კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 ძველი თბილისის დამნაშავეები

ნინო კანდელაკი აბო იაშაღაშვილი

სამიკიტნოს ურდულები
  სომხების სასაფლაოზე მოკლულ გვამს არც ბაშფორთი აღმოაჩნდა, არც სხვა ამოსაცნობი. მკვლელობა აქ იშვიათი არ იყო. აქაურობას აბრუ ჰქონდა გატეხილი. ეს ალაგი ცნობილი იყო, როგორაც ათასგვარი მამაძაღლობისა და უკუღმართობის ალაგი. იქვე გამართული დუქნები იყო ადგილი და თავშესაფარი ათასგვარი მანკიერი ხალხისა, ალან-თალანითა და ძარცვა-გლეჯვით რომ ცხოვრობდნენ, ეს დუქნებიც იყო აშენებული სახელდახელოდ, ზოგი ძველი და მიყრილი აგურით ანაც მატლებისა და ვირთხების გამოხრული ფიცრებით, ერთი მეორის გვერდით იყო მიწყობილი ყოველგვარი წესისა და რიგის გარეშე. ეს დუქნები ადრიდანვე დიდი ავაზაკური ბუნაგები იყო და პოლიციას დიდი ძალისხმევა დასჭირვებოდა, ისინი აქედან რომ აელაგმა. ის ჯიბგირები მერე დიდუბის დუქნებს შეფარებოდნენ, ახლა კი ისევ მობრუნებულიყვნენ და ისევ მომრავლებულიყო უიერო ალაჩუხები შიგ მანკიერებითა და ავხორცობით. პოლიციამ სწორედ ამ დუქნებს დაუარა ჯერ და ვინც შიგ დაუხვდა და თვალში არ მოუვიდა, საპოლიციო ეტლში ჩაყარეს და მეტეხის ციხისკენ გააქანეს. მათ შორის მოხვდნენ სამუილ პაპისმამედოვი, პირველი სასჯელი დარიჩინის ქურდობაზე რომ მოეხადა და ციხიდან ახლა გამოსულიყო; ბებერი გოგილო პირუმოვი, ერთ ხელზე თითების გარეშე, თავისსავე დამქაშებმა რომ მიაჭრეს; კარაპეტ ჟამკაცევი, წვრილი ქურდი, პირველად იადონის გალიის მოპარვის გამო რომ დაეჭირათ; ნიკო რაზმაძე, გაქცევა რომ სცადა და ოტო სიმენსის საფლავთან დაეწიენ და დათიკო როინაშვილი, გალოთებული ქურდი, დაშლილი ღვიძლითა და აკანკალებული თითებით. ეტლში სხვებთან ერთად უფლისოვიც მოხვდა, მკვლელობა ვისაც დაენახა.
  ანნა პეტკუს-პენკუს – ქურდი, თაღლითი, შეკრა შაიკა ალექსანდრე ტოლოჩკოსთან და კიდევ ერთ ებრაელ ქალთან ერთად. ისინი იტყუებდნენ მდიდარ ხალხს ტოლოჩკოს ბინაზე, გრიბოედოვის ქუჩაზე და იქ ქურდავდნენ. ისინი წვეულებას მართავდნენ, გააწყობდნენ სუფრას შამპანის ღვინოებით და დელიკატესების მაღაზიიდან ალჟირულ ფინიკებს, ჰოლანდიურსა და შვეიცარიულ ყველს ამოიტანდნენ, ჯოვანის დუქნიდან – შებოლილ ძეხვეულს და იწვევდნენ ჩინოვნიკებს, გადამდგარ ოფიცრებს, მეორე გილდიის ვაჭრებიც გარეულან არაერთი. ამ ხმაურსა და ორომტრიალში კი ქურდობდნენ. თან ცდილობდნენ ერთმანეთისათვის უცხო ხალხის მოკრებას, ეჭვი ერთმანეთზე რომ აეღოთ და ამით სარგებლობდნენ. პეტკუს-პენკუსი და ებრაელი ქალი კი ღიმილითა და ფლირტაობით თვალს უხვევდნენ იქ მყოფთ და ყურადღებას უფანტავდნენ. ასეთი ხელობის ქალს ხიპესნიცა ერქვა. რუსულად ასე იხსენიებდნენ. სპარსეთის ქვეშევრდომი იუხან იბნ ილია უჩივის ერთ ასეთ მარუსიას, რომელმაც თავი ქუჩაში გააცნობია და შემდეგ სასტუმრო „იმპერიალში“ გაქურდა. პეტკუს-პენკუსი კი კაი ხანს მისდევდა ამას დამქაშებთან ერთად და ბევრი სხვადასხვა წოდებისა და წრის ადამიანი შემოეტყუებიათ და გაეძარცვათ. ბოლოს ყველა ერთად 1904 წელს დაიჭირეს.
