კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 გიორგი ნადარაია მსოფლიოში ყველაზე საშიშ ეპიდემიებს ებრძოდა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  გიორგი, იგივე ნუგეშა ნადარაია პირველი ქართველი ეპიდემიოლოგი იყო, რომელმაც საბჭოთა საზღვრები გაარღვია და გაეროს მიწვევით, მსოფლიოს ცხელ წერტილებში ყველაზე საშიში ეპიდემიების წინააღმდეგ იბრძოდა.
  ლიკა ნადარაია (ფსიქოლოგი, ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის წევრი): მამა – გიორგი ნადარაია 1970-80-იან წლებში რესპუბლიკის მთავარი ეპიდემიოლოგი იყო. ის იყო გაეროს ერთ-ერთი პირველი ექსპერტი, რომელიც მუშაობდა აფრიკის ქვეყნებში, შვეიცარიაში თუ სხვაგან.
– ის საზღვრებს გარეთ საბჭოთა პერიოდში მოღვაწეობდა. ვიცით, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა ძალიან რთული იყო. მან როგორ მოახერხა?
– ძალიან რთული იყო, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვალდებული იყო, ჩართულიყო გაეროს პროგრამებში. შესაბამისად, საბჭოთა სპეციალისტები მონაწილეობდნენ გაეროს პროგრამებში. ეს ეხებოდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასაც. ექიმებს იწვევდნენ გასაუბრებებზე, რომელსაც გაერო ატარებდა საბჭოთა კავშირის მასშტაბით და მათგან ხდებოდა საჭირო კანდიდატურის შერჩევა. 1967-1968 წელს მამაჩემი მიიწვიეს ამ გასაუბრებაზე და ძალიან ბევრ ექიმს შორის არჩევანი მასზე შეაჩერეს. შემდგომ იყო უზარმაზარი პროცესი – გადამოწმება: ვინ არის, საიდან მოდის... საქმეში „კაგებე“ ჩაერთო და ბუნებრივია, ამ პირობებში ძალიან პრობლემური იყო საზღვრის გადალახვა. მამას საკმაოდ დიდი სირთულე შეხვდა. მისი მშობლები რეპრესირებულები იყვნენ, რაც მაშინ შავი ლაქა იყო და რაც არ უნდა გაგეკეთებინა, თუ შენ მოდიოდი ოჯახიდან, რომელიც გადასახლებული იყო რეჟიმის მიერ, ნიშნავდა, რომ საზღვრებს გარეთ ვერ გახვიდოდი. გაეროს ძალიან მოეწონა მამაჩემის კანდიდატურა. იმდენად, რომ მიუხედავად იმისა, მამამ ინგლისური არ იცოდა, რაც ერთ-ერთი მოთხოვნა იყო და მხოლოდ გერმანულს ფლობდა, იმდროინდელი საჭიროებიდან გამომდინარე, გაერომ დაუფინანსა სწავლა ოქსფორდის უნივერსიტეტში და მამა ძალიან სწრაფად, სამ თვეში უკვე ინგლისურად კითხულობდა ლექციებს.
– შევარდნაძესთან ჰქონდა ერთგვარი ჭიდილი, იმისთვის, რომ საზღვარი გადაელახა.
– დიახ და თან ცოლ-შვილიც წაეყვანა. მამას ეპიდემიების თვალსაზრისით მაღალი რისკის ქვეყნებში უნდა ემუშავა, ამიტომ ოჯახის წაყვანაც პრობლემა იყო. არ ვიცი, რამდენი აცრა გამიკეთეს, როდესაც აფრიკაში წამიყვანეს. მაშინ ათი წლის ვიყავი. იქ ბავშვის სწავლის საკითხიც პრობლემა იყო. ინგლისურ სკოლაში წავედი, რაც მაშინ, ასევე, არასასურველი იყო – წესით, კომკავშირში უნდა შევსულიყავი. მოკლედ, მამას ყველაფრისთვის ბრძოლა სჭირდებოდა. მაგალითად, ჩემი წაყვანის საკითხი ბოლო წუთას მოგვარდა.
