კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 ვინ აჩუქა მეორე სიცოცხლე ქართველ დიზაინერ თეა ოთარაშვილს ამერიკაში და რომელი წამლით მკურნალობს ის კორონავირუსზე

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  39 წლის დიზაინერ თეა ოთარაშვილის შეკერილი კაბით არაერთი ცნობილი ჰოლივუდელი ვარსკვლავი იწონებს თავს. თეას ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა და ამერიკაში მისი წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეც იყო. არაერთი რთული ოპერაციის ჩატარება მოუხდა და შედეგებზე დაკვირვებით, მას ამერიკელმა ექიმებმა „რკინის იღბლიანი გოგო“ შეარქვეს. ერთი კვირის წინ თეას ვირუსი – კოვიდ-19 დაუდასტურდა, მკურნალობის კურსს სახლში გადის.
  თეა ოთარაშვილი: უკვე სამწელიწად-ნახევარია, რაც ამერიკაში ვცხოვრობ და ასეთი აქტიური და ენერგიული ქვეყანა მსოფლიოში არ მეგულება. იმდენი ხალხი მოძრაობდა, გადასასვლელებზეც კი შეუძლებელი იყო გადასვლა. ახლა ყველაფერი გაჩერებულია. მანჰეტენზე ვიყავი ამას წინათ და თავი ფილმში მეგონა. ხალხი გარეთ არ გამოდის, ქუჩაში არ მოძრაობენ, ძალიან შეშინებულები არიან. თუმცა, ალბათ, დაიღალნენ სახლში ჯდომით, ფულიც შემოელიათ და ნელ-ნელა იწყებენ აქტიურ ცხოვრებას. ექიმების ინფორმაციითაც, საავადმყოფოებში მძიმე პაციენტების რაოდენობაც შემცირდა. სავარაუდოდ, სიტუაცია მალე გამოსწორდება, თორემ უკვე დეპრესია მეწყება. ყველა წამი გათვლილი მქონდა, ცნობილ დიზაინერებთან მიწევს მუშაობა, უამრავი საქმე მქონდა დაგეგმილი და ახლა, გაჩერებული ვარ. სხვათა შორის, ვირუსი რომ მოედო, ძალიან დიდი პანიკა მქონდა. ქრონიკული დაავადებები მაქვს და მაქსიმალურად ვიცავდი თავს.
– მიუხედავად იმისა, რომ თავს მაქსიმალურად იცავდი და თან, შენი დაავადებების გამო, რისკ-ჯგუფს განეკუთვნებოდი, მაინც კოვიდ-19 ვირუსის მატარებელი გახდი. რამდენი ხანია, რაც დაგიდგინდა, ახლა როგორ ხარ და რომ გაიგე, ვირუსი გქონდა, როგორი იყო შენი განცდა?
– დიახ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მაქვს და ვცდილობდი, გარეთ არ გავსულიყავი, თუ მიწევდა, პირბადის და ხელთათმანის გარეშე არ გავსულვარ. რამდენიმეჯერ ვიყავი აფთიაქში, ერთხელ – მაღაზიაში და ერთხელ – ექიმთან, სისხლის ანალიზის გასაკეთებლად და არ ვიცი, საიდან შემხვდა ვირუსი. დაავადება ერთი კვირის წინ დამიდგინდა. მადლობა ღმერთს, მე მსუბუქი ფორმით მაქვს. ვისაც ვეკონტაქტები და ეს დაავადება ჰქონდა, მეუბნებიან, ძალიან მძიმედ გადავიტანეთო. ორი დღე მქონდა სიცხე, გული მიჭერდა, თუმცა სუნთქვის პრობლემა არ მქონია. ჩემს რევმატოლოგს შეეშინდა და ფილტვების გადასაღებად გამაგზავნა. გულსა და ფილტვებზე პრობლემა არ აჩვენა, თუმცა სისხლის ანალიზი მაინც ამიღეს კორონავირუსზე. დამინიშნეს ანტიბიოტიკები და წამოვედი სახლში. ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი, რომ კორონავირუსი არ მექნებოდა, სიცხე უბრალო გაციების ბრალი იყო და მშვიდად ვიყავი. რომ დამირეკეს და მითხრეს, კოვიდ-19 დაგიდასტურდათო, შოკში ჩავვარდი. მერე დავფიქრდი, მოვიკრიბე ძალა, გარიგება დავდე ვირუსთან და სოციალურ ქსელში დავწერე სტატუსი: „ესეც ჩემი კორონა. დავმეგობრდით. მოლაპარაკებებს ვაწარმოებ. შემპირდა, ჩემთვის ვიჯდები ჩუმად ორი კვირა, არაფერს დავაშავებ, ოღონდ არ გამაგდო სახლიდანო. ვნახოთ, როგორი სიტყვის „კაცია“. მე კარგად ვგრძნობ თავს. ჯერჯერობით, თავისთვის ზის ჩუმად ორგანიზმში და თავის პირობას ასრულებს, არაფერს მიშავებს. ამის მერე დავურეკე ჩემებს საქართველოში და ეს ამბავი ვუთხარი. ბავშვმა ძალიან განიცადა. იმდენად შეეშინდა, აღარ მეკონტაქტებოდა. რომ ვურეკავდი, ხმას არ იღებდა, მხოლოდ მიყურებდა. ალბათ, ეგონა, მოვკვდებოდი. მეც შემეშინდა, როცა გავიგე, მაგრამ მერე რომ ვნახე, სიმპტომები არ გართულდა, შიშმაც გადამიარა. არ დამჭირდა ჰოსპიტალიზაცია, სახლში ვმკურნალობ და თავს კარგად ვგრძნობ. თან, ჩემს თავზეც ფსიქოლოგიურად დავიწყე მუშაობა – შემოვუძახე, მედიტაციები ჩავრთე და ამან კარგად იმოქმედა, დაავადება „შევაშინე“ (იცინის). არის მედიტაციური ვარჯიშები, როცა შენს ორგანიზმში შედიხარ და დაავადებას ბლოკავ. ნამდვილად არ ვიცი, იღბლიანი გამოვდექი თუ რკინის, მაგრამ ფაქტია, ჩემი ქრონიკული დაავადებების ფონზე ვირუსი მშვიდად და გართულებების გარეშე მიმდინარეობს და იმედია, მალე დავამარცხებ. ისე კარგად ვგრძნობ თავს, ამერიკელი ექიმები „მეკაიფებიან“: კორონაც მიხვდა, გადაღლილი რომ ხარ და იფიქრა, დავასვენოთ ცოტა ხანი, მთელი ცხოვრება ვირივით მუშაობს საწყალიო (იცინის). ოჯახში ჩემებმა არ ინერვიულონ, ცოტას გავართობ-მეთქი, ვიფიქრე და ტიკ-ტოკების ჩაწერა დავიწყე. იმათმა კიდევ – გაგიჟდა, რა დროს ხალისია ამ დროსო (იცინის). ხალისი არ მქონდა, მაგრამ ბავშვი რომ ფიქრობდა, დედა არ მომიკვდესო, მის გამო დავიწყე ჩაწერა. მინდა, ყოველ დილას, კომპიუტერს რომ ჩართავს, ჩემი ტიკ-ტოკი დახვდეს, გახალისდეს და დარწმუნდეს, რომ კარგად ვარ და ჩემზე არ ინერვიულოს. მართლა კარგად ვარ, არანაირი სიმპტომი აღარ მაქვს და ვარკვევ, რამდენი ხანია ინკუბაციის პერიოდი და რამდენ ხანს შეიძლება, იყოს გადამდები ვირუსი, რადგან სამსახურში მელოდებიან და მალე უნდა გავიდე სამუშაოდ. ის მოსაზრება, რომ თუ ქრონიკული დაავადებების მატარებელი ხარ, ვირუსი რთულდება და ხშირ შემთხვევაში ლეტალურად სრულდება, მითია. კიდევ ვამბობ, ძალინ დიდი შიში მქონდა ჩემი დაავადებების ფონზე რომ შემხვდეს, არ მოვკვდე-მეთქი, მაგრამ ფაქტია, კარგად ვარ. ზოგადად, როცა პრობლემა მაქვს, გადარჩენის ინსტინქტი მერთვება, ჩემს თავზე ვმუშაობ. ახლაც ჩავრთე ეს გადარჩენის ინსტინქტი და ყველაფერი კარგადაა. სხვათა შორის, ვცდილობ, მაქსიმალურად მოვერიდო ინფორმაციის მოსმენას, რომ სიმშვიდე შევინარჩუნო.
