კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 ძველი თბილისის დამნაშავეები

ნინო კანდელაკი აბო იაშაღაშვილი

  ალექსანდრ გოფშტეტერი – ქურდი. ის იუნკერობიდან იყო გამოგდებული და ჩამორთმეული ჰქონდა ყოველგვარი წოდება. მან ვექილობა დაიწყო და ამასთან ქურდობაც. მოსაცდელ ოთახებში შედიოდა და იქიდან შინელს თუ პალტოს იტაცებდა. ორი დამქაშიც გაიჩინა – გადამდგარი კალეჟსკი მდივანი არანინი, ისიც ვექილი და იმერელი აზნაური სიმონ მაღრაძე. ის სახლებში საქმიანი სახით შედიოდა, ხშირად ხელში ფურცლებითაც და რაიმეს იკითხავდა. ეს წაუგებელი თამაში იყო, ვექილი იმხანად ბევრ ადამიანს სჭირდებოდა. 1871 წელი აჭრელებული იყო სხვადასხვა საქმეებით, საჩივრებით, ამ საჩივრების გასაჩივრებით. ეს იყო ფურცლების დროება. ასეთი ადამიანის გამოჭერა ოთახში საფრთხის არიდებით სრულდებოდა. თან ხელში ქაღალდები ჰქონდა, იქნება სადარბაზო ბარათიც გამოეჩინა, ან რაიმე საბუთი შეეთავაზებინა. ეს იყო საუკეთესო იერი ქურდობისთვის. ეს ბანდა კაი ხანს იპარავდა ამ სამოსს და გადასწვდომოდა ქალაქის ორივე ნაპირს. გამორჩევით ერჩოდნენ კუკიას, საცა იდგა ბლომად სახელმწიფო საქმეში ჩამდგარი ხალხი. ის ჩავარდა გენერალ ბექტაბეკოვის ბინიდან მოპარულ ქურქზე. ამ ქურქთან ერთად მან გადამდგარ შტაბს-კაპიტან მირიანოვსაც მოპარა შინელი და ეს ორივე სოლოლაკში სარკისიანცს მიჰყიდა. ხელიც მოაწერა სქელ გროსბუხში, კირბუტოვის გვარით და მოწმედაც დაიყენა იმერელი თავადი მიქელაძე, სინამდვილეში მაღრაძე. ჩხრეკისას გოფშტეტერის ბინაზე უამრავი ღილი აღმოაჩინეს, აჭრილი შინელებიდან და პალტოებიდან, საღებავის ნატეხებიც, რითაც მერე საყელოების კანტები იღებებოდა. დაჭერისას მან ყველაფერი აღიარა.
  მირზა ფარუქ ოღლი – ქურდი. ის მოესწრო ტფილისში ჯერ კიდევ რიგის პურები რომ იმართებოდა 20-იან წლებში და ყოველ ჯერზე ახალი მასპინძელი გაშლიდა ნადიმს ქუჩაში გამოდგმულ მაგიდებზე და თავის დოსტებს პატიჟებდა. მან გაქურდა ანტუან მატასის სასტუმრო, რომელიც მეორე სასტუმრო გამოდიოდა ტფილისში და სადაც პუშკინი იყო გაჩერებული 1829 წელს და ნადიმიც რომ გაუმართეს მერე მტკვრის პირას, ბაღში და ხის ტოტებზე დარჭობილი სანთლების შუქზე უმასპინძლეს სიმღერითა და კახური ღვინით. პუშკინი აბანოებში დაიარებოდა, აოცებდა იქაურობა, ამისთანა არაფერი მინახავსო და უცხვირო მექისე ჰასანას ხელოვნება დასტოვა წიგნში ჩაწერილი. მირზა ფარუქ ოღლის ხელოვნება კი მხოლოდ გაქურდვით შემოიფარგლებოდა. მატასის სასტუმროდან მან სადიხ ბეკის ორი ხურჯინი წაიღო, შიგ კი მტრედის კვერცხის ზომა საფირონი იპოვა. შემდეგ ენიკოლოპოვას შეუამხანაგდა, ვისი შვილიც, აგონ მანუჩარ ხანოიარ, სპარსეთის შაჰის საჭურისი იყო. ფიქრად მათ ჰქონდათ საფირონის თეირანში გატანა და იქ გაყიდვა.
  ლავრენტი ცქიფურიშვილი – ფულის გამომძალველი და წერილების დამწერი. ემარჯვებოდა ორივე ხელით წერა და ამით მსხვერპლს თავგზას უბნევდა. ჯერ ერთს მისწერდა, მერე – მეორეს. ერთში უფრო მსხვილ თანხას ასახელებდა, მეორეში – ნაკლებს, ორივეს სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციის სახელს მიაწერდა, მფარველობასაც დაჰპირდებოდა. შიში ასეთი ტერორისტებისა იყო დიდი, ბომბი სკდებოდა ხშირად, ეგზარქოსი ნიკონიც კი მოეკლათ რევოლვერით, როცა სადარბაზოში შედიოდა. ამით ბევრი თაღლითი სარგებლობდა და ვისთანაც ფული ეგულვებოდათ, იმათ მიადგებოდნენ. ცქიფურიშვილი ფულს სძალავდა, ასევე, ფირმა „გველესიანი