კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№20 როგორ ამყარებს გუგა ქაშიბაძე უხილავ მაგიურ კავშირს კორონავირუსის შიშის გამო დამწვარ პაციენტებთან

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  ექიმის პროფესია რთულია, თუმცა იშვიათად მინახავს ამ პროფესიის ისეთი გულისხმიერი და პროფესიონალი წარმომადგენელი, როგორიც ბატონი გუგა ქაშიბაძეა. მისი ყოფილი პაციენტები ქუჩაში აჩერებენ, თბილად მოიკითხავენ ხოლმე და ყოველი მისი სიტყვა თუ იმედიანი გაღიმება ახსოვთ, იმ ტკივილის ფონზე, რის გამოც, მის ხელში მოხვდნენ. კორონავირუსის პანდემიის დროს დამწვრობის ცენტრში პაციენტთა შედინებამ იმატა და როგორც გუგა ექიმი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ დამწვრობის უამრავი ისტორია მოუსმენია, ახალი შემთხვევები მასშიც კი გაკვირვებას იწვევს.
  გუგა ქაშიბაძე: ჩემს ცხოვრებაში ყოფილა წარმატება, წარუმატებლობა, სიხარული, ტკივილი, კითხვის ნიშნები, მაგრამ პროფესიის არჩევანი არასოდეს მინანია. მიხარია სამსახურში სიარული და მომწონს ჩემი პროფსია. იმდენად მსიამოვნებს, რასაც ვაკეთებ, ხანდახან მიკვირს ხელფასს რაში მიხდიან-მეთქი (იცინის). ექიმის ცხოვრება უდიდესი აზარტი და მუხტია. კი ამბობენ, ამ პროფესიის წარმომადგენელი თუ ხარ, ცივი გონებით უნდა მიუდგე მოვლენებსო, მაგრამ დამიჯერეთ, ყველა პაციენტის ტკივილი მტკივა და ყველა პაციენტის კვნესა გულზე მხვდება. ემოციური და დამთრგუნველია ამის ყურება და მოსმენა. თან, დამწვრობა ისეთი სფეროა, პრობლემის მოგვარება ერთ ან ორ დღეში არ ხდება, ხანდახან მისი მკურნალობა კვირები და თვეები გრძელდება. ამ პროფესიას აქვს დიდი ხიბლი და იმავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა. ექიმსა და პაციენტს შორის მაგიური, უხილავი კავშირია, ისეთი, როგორიც მსახიობსა და მაყურებელს შორის. რატომღაც, ამას ვადარებ. 1995 წელს დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი, ინტერნატურა დამწვრობის ცენტრში გავიარე. დამწვრობის ცენტრში 1995 წელს მივედი, მანამდე იაშვილის კლინიკაში ვმუშაობდი სანიტრად, მედდად. ასე რომ, ყველა ეტაპი გავიარე. უამრავ პაციენტს გამოუვლია ჩემს ხელში და სულ მინდა, რაიმე განსაკუთრებული ვუპოვო. შეიძლება, ეს იყოს სახის ნაკვთი, საუბრის მანერა თუ ასე შემდეგ და ყოველთვის ვცდილობ, განსხვავებულად შევხედო. გვარებს ცუდად ვიმახსოვრებ, თუმცა, მათი თვალები არასოდეს მავიწყდება. შეიძლება, სახეზე ვერც გავიხსენო ადამიანი, მაგრამ ჭრილობას თუ შევხედე, ყველა დეტალი მახსენდება და თვალწინ მიდგება. თუმცა, არიან პაციენტები, რომელთაც ვერ დაივიწყებ. ერთხელ, ზრდასრულმა მამაკაცმა გამაჩერა და მითხრა: ვერ მიცანით? მე თქვენი პაციენტი ვიყავიო. დავაკვირდი და მართლა ვერ ვიცანი. ჩემდა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ 2 წლის ასაკში ყოფილა ჩემი პაციენტი და რაღას ვიცნობდი (იცინის). რომ
ვუთხარი, ვერ გიცანით-მეთქი, დამწუხრებული დამემშვიდობა, ეგონა 20 წლის მერეც გავიხსენებდი (იცინის).
