კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 ეკა კვალიაშვილი: აქამდე ვეძებდი, ახლა უკვე პოვნის ეტაპზე გადავდივარ

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: ეკა.
გვარი: კვალიაშვილი.
პროფესია: მუსიკოსი.
– მოგონებები ბავშვობიდან...
– კარგი, თბილისური ოჯახი მქონდა. ერთად ბედნიერად ვცხოვრობდით. მამას უამრავი მეგობარი ჰყავდა, ხანდახან ღამეც გვესტუმრებოდნენ გიტარით, სიმღერით... გაიშლებოდა სუფრა და იყო ჟრიამული. ჩემი დებიუტი სცენაზე მოხდა წლის და სამი თვის რომ ვიყავი – ჯულიეტა ვაშაყმაძეს მიჰყავდა საბავშვო გადაცემა და იქ მიმიწვიეს. გადაცემაში მისვლამდე სახლში დედა მამეცადინებდა – იატაკის ჯოხს მიაყუდებდა სკამზე მიკროფონის ნაცვლად და მეუბნებიდა: ეკა, ეს არის მიკროფონი, აქ იმღერეო. გადაღებამდე ჯულიეტამ ძალიან პატარაა და იქნებ რეპეტიცია გავატაროთო. არ ვიმღერე. დედამ მკითხა, რატომ არ ვმღეროდი და ვუპასუხე: იმიტომ, რომ ეს იატაკის ჯოხი არ არის-მეთქი (იცინის). ის მეგონა მიკროფონი. საბოლოოდ, სკამზე დამაყენეს და მამიდაჩემის, მარიკა კვალიაშვილის სიმღერა ვიმღერე: „შენ ტანადო, შენ ლამაზო“. უცანური ბავშვი ვიყავი, არ მიყვარდა ნაყინი, ხაჭაპური, ტორტი... ფანტასტიკური ბავშვობა მქონდა, პავლოვზე საოცარ ეზოში ვცხოვრობდი, არაჩვეულებრივ ხალხთან ერთად.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– ჩემი პროფესია დაბადებიდანვე გარკვეული იყო. ხელოვანთა ოჯახში დავიბადე, დიდი ბებია ცნობილი მომღერალი გახლდათ – მარო თარხნიშვილი. ბებიაც მღეროდა. ბაბუა, კოტე კვალიაშვილი დამსახურებული მხატვარი იყო, კინოსტუდიაში მუშაობდა და ბევრი ცნობილი ფილმი აქვს გაფორმებული, მისი ნამუშევრების უამრავი გამოფენა გამართულა. ვსწავლობდი მე-13 მუსიკალურში, კარგი მოსწავლე-პიანისტი ვიყავი, მერე ჩავაბარე სამუსიკო სასწავლებელში ფორტეპიანოს განხრით და ამის შემდეგ დავიწყე სიმღერა პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიდ საესტრადო ორკესტრში. ჩავაბარე „გეპეიში“, რადგან თავად ინსტიტუტის წარმომადგენლობას უნდოდა, რომ მათთან მესწავლა – კონკურსების დროს სულ პირველ ადგილზე გამყავდა. ავტომატიკა-ტელემექანიკის ფაკულტეტი დავამთავრე. სიმღერებს 12 წლიდან ვქმნიდი. პირველად ჩემი სიმღერა გივი გაჩეჩილაძემ გააორკესტრა და ამის შემდეგ დაიწყო და დაწყო... 16 წლიდან სცენაზე ვარ.
– ადამიანში ვაფასებ...
– სიყვარულით თანამოქმედებას. დეკემბერში წითელმა ღრუბლებმა, რომ გადაუარა სამყაროს, მას შემდეგ დაიწყო პანდემია. ეს იყო აკუმულირებული ნეგატივი, ღვარძლი... ბოროტებით სავსე გულში ღმერთი არ შედის. ყველა ადამიანმა სიყვარული უნდა გასცეს, სწორედ ამის უნარს ვაფასებ ადამიანებში. ამდენი ცუდის ადგილი აღარ დარჩა სამყაროში. ნეგატივის საპასუხოდ აი, რა მიიღო კაცობრიობამ – შეკეტეს სახლებში და ადამიანების დიდი გადარჩევა მოხდა. ადამიანი სიკეთით, სიყვარულითა და ერთგულებით სავსე უნდა იყოს. ეს არის ყველაზე მეტად დასაფასებელი.
