კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 როგორ დაამარცხა დუდუ სტურუამ კორონავირუსი და რატომ არ ჰქონდა მას შიშის განცდა

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ქუთაისში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი დუდუ სტურუა კლინიკიდან ტაშით გააცილეს. ვიდეო საკმაოდ ემოციურია და ამ ყოველივესთან დაკავშირებით თავად პაციენტმა საკუთარ „ფეისბუქ-გვერდზეც“ დაწერა.
  დუდუ სტურუა: 17 მარტს ჩამოვედი საფრანგეთიდან, იქ მაგისტრატურაზე ვსწავლობ, მაგრამ როცა ასეთი სიტუაცია შეიქმნა, გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი. არანაირი სიმპტომი არ მქონია. აეროპორტში ტემპერატურაც გამიზომეს, მაგრამ არ აღმომაჩნდა. მუხედავად ამისა, მაინც გადამიყვანეს კარანტინში. საირმეში ვიყავი რამდენიმე დღე, სადაც ვირუსისთვის დამახასიათებელმა სხვადასხვა სიმპტომმა დაიწყო გამოვლენა. პირველი, რაც იყო, ჩამოსვლიდან ერთ კვირაში 37 გრადუსამდე ამიწია სიცხემ და ცოტა ყელი ამტკივდა. ასევე, გემოსა და ყნოსვის შეგრძნება დავკარგე, რაც აშკარად გამოხატული მქონდა. თუმცა, საწყის ეტაპზე ამისთვის არ მიმიქცევია ყურადღება. მერე გავიგე, რომ შეიძლება, ესეც ერთ-ერთი სიმპტომი ყოფილიყო. ეს ყველაფერი რომ გამოიკვეთა, დავრეკე სასწრაფოში. გადამიყვანეს ქუთაისის კლინიკაში, კორონავირუსზე გამიკეთეს ტესტი და დადებითი პასუხი მოვიდა.
– ანუ, საფრანგეთში ყოფნისას უკვე დაინფიცირებული იყავით?
– დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ჩემი აზრით, ვირუსი საფრანგეთში შემეყარა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ არავისთან მქონია კონტაქტი. თვითმფრინავში სამკაციან სკამზეც მთელი გზა თითქმის მარტო ვიჯექი, ჩამოფრენამდე ცოტა ხნით ადრე მესამე სკამზე ჩამოჯდა ერთი ადამიანი.
– რა სიმპტომებით მიმდინარეობდა ვირუსი დადასტურების შემდეგ?
– ჩვეულებრივად მიმდინარეობდა, რაიმე გართულება არ მქონია. სიმართლე გითხრათ, ეს ამბები რომ არ ყოფილიყო, ამ ვირუსს ისე გადავიტანდი, ვერც გავიგებდი. უბრალო გაციების დროს უფრო მეტი დისკომფორტი მაქვს ხოლმე, ვიდრე კორონავირუსის შემთხვევაში იყო. ყელის ტკივილმა და სიცხემაც მალე გამიარა. ვირუსისთვის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომი – სუნთქვის გაძნელება და ხველა არ მქონია. სიცხე რომ მომცა, იმ დღეს ცოტა მომთენთა და უმნიშვნელო თავის ტკივილიც მქონდა, თვალებთანაც მტკიოდა, როგორც იცის ხოლმე ტემპერატურის აწევისას, მაგრამ განსაკუთრებული – არაფერი. თუმცა, აღსანიშნია ის, რომ იცვლებოდა სიმპტომები, სამი დღე კარგად რომ ვიყავი, მერე ისევ ყელი ამტკივდებოდა, ისევ ამიწევდა ტემპერატურა... რაც შეეხება ტემპერატურას 37-37,3 გრადუსზე მაღალი არ მქონია.
– ტესტის დადებითი პასუხი რომ გაიგეთ, შიშის განცდა არ დაგეუფლათ?
– საფრანგეთში სულ სხვა რეალობა იყო ვირუსთან დაკავშირებით, თავიდან ამ ყოველივეს არასერიზულად შეხედეს და ეს განწყობა იქიდან გამომყვა. საერთოდ არ მქონდა იმის განცდა, რომ რაიმე განსაკუთრებული ვირუსი შემეყარა. ისეთი მოლოდინი იყო, რომ ეს იქნებოდა ჩვეულებრივი გაციება ან გრიპის მსგავსი ვირუსი. თუმცა, ტესტის დადებითი პასუხი ჩემთვის დიდი მოულოდნელობაც არ ყოფილა. დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ დამიდასტურდებოდა, რადგან ყველა სიმპტომი ამაზე მიანიშნებდა. შიშის განცდა არ მქონდა, უბრალოდ, როცა ბევრმა გაიგო და მირეკავდნენ, ისეთი ხმით მელაპარაკებოდნენ, ამან ცოტა იმოქმედა.
– როგორ მიდიოდა მკურნალობის პროცესი?
– ქუთაისის საავადმყოფოს პირველი ვირუსიანი და ასევე, პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ვარ. ყველანაირად მომზადებულები იყვნენ. ალბათ, პირველი შემთხვევა რომ ვიყავი, ცოტა მოულოდნელობის განცდა ჰქონდათ, მაგრამ თავიანთ საქმეს იდეალურად ასრულებდნენ. როცა ექიმები პირველად შემოვიდნენ, უხერხულად ვიგრძენი თავი, რადგან მითანაგრძნობდნენ და ზოგჯერ მეგონა, ჩემზე მეტადაც განიცდიდნენ. ჩვეულებრივ, კონტაქტი ჰქონდათ თბილისში არსებულ კლინიკებთან, სადაც კორონავირუსით დაინცფიცირებულ ადამიანებს მკურნალობენ. როგორც ვიცი, ჩემი ანალიზების პასუხებიც თბილისში იგზავნებოდა და მედიკამენტოზური მკურნალობაც მათთან შეთანხმებით მიდიოდა.
– რამდენ ხანში მიიღეთ ტესტის უარყოფითი პასუხი? ფსიქოლოგიურად როგორი მომენტი იყო, როცა შეფუთულ ადამიანებთან გიწევდათ კონტაქტი და ყველა ერიდებოდა თქვენთან მოახლოებას?
– ვირუსი 26 მარტს დამიდასტურდა, ტესტზე პირველი უარყოფითი პასუხი კი 10 აპრილს შემოვიდა, განმეორებითი უარყოფითი პასუხი კი – 11 აპრილს. გამოდის, რომ მე-16 დღეს გამოვჯანმრთელდი. სხვა შემთხვევაში, ალბათ, უფრო მძიმედ აღვიქვამდი, მაგრამ ახლა მხოლოდ ის განცდა მქონდა, რომ მე არ გადამედო სხვისთვის ვირუსი. რაც უფრო მეტად იყო სამედიცინო პერსონალი აღჭურვილი, მეც უფრო მეტად იმედიანად ვიყავი. ადამიანის სახეს რომ ვერ ვხედავდი, ამაზე ფიქრის თავი ნამდვილად არ მქონდა. ჩემი პირველი სანერვიულო ის იყო, არ ვყოფილიყავი სხვისი დაინფიცირების წყარო.
თქვენი გამოჯანმრთელება ოვაციებით აღნიშნეს, კლინიკამ ტაშით გამოგაცილათ...
– დიახ და ვიდეოშიც ჩანს, რომ ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი, რადგან ტაში და აპლოდისმენტები ექიმებსა და ექთნებს ეკუთვნოდათ, ოღონდ ამას მართლა გულწრფელად ვამბობ. ასეთ გაცილებას ნამდვილად არ ველოდი.

скачать dle 11.3