კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№20 ნიკა ვაჩეიშვილი: გადაყვლეფილი მაქვს ხელ-ფეხი, ნეხვი გამაქვს, უხარიათ და ეს ყველაფერი გულგახსნილობას ბადებს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ბოლო რამდენიმე წელი ნიკა ვაჩეიშვილისთვის ახალ გამოწვევებს უკავშირდება. მაღალჩინოსნობიდან მან სოფელში გადაწყვიტა წასვლა, იქ დასახლდა და მეურნეობასაც მიჰყო ხელი, რომელსაც არა მხოლოდ პირადი საჭიროებისთვის, სარეალიზაციოდაც იყენებს.
  ნიკა ვაჩეიშვილი: 2012 წელს გადავწყვიტე მეურნეობაზე მეზრუნა. ეს სოფელი – ატენი ჯერ კიდევ ჩემი სტუდენტობიდან მქონდა შეთვალიერებული და „გულში ჩავარდნილი“. მეორე კურსზე რომ ვიყავი, აქ სკოლაში ვასწავლიდი, შემდეგ ვმონაწილეობდი ექსპედიციებში. აკადემიაში სწავლის დროს ჩემი საკურსო და სადიპლომო ატენის სიონს ეხებოდა. მოკლედ რომ ვთქვა, 80-იანი წლებიდან ატენი ჩემს სამშობლოდ მიმაჩნია. აქ დიდი ისტორიაა, უნიკალური ციხესიმაგრეები, ნასოფლარები, კლდეკარი და ასე შემდეგ. 2010 წლიდან მოვიკიდეთ ფეხი ამ სოფელში და ორი წლის შემდეგ მეურნეობასაც მივყავით ხელი. ავაშენეთ მარანი, გავაშენეთ ვენახები ძველ ნავენახარზე... 2013 წელს უკვე პირველი ღვინო გვქონდა გენიალური გემოთი. სამეფო ღვინო აქ ჯერ კიდევ მეათე-მეთერთმეტე საუკუნეებში მზადდებოდა და ატენური ღვინო ყველასთვის ცნობილია. ასე რომ, ისტორიის გაცოცხლების გზაზე დავდექით.
– რა არის ის, რაც აქ ტურისტებს ყველაზე მეტად მოსწონთ?
– ტურისტებს ყველაზე მეტად დინამიკის შეგრძნება მოსწონთ – არაფრიდან ამხელა მეურნეობის შექმნას ვგულისხმობ. იქ, სადაც სახლი და მარანი ავაშენეთ, მანამდე არაფერი იყო. მხოლოდ მიტოვებული ადგილი, დაგდებული ტერიტორია, როგორსაც საქართველოს არაერთ კუთხეში შეხვდებით. როდესაც ნახულობენ, როგორ ვაქციეთ ნულს ქვემოდან დაწყებული პროცესი ვენახებად, ბოსტნებად, მარანად, შედეგად კი დღეს უკვე გვაქვს გადასარევი ღვინო, სასტუმრო, ჩვენი თაფლი, ჩვენი ყველი, აქამდე მხოლოდ თხის ყველი გვქონდა, ახლა უკვე ძროხისაც გვაქვს, ძალიან
მოსწონთ.
– სახლის, მარნის მშენებლობა და ვენახის გაშენება რომ დაიწყეთ, რა გამოცდილება გქონდათ ამ საქმეში, ვინმე დაიხმარეთ?
– ჩემი პროფესიაა ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორია. ჩემი მეუღლე არქიტექტორია, მე თეორიტიკოსი ვარ. ეს ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია. კარგად ვიცოდით, რა გვინდოდა. ზოგჯერ ადამიანებს უნდათ რაღაცის აშენება, მაგრამ ამის განხორციელებას სხვას რომ მიანდობენ, ისეთი არ გამოდის, როგორიც საჭიროა. ჩვენ წლების განმავლობაში რეგიონებში ვმუშაობდით და ამ ყველაფრის შესაქმნელად თეორიული თუ პრაქტიკული გამოცდილება გამოვიყენეთ. ყოველ წელს ჩამომყავს ხოლმე ჩემი სტუდენტები რამდენიმედღიან პრაქტიკაზე, იმის საჩვენებლად, თუ როგორი უნდა იყოს ლანდშაფტის არქიტექტურა, კულტურულ სივრცეში ახალი მშენებლობა. ჩვენ მარანი ტრადიციულად, კირით, ქვიტკირით ავაშენეთ. სასტუმრო კი – ძალიან თანამედროვედ. ასე რომ, აქ კარგად ჩანს, როგორია ტრადიციულისა და თანამედროვეობის შერწყმა ბუნებაში, ისე რომ ძალიან ლამაზი გამოვიდეს. სამი წელი ვფიქრობდი ერთ პატარა შენობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რამეს რომ ააშენებ ლანდშაფტს მოუხდეს. თითოეულ ნაბიჯს ძალიან დიდხანს ვწონით, შემდეგ ოჯახურ საბჭოზე გამოგვაქვს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ წინ.