– მეშინია...
– არასოდეს თქვა ხმამაღლა, რისი გეშინია, რა გადარდებს, რადგან თქვენი ხმამაღალი ნათქვამი, როგორც ღმერთს, ასევე, ცუდ ვიღაცასაც ესმის. თუ თქვენს შიშს არ დამალავთ, იცოდეთ, ზუსტად იქ დაგარტყმათ, სადაც გეშინიათ. არასოდეს თქვათ „არასოდეს“, რადგან ვიდრე თქვენი აზრი სამყარომდე მივა, უარყოფითი ნაწილაკები იშლება. მაგალითად, როცა ადამიანი ამბობს: „ამას არ უნდა ეს...“, წაიშლება „არ“ და დარჩება „ამას უნდა ეს...“. „პირველი იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი“, ანუ სიტყვას ყველაზე დიდი ძალა და ენერგია აქვს. ეს უნდა იცოდეს ადამიანმა
საკუთარი თავის დასაცავად. სამყაროში რასაც გაუშვებ, ის დაგიბრუნდება, ეს რვიანის პრინციპია. სიყვარულს გაუშვებ, სიყვარულს მიიღებ და ასე შემდეგ.
– მწამს...
– სიყვარულის, ღმერთის, ადამიანების კეთილგანწყობისა და ბედნიერების, გამრავლებისა და გახარების. მწამს ყველაფერი კარგი. ერთი რამ ზუსტად ვიცი, ყველაზე ურწმუნო ადამიანიც კი, სულ ბოლოს, როცა ამქვეყნიდან გადის, უფალს ბოდიშს უხდის, ანუ საბოლოოდ ყველა მაინც ღმერთთან მიდის.
– ცოდვა – ეს არის...
– ადამიანის განკითხვა ყველაზე ცუდი რამაა. ადამიანი ღვთიური ქმნილებაა და მე არანაირი უფლება არ მაქვს, ღმერთს დავუწუნო მისი ქმნილება. ცუდ ადამიანებს ღმერთმა გაუნათოს გონება. ამიტომ, „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“, თუ რაღაც გეწყინა ვიღაცისგან ან ვინმემ საქმე გაგიფუჭა, იცოდე, რომ ეს შენ დაუშვი. ბოლოს ყოველთვის საკუთარ თავთან მიდიხარ, რადგან სადღაც, ქვეცნობიერში, იცოდი, რომ მას ამის შანსი თავადვე მიეცი. მასზე კი არ უნდა განაწყენდე, არამედ „სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს“. ლოყის მიშვერა იმას არ ნიშნავს, მუშტს, რომ დაგარტყამენ, მეორეც მიუშვირო. ეს პატიებაა. „გიყვარდეს მოყვასი შენი“ და ნუ უსურვებ სხვას იმას, რასაც არ უსურვებ საკუთარ თავს. „წყევლა მაწყევარის არის“. თუ ადამიანი ცუდს გამიკეთებს, კი არ გამოვეკიდები, არამედ შემებრალება. მოვიდა უფალი და ადამიანებს ასწავლა, რა არის ცუდი, რა – კარგი...
– სიყვარული...
– ყველაზე დიდი და მთავარი ვიბრაციაა – ის, რაც ამოძრავებს დედამიწას, ის რაც ანათებს მზის სახით. სიყვარულია ის, რომ მიყვარს ჩემი ოჯახი, ჩემი პლანეტა... ეს გრძნობა ყველაზე ამაღლებული, ყველაზე ნათელი და ყველაზე დიადია. თავად ღმერთია სიყვარული.
– დრო და სიყვარული...
– მე რომელ სიყვარულზეც ვსაუბრობ, ის არასოდეს ქრება, მაგრამ თუ ეს გრძნობა მხოლოდ ფიზიკურობასა და მატერიალურზეა დაფუძნებული, რა თქმა უნდა, ქრება. ხშირად სწორედ ამას ეძახიან სიყვარულს, რაც შეცდომაა. ასევე, სიყვარული ერევათ ამოჩემებაში. ამოჩემება ფსიქოპატებს სჭირთ და ეს არის შიზოფრენიის ერთ-ერთი სახეობა.
– იდეალური მამაკაცი არის...