– ეპიდემიის თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველ ქვეყნებში მიდიოდით, დედას არ გაუჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება?
– გაეროს გასაუბრებებზე მოხვედრაც აქედან წასვლის სურვილით იყო განპირობებული. ეს ის პერიოდია, როცა საზღვრები მეტ-ნაკლებად გაიხსნა და „რკინის ფარდის“ „ახდაც“ დაიწყო. ხრუშჩოვის პერიოდი, სხვა რეალობაა, უკვე რადიო მუშაობს, „ამერიკის ხმა“ შემოდის. მამაც და დედაც, ორივე რეპრესირებული ოჯახებიდან იყვნენ. მხოლოდ ბაბუა, დედაჩემის მამა გადაურჩა რეპრესიებს იმით, რომ ძალიან ადრე გარდაიცვალა, ცოტათი დაასწრო გადასახლებას. მაგრამ მთელი მისი საახლობლო გადასახლებაში მოყვა. ისევე, როგორც მამაჩემის მამის ოჯახი, ამიტომ დასავლეთის ჰაერის ჩასუნთქვა ორივეს ძალიან უნდოდა. სარისკო ნაბიჯი იყო, მაგრამ ახალგაზრდები იყვნენ და გადაწყვიტეს, რომ თავის გართმევა შეეძლოთ.
– ბუნებრივია, გაერომ არჩევანი მამათქვენზე შემთხვევით არ შეაჩერა, როგორი სახელით იცნობდნენ მას? რა იყო ის, რაც განსაკუთრებულად მოეწონათ მასში?
– როგორც გითხარით, მამა რეპრესირებული ოჯახიდან იყო. 17 წლის დარჩა მარტო, დასთან და უმცროს ძმასთან ერთად. მთელი ათი წელი, როცა განათლება უნდა მიეღო და პიროვნული ზრდისთვის საფუძველი ჩაეყარა, მოუწია მარტო გამკლავებოდა არსებულ რეალობას. სამედიცინოზე ჩააბარა, შემდგომ მთელი სამედიცინო ინსტიტუტი ომში წაიყვანეს, სადაც სანიტრებად მუშაობდნენ. დემობილიზაციის შემდეგ ერევანში დაასრულა განათლების მიღების პროცესი. შემდეგ ლვოვში მუშაობდა, პირველ ხაზზე. ომის დამთავრების შემდეგ კი საქართველოში ჩამოვიდა და იმ დროიდან მოყოლებული, ყოველთვის ოპერატიულ სამსახურს ეწეოდა. მოწოდებით პრაქტიკოსი ექიმი იყო და ახლა რომ ჯანდაცვის მენეჯმენტს ეძახიან, ეს იყო მისი სტიქია. შემდეგ დედას შეხვდა და რამდენიმე წლის შემდეგ მეც გავჩნდი. ამ პერიოდიდან იწყებს უფრო აკადემიურ მოღვაწეობას. პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად, ძალიან ბევრი ნაშრომი შექმნა. გაეროდან დაბრუნების შემდეგ ეპიდემიოლოგიის კათედრის გამგე იყო. დღეს ახლობლები მირეკავენ და მეუბნებიან, ნუგეშა რომ აქ ყოფილიყო, რა ამბავს დაატრიალებდაო. ყველას ახსოვს მისი დაუშრეტელი ენერგია.
– მართლაც საინტერესოა, რა ნაბიჯებს გადადგამდა ამ სიტუაციაში.
– ალბათ, იგივეს, რასაც ამირან გამყრელიძე და დღევანდელი პროფესიონალები აკეთებენ, მაგრამ ეპიდემიოლოგია იმ პერიოდში მასთან იყო დაკავშირებული. სანამ ცოცხალი იყო, საქართველოში ის უძღვებოდა ამ პროცესებს. ეტყობა, ამ ნაზავმა, ერთი მხრივ, იმან, რომ პრაქტიკოსი იყო, იცოდა რა ხდება ამ საქმეში და იმავდროულად, მისი აკადემიური მზაობაც მაღალი იყო, განსაზღვრა მისი შერჩევა გაეროს წარმომადგენლების მიერ. მანამდე ჰქონდა კიდევ ერთი ძალიან სერიოზული შენატანი ეპიდემიოლოგიის განვითარების საქმეში. იმ პერიოდში შუა აზიაში გაჩნდა ქოლერა – საშინელი ეპიდემია. მამა, სწორედ, ამ ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე იყო, რისთვისაც დამსახურებული ექიმის წოდებაც მიიღო და კიდევ მრავალი სხვა ჯილდო. ალბათ, ასეთ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლის გამოცდილებამაც განსაზღვრა მისი მომავალი.
