კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 ძველი თბილისის დამნაშავეები

  იორამ თლაშაძე და თომა კიკნაველიძე 1906 წელს დაერიენ კოჯრის ასასვლელ გზაზე, რაც რამ დუქანი გაეხსნათ. ჯერ გიორგი ბაინდურაშვილის სამიკიტნო დუქანი გაძარცვეს სოლოლაკის თავზე, მერე ოქროყანასთან ხუციშვილის და შემდეგ კოჯრის გზაზე გრიგორი მჭედლიძის დუქანი. დაძარცვეს იქაურობა და სროლაც არ დაინანეს. დაკავებისას მათ აღმოუჩინეს ბლომად ოქროს ბეჭდები, ვერცხლის ქამრები, საათები, ფული და ორი „ბულდოგის“ რევოლვერი. ესე ქალაქის კიდეებზე გახსნილი დუქნები ბლომად იყო. ქალაქიდან გასვლისას ან ქალაქიდან შემოსვლისას შიგ გაჩერება იშვიათი არ იყო. ამათშიც გამორჩეულს არაერთს ნახავდი. ვერის ბაღებთან გზაზე – „ნე უეზჟაი გალუბჩიკ მოი“, „თეთრი დუქანი“ – დიღომში, „ტახტა დუქანი“ – სოღანლუღთან. ავჭალაში ეჭირა დუქანი კულა გლდანელს, ამდენ ჭიდაობასა და დავიდარაბაში გარეულს. ქალაქის კიდის დუქნები უყვარდათ ავაზაკებსაც, აქ ნაქურდს მალავდნენ და აქედან იოლი იყო გაქცევა. პეტრე-პავლეს ხევის დუქანი ითვლებოდა გამორჩევით ავაზაკთა თავშესაფრად, ტატო წულუკიძე, თუვლიშვილი, პანკისა, შლეიკა, სისო და მიხაკ გულაკოვი მეტად სწყალობდნენ იქაურობას. პოლიცია და კაზაკებიც ხშირად დაეცემოდნენ, თუმცა გასაქცევი ბევრ მხარეს ჰქონდა და მდევარსაც დაუძვრებოდნენ.
  შერიფ თომიევი, ქურდი, არაერთხელ გარეული თათრებსა და სომხებს შორის თათრის მეიდანზე ატეხილ სროლაში. 1905 წელს კული კალანტაროვის სახლიდან მოპარული ბერდანის სისტემის თოფით მან სროლა დაიწყო შაითან ბაზარში. გენერალი გრიაზნოვი რომ ააფეთქეს, ეს მას მერე იყო, მალევე. თომიევი შიიტების მინარეთზე აძვრა და იქიდან ისროდა. პოლიციის დავთრებში ამ ადგილს ასეც დარქმეოდა: მეიდანზე მინარეთის პოზიცია. იქიდან მსროლელი ბევრს სწვდებოდა. ამ სროლისას მოკლეს მიხაილ აბრამიდი და გეურქ არზუმანოვი. ყოველი ასეთი სროლა შიშსა და ღელვას აჩენდა, რომ არეულობა და ერთმანეთის ჟლეტა ისევ იწყებოდა.
  სანდრო კაციაშვილი – მეტსახელად „ძროხა“, „ვანიჩკა“, ბანდის თავი, რომელსაც 1900 წლებში მდიდარი ტფილისელი ვაჭრების შვილების მოპარვა დაესახა მიზნად. მათ მოიპარეს ვაჭარ ფეფელოვის შვილი პეტრე და ამ გატაცებისას თვითონ ფეფელოვი მოკლეს. ბავშვის დაბრუნებაში გამომძალველებმა ათი ათასი აიღეს და ამ ფულით კაციაშვილმა დუქანი გახსნა ოლგის ქუჩაზე, სადაც მისი დამქაშები იკრიბებოდნენ და ერთად საქმეებს გეგმავდნენ. მათვე მოიპარეს მეორე გილდიის ვაჭარი აივაზოვი. დაკავებისას „ძროხამ“ გამოაჩინა პასპორტი მოდრეკილაშვილის გვარზე, დაკითხვისას კი დუქნის გახსნას ანდერძით მიღებული თანხით ხსნიდა. მისი საქმე გასკდა მის დამქაშ სამხარაძესთან ნაპოვნი წერილიდან, სადაც ნახსენები იყო სამალავი, სადაც ფეფელოვი ჰყავდათ გადამალული და ჩამოთვლილი იყო იქ მისატანი სხვადასხვა იარაღი და საკვები.