– რომელსაც აქვს ლოიალური ბუნება. არის თბილი, გულუხვი, გულიანი, ოჯახის მოყვარული, თავის საქმის მცოდნე, მოსიყვარულე და ასევე, სიმპათიური. მე ძალიან ესთეტი ვარ და ფიზიკურობასაც ვაქცევ ყურადღებას (იცინის). სწორედ ის მამაკაცია იდეალური, რომელიც ქალის პატივისმცემელი და დამფასებელია... და არსებობენ ასეთებიც.
– ეჭვიანი ხართ?
– საბედნიეროდ, ჩემს თავს ვგრძნობ ბოლომდე. ეჭვი ავადმყოფობაა. ფაქტი რომ იყოს, შეიძლება, მეწყინოს და მშვიდად დავამთავრო ურთიერთობა.
– ის, რაც უპატიებელია...
– არის რაღაცები, მაგრამ იმდენად ცოტა, რომ ვერ ვიხსენებ.
– იტყუებით?
– მითქვამს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საჭიროებას მოუთხოვია. როცა ადამიანს განუკურნებელი სენი სჭირს და ამას პირდაპირ ეუბნებიან, არ მომწონს, შეიძლება, ამ სიმართლემ ბევრად ადრე მოუსწრაფოს სიცოცხლე.
– რისკიანი ხართ?
– სულელური რისკები არ მიყვარს, მათ შორის ექსტრემალურიც – არაფრის გამო გარისკვა. რისკზე რომ მიდიხარ, რაღაც ისეთი უნდა ხდებოდეს, რომ გიღირდეს. შესაბამისად, ყველა სიტუაციაში არ ვრისკავ.
– რითი ამაყობთ?
– მეამაყება და მადლობელი ვარ, პირველ რიგში, ჩემი თავის, მერე ოჯახის, მეგობრების და ვინც ჩემს გარშემოა... მადლობელი ვარ ჩემი სიცოცხლის, დიდი პრობლემების მიუხედავად, ჩემი ჯანმრთელობის და რაც მთავარია – უფლის.
– შეგშურებიათ?
– მიხარია, როცა ჩემი მეგობრები მატერიალურად და ჯანმრთელობის მდგომარეობით კარგად არიან. გარშემო რაც მეტი მეყოლება ასეთი ადამიანი, მით უფრო კარგად ვიქნები მეც. შესაბამისად, შური ჩემგან შორსაა, თან, რა მაქვს ვინმეს შესაშური? ვფიქრობ, მდიდარი ხარ მაშინ, როცა შენს გარშემო არა გაბოროტებული, არამედ კმაყოფილი ადამიანები არიან.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– არა, ჩემდა საბედნიეროდ, არ მახასიათებს მსგავსი რამ.
– ვემალები...
– „ტუსოვკებზე“ სიარული არ მიყვარს, ასევე, კლუბში.
– ვტირი, როცა...
– მეტირება. ემოციური ვარ.
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– არა. გახსნილი ადამიანი ვარ და არ მაქვს ის მომენტი, თუ შემეშლება, არ ვაღიარო და მომიხდია კიდეც ბოდიში. ტვინი უნდა გაათავისუფლო მძიმე რაღაცებისგან, რადგან ცუდზე თუ იფიქრებ, უკან დაგიბრუნდება და ეს რუტინა არასოდეს დამთავრდება.
– ვნანობ...
– თუ რამეს ვნანობ, ყველაფერს გამოვასწორებ, რადგან წინ კიდევ ბევრი წელი დამრჩა.
– მაკვირვებს...
– ადამიანები.
– ვზარმაცობ, როცა...
– ძალიან აქტიური ვარ-მეთქი, რომ გითხრათ – არა. ცოტა ზარმაცი ვიყავი. ახლა ვზრმაცობ იმ შემთხვევაში, როცა ჯანმრთელობა არ მიშვებს, მაგრამ ამას ზარმაცობასაც ვერ დავარქმევ.
– მაკომპლექსებს...
– საერთოდ უკომპლექსო ვარ. სიმართლეს გაუმარჯოს!
– რისთვის იბადება ადამიანი?
– იმისთვის, რომ ნელ-ნელა გაიზარდოს, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. სიკეთისთვის, ბედნიერებისთვის, გამრავლებისთვის და სიყვარულსთვის იბადება.
– ვეძებ...
– აქამდე ვეძებდი, ახლა უკვე პოვნის ეტაპზე გადავდივარ.

скачать dle 11.3