კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№18 „დეზერტირების“ ბანდა მთელ ამიერკავკასიას აწიოკებდა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

                                           „დეზერტირების“ ბანდა
  მეორე მსოფლიო ომი ჯერ კიდევ მძვინვარებდა, როდესაც ფაშისტებისგან გაწმენდილ ამიერკავკასიაში უკანონო შეიარაღებული დაჯგუფება გამოჩნდა. ეს იყო ბოროტმოქმედ-მძარცველთა ბანდა, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას აწიოკებდა. ძარცვავდა მათ და მოსვენებას არ აძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ მათთან საბრძოლველად მთავრობამ კავკასიელ „ჩეკისტთა“ გამოცდილი ძალები ჩააბა, ბოროტმოქმედთა მოხელთება ვერ ხერხდებოდა. კავკასიელ ძალოვნებს მათზე მწირი ინფორმაცია ჰქონდათ. დანამდვილებით მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ბოროტმოქმედთა რიგებში არაერთი დეზერტირი იყო. ამიტომ მათ, პირობითად, „დეზერტირების“ ბანდა უწოდეს. ისინი ძალიან დიდ ტერიტორიაზე მოქმედებდნენ და ჩრდილო კავკასიიდან მოყოლებული, საქარველოშიც გადმოდიოდნენ. ძალოვნები ვარაუდობდნენ, რომ ბანდაში 50-55 ადამიანი იყო გაერთიანებული. მათ ჰქონდათ დიდძალი, მრავალნაირი შეიარაღება და ტყვია-წამალი. ისიც ნათელი იყო, რომ ბოროტმოქმედებს კარგი სამხედრო მომზადება ჰქონდათ. მთიანეთში კი არაერთი მფარველი ჰყავდათ. დაუდგენელი იყო ბანდის მეთაურის ვინაობაც. 1945-1947 წლებში ბანდის ანგარიშზე ასზე მეტი ძარცვა-ყაჩაღობა იყო. მოკლული ჰყავდათ 11 „ჩეკისტი“ და 2 მოქალაქე. ბანდის წევრებიდან „ჩეკისტებს“ კი მხოლოდ ოსმან უსაევი ჰყავდათ დაჭერილი. ის ერთ-ერთი შეტაკებისას ფშავის მაღალმთიანეთში მძიმედ დაიჭრა და ამგვარად შეიპყრეს. ბოროტმოქმედი თბილისში ჩამოიყვანეს და სიკვდილს გადაარჩინეს. შემდეგ ის სამკურნალოდ ციხის საავადმყოფოში დააწვინეს, თან მის საქმეს იძიებდნენ.
გაქცევა
  1947 წლის 20 აგვისტოს თბილისის ციხის საავადმყოფოდან 24 წლის ოსმან უსაევი და 32 წლის თენგიზ ჟურული გაიქცნენ. ჟურულს 25-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი დეზერტირობისა და ინკასატორზე თავდასხმისთვის. ციხის საავადმყოფოში კი მას შემდეგ მოხვდა, როცა საკანში ეპილეფსიის შეტევა გაითამაშა და ზედამხედველები მოატყუა. უსაევი და ჟურული ერთ პალატაში იწვნენ, იქ გაიცნეს ერთმანეთი და მესამე დღეს კიდეც გაიქცნენ. ღამის სამი საათი იყო, როდესაც ჟურული ფეხაკრეფით აპირებდა პალატიდან გასვლას, რომელიც წესით, ჩაკეტილი უნდა ყოფილიყო.
– თენგიზ, როგორც ვხდები, გარბიხარ და მეც თან წამიყვანე. გარწმუნებ, რომ არ წააგებ, – მოესმა ჟურულს უსაევის ხმა. ჟურულმა ჯერ იუარა, მაგრამ შემდეგ დაეთანხმა. ავადმყოფი პატიმრები კი შენობიდან ექიმმა ომარ ჯახუამ გაიყვანა, რომელიც ჟურულს მოსყიდული ჰყავდა. მართალია, ჯახუამ უსაევის გაპარებაზე უარი განაცხადა, მაგრამ ჟურული მას დაემუქრა:
– კრინტი არ დაძრა, თორემ აქვე მიგახრჩობ. მაინც უნდა დაიმალო და შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, რამდენ კაცს გააქცევ. სამაგიეროდ, აქედან რომ გავალთ, კიდევ 50 ათას მანეთს მოგცემ.
ჯახუამ პატიმრებს ექიმების ხალათები გადააცვა და სანიტარული მანქანით ისე დატოვეს ციხის ტერიტორია, რომ მგზავრების ვინაობით არავინ დაინტერესებულა. სამშვიდობოზე რომ გავიდნენ, ჟურულმა უსაევი და ჯახუა სოლოლაკში მიიყვანა, ექიმს სამალავიდან 20 ათასი მისცა და უთხრა:
– დანარჩენ 30 ათასს მერე მოგცემ. ახლა კი აიღე ეს ფული და გაქრი...
