კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№20 გოჩა აბულაძე: „ლა სკალასა“ და სიმონეთის ტყეში სიმღერას ერთი ფასი აქვს

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  ბარიტონი გოჩა აბულაძე, წესით, ახლა ამერიკაში, დიდ სცენაზე უნდა იდგეს და ხალხს თავისი საოცარი ხმის ტემბრით აოცებდეს. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციის ფონზე, ბედის წყალობით, გაუმართლა – სოფელში, ოჯახის წევრების გვერდით თავს მშვიდად გრძნობს.
  გოჩა აბულაძე: 2010 წელს ჩავედი იტალიაში, სამი წელი იქ ვმოღვაწეობდი. შემდეგ გერმანიაში გადავედი მაგდებურგის სოლისტად. ბოლო ხუთი წელია, ბერლინში ვცხოვრობ და ბევრ ქვეყანაში მიწევს გამოსვლა. ახლახან ამერიკაში მქონდა დებიუტი და იქიდან საქართველოში მომიწია ჩამოფრენა. კონცერტები იყო დაგეგმილი და ვემზადებოდი, თან, „ბრავო რეკორდსში“ ქართული რომანსების დისკს ვწერდი, რომელიც ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. მოკლედ, ვემზადებოდი ნიუ-იორკში წასასვლელად და აღმოჩნდა, რომ გამიმართლა. ბევრ ჩემს მეგობარს ვეკონტაქტები უცხოეთში, კიდევ კარგი, ვერ მოვახერხე წასვლა და ამ ვირუსის დროს ჩემს ქვეყანაში შემოვრჩი. ყველა შეშინებულია, მეუბნებიან: საშინელი სიტუაციაა, გარეთ ვერ გავდივართ, სახლში ჩაკეტილები ვართო. ასე რომ, ახლა, წესით, ამერიკაში, ნიუ-იორკში, სახლში უნდა ვიყო გამოკეტილი და სიმონეთში, ჩემს სოფელში, სუფთა ჰაერზე დავნავარდობ (იცინის). დიდი ხანია, არ გვქონია ეს ბედნიერება და როგორც იქნა, წლების შემდეგ, ოჯახი ისევ ერთად შევიკრიბეთ. ვფიქრობ ხოლმე: ახლა ჩემს ქვეყანაში რომ არ ვიყო, ნეტავ, როგორ ვიქნებოდი-მეთქი.
– მითხრეს, რომ თვითიზოლაციაში სიმღერ-სიმღერით გაგყავს დრო. ასეა?
– ნამდვილად, სიმღერ-სიმღერით გამყავს დრო. ჩემს ოჯახში სულ ისმოდა სიმღერის ხმა და ახლაც, ერთად შეკრებილი – დედა, მამა, ძმა, რძალი და ძმისშვილები, ყველანი, სიმღერის განწყობაზე ვართ (იცინის). ასე რომ, მე თავს სახლში იზოლირებულად და კომფორტულად ვგრძნობ და კორონასი არ მეშინია.
– ყველა იმას წუწუნებს, რაც სახლში დავჯექით, წონაში მოვიმატეთო, არადა, შენ, პირიქით – დაიკელი და როგორ მოახერხე თავის ხელში აყვანა?
– საკმაოდ პრინციპული ადამიანი ვარ და თუ რამე მოვინდომე და ამოვიჩემე, აუცილებლად გავაკეთებ. წარმოიდგინეთ, დედაჩემის იმერული ხაჭაპურების და ჩემი რძლის პიცის სუნი რომ ტრიალებს სამზარეულოში, რთულია თავის შეკავება, მაგრამ მე პური, მარილი და შაქარიც კი ამოვიღე მენიუდან, ორ კვირაში, 12 კილო დავიკელი და კიდევ უნდა დავიკლო. ბევრს დავდივარ ფეხით – ამით ვწვავ კალორიებს, ვვარჯიშობ, ვმუშაობ... დადგა ის დრო, როცა ტყეში ჩიტებსა და ფოთლებს ვუმღერი, მართალია, აპლოდისმენტები არ მესიმის, მაგრამ ასე ვხარჯავ შემოქმედებით ენერგიას. ამას წინათ ვხუმრობდი: „ლა სკალასა“ და სიმონეთის ტყეში სიმღერას, ერთი ფასი აქვს-მეთქი (იცინის). მთავარია, გულით ვიმღერო და არ აქვს მნიშვნელობა, ტყეში ვიმღერებ, მდინარის პირას, ეზოში თუ „კარნეგი-ჰოლში“. თუმცა, სუფთა ჰაერზე სიმღერა მაინც სულ სხვაა, ყველაზე მაგარია. ექო რომ გიბრუნდება, შენი ხმა გესმის და მთა გპასუხობს, საოცარი შეგრძნებაა.
– სმოკინგის მერე, რეზინის ბოტებში როგორ გრძნობ თავს?
