კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 თემო ნიქაბაძე თავისი სექსუალური პოტენციალის მსოფლიო ბაზარზე გატანას კორონავირუსის გადავლის შემდეგ აპირებს

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  „კომედი შოუს“ მსახიობი, 24 წლის თემო ნიქაბაძე კორონავირუსს იმერეთში გაექცა, გადაიხიზნა. იქ ჩასული კი დროს უქმად არ კარგავს – დიზაინერობაც დაიწყო, ბიზნესმენობასაც აპირებს და ფილმის გადაღებასაც. მიუხედავად მძიმე ფონისა, რაც დღეს ქვეყანაშია, იუმორს არ კარგავს და თავის მეგობრებს სოციალურ ქსელში დადებული სახალისო ვიდეოებითა და ფოტოებით ამხიარულებს.
  თემო ნიქაბაძე: ვირუსმა დედაქალაქიდან ფარცხანაყანევში გადამხიზნა, აქ გავდივარ თვითიზოლაციას. ამინდი მაძლევს იმის საშუალებას, ეზოში ვინავარდო, ყვავილებს ვეფერო და ვინარნარო. ჯერჯერობით კარგად მიდის იზოლაცია, მაგრამ რომ მომწყინდება ეს ნარნარი, მერე რა ვქნა, ეგ უკვე, აღარ ვიცი. დიდი ეზო მაქვს და დავრბივარ, ვვარჯიშობ, დროს ვკლავ. თან, ხეებზე ფოთლებისა და ძაღლის კუდის ქიცინის დათვლაც დავიწყე. ექსპერიმენტებს ვატარებ და ახლა ვაპირებ, მუსიკის ფონზე გავარკვიო, საათში რამდენჯერ იქნევს ძროხა კუდს შვიდი საათის განმავლობაში. თან, ჩემს ძროხებს უცხოური მუსიკის მოსმენა უყვართ, განსაკუთრებით რიანა და იმას ჩავურთავ. რიანასა და ჩემი ურთიერთობის ამბავი, ჩემმა ძროხებმა კი არა, მთელმა საქართველომ იცის და მარტო კუდის ქნევის დათვლა კი არა, თუ ფილმიც გადავიღე – „სიყვარული ბოსელში“, არც ეს გაგიკვირდეთ – რიანას მუსიკა, ძროხის კუდის ქნევა და ფილმიც მზადაა (იცინის).
– ამ პანდემიის დროს, რიანა რომ ვეღარ ჩამოდის, როგორ გრძელდება თქვენი დისტანციური სიყვარული?
– ერთხელ იყო ჩამოსული. კი არის ჩაკეტილი საზღვრები, მაგრამ ვერტმფრენით, ჩუმად ჩამოფრინდა ჩემთან რამდენიმე საათი და მერე უკან
დაბრუნდა. ასე ვიტანჯებით, მე – ფარცხანაყანევში და რიანა – ლოს-ანჯელესში, გადარეულები ვართ ორივე. სანამ ვირუსი დაიწყებოდა, მანამდეც იყო ჩამოსული, მე კალიფორნიაში მინდოდა წასვლა, რომ ხალხის თვალს მოვრიდებოდით, მაგრამ რიანამ – საბუდარას ტყე ჯობიაო და იქ ვიყავით. რაღა დაიმალებოდა და ფოტოც დავდე სოციალურ ქსელში. სხვათა შორის, შვილიც გამიჩინა რიანამ და მისი ფოტოც დავდე. თავად არ უნდოდა გახმაურება და ამის გამო ვიჩხუბეთ: ხომ გთხოვე, არ დადო ჯერ ბავშვის ფოტო, არ მინდოდა ხალხს გაეგოო. მაგრამ, ოდესმე ხომ გაიგებდნენ და ისევ ჩემგან ჯობდა. ჩემნაირი ცხვირი აქვს ჩემს ბიჭს, ნაკვთებითაც ზუსტად მე მგავს, ტანით კი დედის, რიანას ასლია. ჯეისონ ნიქაბაძე, ლოს-ანჯელესში გაჩნდა და იმედია, მალე ვნახავ. სხვათა შორის, ირინა შეიკისგანაც მყავს 6 წლის შვილი – ვალოდია და არც მის მეურვეობაზე მითქვამს უარი. რიანამ რომ შემიყვარა, იცოდა, რომ შვილი მყავდა და არ ჰქონია პრობლემა. ასეთი მაჩო ვარ და კი მიწევს ახლა ჩემი სექსუალური პოტენციალის დაოკება, ფარცხანაყანევში. ამას წინათ ვთქვი, სიყვარულში ბრძოლა წავაგე-მეთქი... რიანა რომ არ მინახავს დიდი ხანია, ბრძოლის წაგებაა, აბა, რა არის? თუმცა, არა უშავს, ვირუსის გამო, ჩემს სექსუალურ პოტენციალს მობილიზებას ვუკეთებ და მერე გავალ მსოფლიო ბაზარზე. აბა, რაც საზღვრები ჩაკეტეს, ყველა ქალთან სიყვარულში ბრძოლა წავაგე. აი, რომ მოშორდება ეს კორონა, ირინა შეიკს ვნახავ პირველად, მერე, სტაბილიზაციას რომ გაივლის, ალა პუგაჩოვა გამოკეთდება,
ჩავაკითხავ მოსკოვში და ამის მერე, რიანასთან ჩავალ ლოს-ანჯელესში. გაიხსნას საზღვრები და მოვიტანტალებ მსოფლიოს. სულ მალე დაბადების დღე მაქვს და სავარაუდოდ, რიანაც ჩამოვა. მაგრამ, რახან კარანტინია, ვერ მოვლენ ჩემი ძმაკაცები და ვაპირებ, მათი ფოტოები ამოვბეჭდო, გამოვაკრა კედელზე და ასე გავატარო დრო.
