კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 ძველი თბილისის დამნაშავეები

დაბნეული ფული
  ოჰანეზა სალდათის ბაზარში დაიარებოდა მოკლე ახალუხითა და ყელიანი ჩუსტებით. ბორნამდე ჩავიდოდა, სადამდე გადიოდა კიდევაც ბაზარი, მერე ამოვიდოდა, იქ შეევაჭრებოდა, ცხვირს შეჰყოფდა, ნახა ინდაური რომ ოთხმოცდაათი კაპიკი ღირდა, ქათამი – ოცდაათი, ღვინო გასინჯა, ყინვარ-შაქარი ააწონინა, მწიფე უნაბი პირში ჩაიგდო.
– ჰა, ნახუნაკი არ იყოს, – დასძახებდა მალიმალ ბაყალი, რაკი იმის ხილს ეგრე მოარული და მუქთად ჩამკბეჩავი არ გამოელეოდა, დასტაცებდნენ ხელსა და ფულს კი აღარ იხდიდნენ. ის კი ასე გადაყლაპულ ხილს არავის არჩენდა.
  ჰოდა ოჰანეზამაც ამოიღო ქისა, პირი მოხსნა და ვიღაც ოხერი ამ დროს დაეჯახა, ქისა ხელიდან გააგდებია და ფული ერთიანად დაებნა. ფული მტვრიან მიწაზე გაგორდა, ზოგმა ხმა გამოსცა, ზოგმა – არა. ოჰანეზამ კი მათი აკრეფა დაიწყო და რომ წამოდგა, ორიოდე ერთი ბრმა მოხუცის ხელში დაინახა. მოხუცი ვერცხლის ფულს თითებით სრესდა და მერე ოჰანეზას ხელის გულში ჩაუდო. ხელი კი აღარ გაუშვა და ხრინწიანად თქვა:
– დაეხმარე საწყალ მოხუცს გზის გაგნებაში.
თან თითქოს კლანჭები ჰქონოდა, ისე მაგრად ჩაეჭიდა ტერ-ზაქაროვს, თვითონ მოსწყვიტა იქაურობას და გზას გაუყვა.
– აი, იქით ამიყვანე, შვილო, შენ ისეთი კაი ბიჭი სჩანხარ, სახლამდიაც ამიყვან.
– საჩქარო საქმე მაქ, არა მცალია!
– ეს თვალები ყირიმის ომში დავკარგე, უავღუსტესის სადიდებლად, – ამბობდა მოხუცი, თან ხელს უფრო უჭერდა და ისე მარჯვედ ადგამდა ნაბიჯებს, თითქოს ოჰანეზა კი არა, ის აჩვენებდა გზას.
– აკი გითხარი, საქმე მაქ, მეტი გრომკათ რაღა ვთქვა!
– ამ ხელსა ისე მოგსტეხამ, ვეღარ გაგიმთელოს შაჰპარონიანცმა, – და მოხუცმა კიდევ უფრო მაგრა მოუჭირა ხელი. ამასთან ოჰანეზამ იგრძნო, როგორ მიეჭირა მას ნეკნებს შუა ბასრი ბებუთი, – მაგ ფულს ხელი მაგრა მოუჭირე, არსად დაგებნეს!
ასე მიჰყავდა ამ ბრმას ოჰანეზა, მეტეხის ხიდზეც გადაიყვანა და მაღლა ქალაქის კენწეროსაკენ გასწია. ბრმა სულაც არ იყო ბრმა.
მათ ავლაბარი გადაიარეს თავისი აზიური იერით, მერე მთავარანგელოზის ქუჩა, ვარდის მოედანი და ხოჯივანქამდეც ავიდნენ, აქ ერთი ორგან შეუხვიეს და ერთ კარს მიადგნენ.
მოხუცმა თავისი ჯოხით დააბრახუნა და კარი გაიღო. კარში ვიღაც იდგა, ცხვირზე დიდი მეჭეჭით.
– ვაჰ, ისააკ, ეს რა ანგელოზი მოგიყვანია, – თქვა იმან და კარი უფრო ფართედ გამოაღო, – პაჟსკი კორპუსიდან წამოიყვანე?