– წლების განმავლობაში უამრავ პაციენტთან მოგიწიათ მუშაობა. ალბათ, ბევრი უცნაური შემთხვევაც იყო და წესით, აღარაფერი უნდა გიკვირდეთ. თუმცა, თუ არის ისეთი, თქვენც რომ გაგაკვირვათ?
– რთულია ჩემი გაკვირვება, თუმცა, რამდენიმეჯერ ისეთი პაციენტი შემოვიდა, მისი დამწვრობის ისტორია რომ მოვისმინე, მეც კი გამიკვირდა. მაგალითად, ცეცხლი მოეკიდა ახალგაზრდა ბიჭს, ოჯახის წევრებს ჩაქრობა უნდოდათ, გვერდით წყლით სავსე ჭურჭელი იდგა და რომ მიასხეს, აღმოჩნდა, რომ ადუღებული წყალი შეასხეს. ამასაც, გამართლება უნდა (იცინის). ამაზე მეტად უცნაური ახალგაზრდა პაციენტიც მყავდა: დაქოქილ ელექტროხერხში ასხამდა ბენზინს და გარდა დამწვრობისა, სერიოზული ჭრილობებიც მიიღო.
– ზაფხულში, განსაკუთრებულად იმატებს ხოლმე დამწვრობის შემთხვევები, თუნდაც ათობით ლეღვის ნახარშით დამწვარი პაციენტი გავიხსენოთ. თუმცა, როგორც გავიგე, ახლაც, კორონავირუსის დროსაც მოიმატა დამწვრობებმა, საკმაოდ უცნაური შემთხვევებიაო?
– რუჯის მიღების განზრახვით ლეღვის ნახარშით დამწვრობას გადააჭარბა კორონავირუსისგან თავდასაცავად ცხელი, აქაფქაფებული წყლის სმით დაფუფქული ადამიანების რაოდენობამ. კიდევ ვამბობ, იშვიათად მიკვირს, მაგრამ იმან გამაოცა, რამდენად შორს მიდის ადამიანის ფანტაზიის უნარი და ნებისყოფა. სწორედ, ნებისყოფა გჭირდება, ადუღებულ წყალს რომ მოიყუდებ და გადაკრავ. არავის ვურჩევ, გაიმეოროს ეს „სასიკვდილო ნომერი“. რაც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ცხელ წყალს ვირუსი ყელიდან ჩაჰყავს კუჭში და იქ კუჭის წვენი ანადგურებს, სამი ასეთი ამბულატორიული პაციენტი მყავდა დამწყვრობის ცენტრში, შვიდს კი სახლის პირობებში ვუმკურნალეთ. თავდაცვის მიზნით ადუღებული წყლის დალევა რომ გადაწყვიტეს, ტუჩები და ენა ჰქონდათ დამწვარი. სხვათა შორის, საკმაოდ მომატებულია სატელეფონო ზარები დამწვრობის ცენტრში, რადგან ვირუსის გამო საავადმყოფოში ვიზიტს ერიდებიან. საბედნიეროდ, ჩვენთან ისეთი შემთხვევა ჯერ არ გამოვლენილა, როგორიც უცხოეთში – სადეზინფექციო ხსნარით რომ დაიმუშავეს სხეულის კიდურები და მერე სანთებელა გამოიყენეს და ცეცხლი მოეკიდათ. სხვათა შორის, ერთი ქალბატონი, კორონას გადაურჩა და ასეთ შემთხვევას ემსხვერპლა. ასე რომ, მარტო ჩვენ არ ვართ ორიგინალურად მოაზროვნეები, მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანები სხვადასხვა თვითშემოქმედებას ეწევიან. თუმცა, გამომგონებლობაში, თუნდაც ადუღებულ წყალს რომ დალევ, ფაქტია, ნამდვილად არ ჩამოვრჩებით. გეტყვით, რომ არა მხოლოდ ინფექციურ საავადმყოფოში, პაციენტთა შემოდინება ჩვენთანაც არის მომატებული. თვითიზოლაციის პერიოდში საკმაოდ სახიფათო გახდა სამზარეულოში ფუსფუსი. ექიმები რომ მოუწოდებდნენ, სახლში დარჩითო, სახლში დარჩენილები სამზარეულოში ატარებდნენ მეტ დროს და განსაკუთრებით ბავშვები დაზიანდნენ, დამწვრობის რაოდენობამ მოიმატა. ასე რომ, ამ პერიოდში ასეთი რაოდენობით პაციენტი არ გვყოლია და მთელი დატვირთვით ვმუშაობთ. ბევრ პაციენტს დისტანციურად ვმკურნალობთ, მათ შორის წითელ ზონაში დარჩენილებს, რომელსაც სტაციონარული მკურნალობა არ სჭირდებათ. რამდენიმე პაციენტი კი საკარანტინე ზონაში გვყავს, რომლებიც უცხოეთიდან დამწვრობით დაბრუნდნენ. ახლახან შემოვიდა ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც მერიის წინ გადაისხა ბენზინი, მოიკიდა ცეცხლი და თავის დაწვა სცადა. მისი მდგომარეობა ახლა სტაბილურია, ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და დაგეგმილია ოპერაცია. ამ წუთისთვის მდგომარეობის სტაბილურობას ვინარჩუნებთ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
– ბატონო გუგა, თავად თუ მიგიღიათ დამწვრობა?
– (იცინის) რასაკვირველია, მეც დავიწვი – მყინვარწვერზე ასვლისას, თუმცა, კრემიც მესვა და ნიღაბიც მეკეთა. სასაცილო ის იყო, მეორე ხარისხის დამწვრობა მივიღე, ოპერაცია მქონდა დანიშნული და საოპერაციოში რომ შევედი დაფუფქული და პაციენტმა ჩემი შუბლი დაინახა, გადაირია: ვის ხელში ვარ, შენ რაღა გჭირსო (იცინის). მისი სახე არ დამავიწყდება – სანამ ანესთეზიოლოგი დააძინებდა, გაოგნებული მიყურებდა.
– მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დაძაბული დღის რეჟიმი გაქვთ და მძიმე პაციენტებთან გიწევთ მუშაობა, ბუნებაში განტვირთვისთვის, ველოსიპედით სეირნობისთვის, ახალი ადგილების დალაშქვრისთვის და ხატვისთვის დრო მაინც გრჩებათ. სხვათა შორის, აქტუალურ თემასთან, კორონავირუსთან დაკავშირებულ თქვენს კარიკატურებს სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი გამოხმაურება აქვს და ხომ არ ფიქრობთ, პანდემია რომ ჩაივლის, გამოფენა მოაწყოთ?
– ამაზე ვფიქრობ და რომ ჩაივლის პანდემია, საგამოფენი სივრცეში გამოვფენ იმ კარიკატურებს, რომლებიც კორონავირუსის თემას მივუძღვენი და თუ დააკვირდებით, მათში, ერთგვარი გაფრთხილებაა ჩადებული. ბუნებრივია, დღეს ძირითადი საფიქრალი, კორონავირუსია და მინდოდა, ჩემი კარიკატურებით ხალხი გამემხნევებინა და თან, ერთგვარი მინიშნებები მიმეცა. არ არის აუცილებელი, ადამიანს ოცდაოთხი საათი ყურში უჩიჩინო, ხშირად ირიბად ნათქვამიც კი მისაღებია. დაახლოებით, 3 წელია, კარიკატურებს ვხატავ. რამდენიმე გაზეთში, საქართველოსა და უცხოეთშიც – ბელგიურ ჟურნალში ბეჭდავენ. მომავალში, გამოფენასთან ერთად, წიგნის გამოცემა მაქვს დაგეგმილი. ეს ჰობია და ელექტრონული ვერსიები, ამიტომ, ცოტა დრო სჭირდება. ასე რომ, კარიკატურა ხუთ წუთში შემიძლია, დავხატო. გარდა ამისა, ცხოვრების აქტიური წესით ვარ დაკავებული, ვცდილობ, ფორმაში ვიყო და ხშირად დავდივარ მთაში.

скачать dle 11.3