კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (98)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№19 დავით ერაძე: მრავლისმნახველ „მესაც“ ძალიან უკვირს ამ ხალხის

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ცოტა ხნის წინ დავით ერაძის მიერ პირდაპირ ეთერში დაშვებულ შეცდომას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ჟურნალისტი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.
  დავით ერაძე: ნებისმიერი ჟურნალისტი ხვდება თავის შეცდომას და მეც კარგად მივხვდი, რა წამომცდა. მაგრამ ვისაც პირდაპირ ეთერში უმუშავია, იცის, რომ შეცდომისგან დაზღვეული არავინაა.
  სპორტისთვის კორონას პანდემიის დროს არავის სცალია და საჭირო დროს ჩემს კოლეგებს ვეხმარები. მაშინ ლევან რატიანის განცხადების ჩასაწერად ვიყავი. თუმცა იმ მომენტში გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია, რომ მეექვსე პაციენტი გარდაიცვალა და საჭირო გახდა პირდაპირ ეთერში ჩართვა. რა დროსაც მოხდა ის, რაც მოხდა. თუმცა, თუ ვინმეს კუდის გამობმა არ უნდოდა, ძალიან კარგად მიხვდებოდა, რომ ეს უნებლიე შეცდომა იყო. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არ დაილევიან „უბედურებაზე მონადირე“ კლავიატურის უკან ჩასაფრებული ადამიანები, რომლებიც ასეთ ამბებს თავიანთი გვერდების ტირაჟირებისთვის იყენებენ. როგორც ნებისმიერი ჟურნალისტი, მეც მზად ვარ ობიექტური კრიტიკისთვის. მე დავუშვი შეცდომა და პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, თუმცა, როდესაც ადამიანები პირად შეურაცხყოფაზე გადმოდიან და არც კი იციან, ვინ ხარ, რა ცხოვრება გამოგივლია ან რა განათლება გაქვს, ცოტა არ იყოს, ეს „დაუკრეფავში გადასვლაა“, რაც ჩემთვის იოლი გადასატანი არ აღმოჩნდა. საკუთარი შეცდომა რომ გავაცნობიერე, იმწუთასვე დამეტყო ეთერში. ძალიან ემოციური ვარ და არ მიყვარს, როცა რამე მეშლება. მაყურებლის წინაშე პასუხისმგებლობა მაქვს და ბოდიშს მათ ვუხდი და არა კლავიატურას ამოფარებულ ადამიანებს ტოპნიუსებად რომ აქციეს ეს ამბავი, მათ, ვინც ჩემ გვერდით უნდა დამდგარიყვნენ. იუმორი და კრიტიკა – კი ბატონო, მისაღებია, მაგრამ ბოღმასა და ღვარძლს, რაშიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა იძირება, ვერასდროს გავიგებ. დაიწყეს „ძალით ძაბავენ სიტუაციას“ და ასე შემდეგ. ვინც მე მიცნობს, კარგად იცის, რომ ასეთი რამისგან ძალიან შორს ვართ. მოკლედ, მრავლისმნახველ „მესაც“, ზოგჯერ ძალიან უკვირს ამ ხალხის.
– სპორტულ სამყაროში ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ, თუმცა პროფესიულად აბსოლუტურად სხვა სფეროს ეკუთვნით.
– პროფესიით ჟურნალისტი არ ვარ, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი ვარ. ჟურნალისტიკაში 90-იან წლებში მოვხვდი, მას შემდეგ, როცა მივხვდი, რომ ჩემს სპეციალობაში „ჩალიჩის“ გარეშე თავს ვერ დავიმკვიდრებდი. სპორტი ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1994 წლიდან, ფაქტობრივად, სპორტულ ჟურნალისტიკაში ვარ. ამ სფეროსადმი ჩემი სიყვარული მამაჩემისგან მოდის. ისიც და ჩემზე შვიდი წლით უფროსი ძმაც, სპორტის დიდი გულშემატკივრები იყვნენ. მახსოვს 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. მაშინ რვა წლის ვიყავი და მათთან ერთად ვუყურებდი გერმანია-საფრანგეთის დაუვიწყარ ნახევარფინალს. ამ თამაშში გერმანია სამით ერთი მარცხდებოდა და მამამ თქვა, მაინც გამოჰყავთ რუმენიგეო – იყო ასეთი დიდი გერმანელი ფეხბურთელი. სიცხე ჰქონია და მისი თამაში პერსპექტივაში არ იყო, თუმცა გერმანიას რომ გაუჭირდა, გამოიყვანეს. რუმენიგემ საოცრებები ჩაიდინა და გერმანიამ გაიმარჯვა. ეს ერთ-ერთი დაუვიწყარი თამაში იყო. მას შემდეგ მოვიწამლე სპორტით და განსაკუთრებით – ფეხბურთით. თბილისში გამართული არცერთი თამაში არ გამომიტოვებია, მათი გავლენით დავიწყე გერმანული ენის შესწავლა. მივხვდი, რომ ჩემი მეორე მე სპორტულ სამყაროში უნდა მეპოვა და ასეც მოხდა.
