კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 რა აღმოაჩინა ვახო ბიჭიკაშვილმა სახლში ყოფნისას საკუთარ ცოლში და სად გავარდება ის საგანგებო სიტუაციის დასრულებისთანავე

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  „კომედი შოუს“ მსახიობი ვახო ბიჭიკაშვილი პირველი იყო, ვინც საგანგებო სიტუაციაში სახლში ჩამჯდარმა სახალისო ვიდეოები გადაიღო, სოციალურ ქსელში დადო და ამით ბევრი გაახალისა. ამბობს, რომ რთულია აქტიურ ცხოვრებას ჩამოშორება, თუმცა ეს დროებითია და ყველამ უნდა გავითავისოთ ის საფრთხე, დეპრესია და შიშიც, რაც ვირუსის გამოა, იუმორით დავძლიოთ.
  ვახო ბიჭიკაშვილი: ბავშვობაში, აკრძალვები არა, მაგრამ შეზღუდვები მქონდა, თუმცა, იმ ასაკში საჭირო იყო. მაგალითად, ეზოში დიდ ბიჭებთან გვიანობამდე ყოფნას მიკრძალავდნენ. ალბათ, მეც ასე მოვიქცევი, რადგან არ მესიამოვნება, ჩემი რვა წლის შვილი გვიანობამდე რომ ქუჩაში იდგეს. მოკლედ, კომენდანტის საათი ბავშვობაშიც გავიარე და დედისა და მამის კი არა, ჩემი ასაკის დაწესებული იყო. ასე რომ, ჩემთვის ეს მესამე კომენდანტის საათია – ჯერ ბავშვობაში, მერე – 90-იან წლებში და ახლა – ვირუსის გამო.
– სულ გადარბენებზე იყავი, მაქსიმალურად ქუჩაში, გადაღებებზე ხარჯავდი ენერგიას და ახლა, ზრდასრულ ასაკში, როგორ ეგუები შეზღუდვებს და იძულებით სახლში ჩაჯდომას?
– რთულია, „გადარბენის“ რეჟიმს მოსწყდე და სახლში ჩაჯდე, მაგრამ იმდენად მაქვს გააზრებული, რასთან მაქვს საქმე, ვეგუები. თან, უსაქმოდ კი არ ვზივარ, ვიპოვე გასართობი და ოჯახის წევრებიც ახლოდან გავიცანი (იცინის). ბავშვები გადარეულები არიან სიხარულით, სულ სახლში რომ მხედავენ. გაიხაროს ამ ვირუსმა, ჩემი ბავშვების გახარებისთვის. თან, სახლის საქმეებსაც ვაკეთებ, ამისთვისაც მოვიცალე, აივანზე მცენარეებს ვუვლი.
– მგონი, პირველი იყავი, ვინც სახლში სასაცილო ვიდეოები გადაიღე და სოციალურ ქსელში დადე. ბევრმა გაგაკრიტიკა: რა დროს ხალისი და იუმორია, ვერ ხედავს, რა ხდება ქვეყანაზეო? თუმცა, მალევე უამრავი მიმდევარიც გამოგიჩნდა.
– გასართობი ვიპოვე – ვიღებ სახალისო ვიდეოებს და ჩემს გამომწერებსაც ვახალისებ. სხვათა შორის, ბევრი ხალისობს. შიში და განცდა როგორ არ მაქვს, მაგრამ ამ რთულ მგომარეობაში, რაც მსოფლიოს უდგას, ადამიანები დეპრესიას რომ არ მიეცნენ, იუმორი და გახალისება აუცილებელია. მე ამ ფორმით ვუდგავარ გვერდით ჩემს ქვეყანას და იმ ემიგრანტ გამომწერებს, რომლებიც საკმაოდ ბევრი მყავს სოციალურ ქსელში. ასე რომ, ეს ვიდეოები გასართობი საქმე გახდა ჩემთვისაც, რომლითაც სახლში მყოფი თავსაც ვიხალისებ და სხვებსაც ღიმილს ვგვრი. ბევრი აზიარებს და ფაქტია, მოსწონთ. ასე რომ, ვფიქრობ, ახლა შიშისა და დეპრესიის დრო არ არის, სჯობს, რაღაც გარდაქმნა მოვახდინოთ ჩვენს თავში, ვიპოვოთ ძალა და დავძლიოთ შიში და დეპრესია, რაც ამ ვითარებას ახლავს თან. ახლა, დეპრესიის კი არა, კარგად გააზრებისა და გონების განახლების პერიოდი დგას. ასეთ რთულ პერიოდში მხოლოდ ერთი ქვეყნისა და ერის საფრთხე კი არ დგას, არამედ გლობალური საფრთხის წინაშე ვართ და ამიტომ, უფრო მეტი დაფიქრება გვმართებს. ბევრი ემიგრანტი მწერს და მიზიარებს სიყვარულს. მეც მეტი დრო მაქვს და სიყვარულით ვპასუხობ. კონცერტები იყო დაგეგმილი იტალიაში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში და სამწუხაროდ, გადაიდო. ამიტომ, ეს სიყვარული დისტანციურად მაინც უნდა გადავცე ყველა ემიგრანტს და ვცდილობ.