ექიმი რომ წავიდა, ჟურულმა უსაევს 30 ათასი მანეთი უჩვენა და უთხრა:
– აი, ძმაო, ეს ფული კარგა ხანს გვეყოფა. მანამდე შენც მომჯობინდები. შემდეგ კი ავჩალიჩდეთ. იარაღი გადამალული მაქვს და საიმედო ბინაც მოიძებნებაო.
ციხიდან გაქცეული წყვილი მთაწმინდაზე, ერთ-ერთ კერძო სახლში დაბინავდა, რომელიც ქვრივ ექიმ ქალს, შორენა კვაჭანტირაძეს ეკუთვნოდა. შორენა უსაევს ისე გააცნეს, თითქოს ჟურულის საყვარელი იყო. სინამდვილეში კი ჟურულიც და კვაჭანტირაძეც „ჩეკისტები“ იყვნენ და სპეციალური ოპერაციის ფარგლებში მოქმედებდნენ. ამგვარად, ციხის საავადმყოფოდან გაქცევა ამ ოპერაციის ნაწილი იყო და ექიმი ჯახუაც „ჩეკას“ დავალებას ასრულებდა.
მახე
  ოპერაციის გეგმის მიხედვით, თენგიზ ჟურულს, სინამდვილეში კი უშიშროების კაპიტანს, თეიმურაზ გეგეჭკორს უსაევის მეშვეობით „დეზერტირთა“ ბანდაში უნდა შეეღწია და ისინი მახეში გაება. გეგმა რამდენიმე ვარიანტად იყო დამუშავებული. მთავარი მიზანი კი ბანდის აყვანა იყო, მთლიანის თუ არა, ნახევრის მაინც. მნიშვნელოვანი იყო ბანდის მეთაურის დადგენა და უკიდურეს შემთხვევაში, მისი ლიკვიდაცია. 1948 წლის 30 დეკემბერს თეიმურაზ გეგეჭკორმა „დეზერტირების“ ბანდა, რომლის შემადგენლობაში იმ პერიოდში 61 ადამიანი შედიოდა, თბილისში ჩამოიტყუა. ბანდიტები ნაწილ-ნაწილ შეგროვდნენ საქართველოს დედაქალაქში, ისინი ღამის 2 საათზე ბანკიდან მომავალ უზარმაზარ ფურგონს უნდა დასხმოდნენ თავს, რომელსაც თითქოს, მოსკოვში გასაგზავნი 4 მილიონი მანეთი, 60 კილოგრამი ოქრო და ძვირფასი თვლები უნდა გადაეტანა აეროდრომში. თავდასხმა ავლაბარში, სომხურ ეკლესიასთან უნდა მომხდარიყო. თავდასხმის გეგმა საგულდაგულოდ იყო შედგენილი და ყველამ იცოდა, როგორ უნდა ემოქმედა. „დეზერტირები“ ავლაბარში, ერთ-ერთ კერძო სახლში იყვნენ დაბანაკებული და როდესაც საქმეზე უნდა წასულიყვნენ, სწორედ ამ დროს გაისმა რეპროდუქტორში პოლკოვნიკ ლეჟავას ხმა:
– ალყაში ხართ! სახლს სამმაგი რკალი აქვს შემორტყმული, გაქცევის მინიმალური შანსი არ გაქვთ. ათ წუთში თუ უიარაღოდ არ გამოხვალთ, ცეცხლს გავხსნით და ყველას ამოგხოცავთ!
თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ მთელი ბანდა „ჩეკისტებმა“ აიყვანეს, ხოლო თეიმურაზ გეგეჭკორმა მანამდე მოახერხა გამოპარვა.
„დეზერტირების“ ბანდის მეთაური, 41 წლის ინგუში, ძებნილი სამხედრო დამნაშავე ასლან კოჩიევი იყო. მას „აბვერის“ სადაზვერვო სკოლა ჰქონდა გავლილი და ომის დროს ფაშისტების დავალებებს ასრულებდა. შემდგომ კი ბანდა შეკრიბა და ხალხს აწიოკებდა. კოჩიევი ამ ოპერაციის წარმატებით დამთავრების შემდეგ ოქროსა და ფულის მითვისებას და საზღვარგარეთ გაქცევას აპირებდა. თუმცა არაფერი გამოუვიდა.
კოჩიევი და მისი 29 თანამზრახველი გაასამართლეს და დახვრიტეს. თეიმურაზ გეგეჭკორს კი მაიორის წოდება მიანიჭეს და წითელი ვარსკვლავის ორდენი გადასცეს.

скачать dle 11.3