კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 რა პრობლემები შეექმნა სიძეს კარანტინში ხელის თხოვნისას და როგორი სიყვარულის ისტორია აქვს წყვილს

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ცოტა ხნის წინ თბილისის ქუჩებში ველოსიპედით მოსეირნე ნეფე-დედოფალი შენიშნეს. ამ დაძაბულ სიტუაციაში, საზოგადოებისთვის ეს იმხელა პოზიტივი აღმოჩნდა, რომ წყვილის ვიდეო ძალიან სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელში. ნიკოლოზ ჟღენტმა და ქეთევან კვირკველიამ პანდემიას არ მისცეს საშუალება, მათი გეგმები ჩაეშალა და ჯვარი დაიწერეს.
  ნიკოლოზი: 23 თებერვალს, ქეთის დაბადების დღეზე ხელი ვთხოვე და მაშინ დავგეგმეთ ყველაფერი. დიდი მარხვა რომ მორჩებოდა, აღდგომის შემდეგ პირველივე კვირას, ანუ კვირაცხოვლობას, დავიწერდით ჯვარს. შევუთანხმდით მამაოს და მეჯვარეებსაც. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, საგანგებო მდგომარეობა და გამკაცრებული რეჟიმი დაემთხვა, რასაც ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვაც დაერთო და ამიტომ გადავწყვიტეთ, ტაძრამდე ველოსიპედებით მივსულიყავით. დიდ დიღომში ვცხოვრობ, ქეთი დიღმის – მასივში და ეს შეზღუდვა რომ დაწესდა, საღამოობით ველოსიპედებით ერთად ვსეირნობდით ხოლმე. მერე ვთქვით, რომ არ გადაგვეწია ჯვრისწერა და ვირუსისთვის არ მიგვეცა საშუალება, ჩვენი გეგმები ჩაეშალა. ჩვენთვის მთავარი იყო, ჯვარი დაგვეწერა, რადგან ქორწილსა და დიდ სუფრებზე მეტად ჯვრისწერას ვანიჭებთ უპირატესობას. ჯვარი რომ დავიწერეთ, მეჯვარეებთან ერთად სახლში დავბრუნდით. სუფრაზე რომ ვისხედით, ერთ-ერთმა მეჯვარემ სოციალურ ქსელში ჩვენი ვიდეო აღმოაჩინა. სრულიად უცხო ადამიანს გადაუღია და საკუთარ გვერდზე აუტვირთავს. ამას მოჰყვა კომენტარები და შემდეგ – ვიდეოს გავრცელება.
– საკმაოდ სახალისო სამზადისიც გექნებოდათ.
ქეთევანი: თავიდან ვფიქრობდით, ფეხით წავსულიყავით ჯვრისწერაზე. დიღმის მასივში, ჩვენს სახლთან ახლოს არის „სამი მღვდელმთავრის სახელობის ეკლესია“, სადაც ჯვარი დავიწერეთ. არ ვაპირებდი საპატარძლოდ გამოწყობას, მაგრამ მერე ველოსიპედის იდეა რომ დაგვებადა, წარმოვიდგინე, როგორ იფრიალებდა ფატა. ამ კარანტინის დროს ვიშოვე ფატა – მეზობელმა მათხოვა. ჩემმა მეჯვარემ საკუთარი ხელით გამიკეთა გვირგვინი და დავიწყე ფიქრი, რა ჩამეცვა. კაბა უნდა ყოფილიყო ისეთი, რომელსაც ეკლესიაშიც ჩავიცვამდი და ველოსიპედზეც არ შემიშლიდა ხელს. ცოტა რთული იყო ასეთი კაბის არჩევა, მაგრამ წინა წელს ნაყიდი ჭრელი კაბა გამახსენდა, რომელიც გადანახული მქონდა. მაკიაჟი ჩემმა რძალმა გამიკეთა და ასე გამოვეწყვე სადედოფლოდ. ნიკა შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი, ველოსიპედზე ამხედრებული მოვიდა (იცინის). მოსამზადებელმა პერიოდმაც და ყველაფერმა სახლისოდ ჩაიარა, მართლა ვისიამოვნეთ და ვიმხიარულეთ. ეს მდგომარეობა რომ არ ყოფილიყო, ისედაც დაგვამახსოვრდებოდა ჩვენი ჯვრისწერა, მაგრამ ახლა ხომ – საერთოდ.
– შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ქორწილის გადახდას გეგმავთ?
– გვაქვს გეგმები. როცა ყველაფერი ჩაივლის და დიდი სუფრები დაშვებული იქნება, ქორწილსაც გადავიხდით. მერე უკვე ვაპირებ, თეთრი კაბა ჩავიცვა.
ნიკოლოზი: თაიგულსაც ისვრის (იცინის).
ქეთევანი: ჰო, ოღონდ, ვინმემ რომ დაიჭიროს. ამჯერად ვერ ვისროლე თაიგული, რადგან დამჭერი არავინ იყო (იცინის).
– როგორ დაიწყო თქვენი ისტორია?
