კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რა საიდუმლო შეხვედრა შედგა კრემლში ბორის პაიჭაძესა და ბერიას შორის

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  „ბიძაჩემი ბორის პაიჭაძე ძალზე თავმდაბალი და უბრალო ადამიანი იყო. მისი თავდამბლობა იმაშიც გამოიხატებოდა, რომ ბურთის გატანის შემდეგ თავს დახრიდა და ისე გარბოდა „თავისი მოედნისკენ“. ძალიან მომთხოვნი იყო საკუთარი თავისადმი, შვილებსა და ჩვენც სპარტანულად გვზრდიდა. ალბათ, ეს თვისება ბაბუასგან, სოლომონ პაიჭაძისგან, გამოჰყვა, რადგან მასთან შვილები სულ მოწიწებით საუბრობდნენ. მამაც, ავთანდილ პაიჭაძე, ასევე ძალიან მკაცრი და მომთხოვნი იყო. სულ გვეუბნებოდნენ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ჩვენი შრომითა და ოფლით უნდა მოგვეპოვებინა. ბიძასა და მამას არ უყვარდათ, რომ შვილების გულისთვის ვინმეს შეწუხება უხდებოდათ, რასაც ვერ ვიტყოდით მათი თანამშრომლების და უბრალო ხალხის მიმართ დახმარების გაწევაზე. ყოფილა შემთხვევები, ბიძაჩემს სრულიად უცხო ადამიანის შვილებისთვის ინსტიტუტში სწავლის ან სამასახურის დაწყების პრობლემები მოუგვარებია. ბორისს ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ლავრენტი ბერიასთან. ის იყო „დინამოს“ კურატორი, რადგან დინამო იმ პერიოდისთვის შინაგან საქმეთა კომიტეტის სპორტსაზოგადოების გუნდი გახლდათ. მათი მეგობრობა და ურთიერთობა ბერიას მოსკოვში გადაყვანის შემდეგაც გაგრძელდა. ერთხელ, ომის პერიოდში, „დინამო“ მოსკოვში ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად მიიწვიეს. ისე მოხდა, რომ იმ პერიოდისთვის ძალიან აცივდა, ხოლო ფეხბურთელები არ იყვნენ მზად სიცივისთვის და არც თბილი ტანსაცმელი ჰქონდათ თან. ჩაფრენიდან მეორე დღეს ბორია ბერიასთან შესახვედრად გამოიძახეს. როცა ბერიამ დეტალურად გამოჰკითხა გუნდის მზადების შესახებ და როდესაც საფეხბურთო მიმოხილვას მორჩნენ, მოულოდნელად უკითხავს, გუნდს რამე ხომ არ უჭირს ან ხომ არ საჭიროებს ჩემს დახმარებასო, მაშინ ბორიას აუხსნია შექმნილი სიტუაცია ყინვასთან დაკავშირებით, მას ერთი სიტყვით უპასუხია – გასაგებიაო და ერთმანეთს დამშვიდობებიან. მეორე დილით სასტუმროს, სადაც „დინამოს“ გუნდი ცხოვრობდა, სამხედრო ავტობუსი მოადგა. ბერიას ბრძანებით, ყველა ჩასვეს ავტობუსში და სახელმწიფო მარაგის საწყობში, ეგრეთ წოდებულ, „ენზეში“ წაიყვანეს. იმავე დღეს, საღამოს ფეხბურთელები და გუნდის ხელმძღვანელობა ახალთახალ „დუბლიონკებსა“ და თბილ „ბატინკებში“ გამოწყობილები დასეირნობდნენ მოსკოვის ქუჩებში.
  კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ. 37 წლის რეპრესიები ჩვენს ოჯახსაც შეეხო. ბაბუაჩემი, სოლომონ პაიჭაძე, 1937 წელს დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. ბებიაჩემი და მამიდაჩემები სულ ეუბნებოდნენ ბორიას, რომ ბერიასთან შეხვედრის დროს რამენაირად ეთქვა მისთვის მამის შესახებ. ბორია სულ წუხდა ამის თაობაზე, რადგან ვერ უბედავდა თხოვნას. 1943 წელი იყო და ომი მძვინვარებდა. ბოლოს და ბოლოს მამიდაჩემებმა დაიყოლიეს ბორია და მოსკოვში ერთ-ერთი მორიგი ვიზიტისისას ბორია კვლავ შეხვდა ბერიას. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბორიამ დაიწყო ცქმუტვა და ხელების ფშვნეტა. ბერიას არ გამოჰპარვია მისი ასეთი საქციელი და პაირდაპირ უკითხავს: რაღაცის თქმა გინდა და ვერ მიბედავ თუ რა ხდებაო. ბორიას ძლივს ამოულუღლუღია: მამაო…. ბერიას უკითხავს – რა მამაო, ხომ მშვიდობით ხართო? ძლივს უთქვამს
დაჭერილიაო და დიდი ხანია, წერილი არ მიგვიღიაო. ბერიას იმ წამსვე გამოუძახია ადიუტანტი და დავალება მიუცია: სასწრაფოდ მომიძებნეთ სოლომონ პაიჭაძეო, ბორიასთვის კი უთქვამს: შენ აქ დამელოდეო. გარკვეული ხნის შემდეგ ადიუტანტი შემოსულა და ბერიასთვის მოუხსენებია, რომ 1941 წელს, ომის დაწყების შემდეგ, სულ მალე ტუბეკულოზით გარდაცვლილა. ბორია იხსენებდა, ბერია, უცბად სახე შეეცვალა, მუშტი მაგიდაზე დაარტყა და მიყვირა: „მალჩიშკა ტი!“, ადგა, დასასვენებელ ოთახში გავიდა და აღარ გამოსულა. მივხვდი, რომ ძალიან ეწყინა. მერე მოგვიანებით მითხრა, რატომ ადრე არ მითხარიო (ბორის პაიჭაძის ძმისშვილი, ბატონი გიორგი პაიჭაძე).
***
  სოლომონ პაიჭაძეს 6 შვილი ჰყავდა – 4 ქალიშვილი და 2 ვაჟი. ბორისი 5 წლის იყო, მისი ოჯახი ფოთში რომ დასახლდა. სოლომონი პორტში მტვირთავთა ბრიგადირად მუშაობდა. ფოთში ინგლისელთა გემები შემოდიოდნენ, ფოთიდან მარგანეცი მიჰქონდათ, ჩვენ კი ფეხბურთი დაგვიტოვეს... ბორისი კარგადაც სწავლობდა და მამასთან მტვირთავადაც მუშაობდა. სწორედ ინგლისელების შესრულებით ნახა პირველად ფეხბურთი და ძალიან გაიტაცა. 8 კლასი ისწავლა და შემდეგ ფოთის საზღვაო ტექნიკუმში ჩააბარა. სწავლის დასრულების მერე კი გემ „ტენდრაზე“ მექანიკოსად მოეწყო. სწორედ ფოთის საზღვაო ტექნიკუმის გუნდში თამაშით გაიცნეს 16 წლის ბიჭი და მალე ქალაქის ნაკრებში მიიწვიეს. პარალელურად, ფოთის ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა და თავიდანვე სახელი გაითქვა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე პერსპექტიულმა ფეხბურთელმა... მამას შვილის გატაცება არ მოსწონდა, რადგან ფეხბურთს სერიოზულ საქმედ არ მიიჩნევდა, მაგრამ ერთხელ ფოთს ხარკოვის გუნდი ესტუმრა, რომელსაც ფოთელებმა 2:1, სწორედ, პაიჭაძის გადამწყვეტი გოლით მოუგეს, ხალხმა კი მატჩის გმირი სტადიონიდან ხელში ატაცებული გაიყვანა. თამაშის შემდეგ შვილის თამაშით აღფრთოვანებულმა სოლომონ პაიჭაძემ ფეხბურთისადმი დამოკიდებულება აბსოლუტურად შეცვალა... სწორედ მაშინ მოხდა ეს ამბავი: 1934 წელს ბორის პაიჭაძე, როგორც შრომის მოწინავე, ინგლისში სამოგზაუროდ გაუშვეს, მაგრამ გემზე ჩასხდომამდე ტელეგრამა მიიღო: „მამა სიკვდილის პირასაა, ჩამოდი“. სახლში დაბრუნებულმა მამა