ბაგრატ მარაშლიანცი, მეტსახელად „კენგურუ“, 1900-იანი წლების ჯიბის ქურდი, კბილებს შორის გარჭობილი ბოზარჯიანცის პაპიროსი „პულიმიოტით“ მოხეტიალე აქეთ-იქით. ხალხმრავლობის მაძიებელი. მას უკვე აღარ აკმაყოფილებს სალდათის ბაზარი, ტრამვაი და ცირკი. ტფილისში ხალხის თავშეყრის ახალი ადგილი ჩნდება, როგორიცაა, დავუშვათ, ვერის დაღმართთან, არონშტამის და ლგოტაკის სკეიტინგ-რინგი, სადაც როლიკებით დაქროდნენ და 1910 წლიდან ეს მეტად პოპულარული გახდა ტფილისში და ყველგან მის გახსნას ცდილობდნენ, ფუნიკულორზეც აპირებდნენ, ტრამვაის ზემო სადგურთან, იუნკერების სასწავლებლის პირდაპირაც. ამას გარდა მიხეილის პროსპექტზე, ბაღ „სპორტშიც“ გახსნეს მეტად დიდი ზომის.
ანდრეი მარტოპლიასოვი, ქუდების ქურდი. გამოქანდებოდა და ხმაურში საჩქაროდ მოხდიდა და გაიქცეოდა. ეს ხელობა კარგად იცოდა. იცოდა, ვისთვის და როგორ მოეპარა. იპარავდა ყველანაირ ქუდს, ფურაჟკას, ფაფახს, ევროპულ კატილოკს, კარტუზს, მერე ამეებს ყიდდა სერგო მირზოევთან ავლაბარში. დაიჭირეს 1903 წელს, როცა დიდი თავადის ქუჩაზე მოგლიჯა ქუდი და ოქროს საათი წყალობა მარტიევს. საათზე დახარბდა და ვეღარ გათვალა სისწრაფე და ასე დაიჭირეს.
პეტრუს მაჭავარიანი, მძარცველი, ქურდი. ის კაი ხანს იჯდა ციხეში ათმეთაურ კარაპეტ არაკელოვის მკვლელობის გამო. 1885 წელს გამოვიდა მეტეხის ციხიდან და შეეკრა სანდრო მამულოვს და ვართან, იგივე „ხესპოს“ ოსიპოვს, სხვადასხვა ყაჩაღობების გამო რომ მოეხადა სასჯელი. მათი ჩადენილია ვეტცელის ქარხნის ახლოს, მტკვრის ნაპირას მიხეილ ჩუბინიძის მკვლელობა და მანვე ისარგებლა კრივის არეულობით და იქ დაჭრა ელბაქიძე. კრივი ტფილისის ნაწილი იყო. ქალაქი ორად იყოფოდა. ადგილებიც კრივისთვის რამდენიმე აერჩიათ. ყვებიან, რომ ადრეულ დროს ჩანჩქერის თავზეც იმართებოდა; ბოტანიკურ ბაღში, თათრის მეიდანზეც გამართულა. ბოლო კრივები კი კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიის მახლობლად, არსენალის ხევში ეწყობოდა. აღდგომის შემდეგ კვირას იქ კრივი არ ყოფილიყო, არ იქნებოდა. თუმცა, კაზაკები სულ უფრო უშლიდნენ და არბევდნენ იქ მოკრებილთ და მათრახებით გამოუდგებოდნენ. ოდენობა კრივში გამოსულებისა სულ უფრო მცირდებოდა. თუმცა ქალაქის ორად გაყოფა ბოლომდე შემორჩა, როცა ერთ მხარეს კუკია, ჩუღურეთი და ავლაბარი დგებოდა, ზემო უბანში თათრის მეიდნის აყოლებაზე სოლოლაკი, მთაწმინდა, გარეთუბანი და ვერე ერთიანდებოდა. კრივი ტფილისში ნელ-ნელა ამოიკვეთა და 90-იანი წლებიდან საბოლოდ მოიშალა. პეტრუსი კი თავისსავე დამქაშებმა შეიტყუეს პატკანოვის წისქვილში, მტკვრის პირას, იქ მოკლეს, ხელები და ფეხები მოაჭრეს, კალოშების ყუთში ჩადეს და მტკვარში გადააგდეს.
ანტონ რუზაშვილი, იპარავდა ბინებიდან პალტოებს. შეკრული იყო მსახურებთან, ვინაც კარს ღიას ტოვებდნენ და მერე ყიდდა ავლაბარში მეწვრილმანეებთან. პალტოების ქურდობა ცალკე ხელოვნება იყო და ძირითადად, აივნებზე გამოკიდებულ სამოსს ეტანებოდნენ. ესე გაქურდა ბუღალტერი კუპფერი და მოიპარა პალტო ნიკოლოზის ქუჩაზე ორბელიანის ბინიდან. რუზაშვილი 1900 წელს დააკავეს სადგურზე, ჩოხით, ხანჯლითა და სხვა ნივთებით, რომელიც ავჭალის ქუჩაზე ილია გოგოლაშვილს მოპარა.
აბო იაშაღაშვილი
(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)
скачать dle 11.3