გიგო კვერნაძე, მეტსახელად „მაო“. ბიჭობაში, ბოინის გვერდით, შეგირდად იყო საამქროში, საცა ნაწლავებისგან სიმები გამოჰყავდათ. პირველად სწორედ ეს საამქრო გაქურდა და მას მერე დაადგა კანონის დარღვევის გზას. სამოციან წლებში ის რამდენიმე ავაზაკურ ბანდაშია. ტატო წულუკიძე ართურმას თამაშობდა, როცა ის ქურდავდა და ავაზაკობდა. მეტეხის ციხეში იჯდა არაერთხელ. იმის ერთკაციან საკანშიც ყოფილიყო ჩაკეტილი. თუ რისი ეშინოდათ ტფილისელ ქურდებს მეტეხის ციხეში, ეს იყო ერთკაციანი საკანი. იქ ჩამწყვდევა ნიშნავდა, რომ იჯექი გამოკეტილი, მარტო და არ მიგიწვდებოდა ხელი არაფერზე, არც ქაღალდის თამაშზე, არც ღვინის სმაზე, თამბაქოსაც, აბა, რომელი ბადრაგი მოგაწვდიდა. ის ახალი გამოსული იყო ციხიდან, როცა 1875 წლის 1 დეკემბერს წულუკიძეს და იმის დამქაშებს გაჰყვა გარსოევის გასაძარცვად. მაშინ მას ფეთხაინის კიბესთან ჩაუსაფრდნენ და ხანჯლებით აკუწეს. ამის შემდეგ ის ანუსა მეხტი კაზუმ ოღლის გაქურდვაშიც დაასმინეს და სატუსაღოში ჩააგდეს. სასჯელის მისჯას ვერ მოესწრო, მოკვდა საკანში ჭლექით.
  ვანო მაგაკელოვი, ჯიბის ქურდი. ის შეესწრო 1844 წელს ტფილისში მთავარმართებელი ვორონცოვის ჩამოსვლას. ის დადიოდა ამ ხალხმრავლობაში, ტფილისი ქცეულიყო ფეიერვერკად, განათებულიყო მთლიანად. შადრევნებიდან წითელი ღვინო ასხამდა. საზღვარი ქვემო და ზემო ქალაქს შუა მოშლილიყო სრულიად. ქვემო ქალაქი ადიოდა ზევით, ზემო ჩადიოდა ქვევით. სახლების ბანებზე დაეყენებიათ კასრები, შიგ ჩაესხათ ხის ფისი და ცეცხლიც აეგიზგიზებიათ. ქვემო ქალაქს სხვა ცეცხლი ჰქონდა, ზემოს – სხვა. ზემოს ჰქონდა ფეიერვერკი ნასროლი ცაში. ქვემოს – სპარსული ცეცხლი. ფერადება ქალაქს არ აკლდა. ეს იყო ის, რამაც ბოდენშტეტს ათქმევინა, ასეთი კარნავალი რომში თუ მენახაო. სხვებიც ყვებიან, ეს იყო საოცრებაო. ტფილისი ასე ხვდებოდა ახალ მთავარმართებელს. ეს მეტად ფერებით გამოუდიოდა. ღვინის მოსმა იყო გაუთავებელი. ვორონცოვის ჩამოსვლა ტფილისში ასე დაიწყო და ბევრი რამეც მოჰყვა. ასეთ ხმაურსა და ხალხმრავლობაში კი ჯიბის ქურდებიც ხეირობდნენ.
აბა, რა იცოდა ვორონცოვმა, რომ იმის ჩამოსვლამ მაგაკელოვი საოცრად გაამდიდრა, რომ კალეჟსკი ასესორ დე-სენ-ტომას ჯიბეში ჩაყოფისას იმისთვის ამოეცალა საოცარი საფირონი, მტრედის კვერცხის ზომის და იმას გაეოცებია, ვერ დაეჯერებია. მერე მაგ ქვის გამო თავისსავე დამქაშებმა მოკლეს. საფირონი კი სტატსკი სავეტნიკ სმიტენს მიჰყიდეს, ვინც ყველა ისინი დააჭერია და კატორღაში გააშვებია, ისე რომ უკან აღარ დაბრუნებულიყვნენ. საფირონის ამბავი კი დამალა.
პ  იოტრ მალი, პოლტავის გუბერნიის მკვიდრი – ტფილისში შეკრა ბანდა სამ სხვა ავაზაკთან ერთად და თავს ესხმოდნენ სხვადასხვა დუქანს. ისინი გამორჩევით 1905 წლის არეულობების შემდეგ გავიდნენ თავს და ყველაფერთან ერთად, „ტრამვაიში“ მის მფლობელ ლორთქიფანიძეს დაეცნენ, ვინაც წინააღმდეგობა გაუწია და ჯოხი ჩაარტყა თავში ერთ თავდამსხმელს, იმათ კი ხელში რევოლვერით დაჭრეს და გაიქცნენ. „ტრამვაი“ იყო ბაღი, ლუდხანა, გასართობი ადგილი, მუშტაიდის გვერდით, რომელსაც რისთვის არ გაეძლო და უკვე რა ხანია, იდგა და ხანძარიც ენახა, მისი დანგრევაც რომ სდომებოდათ, შიგ რომ ხუთი ათასი ადამიანი შეიყრებოდა და როცა ადგილი არ ყოფნიდათ, გვერდით ფრიდრიხის ლუდხანაში გადაჰყავდათ. წარმოდგენაც იქ არაერთი გამართულა, თუნდაც რიშარის სიარული თოკზე და მალაყები. დედაკაცებიც ბლომად იკრიბებოდნენ და სვამდნენ სიამოვნებით შავ ლუდს და გაერეოდნენ მარაქაში. ლუდსახარშებიც იქვე იყო, დიტრიხის, მადერის, გუტბროტის. ყველაფერთან ერთად „ტრამვაიში“ ლორთქიფანიძე ბლომად გაზეთებსაც მოზიდავდა, რაც რამ იშოვებოდა და იმათ ფურცვლაშიც ატარებდა იქ ჩამომჯდარი დილასა თუ საღამოს. მალი ორ დღეში დააკავეს ნახალოვკაში.
აბო იაშაღაშვილი
(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)
скачать dle 11.3