– ფოტოების გამოკვრას, სოციალური ქსელით რომ ჩაერთო და მიუჭახუნო ჭიქა, არ ჯობია?
– რას ამბობთ? „სკაიპში“ სამ ადამიანზე მეტის ჩართვა როგორ შეიძლება და ვაწყენინო დანარჩენებს?
– ფარცხანაყანევში გახიზნულმა, დიზაინერობაც ხომ დაიწყე. სოციალირ ქსელში დებ ფოტოებს, სადაც შიშველ ტანზე ხან ბალიში, ხან საბანი, ხან „პარავოი ატაპლენია“ და ხან ტაშტი გაქვს მორგებული.
– დიახ, იმერეთში ჩამოსულმა, დიზაინერობა დავიწყე, მაგრამ უცხოეთი ჩაკეტილი რომ არის, ჩემი ნამუშევრები ვერ გადის და ვერ ვყიდი. სხვათა შორის, ჩემეული ხედვით შექმნილი ნიმუშები ვირუსისგან იცავს ადამიანს – სპეციალურად მაგისთვის შევქმენი. ასე რომ, ვირუსთან ბრძოლის ჩემეული მეთოდი შევიმუშავე და არც მე დამიკარგავს დრო უქმად. ტაშტ-საბან-ბალიშ-ატაპლენიააფარებული არ დავდივარ ქუჩაში, ჯერ ვტესტავ და კამერასთან ვპოზიორობ. მაცივრის მორგებაც მინდოდა, მაგრამ მძიმე იყო და მოვიფიქრებ რამეს. ასე რომ, ყველაფრისთვის მზად იყავით და თუ მაცივარ ჩაცმულ-შემოკრული მიხილეთ ქუჩაში, არც ეს გაგიკვირდეთ.
– გავიგე, მთავრობაზე ნაწყენი და გაბრაზებული ხარ, პირბადეებს რომ გვთავაზობს, ცხვირბადეებს რატომ არ კერავენ, დიდცხვირიან ადამიანებს დაცვა არ გვინდაო?
– დიახ, მთავრობაზე გაბრაზებული ვარ და ეს, ჩემს „ფეისბუქ-გვერდზეც“ დავწერე საჯაროდ. განცხადება გავაკეთე, ველოდები და თუ რეაგირება არ მოჰყვა, სხვა რა გზაა, მერე თვითონ დავიწყებ გამოგონებას. ამბობენ, ჰაერით გადადის ეს ვირუსიო და მარტო პირის აკვრა არ გვეყოფა, ცხვირის დაცვაც ხომ გვჭირდება და ვისაც დიდი ცხვირი გვაქვს, რა ვქნათ, რა გავაკეთოთ?
– მერე, სასქესო ორგანოებზე ტაშტების აფარებას, ცხვირის ასაფარებლის დიზაინის მოფიქრებაზე რომ გეზრუნა არ ჯობდა?
