კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№20 როგორ იწვევს შეუქცევად ფსიქიკურ პრობლემებს საინფორმაციო ტერორი და რატომ იზრდება ოჯახის წევრებს შორის გამოუსწორებელი კონფლიქტების რისკი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  პანდემიის გამო არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდნენ სახლში გამოკეტილები და, თუ გავითვალისწინებთ, რომ შეზღუდვები ეტაპობრივად უნდა მოიხსნას, მაისის ბოლომდე მოუწევთ ჩვენს თანამემამულეებს სახლებში დარჩენა. ადამიანი კი სოციალური არსებაა და მას სხვა ადამიანებთან ცოცხალი ურთიერთობის გარეშე არსებობა უჭირს, ისევე, როგორც ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლასაც მტკივნეულად განიცდის. შესაბამისად, სიტუაცია სტრესულია, იმის პარალელურად, რომ პანდემიაც, თავისთავად, ცალკე სტრესის გამომწვევია, რასაც ემატება იქით – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შემაშინებელი განცხადებები, კორონავირუსი ბოლოს მოგვიღებსო (პირი მათკენ მიქნია!), აქეთ – მსოფლიო და მშობლიური მედიის – სად, რამდენი და როგორ დაიღუპ-იღუპება კოვიდ-19-ისგან.
  ფსიქოლოგ დიმიტრი ნადირაშვილთან ვისაუბრებთ თემაზე, თუ როგორ უნდა დაიყვანოთ მინიმუმამდე სტრესის გავლენა, რომ არც იმუნიტეტს, ანუ საკუთარ ფიზიოლოგიას ავნოთ და არც – ფსიქიკას, ანუ არ შეიშალოთ, რომ აბსოლუტურად ჯანსაღები და ენერგიულები შეხვდეთ შეზღუდვების მოხსნას.
– რატომ გამოიწვია სტრესი სახლში დარჩენამ?
– ამით გამოწვეული ფსიქოლოგიური სტრესი ძალიან დიდია, რაც სათანადოდ ვერ იზომება. ჩვენ, მაინცდამაინც, კანონმორჩილები არ ვართ და სადაც არიან, იქ უფრო მძაფრად განიცდება იზოლაცია. ის პირობები, რომელშიც ვცხოვრობთ, ფაქტობრივად, თავისუფლების შეზღუდვაა. კარანტინის გამო ციხის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, ამიტომ ნეგატიურობა, წინააღმდეგობა მძაფრად მოდის თითოეული ადამიანისგან, ცნობიერად თუ არაცნობიერად და ამის გამო ძალიან იზრდება კონფლიქტები, ინტერპერსონალური თუ ინსტიტუციური, რადგან ადამიანს, როგორც თავისუფალ არსებას, შინაგანი პროტესტის გრძნობა უჩნდება ამისადმი და ეს ბუნებრივი რეაქციაა. ისევე, როგორც გარეული ცხოველი ილტვის ბუნებისკენ, ასევე, ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, არ იყოს შეზღუდული.
– დასავლეთის ქვეყნებში ციხიდან გაქცევის მცდელობისთვის პატიმარს სასჯელს არ უმატებენ, რადგან კანონითაა აღიარებული, რომ თავისუფლებისკენ სწრაფვა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, რის გამოც მისი დასჯა დაუშვებელია.
