კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 რა ტრაგედიის შემდეგ დაიწყო გოგი ცაბაძემ მუსიკის წერა

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  დღეს მინდა, ერთი კარგი კომპოზიტორის, ნაღდი თბილისელი კაცის დღიურები გადაგიშალოთ, შემოქმედის, რომელმაც ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში, თავისი ნაწარმოებების სახით, უდიდესი საგანძური დატოვა. კომპოზიტორის ვაჟი კახა ცაბაძე იხსენებს:
  „გოგი ცაბაძე ნამდვილი გენიოსი იყო, რომელიც ათას წელიწადში ერთხელ იბადება და ბედნიერებაა, რომ საქართველოში დაიბადა. საოცრება იყო, კაცმა, რომელსაც 37 წლის რეპრესიების წყალობით, უკვე ბავშვობაში მამა აღარ ჰყავდა, ფრონტზე ორი ძმა დაკარგა, გარდაეცვალა 24 წლის და, ამდენს გაუძლო. ბებიაჩემს, როგორც ერის მოღალატის ცოლს, აკრძალული ჰქონდა მუშაობა. თვითონ, მამაჩემს 13 წლის ასაკში ფეხი მოჰკვეთეს. ამის მერე დაიწყო სიმღერების წერა. რომ ჰკითხეს, რა გინდა, გოგიო, თქვა, პიანინო მიყიდეთო. ყველაფერი უფლის ნებიდან მოდის. კაცმა, რომელმაც ამდენი ტანჯვა გამოიარა, მთელი ცხოვრება სიმღერით იცხოვრა და სიმღერით წავიდა ამქვეყნიდან. ამაზე დიდი უფლის წყალობა, ალბათ, არ არსებობს. მერე კი ამბობდა, ჩემთვის ფეხი რომ არ მოეკვეთათ, ფეხბურთელი ვიქნებოდიო... დედაჩემმა მთელი თავისი სიცოცხლე აჩუქა მამას. შეუღლების შემდეგ ერთი დღეც არ უმუშავია. გოგის ყველა პრობლემას არიდებდა... მამაჩემმა იმ პერიოდში იცხოვრა, როცა რელიგიაზე ღიად არ საუბრობდნენ. არასოდეს მინახავს მამა მლოცველი. თავისებური კაცი იყო, არ უყვარდა თავისი ფიქრებისა და გრძნობების სააშკარაოზე გამოტანა. რაც შეეხება მის შემოქმედებას, არ მახსოვს, მისთვის სიმღერები დაეწუნებინოთ, თუმცა ჩემი ერთ-ერთი სიმღერა, „სულხან-საბას ლოცვა რომში“ დააპატიმრეს. რადიოს ფონდში წითელი ხაზი გადაუსვეს. ალბათ, მამასაც უწუნებდნენ სიმღერებს, მაგრამ კონკრეტულად არც ერთი არ მახსენდება. როგორც ვთქვი, ძალიან რელიგიური კაცი არ იყო მამაჩემი, მაგრამ შევიწროვებას და კომუნისტურ რეჟიმს ნამდვილად არ ურიგდებოდა. ჩვენს ოჯახში აღდგომაც იყო და შობაც. ყოველთვის მივდიოდით საფლავზე და ეკლესიაშიც დავდიოდით. იმ პერიოდში ეკლესიაში ერთად ვერ ვივლიდით. ყველაზე ხშირად მცხეთას ვსტუმრობდით ხოლმე და სვეტიცხოველში მივდიოდით... იმდენი ტანჯვა ჰქონდა გამოვლილი, მაგრამ არაფერს ამბობდა. თავისებური კაცი იყო, თავის საიდუმლოებებს ადვილად არავის გაანდობდა. მამაჩემი პარტიული არასოდეს ყოფილა. პარტიაში უნდა მიეღოთ და მახსოვს, როგორ იმალებოდა. ბოლოს იმ კაცმა შემოუთვალა, კაცო, სხვები მეხვეწებიან და თუ არ გინდა ამ პარტიაში, გამოჩნდი, სულ ნუ დამკარგავო. მეგონა, სიკეთეს გიკეთებდი და თუ არ გინდა, თქვიო. საბოლოოდ, მამა პარტიას მაინც ვერ ასცდა... მამა ქვეტექსტებით მღეროდა. რატომღაც ყველას მიაჩნია, რომ გოგი ცაბაძე ყველაზე ხშირად თბილისზე მღეროდა. მე კი სულ ვამბობ, თბილისის მომღერალს კი ეძახდნენ, მაგრამ რომ დავთვალე, სიტყვა თბილისი სულ 12 სიმღერაში აქვს გამოყენებული, სამაგიეროდ, სიტყვა გული 74 სიმღერაში გამოიყენა. „თვითონ ღმერთი წამებული შენ ერთს გწყალობს ისევე, მხოლოდ გულში განისვენებს, მხოლოდ გულში ისვენებს, გულო, სანამ გული გქვია, გულო, უნდა მტკიოდე, გულო, უნდა მიერთგულო, მიმყვე საიქიომდე“ – საოცარი სიტყვებია. არ ვიცი, სიკვდილსა და საიქიოზე არასოდეს საუბრობდა, მაგრამ ალბათ, ფიქრობდა. თავისებური დამოკიდებულება ჰქონდა ყველაფრისადმი. მამაჩემისთვის გული იყო მთავარი და მართლაც გულმა უმტყუნა. ალბათ, ეს