კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№17 ძველი თბილისის დამნაშავეები

ნინო კანდელაკი აბო იაშაღაშვილი

  არუთინ გეურქოვი, კინტო, ხილის დამტარებელი, ყველისაც, მეტსახელად „ავაქოვი“ და „კომბალო“. ის დგებოდა დილით ადრე შაითან ბაზართან, რათა ტაბახმელადან ჩამოსულთ არ მიეღწიათ თათრის ბაზრამდე და იმათგან ყველს ყიდულობდა და მერე ქუჩაში დაატარებდა. საწონი ქვები ჰქონდა გაბურღული, შიგ სიცარიელით. რძესაც დაატარებდა, შიგ ფქვილსა და ძროხის ტვინს ურევდა და ესე ყიდდა. მან მოპარა პოლკოვნიკ იუსუპოვს ლიმონები, ამაზე დაიჭირეს და რამდენიმე თვე იჯდა მეტეხის ციხეში. მერე აისორ სარიბეკ აგამანოვთან ერთად ძაღლებს კლავდა. მერე ცხვრის ხორცად ასაღებდნენ და ჰყიდდნენ. აგამანოვი ამაზე დაიჭირეს, ის კი გამოძვრა. როცა შობა ახლოვდებოდა, მეფურნედ დგებოდა ღვინის აღმართზე, სადაც დამქაში ჰყავდა და იქ ამ პურებზე უწმაწურობებს დააცხობდა. სხვები – საშობაო ადამიანებსა და ცხოველებს, მერე კიდევ „ბასილას პურებს“ რომ აცხობდნენ, ეს ასეთ ყურუმსაღობას აკეთებდა. 1872 წელს მან, წყალობა შახნაზაროვმა და იგორ ეფრემოვმა, მეტსახელად „ეგან“, ბაზრობიდან მომავალი ცხვრის გამყიდველი იმამ ალი მურაზი გაძარცვეს. შახნაზაროვი ამ საქმეზე დაიჭირეს, ის კი გაიქცა. ის ყვარობდა გიმნაზიის მოსწავლე სერგეი ოფენბახს და მის გამო დავა სპარსელ ისა-ხან-ოღლისთან მოუვიდა, რამდენჯერმე შელაპარაკდნენ და ბიჭი ვერ გაიყვეს. ბოლოს მადათოვის კუნძულზე ისა-ხან-ოღლიმ დაჰკრა მას ბებუთი ორჯერ მუცელში და ასე მოკვდა.
გიორგი გოლოვკოვი, 90-იანი წლების ჯიბგირი, თათრულ, ქართულ, სომხურ, ებრაულ დასაფლავებაში გაერეოდა. აქ ხშირი ჭირისუფალი იყო. სომხური სასაფლაო იყო ზემო ვერაზე და ხოჯივანქზე, ქართველების – ქვემო ვერაზე და კუკიაზე, გერმანელთა ლუთერანული – კუკიაზე, მანდვე იყო კათოლიკეთა და, ამას გარდა, კათოლიკეთა ძველი სასაფლაო სოლოლაკის თავზეც იყო. ებრაელებს სასაფლაო კრწანისში ჰქონდათ, თათრებს კი – დაბახანის აყოლებაზე. ის 1884 წელს დაიჭირეს იედიგაროვის დასაფლავებაზე, როცა ძველი დამოჟნის უბანში ოთხი შავი ბაირაღი მოჰქონდათ, ზედ დამაგრებული სპილენძის ხელებით და მათ მოსდევდნენ მოლები და ყურანს ამღერებდნენ, ის კი იქ მოკრებილი ხალხის ჯიბეებში დაფათურობდა. ის დაიჭირეს ლორის-მელიქოვის დასაფლავებაზეც, როცა ის ნიცადან 1889 წელს ჩამოასვენეს და ფაშავანქში დაასაფლავეს. ის დაიჭირეს ასევე, 1893 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილის ელისავეტპოლიდან გადმოსვენებისას. აქაც ამ ზღვა ხალხში გაერია და სანამ დაიჭერდნენ, სამი პორტმანე მოიპარა
