კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 არ გათხოვდე მკვლელზე

ჯერემი დეილისი
  დილით, როცა ქმარი სამსახურში გააცილა და ბაღში ყვავილებს რწყავდა, ქალმა ქმრის უბის წიგნაკი იპოვა – თომასი რაღაც ჩანაწერებს აკეთებდა ხოლმე. სულ რამდენიმე თვის გათხოვილი იყო და თავს ბედნიერად გრძნობდა. შეიძლება, ქმარი ძალიან არ უყვარდა, მხოლოდ ორი კვირის გაცნობილი ჰყავდა, როცა იქორწინეს, მაგრამ მოიხიბლა ამ მამაკაცით. ხოლო მისი თანამშრომელი სტივენ სტივენსონი კი, ის, ვისაც თითქმის ექვსი წელი ხვდებოდა და უყვარდა, სულ უმტკიცებდა, რომ ძალიან უყვარდა, მაგრამ, დაქორწინებაზე იმ მოტივით ეუბნებოდა უარს, რომ ოჯახის შესანახად მისი შემოსავალი საკმარისი არ იყო. ერთბაშად ქალს შინაბერა ნათესავი გარდაეცვალა და სრულიად მოულოდნელად, მემკვიდრეობა დაუტოვა. თანხა ერთი სახლის ყიდვასა და ოჯახის მოწყობას თავისუფლად ეყოფოდა. ქალმა ეს სასიხარულო ამბავი მაშინვე აცნობა სტივენს. ეს, ფაქტობრივად, წინადადებას ნიშნავდა, მაგრამ სტივენი ამან არ აღაფრთოვანა – მისთვის მიუღებელი იყო ცოლის ხარჯზე ცხოვრება. ქალმა ისე ინერვიულა, ლამის დეპრესიაში ჩავარდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა თომასი. სიმპათიურიც იყო და და სწრაფადაც იმოქმედა. სამ დღეში სიყვარული აუხსნა, ორ კვირაში დაქორწინდნენ და ერთ-ერთ საგრაფოში ულამაზესი პატარა სახლი შეიძინეს.
  მეზობლები, პრაქტიკულად, არ ჰყავდათ. მაგრამ ქალი ამას არ შეუწუხებია. ხან სამზარეულოში ფუსფუსებდა და მეუღლეს გემრიელ კერძებს ახვედრებდა, ხან ულამაზეს ბაღს უვლიდა. მის ბედნიერებას ჩრდილი მხოლოდ ორჯერ მიადგა და მიზეზი ორივეჯერ სტივენი იყო, რომელმაც დაურეკა და საყვედურებით აავსო: რატომ გაჰყევი ცოლად კაცს, რომლის შესახებაც საერთოდ არაფერი იცოდი, იქნებ მკვლელი და ყაჩაღი, თაღლითი ან მანიაკიაო... ცუდ დღეში ვარ, მხოლოდ შენზე ვფიქრობო. ქალს ეს ამბავი ქმრისთვის არ უთქვამს, მაგრამ აფორიაქდა. ფრაზა – როგორ გაჰყევი ცოლად კაცს, რომლის შესახებაც არაფერი იცოდიო, ღრმად ჩარჩა ქვეცნობიერში. მიუხედავად იმისა, რომ ქმრის საქციელში არაფერი იყო საეჭვო, მაინც უსიამოვნო განცდა დაეუფლა. რა იცოდა ქმრის წარსულზე? – სრულიად არაფერი. არადა, ორმოც წელს გადაცილებული მამაკაცის ცხოვრებაში აუცილებლად იქნებოდნენ სხვა ქალები. იქნებ მათზე ქმრისთვის რაღაც მაინც უნდა ეკითხა?! და უცებ ეს წიგნაკი... ქალმა გადაშალა და პირველივე ჩანაწერი წაიკითხა: „სახლის არენდა – ათასი ფუნტი, ათასი ფუნტი დანაზოგი – პოზიტივია“. ქალი დაფიქრდა…
  რა დანაზოგზე იყო ლაპარაკი? ქმარმა ხომ უთხრა, რომ სახლში ორი ათასი ფუნტი გადაიხადეს. მისი ფული, რომელიც ქმარს ანდო... ხელები აუკანკალდა. შემდეგი ფურცელი გადაშალა – ისევ ციფრები და ჩანაწერები, გაუგებარი თარიღები... და უცებ, მომდევნო დღის რიცხვი და დრო – საღამო, 9 საათი. ნეტავ, რისი გაკეთება უნდა ხვალ საღამოს ჩემს ქმარსო, – დაეჭვდა... ან, ეს ციფრები რას ნიშნავდა? ზოგიერთს გვერდით ეწერა: „დანაზოგი“, ზოგს – „პოზიტივი“. ქალი კედელს მიეყრდნო. აშკარად რაღაც ხდებოდა. ინტუიცია გაუაქტიურდა. შინაგანი ხმა განგაშის ზარებს რეკდა. უცებ, გაიგონა, ვიღაც ეძახდა. მებაღე აღმოჩნდა – საყვარელი მოხუცი, მათთან შაბათობით მოდიოდა ხოლმე. დღეს კი სამშაბათი იყო. გაკვირვებულმა ნაძალადევად გაუღიმა.
– როგორ მეწყინა, რომ აქ აღარ იცხოვრებთ, მისის. თქვენი ქმარი დაბაში შემხვდა და მითხრა, რომ ლონდონში გადადიხართ საცხოვრებლად, სახლს კი ყიდით. ჰოდა, ვიფიქრე, რადგან ხუთშაბათს უკვე მიემგზავრებიან, მივალ და ბაღს მოვაწესრიგებ, ახალ მობინადრეებს ყველაფერი ლამაზად რომ დახვდეთ-მეთქი. მყიდველების ამბავი ხომ იცით, ყველაფერს აკვირდებიან. ისე, წაგებით არაფერს წააგებთ. საკმაოდ დაბალი ფასი გადაიხადეთ, ათასი ფუნტი. ორმაგად გაყიდით, მაგრამ მაინც გული მწყდება. ქალი გაშრა.