– თვითონ არ გქონიათ სპორტული აქტივობები?
– კალათბურთელი ვიყავი, თუმცა, სპორტის ამ სახეობას კურიოზული შემთხვევის გამო დავემშვიდობე. ვთვლი, რომ საკმაოდ პერსპექტიული მოთამაშე ვიყავი, მაგრამ გარდატეხის ასაკის თავისებურებების გამო მწვრთნელთან მომხდარი კონფლიქტით 16 წლის ასაკში დავასრულე ჩემი კარიერა.
– როგორც სპორტულმა ჟურნალისტმა, ძალიან გრძელი გზა გაიარეთ.
– კი. პირველად ტელეკომპანია „თამარიონიდან“ დავიწყე. მერე იყო გაზეთები, ამის შემდეგ – 16 წელი „რუსთავი 2-ში“ და უკვე ცხრა თვეა „მთავარ არხზე“ ვარ.
– სადაც ნანუკა ჟორჟოლიანთან ერთად, თქვენთვის განსხვავებული ფორმატის გადაცემა მიგყავთ. ალბათ, ეს სიახლე ერთგვარი გამოწვევა იყო.
– ნამდვილად გამოწვევა იყო, თუნდაც, ნანუკას ფაქტორის გამოც. ის ბევრად უფრო შემდგარია, როგორც შოუმენი და წამყვანი. თან, ეს არ უნდა ყოფილიყო ტიპური სპორტული გადაცემა. აქ ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ქვეყანაში, ადამიანები, რომლებიც ყველაზე დიდ წარმატებებთან ასოცირდებიან, ბევრად უფრო ცნობილები და პოპულარულები გახდნენ, ვიდრე დღეს პოლიტიკოსები არიან. სამწუხაროდ, დღეს ასე არაა, რამდენიმე იშვიათი გამონაკლისის გარდა, ჩვენი სპორტსმენები ჩრდილში რჩებიან. მგონი, ეს გადაცემა ახერხებს, მაყურებელმა ისინი სხვა კუთხით გაიცნოს.
– სპორტული ჟურნალისტიკა, ალბათ, არ უნდა მოიაზრებდეს იმ შემთხვევებს, რომელიც გამოიარეთ. თავდასხმა სახლში, ტელევიზიასთან...
– რაც შეეხება სროლას, დღემდე არ მაქვს ამაზე პასუხი. უბრალოდ, ძალიან ცუდად დაემთხვა 13 იანვარს ჩემ მიერ გაკეთებულ სიუჟეტს, საქართველოს ჭიდაობის ნაკრების კაპიტნის, ზურა დათუნაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით. მე ზურასაც ვუთხარი და თქვენთანაც გავიმეორებ. ის ჩანაწერი, პირიქით რომ ყოფილიყო, ანუ მას რომ დაერტყა ფედერაციის პრეზიდენტისთვის, ამ შემთხვევაშიც აუცილებლად გავაკეთებდი სიუჟეტს. „არ მოსულა“ სპორტში ასეთი რამ. არსებობს შესაბამისი არბიტრაჟი და თუ სპორტსმენი აშავებს, პრეზიდენტი ფიზიკურად არ უნდა უსწორდებოდეს მას. დისკვალიფიკაციაზე დიდი სასჯელი სპორტსმენისთვის არ არსებობს. ამ სიუჟეტის შემდეგ ჭიდაობის სამყარო ძალიან განაწყენებულია ჩემზე და არაერთი დაპატიჟების მიუხედავად, ჩემი და ნანუკას აბსოლუტურად აპოლიტიკურ გადაცემაშიც კი არ მოდიან. რას ვიზამთ, ეს მათი არჩევანია.
– ამ სიუჟეტს დიდი სკანდალი მოჰყვა. რა მოხდა შემდეგ?
– რამდენიმე არასასიამოვნო ინციდენტი, ვიღაცების განაწყენება, ბოიკოტი. ზუსტად ამ სიუჟეტის შემდეგ მოხდა სროლის ფაქტი. თუმცა მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, არ მინდა დავიჯერო, რომ ეს გეგმაზომიერად მოხდა და მაინცდამაინც ჩემი მისამართით იყო ნასროლი ის ტყვია. ახლახან მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ დაგვანახა, რომ ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, ბრმა ტყვიები ისევ დაფრინავს. ახალი წლის შემდეგ აივნის დასალაგებლად რომ გავედით, დავინახეთ ტყვიის მოხვედრის შედეგად გამოტეხილი კარი და დაბლა დაგდებული ტყვიის გულა. როგორც ჩანს, ეს ამბავი გამთენიისას მოხდა, ვერავინ გავიგეთ. ტყვია ზუსტად იმ ოთახთან ვიპოვეთ, რომელშიც ჩემი შვილი წევს და ამიტომ ვიყავი ძალიან აღშფოთებული. შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ ზუსტი პასუხი დღემდე არ გვაქვს.