– მიზეზი, რის გამოც მან ეპიდემიოლოგობა გადაწყვიტა, თქვენი ოჯახისთვის საკმაოდ მძიმეა.
– სამი შვილი დაკარგა ბებიაჩემმა „ესპანკის“ დროს. მაშინ ორმოც წელს იყო გადაცილებული. მაგრამ მაინც შეძლო მამაჩემის და შემდეგ კიდევ ერთი შვილის გაჩენა. მამა იყო პირველი შვილი ამ დანაკარგის შემდეგ და ბებია მას მუდმივად საკუთარ ნუგეშად მოიხსენიებდა. ეს სახელი შერჩა და ყველა ნუგეშა ნადარაიად იცნობდა. ოჯახის ტრაგედიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პროფესიის არჩევის საქმეში.
– მასთან ერთად საქართველოს ფარგლებს გარეთ გატარებული დრო როგორ გახსენდებათ?
– ლარიასთან, ხოლერასა და სხვა ეპიდემიებთან უწევდა ბრძოლა. უამრავი მასალა მაქვს ძველი ფირების სახით, რომელზეც მამას საქმიანობაა ასახული: როგორ მოგზაურობდა აფრიკაში იმდროინდელი „ჯიპით“, როგორ მკურნალობდა ავადმყოფებს. მისთვის საქმეზე წინ არაფერი იდგა. პროფესიის უზომოდ ერთგული და თავდადებული ადამიანი იყო.
– იმ პირობებში ცხოვრების გამო, იზოლირებულ მდგომარეობაში ყოფნა, ალბათ, თქვენთვის უცხო არაა.
– აფრიკაში ცხოვრება სხვანაირად წარმოუდგენელი იყო. გაეროს სტანდარტების შესაბამისად, ძალიან კარგ პირობებში ვცხოვრობდით. გვქონდა საკუთარი სახლი, გვყავდა დამხმარეები და ასე შემდეგ, მაგრამ უსაფრთხოების კრიტერიუმებს გვერდს ვერ ავუვლიდით. საქმე ეხებოდა ქვეყანას, რომელიც რისკის ზონას მიეკუთვნებოდა და შესაბამისად, არ ვიცი, რის წინააღმდეგ არ ვარ აცრილი (იცინის). 16 წლის ვხდებოდი, საქართველოში რომ დავბრუნდი. მამა მოგვიანებით ჩამოვიდა და კვლავ საკუთარ სფეროში გააგრძელა საქმიანობა.
– თქვენ რა პროფესია აირჩიეთ?
– მე ფსიქოლოგი ვარ, გარკვეული პერიოდი სამედიცინო სფეროში ვმუშაობდი. მე და ექიმმა გოგი ქავთარაძემ 1981 წელს გავხსენით პირველი ფსიქოსომატური დაავადების ცენტრი საქართველოში. მივეკუთვნები ფსიქოლოგთა პირველ ფენას, ვინც პრაქტიკულ ფსიქოლოგიას მოჰკიდა ხელი. მანამდე ფსიქოლოგია იდეოლოგიური წნეხის ქვეშ იყო და პრაქტიკული გამოყენება თითქმის არ ჰქონდა. შემდეგ ამ სფეროს თავი დავანებე და ქალთა უფლებების მიმართულებით დავიწყე მუშაობა. დღეს ვარ გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის წევრი. ვმუშაობ შვეიცარიაში, ჟენევასა და თბილისში. ასე რომ, ბავშვობის ქალაქს დავუბრუნდი და მამის გზაც გავიარე, მხოლოდ – როგორც ფემინისტმა.

скачать dle 11.3