოვედით ოპერაციის გასაკეთებლად. მეორედ მე თვითონ გავაკეთე ერთგვარი გაცვლითი პროგრამა. ამის გამო გორბაჩოვთანაც მომიწია მისვლა და საბჭოთა ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა მსგავსი რამ – გორბაჩოვმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ანა საზღვარგარეთ უნდა გაეშვათ სამკურნალოდ. მანამდე მსგავსი რამ არ ყოფილა. აქ რომ ჩამოვედი, დავიწყე ენის სწავლა, მუშაობა. დალაგებიდან დაწყებული, ნორმის ფარგლებში, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ შემოსავალი მქონოდა და თან, კოლეჯში ვსწავლობდი. რის შემდეგაც სკოლასთან არსებულ ბაღში დავიწყე მუშაობა, მერე კი სკოლაში. მოგვიანებით ფსიქოლოგიაც ვისწავლე, რადგან მინდოდა, ანასთვის ამ მხრივაც გამეწია საჭირო დახმარება.
– ქართული სკოლის დამაარსებელი და მმართველი ხართ, როგორ შეიქმნა ეს სკოლა?
– 1995-96 წლებში რამდენჯერმე იყო ქართული სკოლის გახსნის მცდელობა, მაგრამ საზოგადოება არ აღმოჩნდა მზად. ანამ რომ „თვალებში გამოიხედა“ და შესაბამისად – მეც, დავინტერესდი მიზეზებით, რატომ არ გამოვიდა ეს საქმე. დავიწყე საკითხის კვლევა, შევადგინე სასკოლო გეგმა, დავიხმარე ჩემი დისშვილები და საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ. ჩვენი შედგენილი პროგრამა ძალიან მოიწონეს და დავიწყეთ სწავლება. 2002 წელს ოფიციალურად გავიხსენით, თუმცა მანამდეც, რამდენიმე წელი, ჩვეულებრივ ვფუნქციონირებდით. უფრო ადრე კი ქართული სათვისტომო ჩამოვაყალიბე.

скачать dle 11.3