კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 ლაშა გურგენიძე: სახლში ყველა საქმეს, კაცის იყო თუ ქალის, მე ვაკეთებდი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მსახიობი ლაშა გურგენიძე რეკომენდაციას „დარჩი სახლში“ მხოლოდ ერთ შემთხვევაში არღვევს, როცა მისი დახმარება მარტოხელა ხანდაზმულებს სჭირდებათ. ის, „წითელი ჯვრის“ მოხალისეობის ფარგლებში, ცდილობს, ასეთ ადამიანებს დახმარება აღმოუჩინოს.
  ლაშა გურგენიძე: თავიდან სახლში ვიყავი და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ჩავდიოდი მაღაზიაში. ახლა „წითელი ჯვრის“ მოხალისე ვარ და მოხუცებისთვის საკვები პროდუქტების დასარიგებლად გავდივარ გარეთ. სხვა დროს ისევ სახლში ვარ და სხვებსაც ამისკენ მოვუწოდებ.
– როგორ გახდი „წითელი ჯვრის“ მოხალისე?
– ერთი თვის წინ მერიაში დავრეკე და მოხალისედ ჩავეწერე. გავიარე ტრენინგი, როგორ უნდა ვიმოქმედო ასეთ სიტუაციაში და უკვე რამდენიმე დღე გავიდა, რაც ასაკოვნებისთვის პროდუქტების დარიგების საქმეში ჩავერთე. მაქსიმალურად ვიცავთ სიფრთხილეს, რომ ეს ადამიანები საფრთხეში არ ჩავაგდოთ.
– არ გაგიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება?
– მოხალისედ რომ დავრეგისტრირდი, მაშინ ამხელა საფრთხე არ იყო. ახლა ნელ-ნელა სიტუაცია რთულდება. რისკი არის, მაგრამ თუ ჩემს შემთხვევაში ჯანმრთელობას ეხება საქმე, რადგან რისკ-ჯგუფს არ მივეკუთვნები, მათ შემთხვევაში სიცოცხლე დევს სასწორზე. ამიტომ არჩევანი მარტივად გავაკეთე. ვერ ვიტყვი, რომ მეშინია, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვარ, როგორც მათი, ისე საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად. ჩემი მეუღლისგანაც არ მიგრძნია შიში და დაძაბულობა. პირიქით, გვერდით მიდგას და მამხნევებს. ჩემს ინციატივას ძალიან დადებითად შეხვდა და დღესაც სახლში რომ მოვედი, მითხრა, რა მაგარი ბიჭი ხარო. სანამ ბინაში შევალ, ფეხზე გარეთ ვიხდი, ქურთუკს ვატრიალებ და მეორე მხრიდან ვკიდებ კარადაში, მაშინვე ვიბან ხელებს. როცა გარეთ ვარ, იქ, მით უმეტეს, გაასმაგებულ ყურადღებას ვიჩენ. ვიცავ დისტანციას, მიკეთია, პირბადე, ხელთათმანები. ვიმუშავებ ხელებს სადეზინფექციო საშუალებით. მარტო ხელებს არა, როცა რამეს ვეხები, ხელთათმანებსაც ვიმუშავებ ხოლმე ანტიბაქტერიულით. ხანდაზმულებთან რომ მივდივართ, ვაკაკუნებთ და ორი ნაბიჯით უკან ვდგებით, ყუთს კი კართან ვუდებთ. ბენეფიციარი რომ გამოდის, იდენტიფიცირებას ვახდენთ და ფიზიკური კონტაქტის გარეშე ვემშვიდობებით. მაქსიმალური დისტანცია გვიჭირავს – ვაიდა, ჩვენ გვქონდეს ვირუსი და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საფრთხე არ შევუქმნათ.
– მახსოვს, რომ აქამდე პატარებსაც ეხმარებოდი, რომლებსაც სხვადასხვა დაავადებასთან უწევთ ბრძოლა.
