კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 რატომ ცხოვრობდნენ დიმიტრი პირველის ვასალისა და სიძის სამფლობელოში – დარუბანდში არაბები, ვისი მკვლელობის გამო იყვნენ ისინი გამოქცეულნი და როგორ ხვდებოდნენ ქართველებს

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  დიმიტრი მეფის არაბი მდივანი, ალ-ფარიკი დაჰყვებოდა მეფეს და მისი ბრძანებების გარდა, იწერდა სხვა საინტერესო ამბებსაც, რომელთაგან ნაწილი მერე გადაიტანა თავის თხზულებაში – „მაიაფარიკინის ისტორიაში“, რომელსაც ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც წყაროს.
  დარუბანდის სამთავრო (დღევანდელი დერბენტი და მისი შემოგარენი. ახლა რუსეთის ფედერაციაშია, დაღესტნის ავტონომიაში) დავით აღმაშენებელმა დაიმორჩილა და მისი მთავარი თავის ყმად აქცია. გარდა ამისა, დავით აღმაშენებელმა საკუთარ სახელმწიფოს პირდაპირ შემოუერთა შირვანის (დღევანდელი აზერბაიჯანის ჩრდილო ნაწილი) საშაჰო. მას შემდეგ დაემატა ქართველი მეფეების ტიტულატურას შირვან-შაჰის ტიტული.
  დემეტრე მეფეს მოუწია თავისი სიძისთვის, დის ქმრისთვის, შირვანის შაჰისთვის, დაებრუნებინა შირვანი, ყმადნაფიცობის პირობით. თუმცა, ალ-ფარიკის ცნობით, დიმიტრი პირველი ჩვეულებრივად, როგორც საკუთარ სამფლობელოში, ისე დადიოდა მთელ თავის სამბრძანებლოში, საკუთრივ ქართულ ტერიტორიებზეც, ვასალურ სამთავროებშიც და განაგებდა იქაურ საქმეებს.
  1154 წელს ჩვენი ხელმწიფე დარუბანდში გამგზავრებულა. თან ახლდა არაბი მდივანიც, რომელმაც აღწერა დიმიტრი მეფის მისვლა დარუბანდში. დარუბანდის ამირას, დიმიტრი მეფის ვასალს, ცოლად ჰყოლია ჩვენი მეფის ასული. ამირამ, როგორც შეეფერებოდა სუზერენს, სიმამრს და საქართველოს მეფეს, ისეთი მასპინძლობა გაუწია ჩვენს ხელმწიფეს და ჯარს.
  დაღესტანი, დარუბანდის სამთავრო და საერთოდ, ჩრდილოეთ კავკასია, ყოველთვის დასახლებული იყო მრავალი სხვადასხვა ხალხითა და ტომით. დარუბანდი ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი გახლდათ, რომელიც კეტავდა ჩრდილოეთიდან სამხრეთ კავკასიისკენ გადასასვლელს კასპიის ზღვის პირას. ამიტომ, დარუბანდი უძველესი ხანიდან სხვადასხვა სამეფოსა და ხალხის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. ვინც დარუბანდში გაბატონდებოდა, მის ხელში იყო ეს უმნიშვნელოვანესი კარი.
  დარუბანდის სამთავროში არაბ ალ-ფარიკს უნახავს არაბების დასახლებაც, რომლებიც იქ დიდი ხანია ცხოვრობდნენ და დიმიტრი მეფის სანახავად მისულან. დიმიტრი მეფის არაბი მდივანი მოგვითხრობს:
  „ერთი საათი არ გასულიყო, რომ იმ სოფლებიდან ლაშქართან ხალხის ჯგუფი მოვიდა. მე დავინახე ერთი მათგანი, რომელმაც იმ ადგილთან გაიარა, სადაც მე ვიდექი. იგი არაბულად ლაპარაკობდა. მე გამიკვირდა ეს და ვუთხარი: „საიდან ხარ, ყმაწვილო? მე ჯერ არავინ მინახავს ამ ქვეყანაში, რომელიც არაბულად ლაპარაკობდეს“.
  მან მიპასუხა: „მე იმ სოფლიდან ვარ“ – და მიუთითა სოფელს ამ მთის შუაში მწვერვალზე რომ იყო. ვკითხე: საიდანაა ეს არაბული მეტყველება?
თქვა: მეცა და ყველანი ჩვენს სოფელში არაბები ვართ და ჩვენ ვლაპარაკობთ არაბულად.“
ვკითხე: „რამდენი ხანია აქ ცხოვრობთ?“ მიპასუხა: „ჩვენ მოვედით აქ დაახლოებით 500 წლის წინათ, ან მეტი ან ნაკლები“.
ვკითხე: „რომელი არაბებიდან ხართ თქვენ?
„თქვა: „ჩვენ ბანუ უმაიას, ქინდის (ძველი არაბული ტომები არაბეთის ნახევარკუნძულიდან) და სხვა ტომებიდან ვართ, მაგრამ ახლა ერთმანეთში ავირიეთ“.