– დიახ, თუმცა, მეორე მხრივ, როდესაც ადამიანი ამას ნებაყოფლობით თანხმდება და გაცნობიერებულად არის იზოლაციაში, მაშინ ისე მძაფრი არ არის ეს კონფლიქტები. ასე რომ, ძალიან რთულ გარემოში ვართ და განსაკუთრებით, იმ თვალსაზრისით, რომ უამრავი მოთხოვნილება, რასაც მიჩვეული იყო ადამიანი, კმაყოფილდებოდა ჩვენ გარეთ სივრცეში, ნაწილი კი – ოჯახურ გარემოში, სახლის კარს აქეთ. მნიშვნელოვანია, რომ ის, რაც კმაყოფილდებოდა სახლის კარს მიღმა, სპორტი, სოციალური ურთიერთობები, გართობა, სიამოვნების მიღება, კულტურული ცხოვრება, სტუმრიანობა, არ იყოს ფრუსტრირებული, ანუ არ გამოიწვიოს იმედგაცრუება, შემოქმედებითად გარდაიქმნას და შემოვიდეს სახლში. ეს ძალიან რთულია, რადგან ადამიანი ამას მექანიკურად ვერ შემოიტანს, სჭირდება შემოქმედებითი შემოტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმედგაცრუებები იწვევს დეპრესიას, თუ საკუთარი თავისადმია მიმართული და აგრესიას, თუ სხვებისადმია მიმართული, ანუ გაუცნობიერებელ კონფლიქტებს საკუთარ თავთან და გარემოსთან. ეს საკმაოდ მძიმე რამაა ადამიანისთვის და ასეთ დროს, შეიძლება, დაკარგოს მეორე ნახევარი, ოჯახის წევრი. უფრო რთული შემთხვევებიცაა: სუიციდის მცდელობები, ერთმანეთთან კონფლიქტები, მკვლელობები. ეს ყველაფერი არის დაუკმაყოფილებლობის, იმედგაცრუების შედეგი. ამიტომ დიდხანს ასეთი ცხოვრება ძალიან რთულია ადამიანისთვის.
– ჩაკეტილ სივრცეში ადამიანები კასრში მოთავსებულ ვირთხებს ემსგავსებიან, რომელთა შორის მთავარი ვირთხიჭამია უნდა გამოიზარდოს?
– დიახ, მით უმეტეს, თუ ეს ნებაყოფლობითი არაა და პროტესტის გრძნობა აქვს საზოგადოების ნაწილს. თუ მიუღებლობა, უნდობლობა, ეჭვი აქვს ადამიანს, ეს კიდევ უფრო მძაფრდება, თუმცა გამძაფრებულია მაშინაც, როდესაც ნებაყოფლობითია. იმიტომ რომ, ნებისმიერ შემთხვევაში იზღუდება მოთხოვნილებები, ლტოლვები და ამასთან ბრძოლა, თუნდაც, ნებისყოფით ძალიან რთულია და ბერებსა და ასკეტებსაც კი არ შეუძლიათ. უამრავი მაგალითია, როდესაც ისინიც კი ვერ უძლებენ და უკან ბრუნდებიან.
– მე არ მიჭირს, სიმართლე გითხრათ. როდესაც გავიგე, რომ თბილისი ჩაიკეტებოდა, წინა დღეს გავედი ქალაქიდან, ახლახან დავბრუნდი, როდესაც გაიხსნა შემოსვლა, თუმცა მანამდეც თბილისში ვიყავი და ახლაც აქ ვარ. ვფიქრობ, მეტი თავისუფალი დროა, შემეცნებითს უყურო რამეს, ისწავლო ის, რისთვისაც დრო არ გრჩებოდა. ამის გაკეთება ხომ ნებისმიერს შეუძლია? მიიღე მოცემულობა, რომ ვერ გახვალ გარეთ და მაქსიმუმი სარგებელი მიიღე ამით. ეს რთული რატომაა?
– ეს ყველას არ შეუძლია, ნევროტულ, საკუთარ თავთან გაუცხოებულ ადამიანს ეს არაფრით შეუძლია. ანუ პროცენტულად ადამიანთა დიდი რაოდენობაა, რომლებსაც არ შეუძლიათ ისეთი შემოქმედებითი მიდგომა საკუთარი ცხოვრებისადმი, როგორც თქვენ მოიქეცით: შეცვალეთ გარემო, დაისახეთ მიზანი, მიზნებში შედიოდა თვითგანათლება, პიროვნული ზრდა, რაღაც გამოდის, რაღაც, ალბათ, არ გამოდის, მაგრამ ასეთი ცხოვრება ყველას არ შეუძლია. ადამიანების უმეტესობა ცხოვრობს ინერციით, ქაოტურად. უმრავლესობა ცხოვრობს ცდისა და შეცდომის პრინციპით. უმრავლესობა ცხოვრობს სხვების ინიციატივას აყოლილი, ამიტომ ასეთი გააზრებული და, მით უმეტეს, შემოქმედებითი ცხოვრება ცოტას აქვს. რა თქმა უნდა, როცა ასე უდგება ადამიანი თავის ცხოვრებას, ბევრი რამ აღარ არის ისე საშიში, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ასკეტი ბერი მიმართავს თვითფრუსტრაციას, თავად უქმნის თავს საკარანტინე პირობებს და იყენებს ამ თვითფრუსტრაციას თვითგანვითარებისა და ზრდისთვის, რომ მისი ქცევა არ იყოს იმპულსური, იყოს მიზნობრივი და იმ მაღალი ღირებულებებისკენ მიმართული, რომლებიც შეაქვს თავის ასკეტურ გარემოში. როდესაც ასე ხდება, შეიძლება, ასეთი ასკეტური გარემოს შექმნა და თვითფრუსტრაცია პიროვნული ზრდის პირობა იყოს, მაგრამ ერთეულებს შეუძლიათ, რომ ნებაყოფლობით, გაცნობიერებულად გააკონტროლონ თავიანთი არაცნობიერი იმპულსები. ეს რთულია და, ამდენად, ადამიანების უმრავლესობა იტანჯება ასეთ სიტუაციაში და ვერ ახერხებს მობილიზაციასა და წინსვლას.