– დღეს 47 ადამიანს დავურიგეთ პროდუქტები. მე და გიორგი ფაცაცია ვიყავით ერთად. გიორგი ანიტას მამაა. მიუხედავად ამხელა ტკივილისა, რომელიც მას აქვს, დიდი სურვილი გამოთქვა, რომ ამ ადამიანებს დადგომოდა გვერდით. ამის შემდეგ ერთად ვივლით ამ საქმეზე, სანამ ყველა არ დავაღწევთ თავს ამ სიტუაციას.
– მახსოვს შენი ისტორია დედასთან მიმართებაში, რომელსაც სიმსივნე ჰქონდა და შენ თვეების განმავლობაში სრულიად მარტო უვლიდი. ალბათ, ამ გამოცდილებამაც ბევრი გასწავლა და კარგად გესმის, რამდენად მნიშვნელოვანია მათი გვერდით დგომა, ვისაც ეს ასე ძალიან სჭირდება.
– მე და დედას ერთმანეთის გარდა არავინ გვყავდა. დედას წელიწად-ნახევარი ჰქონდა სიმსივნე და ბოლო ექვსი თვე ძალიან მძიმედ იყო. ამ პერიოდმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა. სახლში ყველა საქმეს, კაცის იყო თუ ქალის, მე ვაკეთებდი. პარალელურად, თეატრალურში ვსწავლობდი. მგონია, რომ მათზე ზრუნვა, ვისაც ეს სჭირდება, ჩემთვის შეძენილი თვისება არაა, ბავშვობიდან ასე ვიზრდებოდი. მაგრამ ჩემში ეს მომენტი დედაჩემის მდგომარეობამ გაამძაფრა და ალბათ, ესეც განაპირობებს, რომ ყველას განსაცდელი ახლოს მიმაქვს გულთან და ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ ფინანსურად არ მაქვს იმდენი საშუალება, რომ ყველას პირადად დავეხმარო. ორი შვილი მყავს, ასე თუ ისე ნორმალურად გაგვაქვს თავი, მაგრამ სხვადასხვა აქტივობით ვცდილობ, ხალხი ავიყოლიო, ნაცნობი თუ უცნობი და გავერთიანდეთ მათ დასახმარებლად, ვისაც ეს
ძალიან სჭირდება. ასე იყო ანიტას შემთხვევაშიც, მაკასთანაც, ივანესთან, ელენესთან, კესოსთან და სამწუხაროდ, კიდევ ბევრთან.
– რაც შეეხება ხანდაზმულ ადამიანებს, მერია გაძლევთ ბაზას, ვის უნდა დაეხმაროთ?
– პირველ ეტაპზე, მარტოხელა ხანდაზმულებს ეხება საქმე. ბევრი, ვისთანაც მივედი, შვილებსაც კი მიტოვებული ჰყავთ. ისინი რეგისტრირდებიან საკუთარი უბნის გამგეობაში, გამგეობა „წითელ ჯვარს“ აძლევს სიას და მოხალისეები ყოველდღიურად მათ გარკვეულ ოდენობას ვურიგებთ საკვებ პროდუქტებს. მაგალითად, დღეს, რამდენიმე ისეთთან ვიყავი, ვისთანაც ერთხელ უკვე ნამყოფი ვიყავი, ანუ ეს ერთჯერად ხასიათს არ ატარებს. ხანდაზმულების შემდეგ, როგორც ვიცი, ეს სოციალურად დაუცველებსა და მრავალშვილიანებსაც შეეხებათ. სხვადასხვა კომპანიებისა თუ მარკეტებში მოქალაქეების მიერ გაღებული შემოწირულობები პროდუქტის სახით, გროვდება და თანაბარი რაოდენობით ურიგდება მარტოხელა მოხუცებს. ყუთში არის: ზეთი, წიწიბურა, ბრინჯი, შაქარი, მარილი, ფქვილი, „პეჩენია“, ჩაი და ასე შემდეგ, ჰიგიენურ საშუალებებთან ერთად.
– ალბათ, ძალიან დადებით ემოციებს იღებთ ამ ადამიანებისგან.