– დრო ჯერ მაქვს და ცხირის დასაცავი მოდელების დიზაინებსაც შევქმნი, რომელიც აფთიაქებში გაიყიდება. ზუსტად ვიცი, დიდცხვირიანების
რიგიც დადგება. იცით, რა მენატრება ყველაზე მეტად თვითიზოლაციაში? – შაურმა. როდის გაიხსენება, ერთი სული მაქვს. კი მითხრეს, შენით გეცადაო, მაგრამ კულინარიაში ძალიან სუსტი ვარ. მესიზმრება, მეშაურმე აკეთებს შაურმას, მახარბებს, იცინის, გავრბივარ და ვერ ვაღწევ იქამდე და ამ კოშმარში მეღვიძება. ასე, ყოველ ღამე, გავრბივარ შაურმისკენ და ოფლიანი და მშიერი ვიღვიძებ. ისე, იდეა მქონდა და მინდოდა, მთავრობისთვის შემეთავაზებინა, როგორც ცხრა საათის მერე გარეთ გასვლა აგვეკრძალა, ისე აგვიკრძალონ ცხრა საათის მერე ჭამაც, მაგრამ ყველა ოჯახს ვერ გააკონტროლებენ. მე თუ მოვედი პრეზიდენტად, ყველა ოჯახში დავამონტაჟებ ვიდეოთვალს და გავაკონტროლებ, რომ ღამის ცხრა საათის მერე არავინ ჭამოს. თუ არ დამემორჩილებიან, დავაჯარიმებ და ორი დღით შიმშილობას „გამოვუწერ“. ეს – ჩემი გაპრეზიდენტების მერე და ყველაფერი როცა ჩაივლის, თორემ ახლა ვჭამოთ რამდენიც გვინდა.
– თუ ჭამა აკრძალე და თან, ვიდეოკონტროლიც დააწესე, ხალხი პრეზიდენტად აგირჩევს?
– მე ფარცხანაყანების პრეზიდენტი მინდა გავხდე, თორემ საქართველოს პრეზიდენტობის პრეტენზია არ მაქვს. მანამდე გავხსნი ფარცხანაყანევში საკუთარ ტელევიზიას, ყველა ფილმში ცნობილ მსახიობებს ჩემს თავს დავადებ, რეკლამებშიც მე ვიქნები, რომ ყველას მე ვეგონო და ასე შევაყვარებ თავს და ამირჩევენ. ამას კი მოვახერხებ, მაგრამ იცით, უფრო რაზე ვნერვიულობ? ერთ წელში თბილისურ კილოზე საუბრის ლიზენციას ვიღებდი და ახლა, თუ „ზევიდან“ არ ჩავრიე ვინმე, ამის უფლებას ჩამომართმევენ. ამ ვირუსმა ყველა გეგმა ჩამიგდო, ისევ შემოვიდა ჩემს ლექსიკაში კილო და „ტო“, ანუ, ჩემს მეტყველებაზეც იმოქმედა. ვირუსი რომ გაივლის და ისევ დავბრუნდები დედაქალაქში, პირველ რიგში, მერიაში მივალ და დავწერ განაცხადს – ეს რამდენიმე თვე გამიქვითონ, რაც სოფელში ვიყავი.
– სოციალურ ქსელში რომ დაწერე: ცხოვრება კიბეა, მაგრამ მე 5 თეთრი მაქვს და ლიფტით ავალო, რატომ გვატყუებ? სად არის ფარცხანაყანევში ლიფტი?
– ლიფტი არ მაქვს, მაგრამ ხუთთეთრიანებს ვაგროვებ და ამაზეც ვმუშაობ: ორსართულიანი სახლი მაქვს, მინდა, ლიფტი ჯერ ჩემთან დავტესტო და მერე, მეზობლებზეც გადავიდე. ვირუსმა ჩემში მარტო დიზაინერის კი არა, ბიზნესმენის ნიჭიც გააღვიძა – დავუმონტაჟებ ფარცხანაყანევის მოსახლეობას ფასიან ლიფტს და იქიდან შემოსული თანხა, ჩემს ჯიბეში ჩავა (იცინის).
– სიმართლე მითხარი, კომენდანტის საათის დროს გარეთ ცხვირი არ გაგიყვია?
– არ დაგიმალავთ და კომენდანტის საათის დროს ეზოს ჭიშკრიდან ცხვირი ერთი-ორჯერ გავყავი გარეთ, მაგრამ პატრულის გამოჩენამდე, მოვასწარი უკან შემოყოფა და გადავრჩი 3 500 ლარის გადახდას.
– დარღვევის გამო ჯარიმა ხომ 3 000 ლარია და შენ 3 500 ლარს რატომ გადაიხდიდი?
– რატომ და, მთავარი ორგანო მქონდა გარეთ და ამიტომ მე ხუთასი ლარი ცხვირის დამემატებოდა.

скачать dle 11.3