– ალბათ, მშობლისთვის ეს შემთხვევა განსაკუთრებით რთული ასატანი იყო.
– მარტივი არაა, მაგრამ როდესაც რამეს ხელს აწერ, მერე რაღაცებისთვის მზად ხარ. მაგალითად 2008 წელს ომი რომ იყო, ჩვენთან წინა ხაზზე წასვლის მსურველი ჟურნალისტების რიგი იდგა. მიგვაჩნდა, რომ იქ უნდა ვყოფილიყავით. როდესაც შენობის დაბომბვაზე იყო საუბარი, არც მაშინ შეგვშინებია. ეს პროფესია რომ ავირჩიე, ვიცოდი, რომ ჩემით ყველა კმაყოფილი ვერ იქნებოდა. მაგრამ სულ ბოლო შემთხვევისასაც ყველაზე რთული ის იყო, რომ ამას შვილები ძალიან განიცდიან. რთულია, არასრულწლოვან ბავშვებს ეს ყველაფერი მათთვის გასაგებად აუხსნა. ტყვიის პოვნას რაც შეეხება, ეს მთელი ოჯახისთვის ძალიან რთული იყო. უმცროსი ისეთ ემოციებში ჩავარდა, ორი დღე ვცდილობდი, გვერდიდან არ მოვშორებოდი. დაძინებაც უჭირდა. იმ დღეს მთელი სახლი პოლიციით გაივსო და არც ეს სანახაობა იყო მათთვის იოლი. მაგრამ ძლიერი და ერთიანი ოჯახი ამასაც გადალახავს.
– კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება. გიორგი გაბუნიას რელიგიურ თემაზე გაკეთებულმა განცხადებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და თქვენც მოყევით ამ ამბავში.
– გადაღებიდან სამსახურში ვბრუნდებოდი და ვხედავ, რომ ჩვენი ტელევიზიის შესასვლელი ჩახერგილია და ხალხს გაბუნიას მანქანა ჰყავს მომწყვდეული. მე და ჩემი ოპერატორი ფეხით შევედით. ჟურნალისტი ვარ და ბუნებრივია, ამ დროს პროფესიული ინსტინქტი იღვიძებს. ოპერატორს ვუთხარი, კამერა ჩაერთო და მუშაობა დავიწყეთ. დავამთავრეთ და შესასვლელისკენ წავედით, სადაც შედარებით აგრესიულმა ჯგუფმა გადაგვიღობა გზა. შევეცადე, ამეხსნა, ვინ ვიყავი და ვთხოვე, თავი დაენებებინათ, რა დროსაც უკნიდან აბსოლუტურად უმართავი მუშტი მომხვდა.
– ადრეულ წლებშიც გქონიათ რისკის შემცველი მომენტები?
– ერთხელ სამტრედიაში ჩვენი წამყვანის ტექსტით გაღიზიანებულმა გულშემატკივრებმა ჩვენზე გადმოიტანეს აგრესია. ფოთში სცემეს ჩვენი ოპერატორი. ხდება მსგავსი შემთხვევები.
– ოჯახი როდის შექმენით?
– ოჯახი 2001 წელს შევქმენი, ძალიან დიდი გრძნობით, მეგობრობის დიდ სიყვარულში გადაზრდის შედეგად. უკვე 19 წელია, ერთად ვართ და ჩვენი ურთიერთობა უფრო და უფრო ღრმავდება. მეუღლე პროფესიით იურისტია და პირადად ჩემთვის საკმაოდ საინტერესო ადამიანია. თუ რამეს ვაკეთებ, ყოველთვის ჩემ გვერდითაა, რაც კაცისთვის ბევრს ნიშნავს. ამჟამად დიასახლისობითაა დაკავებული. სამი კაცის მოვლა არ არის მარტივი. აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, არ მახსოვს ოჯახში ხმამაღალი სიტყვა მეთქვას. ბავშვი რომ იცელქებს, ხანდახან დავუყვირებ ხოლმე, მაგრამ ესეც ისეთი დაყვირებაა, მევე რომ მეცინება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სახლში მისვლა გიხარია. ასეთი ოჯახი, ალბათ, ჩემი ყველაზე დიდი მონაპოვარი და დიდი ბედნიერებაა. უმცროსი შვილი – ალექსანდრე 12 წლისაა. უფროსი – გიორგი 18-ის გახდა და მის გერმანიაში გასამგზავრებლად ვემზადებით. წარმატებით გაიარა გამოცდები და ცოტა ხანში ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტი გახდება და კიდევ ერთი საამაყო მიზეზი მექნება ჩემი შვილისგან.

скачать dle 11.3