– ანუ ადამიანების ეს ნევროტული რეაქციები ბუნებრივია?
– დიახ, იმიტომ რომ ისინი თავიანთი ნებით არ მომხვდარან იზოლაციაში. ჩემი მთავარი მესიჯი ფსიქოთერაპიაში ასეთია: მკვეთრად შეცვლილ გარემოში მიზნად უნდა დაისახონ, რომ შეიცვალონ. ანუ უსიამოვნო, დისკომფორტულ გარემოში გააცნობიერონ, რაც ხდება და შეიცვალონ თავად, სხვას კი არ მოსთხოვონ შეცვლა, რადგან გარემო იცვლება უკითხავად, ადამიანს კი პასუხისმგებლობა შეუძლია, აიღოს მხოლოდ საკუთარ თავზე და საკუთარ ცვლილებაზე. ცხოვრება ასეთია: მუდმივად იცვლება გარემო და ვიცვლებით ჩვენც, იცვლება ჩვენი ფიზიკური, ბიოლოგიური სხეული, ჩვენი ფსიქიკური მე, ჩვენი პიროვნება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამის გააზრება. ანუ, რა ცვლილებებიც ხდება ჩვენ შიგნით და გარეთ გავაცნობიეროთ, გავიაზროთ, რომ ეს ცვლილებები მოხდა და ისიც, თუ როგორ ვპასუხობთ ჩვენ ამ ცვლილებებს. თუ ადამიანი ამჩნევს ასეთ ცვლილებებს და თავად იაზრებს, როგორი უნდა იყოს ამ ახალ რეალობაში, ეს დიდი რამაა. ფაქტობრივად, შემოქმედებაა. ასე რომ, ჩვენ ასეთი ახალი მიგნებები გვჭირდება, თუ გვინდა, რომ საკუთარ თავად დავრჩეთ ამ ცვალებად გარემოში.
– მე არც ვუყურებ, არც ვკითხულობ, არ ვუსმენ უარყოფითსა და დამზაფრავ ინფორმაციებს ზოგადადაც და, მით უფრო, ახლა, მაგრამ საზოგადოებამ ნახა შემაშინებელი ვიდეორგოლები რეანიმაციიდან, თუ რა მოსდით კოვიდიანებს, არადა რეანიმაციაში პაციენტები სწორედ იმიტომ ხვდებიან, რომ ვერ სუნთქავენ და რეანიმატოლოგებისთვის ეს სიახლე არ არის, მოვისმინეთ შეგონება კუბოებზე, თუმცა შემდეგ ბ-ნმა იმნაძემ მოიბოდიშა, სხვა გზა არ მქონდაო. ისედაც დასტრესილი ადამიანების კიდევ უფრო შეშინება ეფექტიანი გზაა?