– ალბათ, გქონდა ინფორმაცია, რომ საქართველოში წარმატებულად მიდის პანდემიასთან ბრძოლა. როცა ამერიკაში შემთხვევები დაფიქსირდა და ჩვენ მწვანე ზონად ვიყავით გამოცხადებული, მაშინ არ გიფიქრია, შენს ქვეყანაში წამოსულიყავი?
– ძალიან მინდა ჩემს ქვეყანაში, მაგრამ ახლა ჩამოსვლაზე არ მიფიქრია. აქ კარგი დაზღვევა მაქვს და მაგარ კლინიკაში ვიმყოფები აღრიცხვაზე, სადაც ქართველი, უმაგრესი რევმატოლოგი ნინო მიქაბერიძე მუშაობს და მისი მეთვალყურეობის ქვეშ ვარ. ორი თვის წინ ურთულესი ოპერაცია გავიკეთე – ყველა სახსარში გადავინერგე ღეროვანი უჯრედები, რომ ძვლების აღდგენა მოხდეს. ბოლომდე არც ვარ გამოკეთებული, იმუნიტეტიც დაბალი მქონდა და ამიტომ მეშინოდა ვირუსის შეხვედრის. თუმცა, ნინო მიქაბერიძემ მეორე სიცოცხლე მაჩუქა. სხვათა შორის, ვინც ოპერაცია გამიკეთა, ამერიკელია და მაქსიმალურ ყურადღებას იჩენს. ახლაც, რომ გაიგო, კორონავირუსი მაქვს, მითხრა, იღბლიანი რკინის გოგო ხარ და არაფერი მოგივაო (იცინის). სხვათა შორის, რა პრეპარატებითაც საქართველოში მკურნალობენ – პრედნიზოლონით და ფლაქველინით, როგორც ვიცი, ამ წამლებს წლებია, ვსვამ, ალბათ, ორგანიზმი გაჯერებულია და ვირუსი ვერ მომერია. ეს ვერსიაც მაქვს, თორემ, კიდევ ვამბობ, ჩემ გარშემო ვისაც შეხვდა, ყველას გაურთულდა.
– ყველაფერი რომ დასრულდება, როგორ გგონია, რა შეიცვლება სამყაროში და ზოგადად, ურთიერთობებში?
– ადამიანებმა ნდობა და სითბო დაკარგეს ერთმანეთის მიმართ, თითქოს დაშორდნენ. იმედი მაქვს, ეს ნდობა დაბრუნდება და დავაფასებთ ჩახუტებასა და სიყვარულს. კიდევ, დადებითი მხარე ის აქვს, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის საშუალება მოგვეცა და ცხოვრება უფრო მეტად გავაანალიზეთ, ბევრი რამ გადავაფასეთ, მაგალითად, ის, რომ ფული არ არის მთავარი. რომ, ფულით ყველაფერს ვერ იყიდი, მით უმეტეს, ჯანმრთელობას. ფულში რომ არ არის ბედნიერება და მთავარია ჯანმრთელობა, ერთმანეთის სიყვარული და გვერდით დგომა, ეს აშკარად დაგვანახა კორონავირუსმა. ასე რომ, ამ ვირუსსაც მალე დავამარცხებ, ორ კვირაში ანტისხეულებზე განმეორებით ტესტს გავიკეთებ, რომ დავრწმუნდე, არ ვარ გადამდები და სხვებს არ შევუქმნი პრობლემას და მერე ჩემს საყვარელ საქმიანობას დავუბრუნები. აუცილებლად დავამარცხებ ვირუსს, ტყუილად როდი მეძახიან ამერიკელი ექიმები „რკინის გოგოს“ (იცინის).

скачать dle 11.3