– ჩემმა ქმარმა გითხრათ, რომ სახლს ვყიდით და ლონდონში გადავდივართ? ეს მან თქვა?
– დიახ, მემ... არადა, ისე შეგეჩვიეთ, ეს სახლიც მიყვარს. აქ ყოველთვის კარგი ადამიანები ცხოვრობდნენ, – მოხუცს ქალის გაფითრებული სახე არც შეუნიშნავს.
– დარწმუნებული ხართ, რომ არაფერი გეშლებათ? მგონი, ამ სახლში ორი ათასი ფუნტი გადავიხადეთ.
– რას ბრძანებთ, მემ. მიუხედავად ჩემი ასაკისა, მე კარგი მახსოვრობა მაქვს. სახლის ფასიც ზუსტად ვიცი. მე თავად ვიყავი მოწმე, როცა თქვენმა მეუღლემ ძველ მეპატრონეს თანხა გადასცა. გამიკვირდა კიდეც, ასე იაფად როგორ მოურიგდა-მეთქი.
ქალმა მუხლებში სისუსტე იგრძნო. მებაღისთვის არაფერი უთქვამს და გადაწყვიტა, იმ საღამოსვე დალაპარაკებოდა ქმარს. კაცის რეაქცია წარმოუდგენელი იყო. როგორც კი ცოლმა ჰკითხა, რატომ უთხარი მებაღეს, რომ ქალაქში გადავდივართ საცხოვრებლადო. ჯერ ჭარხალივით გაწითლდა, მერე თვალებში ბოროტი ნაპერწკალი გაუჩნდა და შეშლილივით წამოხტა ფეხზე:
– დაბაში იყავი, ხომ?! ჩემს დაუკითხავად წახვედი. საინტერესოა, რას ეძებდი. კიდევ რა გაიგე? როგორ არ გრცხვენია, რომ ვიღაც გამოშტერებულ მოხუცს ენდობი და საკუთარ ქმარს არა, რომელსაც ასე უყვარხარ?!
– რა დაგემართა, ასე რამ გადაგრია? უბრალოდ, კითხვა გაჩნდა და დავინტერესდი. ამაში საშინელებას რატომ ხედავ?!
– არა, შენ არ მენდობი... დილას ჩემი უბის წიგნაკიც ვერ ვიპოვე. ისიც შენ ამომაცალე?
– აი, შენი წიგნაკი, – ატირდა ქალი, – ბაღში ვიპოვე. გული მატკინე... ქალმა წიგნაკი მიუგდო და ოთახიდან გავიდა. მაგრამ უკვე სერიოზულად შეეშინდა. „საფრთხე! საფრთხე!“ – ჰკარნახობდა ინტუიცია. გრძნობდა, საშიშროება სულ ახლოს იყო. უცებ ქმრის ხმა შემოესმა – ბაღიდან ეძახდა. სასოწარკვეთილმა მიმოიხედა. ხსნას არსაიდან ელოდა. ვერავინ უშველიდა...
გარეთ გავიდა. კაცი ვარდების ბუჩქთან იდგა, ხელში ახალთახალი ნიჩაბი ეჭირა.
– მაპატიე, რომ ავღელდი, საყვარელო. არ ვიცი, რა დამემართა. იაპონური ვარდის ნერგი ვიყიდე. მინდა, ჩვენი სიყვარულის ნიშნად დავრგოთ. ლონდონში გავგზავნე ადამიანი მის ჩამოსატანად. სწორედ ეს ვუთხარი ჩვენს სულელ, ბებერ მებაღეს და იმან ყველაფერი არასწორად გაიგო...
ქალს სისხლი გაეყინა. ბუჩქი, ბაღი, ნიჩაბი... ის ახლა მოკლავდა, მიწაში ჩაფლავდა და ვეღარავინ იპოვიდა...
– ჩქარა, რაღას აყოვნებ? მოვიდე და ხელში აყვანილმა ჩამოგიყვანო ბაღში? ხომ იცი, რომ მოგერევი!
ქალს უკვე პასუხის გაცემის თავიც აღარ ჰქონდა, ნიჩბის სიმძიმეც კი იგრძნო საკუთარ თავზე, მუხლი მოეკვეთა და გონება დაკარგა. გასროლის ხმა არ გაუგია. თვალი რომ გაახილა, სტივენს ჰყავდა ჩაბღუჯული და კოცნიდა.
– სულზე მოგისწარი. ცოტა რომ დამეგვიანა, საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებდი. ყველაფერი ვიცი შენს ნაძირალა ქმარზე. შენამდე ორი ცოლი ჰყავს მოკლული, ისინი უკვალოდ გაუჩინარდნენ. ვერც ვერაფერი დაუმტკიცეს. ნუ გეშინია, საყვარელო, ის უკვე მკვდარია და ვეღარასოდეს შეგაწუხებს. რაც ცოლად გაჰყევი, ერთი წუთითაც არ მომიდუნებია ყურადღება – სულ ვეძებდი, ვქექავდი და ამოვქექე კიდეც...
– სტივენ, – ამოიკნავლა ქალმა სუსტი ხმით, – მეც მიკარნახა ინტუიციამ, რომ მკვლელი იყო. კინაღამ მწარედ დავისაჯე ქარაფშუტობისთვის.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3