– ჩემთვის არ არის უცხო რეზინის ბოტებში სიარული. გერმანიაშიც, სცენაზე ბოტებითაც, წელს ზევით შიშველსა და შორტებში გამოწყობილსაც მიმღერია. სხვა გზა რომ არ მაქვს, სასცენო იმიჯი სიმონეთში გადმოვიტანე და მოწოლილ ენერგიას აქ ვხარჯავ. იმედია, მალე დასრულდება ეს ყველაფერი, ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდებით და ბევრ რამესაც გადავაფასებთ. წინ განსხვავებული ცხოვრება გველის, ეს ფაქტია. ზუსტად ვიცი, კიდევ უფრო დაფასდება შრომა, პატივისცემა და სიყვარული ერთმანეთის მიმართ. უფრო მეტად გავუფრთხილდებით ბუნებას. გაიაზრებს ადამიანი, რომ თუ მას ასე უდიერად მოვექცევით, უარესი გველის და კორონა მონაგონი იქნება. მაგალითად, ჩემს გერმანელ კოლეგებს, ყველას აქვს „დაჩები“, სადაც შაბათ-კვირას მიწაზე მუშაობენ, მოჰყავთ ბისტნეული და მერე, ჩვენც მოგვიკითხავენ ხოლმე თავიანთი ხელით მოყვანილით. არც ჩემთვისაა უცხო მიწაზე მუშაობა, სულ ვეხმარებოდი ჩემებს. გული მტკიოდა, ჩემს სოფელს დაცარიელებულს რომ ვუყურებდი, ახლა კი, ისეთ სახლებში აინთო სინათლე და ისეთი სახლების საკვამურიდან ამოდის კვამლი, გულს უხარია. ბევრი დაბრუნდა და იმედია, არ მიატოვებენ. არ მესმის, ვისაც სოფელი აქვს, როგორ უნდა წავიდეს ქალაქში და იტაქსაოს, ბინის ქირაში იხადოს ის ფული, ოღონდ თბილისში იყოს. არ ჯობია, სოფლის სუფთა ჰაერზე გაიღვიძოს, მიწას და ვენახს მოეფეროს და იმ მთების ექო გაიგოს, რასაც ამხელა ბედნიერება მოაქვს. ჩვენმა ოჯახმა, ტრაქტორით, დიდი მიწის ფართობი დავხანით და ახლა, ციცქა-ცოლიკაურის ვენახის ჩაყრას ვაპირებთ, ერთ წელში ჩვენი სახელობის ღვინოსაც ჩამოვასხამთ. ჰოდა, ამერიკაში რომ ჩავალ, სიმღერის გარდა, ჩემი ხელით გაშენებული ყურძნის ღვინოსაც ჩავიტან (იცინის).
– წლებია, წვერს ატარებ. მითხარი, კორონასი არ მეშინიაო, თუმცა თმა გადაიხოტრე და წვერიც გაიპარსე. რატომ?
– რაღაც ცვლილება ხომ უნდა მომეხდინა? (იცინის) დიდი ხანია წვერს ვატარებ, იტალიაში რეჟისორმა მოითხოვა, წვერი დაიმოკლეო. სარკეში რომ ჩავიხედე, ისე ვიყავი შეცვლილი, ჩემი თავი ვერ ვიცანი, ახლაც ვერ ვცნობ. მართლა ბევრი წელი მომაკლო თმასთან და წვერთან განშორებამ და დედაჩემმა კი ის გოჩა აღმოაჩინა, რომელიც ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა და დიდად გახარებულია (იცინის).
– როდესაც პირად ცხოვრებაზე გეკითხებოდი, სულ ამბობდი, გადარბენებზე ვარ და არ მცალიაო. ახლა ხომ გაქვს დრო და მოიცალე სიყვარულისთვის?
– ახლა კოცნა არ შეიძლება და დისტანციური სიყვარულის არ მჯერა (იცინის). სხვათა შორის, არც ახლა ვკარგავ დროს და ფოტომატოგრაფიით ვარ გატაცებული. ბევრი სასწაული ადგილი შემოვიარე და ჩემი სოფელი სულ სხვა თვალით დავინახე. რასაკვირველია, ფოტოფირზე ავღბეჭდე და მინდა, ყველაფერი რომ ჩაივლის, გამოფენა მოვაწყო. ზოგადად, ათი წელია, ფოტოხელოვნებით ვარ გატაცებული და პროფესიონალური ფოტოაპარატით ვიღებ ფოტოებს. ჰოდა, არ გაგიკვირდეთ, გერმანიაში ან იტალიაში, დიდ საგამოფენო სივრცეში სიმონეთელ ბეღურას ან ბაყაყს თუ აღმოაჩენთ (იცინის). ახლა, ნიუ-იორკში გადავდივარ საცხოვრებლად და ყველაფერი რომ დალაგდება, ისევ ნულიდან ვიწყებ ცხოვრებას, ისევ მომიწევს შრომა წარმატებისთვის და ახალი გამოწვევებისთვის მზად ვარ. ამ ვირუსის, პრობლემისა და შიშის მერე, ყველა თავიდან დავიწყებთ ცხოვრებას, სხვანაირად დავინახავთ ყველაფერს – მე ასე მგონია.

скачать dle 11.3