– თავიდან მხოლოდ ოჯახი უმკლავდებოდით საქმეს? ახლა მეურნეობა გაიზარდა და ალბათ, დამხმარეები გჭირდებათ.
– თავიდან ძალიან რთული იყო. სამოყვარულო დახმარება გვქონდა. დავუძახებდით მეგობრებს და მათი დახმარებით, ერთად ვაკეთებდით ბევრ რამეს. შემდეგ ნელ-ნელა წინ წავედით და უკვე მესამე წელია, სამუშაო ადგილები გაგვიჩნდა. ჩვენი სამეზობლოს ერთჯერადი დახმარებიდან სამუშაო ადგილების შექმნაზე გადავედით. ფაქტობრივად, მუშახელი გვყავს, რომლებიც ასევე, ჩვენი მეგობრებიც არიან. ღვინისა და ყველის გაყიდვა გვაძლევს საშუალებას, ამ საქმეში ჩართულ ადამიანებს ანაზღაურება მივცეთ.
– ამხელა თანამდებობდებიდან – მაღალჩინოსნობიდან სოფლის მეურნეობაში გადაინაცვლეთ. ცოტა სკეპტიკურად არ გიყურებდნენ?
– კი, ყველას უკვირდა – რატომ შეიცვალე ასე ცხოვრების წესიო. ეს არაა ცხოვრების წესის ცვლილება, ერთი ცხოვრების მეორე ეტაპია. თუ
ყველაფერი რიგზე იქნება, ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ძალიან კარგად აისახება. სოფელი არა მხოლოდ მეურნეობით, კულტურითა და განათლებითაც უნდა განვითარდეს. როცა ამ ერთობას მივაღწევთ, მაშინ დავუბრუნდებით ჩვენს ძლიერ ფესვებს. ადრე ჩვენს სოფლებში რომ ჩახვიდოდი, გადასარევი სკოლა დაგხვდებოდა, გლეხებმა ბერძნული და ლათინური იცოდნენ, ძალიან განათლებულები იყვნენ. ეს განათლება ორგანულად უნდა შემოვიტანოთ ყველა მიმართულებით.
– ახლა ქალაქთან რა დოზით ხართ დაკავშირებული?
– დროის მენეჯმენტი კარგად მაქვს გაკეთებული. ჩვენი სოფელი თბილისიდან ერთი საათის გზაზეა. ცალკე მაქვს თავმოყრილი „სათბილისო დღეები“, საუნივერსიტეტო თუ თბილისის საკრებულოს დღეები. ვიცი კალენდარზე რომელი დღე რას ეკუთვნის. აქ ჩემი ოჯახის სამი თაობა ვართ. ეს ჩვენი ცხოვრებაა და არა თბილისთან ერთად, დამატებით სოფელი. ჩემი შვილები ხატავენ ყველაფრით, ფოთლებით, თიხით, ნახშირით და ყველაფერზე – მიწა იქნება, თუ კედელი. შემოქმედებითობასთან ერთად ძალიან ბევრს ვკითხულობთ და ბევრს ვმოგზაურობთ ძველ ბილიკებზე. დავდივართ სათევზაოდ. შვილები დედას ეხმარებიან ყველის გაკეთებაში. მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან ახლოს ვართ დედამიწის ჭიპთან. რასაც მივირთმევთ, უმეტესობა ჩვენივე ხელითაა მოყვანილი.
– როგორია თქვენი ერთი დღე, რომელ საათზე იწყებთ დილას?
– შეიძლება, უფრო ადრე, მაგრამ ძირითადად, რვაზე ვდგებით. მივდივარ „სამსახურში“ და ერთი საათი ფიზიკურად ვშრომობ, იქნება ეს ვენახის აკვრა, მორწყვა, ეზოს დალაგება თუ სხვა საქმე. ათი საათიდან მაქვს აკადემიური სამი საათი, როდესაც ვწერ, ვკითხულობ. შემდეგ მეწყება საუნივერსიტეტო საათები, საკრებულოს დრო. ოთხი საათიდან საღამომდე კი – ბავშვები, სოფლის მეურნეობა, ეზო-კარი. საღამოს გვაქვს საზეიმო ვახშამი და ვადგენთ მომდევნო დღის გეგმას.