  გინო პეტრუსოვი – ქურდი, კინტო. 1869 წელს მექოთნეთა რიგში ზურნით ხელში რომ მოდიოდა, გატეხა ხატის მინა, ზედ დააფურთხა და ამაზე დააკავეს. ის გაასამართლეს მკრეხელობის მუხლით. ამავე მუხლით ისჯებოდა ეკლესიის ფულის მოპარვაც. ასე 1880 წელს ნიკო ტუნიბეგოვი ქაშვეთის ეკლესიის თუნუქის კოლოფის მოგლეჯვის გამო დაიჭირეს. კიბო ბექაძე კი 1900 წელს კალოუბნის ეკლესიიდან თუნუქის ჭიქის ბოქლომის მოგლეჯასა და ფულის ამოღების გამო. იპარავდნენ მეჩეთიდანაც, სინაგოგიდანაც, რის გამოც 1907 წელს დაიჭირეს ისხა ჩაჩანაშვილი და ილია ახალკაციშვილი. არ იყო ეს იშვიათი, არ იყო რამ გაუგონარი. მღვდლების გაქურდვაც ჩვეულებრივად გაისმოდა. კათოლიკეთა ეკლესიის წინამძღვარი გაქურდეს უბოდიშოდ, ოგან ხეჩუმოვმა კი მღვდელ ინიევს მოგლიჯა ოქროს ჯვარი და ჯაჭვი.
  პლატონ პროტასევიჩი – 90-იანი წლების ბოლოს თაღლითი, აფერისტი, გასტროლიორი ტფილისში, ცნობილი მთელ რუსეთის იმპერიაში. ტფილისში დაიარებოდა თეთრი ყაბალახითა და შავი ნაბდით, თავს პოლკოვნიკად ასაღებდა და სამოსიც შესაბამისი აერჩია. ამ იერით სარგებლობდა, ნაცნობობას იჭერდა შეძლებული ფენის მოსახლეობასთან და სხვადასხვა სახით დასტყუებდა მათ ფულს. თაღლითები, მის გარდა, ტფილისში ბევრნაირი დაიარებოდნენ. თაღლითობაც სხვადასხვა აერჩიათ: 1. ზოგიერთი, ასევე კარგად ჩაცმული, მაღაზიებში შედიოდნენ, იქ სხვადასხვას აიღებდნენ და საფულის შინ დარჩენას იმიზეზებდნენ. ნივთებს ხელის ბიჭს წამოაღებიებდნენ იმ პირობით, რომ მას სახლში გაუსწორდებოდნენ. გზაში რაიმეს დარჩენას შეიცხადებდნენ და ბიჭს მის მოსატანად უკან გააბრუნებდნენ, ასე მოიშორებდნენ, თვითონ კი ნივთებთან ერთად გაქრებოდნენ. 2. იყვნენ ისეთებიც, თითქოს რაიმე საქონელს რომ ყიდდნენ და ამაში ბეს აიღებდნენ და შემდეგ მიიმალებოდნენ. 3. ამის ნაირსახეობას წარმოადგენდა ტვირთის გაყიდვა, რომელიც თითქოს გზაშია, რამდენიმე დღეში იქნება მიღებული და თანხას წინასწარ გამოართმევდნენ. 4. არსებობდნენ შემოწირულობის ამკრეფნიც, ყალბი მოწმობით რომ აგროვებდნენ ფულს არარსებული საქველმოქმედო ან საგანმანათლებლო საზოგადოების სასარგებლოდ. 5. კიდევ ფულის დამხურდავებელნი, როცა მსხვილ ფულს წვრილში ცვლიდნენ, ან პირიქით და ამ დროს ან ყალბ ფულს შეაპარებდნენ, ან ფულს დააკლებდნენ. 6. პორტმანეს დამგდებები და მსხვერპლის ჩხრეკვისას მისი საფულიდან ფულის ქაღალდებით შემცვლელნი. 7. ყალბი სიძველისა და განძის გამყიდველნი. 8. ყალბი სინჯის დამსმელნი, როცა იაფ ფასიან ლითონზე ოქროს ან ვერცხლის სინჯს სვამენ და შემდეგ ყიდიან, როგორც ძვირფას ლითონს. 9. ყალბი ქვებისა და განსაკუთრებით, ყალბი ბრილიანტების გამყიდველნი. 10. ბეჭდის მპოვნელნი. 11. ბანკის შენობაში ფულიანი პორტფელის გამომცვლელნი და სხვა ასეთი. ტფილისს ახსოვს ასევე აფერისტი გრიგორი ნახაპეტიანი, იგივე ეზეგელ ქარაბუქიანი, ვინაც თავს თითქოსდა ავლაბარში მშენებარე პროჟეკტორ „ელექტროთეატრის“ დირექტორად ასაღებდა, ამ საბაბით ფულს დასტყუებდა და დაკავებისას მას 12 ათასი მანეთი აღმოუჩინეს.

скачать dle 11.3