  ვანო მეგბერიშვილი იყო სახანძრო რაზმის წევრი. ეს ცეცხლის გამქრობი რაზმი იყო თუ ავაზაკობა, გასარჩევი რთულია. ეს იყო ყოველი მიტოვებული ნივთის უეცრად გაქრობა და უბეში დამალვა, სათლის ძირას ჩამალვა, კასრში ჩაგდება, მიმალვა, გაპარება. ხანძრის გამქრობი რაზმი ნიშნავდა ნივთების, ქონების გაქრობას. რაც ცეცხლს გადაურჩებოდა, ტფილისის ბრანდმეისტერის ქვეშევრდომებს არ გაეპარებოდათ. ქალაქური სიტყვა „პაჟარნიც“ აქედან დარჩა, როგორცა რომ ქურდისა, ცრუსი, მაიმუნისა და ავაზაკისა. ასე გამოჰყვა იქიდან. ის სჩანს მეხანძრედ, როცა სიონის ქუჩაზე პოღოს ლორიკოვის თამბაქოსა და პაპიროსების დუქანს წაეკიდა ცეცხლი, და ის საცაა გადაედებოდა არწრუნის ქარვასლასა და პორუჩიკი მირზოევის დუქნებს. ის იყო ცეცხლის გამქრობთა შორის, როცა 1874 წელს ერევანსკის მოედანზე თეატრი დაიწვა და წყალი კი შადრევანში არ აღმოაჩნდათ და შემდეგ თულუხჩებს აზიდიეს მტკვრიდან.
  არუთინ მელიქ-ქიშმიროვი, 90-იანების ქურდი. უყვარდა ყომარი და თამაშობდა ცხენების დოღზე, მტრედების გაჯიბრებაზე. თავისი მტრედებიც ჰყავდა. პატარა ბიჭებს აპარიებდა არტილერიის ბალკაში. რასაც წააგებდა, მერე ქურდობით იბრუნებდა. კურდღელოვის ღვინის სარდაფი გატეხა ველიამინოვის ქუჩაზე. იპარავდა ხალიჩებსაც, ვადაჩკორიას მოპარა ორი თექინური ხალიჩა და ისინი შემდეგ მონახეს ნახალოვკაში, პროხოროვის აგურის ქარხანაში, სპარსელ შაქირ-ჯანგირ-ოღლისთან, ვისაც ისინი ქვიშაში დაეფლო, საცა აგურს წვავდნენ. 1898 წელს დაიჭირეს სააბრეშუმო სადგურის გაქურდვისას. იქ აშენებდნენ ასევე სხვადასხვა ჯიშის მტრედებსაც. ამის გამოც ჩავარდა, რაკი შეყოვნდა, მტრედების დევნაში დრო დაკარგა და ამ დროს მოუსწრო პოლიციამ.
  ამაიაკ მინასიანცი იყო სადგურის ქურდი, სადაც ჩემოდნებს იპარავდა. ჩემოდნების ქურდს „შოფჩიკი“ ერქვა. მისი ხელობა იყო ტრიალი, ძრომიალი ვაგზალზე და იქ ჩასაფრება. ჰქონდა ფანდიც, როცა იმის დამქაში მსხვერპლს ქუდს მოხდიდა და გაიქცეოდა ან მოისროდა და იმას გამოდევნებული მსხვერპლი კი ჩემოდანს ჰკარგავდა და მინასიანცი იმას ეპატრონებოდა. ჩემოდნის გაქრობის ხელობაც და სამალავებიც დასწავლილი იყო. საჩაიე და დუქანი ამაში ეხმარებოდა. იმ ხალხმრავლობაში ამის ქარობა არ იყო ძნელი. საერთოდაც, ტფილისს სტუმრები არ აკლდა, გამვლელ-გამომვლელნი ბლომად იყო. თეირანში მიმავალი ელჩებიც აქ ჩამოდგებოდნენ. უცხო სტუმართა აქ მოსვლა, გასვლა ხშირი იყო. ჯიბგირებიც მათ გამორჩევით უსაფრთებოდნენ. ტფილისში იმყოფებიან იმ დროებაში და უჩივიან გაქურდვას იაპონიის ქვეშევრდომები, მისხიმ ტოკუზო და ნაიტო ხიზახირო, ბაქოში ნავთობის საქმეს რომ სწავლობდნენ და გროზნოში ნავთობის საბადოების დასათვალიერებლად მიემგზავრებიან, ბათუმიდან ტფილისში ჩამოსული ბელგიის ელჩი სპარსეთში ბარონი ბეინსი, ტფილისში ბუხარიდან ჩამოსული იტალიის ქვეშევრდომები ბარონ დე რიზეისი და გრაფი ალფრედ ფრანსინე ფრასინეტო. ისინი ყველა სადგურის ბაქანზე ჩამოდგებოდნენ და ჯიბგირებიც გარს ეხვეოდნენ. მინასიანცის მოპარულებიდან კი ცნობილია ნოვოსელსკის ჩემოდანი, შიგ 1 500 მანეთის საკრედიტო ბილეთებით. იმავე დღეს თავად ერისთავს ორი ჩემოდანი მოპარა. დაკავებისას ის არტისტ კომიონსკისთვის მოპარულ ქურქშიც გამოტყდა. ის დაიჭირეს 1897 წელს სასტუმრო „გრანდ-ოტელში“, სადაც ბარათაშვილის სახელზე გაკეთებული ყალბი პასპორტით ცხოვრობდა.

скачать dle 11.3