– მეზობლები ტელევიზორიდან გიცნობდნენ და ერთ დღესაც ვენახში მუშაობა და სახლის შენება რომ დაიწყეთ, რა რეაქცია ჰქონდათ?
– პირველად რომ რაღაცების კეთება დავიწყეთ, ეგონათ ის, რაც სამწუხაროდ, 99 პროცენტში ხდება. ჩინოვნიკები რაღაცებს აშენებენ, მერე ან საერთოდ აღარ იყენებენ, ან იშვიათად. ასეთი აგარაკები ცოტა ნამდვილად არაა. მაგრამ, რომ ნახეს, ხეობაში ნაგავს ვაგროვებ, თუნდაც ვინმე გაუფრთხილებელი გლეხის დაყრილს, გადაყვლეფილი მაქვს ხელ-ფეხი და მდინარეში ვდგავარ, ნეხვი გამაქვს, უხარიათ და ეს ყველაფერი გულგახსნილობას ბადებს. ძალიან საამაყო მეზობლები მყავს, როგორც შეგვიძლია, ერთმანეთს ვეხმარებით. თუ თბილისში ექიმთან გაყოლა ან სხვა
პრობლემის მოგვარებაში ჩემი დახმარებაა საჭირო, გვერდით ვუდგავარ და ძალიან სახალისო ერთობა გვაქვს.
– ვირუსით გამოწვეული ახალი რეალობა რამდენად შეგეხოთ?
– ძალიან, ახლა აქ ტურისტების ჯარი უნდა გვყავდეს. ჯავშნები ვადას იცვლის და როდემდე – არ ვიცით. უიმედოდ ღმერთმა ნუ დაგვტოვოს, მაგრამ შემოსავალი ჯერ არაა და თითოეული კაპიკი გასაფრთხილებელია. სუპერეკონომიურად ვხარჯავთ ჩვენს რესურსებს. ვცდილობთ, ეს პაუზაც წინსვლისთვის გამოვიყენოთ. ყველის დაძველებას ვცდილობთ, ბოსტნები გავამრავლეთ და ასე შემდეგ. გვინდა, მულტიკულტურული სივრცე შევქმნათ. დავასრულებთ შენობას, სადაც წაიკითხავ კარგ წიგნს, კარგ გამოფენას მოაწყობ, კონფერენციას ჩაატარებ, ადამიანებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებ და ასე შემდეგ. როცა ადამიანს იდეები აქვს, მისთვის ხელის შეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. როცა სახელმწიფო ამას ვერ აკეთებს, გამოდის კარგი გაგებით, გიჟების იმედადაა დატოვებული რეგიონები და ეს დამოკიდებულება შესაცვლელია.
– სოფელში დაბრუნების თვალსაზრისით, სასიამოვნო დინამიკა გვაქვს. ხშირად ვისმენთ საზოგადოებისთვის ცნობილი თუ უცნობი ადამიანების ისტორიებს, ქალაქს რომ სოფელში ცხოვრება არჩიეს.
– კი, მაგრამ მე ვშიშობ, რომ ეს მაინც ერთჯერადი იქნება და მოდური, დროებითი ამბავი გამოვა, თუ ის შესაბამისი ხედვით არ იქნება გამაგრებული. კარგად უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა სოფლისგან. თუ კარგად არ იქნა აწონილ-დაწონილი და სახელმწიფო ხედვაში გაწერილი, დიდხანს ვერ გასტანს. სოფელი მარტო სოფლის მეურნეობასთან არ უნდა ასოცირდებოდეს. მიტოვებულ სოფლებში ჩვენ-ჩვენი ცხოვრება უნდა მოვძებნოთ. ჩვენმა წინაპრებმა, თუნდაც, მეოცე საუკუნის დასაწყისში იცოდნენ, რომელი სოფელი რისთვის იყო ნაყოფიერი. სად უნდა ყოფილიყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, სად – ვენახის სკოლა, სად – სუნამოებისთვის ვარდების პლანტაციები და ასე შემდეგ. ყველა სოფელს თავის ფუნქცია და პროფილი უნდა ჰქონდეს.

скачать dle 11.3