– საოცრად დიდ ენერგიას ვიღებ მათგან. ისეთი გახარებულები გვხვდებიან, მინდა, ხოლმე, რომ ჩავეხუტო, მაგრამ მდგომარეობიდან გამომდინარე, შორიდან ვეფერები. პირობითად, მეშვიდე სართულიდან პირველამდე სანამ ჩამოვალთ, უკან მათი ლოცვა და მადლობები მოგვყვება. ზოგი გვეხვეწება, შემოდით, ერთი ჭიქა დაგვილიეთო და ვუხსნით, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. ერთი ოჯახი განსაკუთრებულად დამამახსოვრდა. ერთ მისამართზე ორი შეკვრა იყო მითითებული, მარტოხელებს ეხება საქმე და ვერ მივხვდი, რატომ ორი. აღმოჩნდა, რომ ქალბატონმა ლიამ, რომელიც თვითონ 85 წლისაა, სახლში შეიფარა 92 წლის ქალბატონი მაყვალა, რომელსაც თავად უვლიდა. ქალბატონი მაყვალა, დერეფანში გამოვიდა და დავინახეთ, რომ პატარა ჯორკოზე დაყრდნობილი გადაადგილდებოდა, დამოუკიდებლად არ შეეძლო სიარული და ქალბატონი ლია მასზე ზრუნავდა. მისი ნაბიჯი ადამიანურობის უმაღლესი მწვერვალი იყო ჩემთვის. ბევრს მშობლები ჰყავთ მიგდებული, საკუთარ მშობლებზე არ ზრუნავენ, ასეთი არაერთი ვნახეთ და ამ ქალბატონმა ეს პასუხისმგებლობა სრულიად უცხო ადამიანზე აიღო. ეს ადამიანები იმხელა სიხარულს გვჩუქნიან, რომ ყოველდღე საოცარი ენერგიით გვავსებენ.
  საზოგადოების დამოკიდებულაც მნიშვნელოვანია. „წითელი ჯვრის“ ფორმით რომ მხედავენ, ინტერესდებიან, როგორ შეუძლიათ, ამ საქმეში ჩაერთონ. ერთ-ერთ მისამართზე, ახალგაზრდა ბიჭმა დაგვინახა ფანჯრიდან. ანტიბაქტერიული ხსნარების ონლაინ-მაღაზია ჰქონია. ჩამოვიდა და საკმაოდ დიდი რაოდენობით ხსნარები გვაჩუქა, თუ დაგჭირდეთ, კიდევ გადმოგცემთ გარკვეულ რაოდენობასო.
– როგორც ვიცი, მეგობრებთან ერთად ჯგუფიც შექმენი გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად.
– მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ მის მეზობლად ცხოვრობდა ხუთი შვილის დედა, რომელიც ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, უმუშევარი დარჩა და იმ დონზე იყო მისული, თავს მოვიკლავო, მეზობელს სწერდა. თუ შეგვიძლია, რამით დავეხმაროთო. სოციალურ ქსელში ჯგუფი გავაკეთე, მეგობრებს ვთხოვე დახმარება და ყველა გვერდით დამიდგა. პროდუქტები და გარკვეული თანხა მივუტანეთ, ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად. ჩემი მეგობრები არიან: ლაშა ბასლანძე, მარსიკო რობაქიძე, ლიანა გაგოშიძე, იზაბელა მიქელაძე და თათო გაჩეჩილაძე. გავაკეთეთ გვერდი „სიკეთისთვის“, ამ თუ მსგავს მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის და სამი კვირის განმავლობაში 36 ოჯახს დავეხმარეთ. ერთი ოჯახი წყალტუბოსთან ახლოს სოფელში ცხოვრობს ქოხში, რომელზე უკეთესი პირობები ბოსელშია და ისიც კი მათი არაა. ჩემმა სამმა მეგობარმა მითხრა, რომ მათ ბინას უყიდიან წყალტუბოში. სიხარულით ცრემლები მომდიოდა, ეს რომ მითხრეს. დავეხმარეთ გარდაცვლილი მამაოს ოჯახს. დედა რვა შვილით დარჩა მარტო და ბუნებრივია, რომ შექმნილ მდგომარეობასთან გამკლავება გაუჭირდება. დავეხმარეთ, ასევე, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახს და იმედს არ ვკარგავ, რომ ერთად ყველაფრის გაკეთებას შევძლებთ.

скачать dle 11.3