ვკითხე: „რამ მოგიყვანათ ამ მხარეში?“
მითხრა: „არ ვიცი“.
ვუთხარი: „ეჭვი არაა, რომ თქვენ ჰუსეინის (ხალიფა ალისა და მუჰამედის ასულ ფატიმას ძე. მოკლეს ქერბალასთან 680/1 წელს), მშვიდობა მას, მკვლელების შთამომავალნი ხართ, იმათთაგანი, ვინც გაექცა მუხთარ იბნ აბუ უბაიდას (მავალების აჯანყების მეთაური ერაყში 684-685 წლებში).“
თქვა: „საიდან იცი?“
ვუპასუხე: „დაწერილიდან, რომ ჰუსეინის მკვლელთა ერთი ჯგუფი გამოიქცა დარბანდში“.
ის ღამე გავიდა. მეორე დილით ჩემთან მოვიდა ეს კაცი. თან ხალხი ახლდა. ერთხანს ვისაუბრეთ. მათ შორის ერთი მოხუცი იყო, სახელად მუჰამად იბნ იმრანი. მე დავუწყე მათ გამოკითხვა ამ მხარეში მათი ცხოვრების შესახებ, როგორ დაემკვიდრნენ აქ და უკან არ დაბრუნდნენ.
მიპასუხა: „ეს ადგილი ჩვენს სამშობლოდ იქცა“.
ვკითხე: „როგორ არ დაგავიწყდათ არაბული ენა?“
  მიპასუხა: „ჩვენ გადავცემთ მას ერთმანეთს და არ ვტოვებთ არაბულ ლაპარაკს. ყოველი ქალი ჩვილს მხოლოდ და მხოლოდ არაბულად ესაუბრება და ბავშვი იზრდება არაბულ ენაზე“.
ვკითხე: „როგორია თქვენი მდგომარეობა აქ?“
  მიპასუხა: „ძალიან კარგი. ჩვენ ვცხოვრობთ სხვებისგან განცალკავებით და ეს მიწა, ზომით 5 კვადრატული ფარსანგი, ჩვენ გვეკუთვნის. ჩვენ ვთესავთ იმას, რაც გვჭირდება და არავინ გვიშლის ხელს. ეს ამირა, დარბანდის პატრონი, დიდი ყურადღებით გვექცევა და ყველაფერს გვაძლევს უხვად, რაც გვჭირდება. ასე იყო ყოველი მმართველის დროს. ჩვენ საუკეთესო მდგომარეობაში ვართ“. შემდეგ დაუმატა: „იცოდე, რომ ჩვენ გამოვექეცით მუხთარ იბნ აბუ უბაიდას. მას კიდევ ერთი ტომი გამოექცა. არც ჩვენ და არც ისინი არ ჩაუვარდნენ მას ხელში. ხომ არ იცი, სად წავიდა ის მეორე ჯგუფი და სად არიან დღემდე?“.
ვუპასუხე: „მეორე ჯგუფი გაიქცა მოსულში და ალ-ჯაზირას მთებში. მუხთარმა კაცი გაუგზავნა იბრაჰიმ ალ აშთარ ან-ნაჰაის და მოითხოვა ისინი. ისინი კი გაიქცნენ სანასინის (სასუნი, მხარე არმენიაში) მთაზე, მაიაფარიკინის ზემოთ რომაა და დარჩნენ მეფე სანხერიბთან, სანასინის მეფესთან. ეს არის არმანთა ერთი ჯგუფი“.
მან თქვა: „სწორი თქვი, მაგრამ დარჩა ვინმე მათ შთამომავალთაგან ახლა?“
ვთქვი: „დიახ, ისინი სომეხთა ერთ ჯგუფს შეადგენენ“.
  მათ გაატარეს ეს დღე ჩემთან და დაბრუნდნენ მთაში. მე კიდევ ორი დღე დავრჩი იმ ადგილას ლაშქართან ერთად. შემდეგ იქიდან წავედით“.
მაშასადამე, დიმიტრი მეფის დროს დარუბანდში ცხოვრობდნენ მაჰმადიანთა წინასწარმეტყველ მუჰამედის ბიძაშვილისა და სიძის (ქალიშვილის, ფატიმას ქმრის), სუნიტთა მეოთხე ხალიფას, ალის (რომელიც მერე შიიტებმა გამოაცხადეს თავის პირველ იმამად) და ფატიმას უმცროსი ვაჟის, ალ-ჰუსეინ იბნ ალის – რომელიც მეხუთე ხალიფასა და მეორე იმამის, ჰასან იბნ ალის უმცროსი ძმა იყო და თვითონაც გახდა შიიტების მესამე იმამი – მკვლელების შთამომავლები, რომლებიც მერე გამოექცნენ შიიტების ერთ-ერთი მიმდინარეობის, კაისანიტების ლიდერს, ალ-მუხთარ იბნ აბუ უბაიდს და დასახლდნენ კავკასიის მთებში თავის გადასარჩენად.
ასეთი ვრცელი და მრავალეროვანი იყო მაშინდელი საქართველოს სამბრძანებლო.

скачать dle 11.3