საღსალამათი ნახა. დეპეშა კი, თურმე, თანაგუნდელმა კალისტრატე იმნაძემ გაუგზავნა, რადგან ფოთის გუნდს ბათუმში საქართველოს ჩემპიონატის მნიშვნელოვანი შეხვედრა ელოდა, ბორიას გარეშე მოგება კი წარმოუდგენელი იყო. ის მატჩი ფოთელებმა 2:1 მოიგეს, პაიჭაძემ კი დუბლი შეასრულა. ამის შემდეგ ფოთელები უკრაინულ ტურნეში გაემგზავრნენ, სადაც 29 მატჩიდან მხოლოდ ერთი ფრე ითამაშეს, დანარჩენი 28 კი მოიგეს. სწორედ მაშინ საინტერესო ამბავი მოხდა: ფოთის ნაკრებმა, უკრაინის ნაკრების
წინააღმდეგ... თურქეთის ნაკრების სახელით ითამაშა და 2:3 წააგო. საქმე ის იყო, რომ თურქები ოდესაში ვერ ჩავიდნენ, ხალხი კი მატჩზე მისასვლელად ემზადებოდა და ქართველებს მათ ნაცვლად თამაში სთხოვეს. ფოთელებმა უკრაინელ ორგანიზატორებს გაუგეს და თურქების სახელით ითამაშეს. თუმცა, ოდესელებმა წინა დღეებში ნანახი ქართველები მაინც იცნეს და ამ ფანდმა არ გაჭრა.
ბერიას საყვარელი
ფეხბურთელი
  1935 წლის ზაფხულის მიწურულს ბორის პაიჭაძე დედაქალაქში სწავლის გასაგრძელებლად სხვა ფოთელ ფეხბურთელებთან (ვალოდია ბერძენიშვილი, გრიშა გაგუა, გვაჩი ჯორბენაძე) ერთად ჩამოვიდა და ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის კარი შეაღო. ინსტიტუტის რექტორი იუზა ვაშაყმაძე ფეხბურთის გულშემატკივარი იყო და ფოთელი ვარსკვლავები სასწავლებელში უგამოცდოდ ჩარიცხა. ეს მაშინდელი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი იყო – 1925 წელს დაარსებული „დინამო“ თვით დედაქალაქშიც კი არ იყო საუკეთესო გუნდი. ქალაქის ჩემპიონობას ერთმანეთს, უმთავრესად, Çèè (Çჭêჭâêჭçñêèé èíჰóñòðèჭëüíûé èíñòèòóò), რჟოÎ (რხèëèññêèé ñîþç ïîòðåხèòåëüñêèõ îხøåñòâ) და „ლოკომოტივი“ ეცილებოდნენ. ყველაზე პოპულარული მაინც Çèè ყოფილა. ფოთელების დამატებით ამ გუნდმა ქალაქის ჩემპიონის ტიტული უპრობლემოდ მოიპოვა, მალე კი საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასწავლებლების ჩემპიონიც გახდა. მაშინ „დინამოს“ პატრონი და ტიტულები აკლდა, მაგრამ 1936 წლის თებერვალში საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატის გამართვა გადაწყდა. „ბ“ ჯგუფში ქართულ ფეხბურთს „დინამო“ წარადგენდა. რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ იქ საუკეთესო მოთამაშეებს მოუყარა თავი, მათ შორის, Çèè-ის ფოთელ ვარსკვლავებსაც. რეალურად, ეს გადაწყვეტილება ამიერკავკასიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ლავრენტი ბერიამ მიიღო და საამისოდ, პაიჭაძეს პირადადაც შეხვდა.
1940-51 წლებში პაიჭაძე გუნდის კაპიტანი იყო (Sportall.Ge). ის იყო გრიგორი ფედოტოვის სახელობის „ასიანთა“ კლუბის წევრი, სადაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში 100-ზე მეტი გოლის გამტანები ერთიანდებოდნენ. საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში სულ 101 ჰეთ-თრიკი დაფიქსირდა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველებს ეკუთვნით. პაიჭაძემ კარიერაში 8 ჰეთ-თრიკი შეასრულა. ბევრისთვის უცნობია, რომ პაიჭაძის ინიციატივა იყო საქართველოში „ტყავის ბურთის“ გათამაშების წამოწყება, რომელიც შემდეგ მთელ საბჭოეთში აიტაცეს და ტრადიციულ ტურნირად და ტალანტების სამჭედლოდ აქციეს.