და ჭავჭანიძეს“ და ამაზე 1908 წელს დაიჭირეს. ამავ დროებაში წერილების დამწერი და მუქარის შემთხზველი იყო ალექსანდრე იორამოვიც, კიდევ ნიკოლოზ ამილახვარი და მასთან ერთად ალექსანდრე და გრიგორი მუხრანსკები, გასახლებული გუბერნიიდან, როგორც საზოგადოებისთვის საშიში პიროვნებები, ბრალდებულები განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულთა გამომძიებელი მალინოვსკისთვის გამოძალვისა და მუქარის წერილის მიწერაში. მაგრამ ყველაზე მეტი ყურადღება მიიქცია ლევან შაინიანცმა და მისმა ათმა დამქაშმა, რომლებიც მთელ ქალაქს მოსდებოდნენ, საპოლიციო უბნები დაენაწილებინათ და ყველას თავისი მოფარგლული ქუჩები ჰქონდა წერილების მისაწერად და დასაშინებლად.
  არშაკ ზურაბოვი – ქურდი. ერთხელ ის ჩასული იყო მხეცთა საჩვენებელში მადათოვის კუნძულზე და იქ უცქერდა ცხოველებს და ფიქრობდა, აბა, ღმერთს ყველა ისინი რისთვის გაუჩენია. რატომ არის, რომ იმას ასეთი კბილები აქვს, ამას – ასეთი ბრჭყალები. ზოგს ზოლები აქვს, ზოგს – კოპლები. რისთვის არსებობს ეგ ყველა ცხოველი? რისთვის გააჩინა ღმერთმა? და მერე მიხვდა, რომ კატა იყო ქურდობისთვის. კი, ის ღმერთმა ქურდობისთვის გააჩინა. მერე, რომ დათვრა, ბაგრატ ხაჩატუროვს კატა დაახატვინა გულზე. მახათითა და მელნით ჩაახატინა. დაეფუფქა, მაგრამ ასე დარჩა. მან ერთხელ დაინახა პეპელა მამასახლისოვის სპარსული ხალიჩა, გამოკიდული მეტად მაღლა, ისე, რომ იმას აბელა თუ შესწვდებოდა, თავისი ოჩოფეხებით. აბელა კი არ იყო. მარა ჰყავდა კატა. თოკიც ჰქონდა, ათი ადლი, წვრილი და დახვეული კამეჩის კოჭზე. ეს თოკი გამოაბა კატას და ესროლა ხალიჩას. კატა ხალიჩას ბრჭყალებით დაეკიდა და არშაკამაც დაჰქაჩა. აბა, კატის კნავილზე ვინ გამოიხედავს. განა ძაღლის ყეფაა? რამდენიმე კატა ჰყავდა. თეთრი იყო დღისთვის, შავი – ღამისთვის. დადიოდა ზემო ქალაქშიც. დახედავდა და სულ მალე იცოდა, ნახევარ ქალაქს ვის რა ხალიჩა ჰქონდა. დაიხრჩო 1890 წელს მტკვარში. სამი დღის მერე იპოვეს ნავთლუღთან, სახე ისე დასიებოდა, ვეღარც იცნობდი. ხაჩატუროვის გაკეთებული სვირინგით ამოიცნეს.
  ალექსი მამასახლისოვი – ხელობით მეპაპიროსე, იყო ფაეტვნის ქურდი. ამათ ჰქონდათ თავისი ადგილები. ეს იყო სომხის ბაზარი და დუქნებთანაც ერივანსკი პლოშადზე, ვერცხლის რიგი, სალდათის ბაზარი და როცა ფაეტონი ჩერდებოდა და შიგ მყოფი გადმოვიდოდა, ქურდებიდან ერთი ცხენს შეუმჩნევლად პეშვით დარიჩინს შეაყრიდა და ის იწყებდა თავის ქნევას და მეფაეტვნის ყურადღებაც სხვაგან გარბოდა. მეორე კი ხელს სტაცებდა შიგ ჩალაგებულობას, ეს იქნებოდა მუნდირი, ქუდი, რაიმე საკვოიაჟი, იქნებ ხელის ჯოხი. ისედაც ხდებოდა, რომ მეფაეტვნეს დასძახებდნენ რასმეს, ყურადღება რომ სხვაგან გადაეტანა. არც ეს იყო რთული და სხვადასხვა გზა ამისთვისაც არსებობდა. ქალიც ჰყავდათ, მეძავი, ჯეირან-მამასახ-ოღლი, ისიც იყო ეგრე თავისი ავლადიდების გამომჩენი და ფერუმარილის წასმით კიდევ თვალის მომწყვეტი და იმას გაყოლებული მზერა ვეღარ ხედავდა, ფაეტონში რაც ხდებოდა. მერე ჯეირანი ერთ დღესაც ყელგამოჭრილი ნახეს საკუთარ ოთახში. სუნით იგრძნეს, რომ ის მომკვდარიყო. მამასახლისოვი კი 1871 წელს დაიჭირეს, როცა ზინაიდა ლიგერის ქალთა საცვლების მაღაზია გაქურდა. მან სცადა, გაქცეოდა ღამის პატრულს, მაგრამ მიაგნეს და თავადი ერისტოვის და მკერავი ვალინგის სახლებს შუა, ხიდის ქვეშ ჩამალული იპოვეს გუდით ხელში, საცა მოეკრიბა ნაირ-ნაირი საცვლები.

скачать dle 11.3