– ჩვენი სიყვარულის ისტორია სამი წლიდან, ბაღიდან იწყება. ორივე ერთ უბანში ვცხოვრობდით. ჩვენი კორპუსების შუაში იყო ბაღი, სადაც მშობლებმა, საბედნიეროდ, ორივე შეგვიყვანეს. ამ ბაღში გავიცანით ერთმანეთი. შეიძლება, ითქვას, ორივეს გვქონდა რაღაც სამსახიობო ნიჭი და სპექტაკლებში ხშირად ვიყავით მთავარ როლში, ოღონდ – იქაც წყვილი. მაგალითად, ქეთო და კოტე, მძინარე მზეთუნახავი და პრინცი... ამ ამბების შემდეგ გამოგვეხმაურა ჩვენი ბაღის მასწავლებელი, რომელიც ძალიან გვიყვარდა და გვითხრა, მგონი, მე ჩავუყარე თქვენს სიყვარულს საფუძველიო.
– ბაღის შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა?
– ბაღის დასასრულს, ჩემს ოჯახს ოზურგეთში დაბრუნება მოუწია – წარმოშობით იქიდან ვართ. ამაზე კი სასაცილო ისტორიაა: ბაღში რომ აღარ მივედი, ისე განუცდია ნიკას, თურმე სიცხეები ჰქონია. თავიდან მშობლებს ეგონათ, რომ ჩემს წასვლას კი არ განიცდიდა, ბატონები ჰქონდა (იცინის). თბილისის სკოლაში რომ გადმომიყვანეს, პირველივე დღეს დავინახე კორიდორში ძალიან ნაცნობი ბიჭი, რომელიც მიყურებდა, უფრო სწორად, ორივე ვუყურებდით ერთმანეთს. მაშინ პირველ-მეორე კლასში ვიქნებოდით. ვიცანით ერთმანეთი, მაგრამ რატომღაც არ მივესალმეთ. ბედმა სკოლაშიც დაგვაკავშირა. იმ პერიოდში საუკეთესო მეგობრები ვიყავით, მაგრამ ახლა გამოვუტყდით, რომ ერთმანეთი მაშინაც გვიყვარდა, ოღონდ ყველანაირად ვცდილობდით, არ შეგვემჩნია. რაღაც საუკეთესო მეგობრების როლი გვქონდა მორგებული. მე იმდენად შევიჭერი როლში, ნიკას ვიღაც გოგოებსაც ვაცნობდი (იცინის). მაქსიმალურად ვცდილობდი, არ მიმხვდარიყო, რომ მიყვარდა. მერე კმაყოფილი ვრჩებოდი ხოლმე, რადგან არავინ მოსწონდა. მეთორმეტე კლასში, უკვე უნივერსიტეტის გზები რომ იყოფოდა, მაშინ გამომიტყდა. სხვადასხვა პროფესია ავირჩიეთ, მე – ტურიზმი და ნიკამ – საერთაშორისო ურთიერთობები. აქ უკვე ერთად რომ ვეღარ ვიქნებოდით, შეეშინდასავით და სიყვარულში გამომიტყდა. იმის მერე ერთად ვართ.
– ხელის თხოვნის ცერემონიალი როგორი იყო?
ნიკოლოზი: რაჭაში არის ერთი ადგილი. ვიცოდი, რომ ქეთის იქ ყოველთვის უნდოდა წასვლა. ისე ჩავაწყვე, რომ მეგობრებთან ერთად წავიდა. მე ბეჭდის შესარჩევად წავედი, ოღონდ ეს ამბავი არავინ იცოდა, მისი მეგობრებისთვისაც არ მითქვამს, რომელიმე მათგანს რომ არ წამოსცდენოდა. 23 თებერვალს ქეთის დაბადების დღე იყო და 22-ში, დილიდანვე ვგეგმავდი რაჭისკენ გასვლას. გზაზე მანქანის გამო იმდენი პრობლემა შემექმნა, რომ ძლივს მივუსწარი დაბადების დღეს და ისეთი სახით შევედი, მეკითხებოდნენ, ხომ მშვიდობა მქონდა (იცინის). ვუთხარი: ბევრი ვიფიქრე და ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მინდა, შემოგთავაზო, რაც ჩვენი ცხოვრების ერთად გატარებას გულისხმობს, თანახმა ხარ-მეთქი და დაუფიქრებლად მიპასუხა – „კი“. ცრემლებიც მოჰყვა ამ სცენას – ჭეშმარიტი გრძნობა ცრემლისა და ემოციების გარეშე არ გამოდის. იმ დღეს დაიგეგმა ჯვრისწერის ამბებიც.
ქეთევანი: საერთოდ არ ველოდებოდი, ხელის თხოვნას თუ აპირებდა. ვიცოდი, რაჭაში გამგზავრება, ნიკასა და ჩემი მეგობრების მხრიდან სიურპიზი იყო და მეტს აღარაფერს მოველოდი. ულამაზესად იყო ყველაფერი მორთული. თორმეტი რომ შესრულდა და შამპანური გავხსენით, უცებ მეუბნება, მე კიდევ მაქვს შენთვის საჩუქარიო. ამოიღო ყუთი, დამიჩოქა და რომ მივხვდი, რაც ხდებოდა, ცრემლები ვეღარ შევიკავე.

скачать dle 11.3