– ამ ვიდეოების მიღმა რა ხდება შენში?
– რა თქმა უნდა, ადეკვატური ვარ იმ სიტუაციის მიმართ, რაც მსოფლიოში ხდება და ვიაზრებ ამ ყველაფერს. ეს სიტუაცია სხვებზე ადრე ჩემს ოჯახს შეეხო. ჩემი ოჯახის ორი წევრი ეპიდემიის აფეთქების ქვეყნებშია – ერთი ჩინეთში გახლავთ, მეორე – იტალიაში. იტალიაში ჩემი ცოლის, სოფოს დედაა, ჩინეთში კი – ბიძაშვილი, ამიტომ გაცილებით ადრე ვიყავი ინფორმირებული, თუ რა ვითარება შეიძლებოდა, ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში და უფრო ადრე გავფრთხილდით, დავიწყეთ სახლში დარჩენა. კიდევ ვამბობ, რთულია სახლში ჯდომა, მაგრამ იმაზე რთული არა, რაც შეიძლება, დაგვემართოს.
– ამ პერიოდში ბევრმა ისეთი კულინარიული შედევრი დადო სოციალურ ქსელში, დანაყრებულ ადამიანსაც რომ ნერწყვი მოგადგება. თავად თუ სცადე ამ სფეროში ბედი?
– სამზარეულოში, კეთებაზე მეტად, გადაადგილება მიყვარს (იცინის). რასაკვირველია, მეც მიწევს რაღაც-რაღაცების კეთება, მაგრამ სოფოში დავინახე და აღმოვაჩინე ნიჭიერებები. საჭმლის მომზადების რა გითხრათ, მაგრამ აივანზე მცენარეებს ვუვლი, შევწამლე და მეშვიდე სართულზე სოფლის მეურნეობას ვეწევი. ულამაზესი ვარდები მაქვს და საგანგებო სიტუაცია რომ გამოაცხადეს და ხალხი რომ მაღაზიაში საჭმლის მოსამარაგებლად გარბოდა, მე სამთო-ქიმიის შენობისკენ გავიქეცი (იცინის). სხვათა შორის, ისეთი შეფუთულ-აღჭურვილი გავდივარ გარეთ, ხალხი მარტო ხმით მცნობს. ამას წინათ რაღაცას ვყიდულობდი, სათვალე, კეპი და პირბადე მეკეთა, გამყიდველმა ვერ მიცნო და ხმა რომ ამოვიღე: უი, ახლა გიცანით, ვინც ხართო (იცინის). სახლში დაბრუნებული კი კართან ვიხდი ყველაფერს და ისე შევდივარ.
– ვახო, ვიცი, ძალიან გიყვარს მოგზაურობა და ამის გამო ხელზე თვითმფრინავიც კი ამოისვირინგე. ახლა რომ დიდი ხანი ვერ იმოგზაურებ? რომელ ქვეყანაში დაგეგმავ მოგზაურობას, პანდემია რომ დასრულდება?
– ეს ყველაზე მტკივნეული თემაა, მაგრამ რას ვიზამთ. ამ ბოლო დროს ხშირად მიწევს მაცივართან კონტაქტი და ამ ყველაფრის მემატიანე სწორედ ეს ნივთია, რომელზეც მიკრულია სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი პატარ-პატარა მაგნიტები და დღეში რამდენიმეჯერ, როცა მაცივარს ვუახლოვდები, მახსენებს მოგზაურობის ნოსტალგიებს. ეს ამბები რომ ჩაივლის, პირველ რიგში, მე და სოფო ამერიკაში გავვარდებით. მე, რამდენიმეჯერ ვარ ნამყოფი, სოფო კი – არა და ეს დავგეგმეთ. ყველაზე მეტად ახლა, აქტიური ცხოვრება, ურთიერთობები, სამსახური და მეგობრები მენატრება. ერთი სიტყვით, ჩემი ცხოვრება მენატრება. რაც აქამდე მქონდა, რითაც ვცხოვრობდი, ჩემს ქვეყანაში ისევ ისე ვიცხოვრო და მეტი არაფერი მინდა. 15 წლიდან დღემდე ვმუშაობ და ასეთი იძულებითი შესვენება არ მქონია. ამიტომ მიჭირს ამ ყველაფერიდან მოწყვეტა და სახლში ჩაჯდომა. თუმცა, ვიცი, ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, ამიტომ ეს უნდა გავიაზრო და დღეს უნდა მოვითმინო.
– საგანგებო სიტუაცია რომ მოიხსნება, პირველად სად გავარდები ნიღაბმოხსნილი?
– აი, საგანგებო სიტუაცია რომ მოიხსნება, ნიღაბმოხსნილი, პირველად სახინკლეში და საბურგერეში გავვარდები, მეგობრებთან ერთად (იცინის). ახლა რომ ვფიქრობ, კუჭია ყველაფრის სათავე და რომ ამბობენ, კაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადისო, მართალია. ასე რომ, არც ახლა ვუჩივი შიმშილს და მადას და ეს ვირუსიც ჩემს კუჭზე გადის (იცინის). იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და კუჭებიც გადაგვირჩება, რომ ბევრი გემრიელი საკვები ვჭამოთ და არა ღამურები.

скачать dle 11.3