– როგორც ჩანს, ექიმებმა ქართული ხასიათიდან გამომდინარე, შეიმუშავეს გარკვეული სტრატეგია, თუ როგორ შეიძლებოდა, ეფექტიანად მოქცეოდნენ პაციენტს. ეს არის მათი უფლება და ჩვენი მთავარი მოქმედი პირები და ჩვენი დროის გმირები გახდნენ ეპიდემიოლოგები, ვირუსოლოგები. ეს მეცნიერება მოექცა სამყაროს ეპიცენტრში. ჩვენი საზოგადოებისთვისაც ვირუსოლოგები გახდნენ ყველაზე მნიშვნელოვანი პირები და, როგორც ჩანს, ასე დაინახეს ქართველ პაციენტებთან ურთიერთობის სტრატეგია. მაგალითად, როდესაც ეკოლოგია ზარალდება და ეს თვალისთვის შეუმჩნეველია და მდინარე ნელ-ნელა იქცევა ჭაობად, მიწა კი ხრიოკდება, ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებს ნათლად აჩვენო, რა შეიძლება, მოხდეს და ამ დროს აჩვენებენ რაღაცას აჩქარებულად. რომ ადამიანებმა აღიქვან საშიშროება, რომლის აღქმა ახლა რთულია, რადგან არ ჩანს მკაფიოდ. ოღონდ გადამლაშებაც არ ვარგა, რომ ადამიანი პანიკაში არ ჩავარდეს, მაგრამ ამ მეთოდს ხშირად იყენებენ ექიმები და ეს მეთოდი გამოიყენეს ახლაც: აჩვენეს რეალობა, რაც არ ჩანს შეუიარაღებელი თვალით.
– და ამ გამოკეტილ, დასტრესილ ადამიანს უფრო შეეშინდა და მოიკლა თავი ან აურია მისმა გონებამ.
– ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში დიდხანს ყოფნა შეუძლებელია.
– გათვლილია ფსიქოლოგიაში, რამდენია ეს დიდი ხანი?
– სხვადასხვა მოვლენას სხვადასხვა დრო მიესადაგება, მაგრამ ამ შემთხვევაში დიდი ხანი იქნება დროის ის პერიოდი, როდესაც შეუძლებელი იქნება სასიცოცხლო მოთხვნილებების დაკმაყოფილება. ჩემი აზრით, ასეთი რამ უკვე დადგა დღის წესრიგში ევროპაში. იქ სიტუაცია ჩვენზე გაცილებით მძიმეა და ამიტომ იქაურმა ხელისუფლებებმა გახსნეს სხვადასხვა სოციალური დაწესებულებები, რადგან ხედავენ, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია. შეზღუდვას აქვს თავისი ზომა და წონა და ჩვენთანაც დადგება დღის წესრიგში, თუ როგორ შესუსტდეს ეს ზეწოლა, რომ არ დავიღუპოთ ეკონომიკის, ფსიქოლოგიური სტრესის, კონფლიქტების, საზოგადოებრივი ცხოვრების მოშლის გამო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 21-ის მერე ნელ-ნელა ყველაფერი გაიხსნას, რადგან, თუ ადაპტაცია ვერ მოხდა, შედეგები იქნება გაცილებით მძიმე.
– ვიდრე ის კადრები, რომლებიც აჩვენეს დაჩქარების მიზნით.
– დიახ, არც მე ვუყურებ მსგავს კადრებს, რომ მანიპულაციისა და სტრესის მსხვერპლი არ ვიყო და, ასევე, ვურჩევ, მკითხველს, ნუ იქნებიან პასიური მაყურებლები. იყვნენ აქტიური მაყურებლები, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად ჰქონდეთ რაღაცის გარკვევის მიზანი და ამის გამო უყურებდნენ ეკრანს და არა იმიტომ, რომ ეკრანიდან მუდმივად რაღაცას ეუბნებიან, რასაც პირდაღებული უსმენს. ასეთი ზემოქმედება დამანგრეველია და ჯგუფურ თერაპიაში ვნახე, თუ როგორი გამძაფრებული შიში ჰქონდათ ფსიქოთერაპევტებსაც კი, რადგან გადაჭარბებით უყურებდნენ ტელევიზიას, ადევნებდნენ თვალს სოციალურ მედიას. იმდენად დამანგრეველი იყო შედეგი, რომ ამ ადამიანებს უჭირდათ დღის განმავლობაში რაღაც კონსტრუქციულის გაკეთება.

скачать dle 11.3