იმპერიაში მეორე ადგილიც წარმატებაა
  1953 წელს, „დინამოდან“ მიხეილ იაკუშინის წასვლის შემდეგ, სეზონის მსვლელობისას გუნდი სწორედ პაიჭაძეს ჩააბარეს. მას საქართველოში უზომო ავტორიტეტი ჰქონდა, თუმცა სამწვრთნელო საქმეში გამოუცდელი იყო და საქმისთვის ხელის მოკიდება არ სურდა. ბოლოს თხოვნას დათანხმდა და მისი ხელმძღვანელობით, „დინამომ“ „ოქროს მატჩში“ მონაწილეობა პირველად მაშინ შეეძლო. 1953 წლის 4 სექტემბერს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მატჩი შედგა, რომელსაც ერთ-ერთმა რუსმა ჟურნალისტმა წერილი უძღვნა სათაურით – „მკვლელობა“ პეტროვსკის პარკში“. ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში „დინამომ“ მოსკოვში „ტორპედოს“ 2:1 მოუგო. თბილისელებმა გასახდელში გამარჯვება იზეიმეს და მხოლოდ მეორე დღეს გაიგეს, რომ... მატჩი უნდა გადათამაშებულიყო, რადგან „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი მოროზოვმა მსაჯების „შეცდომების“ გამო ფეხბურთის ფედერაციაში საჩივარი შეიტანა, რომელიც დაუკმაყოფილეს. არადა, დასასჯელი „ტორპედო“ იყო, რადგან მსაჯის საფინალო სასტვენისთანავე მინდორზე ასეულობით მოსკოველი გადახტა... ცხადია, დინამოელებს გადათამაშებაში მონაწილეობა არ სურდათ, რადგან იცოდნენ, მაინც არ მოაგებინებდნენ. მოედანზე გასვლას მხოლოდ პაიჭაძის დიდი პატივისცემით დათანხმდნენ. პაიჭაძე იხსენებდა: „მოსკოველებს მსაჯისადმი პრეტენზიაზე არაფერი უთქვამთ და პროტესტი არც მატჩის ოქმში შეუტანიათ. ერთმანეთს ხელი გავუწოდეთ და ასე დავშორდით. დასაძინებლად ვემზადებოდი, როცა ტელეფონთან მიხმეს. საკავშირო ფიზკულტურის კომიტეტიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, მოსკოვიდან არ გავმგზავრებულიყავით – „ტორპედომ“ მატჩი გააპროტესტაო. გავოცდი. მეგონა, ვიღაც ხუმრობდა. თუმცა... ნომრებში შევდიოდი, ბიჭებს ვესაუბრებოდი, ვარწმუნებდი, მაგრამ ვერაფერი მოვახერხე – ისინი განადგურებული იყვნენ“. მომხდარმა დინამოელები ისე დათრგუნა, საბრძოლველად ვერ განეწყვნენ, ამას მიკერძოებული მსაჯობაც დაემატა და მატჩი წააგეს, „ოქროს მატჩში“ მონაწილეობისთვის აუცილებელი ქულათა მარაგიც ვერ დააგროვეს, ხოლო ჩემპიონობა მოსკოვის „სპარტაკმა“ მოიპოვა. აღშფოთებული პაიჭაძე კრემლში ბერიას კიდევ ერთხელ შეხვდა და დახმარება სთხოვა. მერე ეს ამბავი ქართული ფეხბურთის ფოტომემატიანემ, აწ გარდაცვლილმა კონსტანტინე შანიძემ გაიხსენა: „თბილისში ჩამოსული ბორის პაიჭაძე ვნახე. ძალიან დათრგუნული იყო. ყვებოდა, როგორ შევიდა ბერიასთან და თავისი სატკივარი უთხრა, – ლავრენტი პავლოვიჩ, დაგვჩაგრეს და ჩემპიონობა წაგვართვესო. ბერია კი შემოტრიალებია და მკაცრად უთქვამს: რუსეთის იმპერიაში ქართველისთვის მეორე ადგილიც დიდი მიღწევააო”.

скачать dle 11.3