ყველაფერი ღმერთის ნებით მოხდა. მამაჩემს წინათგრძნობა ჰქონდა, გული უგრძნობდა, რაც ელოდებოდა... ის ფაქტი, რომ გოგი ცაბაძე თბილისში არ გარდაიცვალა, ესეც საოცრება იყო. თბილისში არ არსებობს ადგილი, სადაც მამაჩემი გარდაიცვალა. თბილისისთვის გოგი ცაბაძე ცოცხალია. მართლა საოცრებაა, ადამიანი, რომელიც ყოველდღე თბილისს უმღეროდა, თბილისში არ გარდაიცვალა. თბილისს გოგი ცაბაძე ყოველთვის ცოცხალი ახსოვს და ეს ძალიან კარგია... გორში კონცერტზე ყველანი ვიყავით წასული, მთელი ოჯახი. 60 წლის
რომ გახდა, მისთვის იუბილე უნდა გადაეხადათ. მამას ძალიან უნდოდა კონცერტზე ყოფილიყო „ორერა“, ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, ვახტანგ სალარიძეც. ორი წლის განმავლობაში ეს ვერ მოხერხდა, იმიტომ, რომ მოსკოვში ბუბას გადაღებები ჰქონდა, ნანის – კონცერტები, „ორერაც“ გასტროლებზე იყო. ზუსტად იმ დღეს მოხდა, რომ ყველა შეიკრიბა. თითქოს საოცრება იყო, მამაჩემი ამ კონცერტით ყველა თავის ახლობელს დაემშვიდობა. ჩვენ ეს კონცერტი ვიდეოზე გადავიღეთ. მამაჩემის არც ერთი სიმღერა ჩვენ არ ჩაგვიწერია, სურათიც კი არ მაქვს მასთან გადაღებული. მხოლოდ ორი ფოტო მაქვს, სადაც ბავშვი ვარ. ადამიანი, სამწუხაროდ, არ აკვირდები მსგავს რაღაცებს და ამაზე არ ფიქრობ. სპეციალურად იმ კონცერტისთვის, ჩემმა ძმამ, თავის მეგობარს გამოართვა ვიდეოკამერა. აღმოჩნდა, რომ ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად გადავიღეთ მამაჩემის მთელი კონცერტი. ძალიან უცნაური იყო ეს ყველაფერი. მართლა ლამაზად იცხოვრა და ლამაზადაც წავიდა ამქვეყნიდან. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ახალგაზრდა წავიდა. რაც ასაკში შევდივარ, ახლა უფრო ვხვდები. მისმა გარდაცვალებამ ჩემში სულიერი ცვლილებები მოახდინა. ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდი. ყველა მის ნაწარმოებს სულ სხვა თვალით შევხედე. მამაჩემის გარდაცვალება ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი იყო. გოგის შემოქმედება გაცილებით სხვანაირად დავინახე, როდესაც არქივის მოწესრიგება მომიწია. გული მწყდება, რომ სიცოცხლეში ვერ ვუთხარი ის, რასაც დღეს ვფიქრობ მასზე.”
***
... ბატონ გოგის თავის აპარატში ერთი ერთგული თანამშრომელი ჰყავდა – რეზო ჯინჯოლია. გიორგი, როგორც ჩვენი ყველა ხელოვანი, თავისი ავტორიტეტით, ყველას ეხმარებოდა. ერთხელ ეს რეზო გიორგის კაბინეტში შეიძურწა თხოვნით:
– „მოსკვიჩი“ მყავს, ბატონო გიორგი. აბა, დღეს „მოსკვიჩით“ ვინღა დადის?
– რა გინდა, კენზო?
– კენზო არა, ბატონო გიორგი, რეზო მქვია მე, რეზო. გოგი ცაბაძეს ერთი უცნაური თვისება ჰქონდა. ადამიანების სახელებს ვერ იმახსოვრებდა. აიდარს ავლაბარს ეძახდა, ოლიას – თოლიას. ეგ კი არა ნუგზარ კვაშალს – ნუგზარ „კაშხალს“ ეძახდა.
– ჰო... რა გინდა, რეზო?
– ბატონო გიორგი, „ჟიგული“ მინდა – „03“ და თქვენ ხელი მიგიწვდებათ, თან თავის ფასში.
– თავის ფასში – ხილ-ბოსტანში! – გადაბჟირდა კომპოზიტორი, - სადაა, კაცო, ეგრე?!
– მინდა, ბატონო გიორგი და რა ვქნა? დამეხმარეთ!
– „ხარაშო, სლუშ, პადუმაემ!” – დაჰპირდა ცაბაძე.
გულმოწყალე კომპოზიტორმა კაბინეტიდან რეზოს გასვლისთანავე აკრიფა ტელეფონის ნომერი.
– „ზავტრა (რუსული ლაპარაკი უყვარდა) კვამ პრიდიოტ მოი ზნაკომი ჯონჯოლია. „ჟიგული” ხოჩეტ...
კარიდანვე მობრუნდა მიყურადებული მთხოვნელი:
– „ნე ჯონჯოლია, ბატონო გიორგი ა – ჯინჯოლია“.
– „ნუ, ნე ადინ ხ... ი?!” – გადაბჟირდა კომპოზიტორი.
რეზოს სხვა გზა არ ჰქონდა და „წაუპადხალიმა“.
– „კანეშნა, ადინ ხ... ი,” ბატონო გიორგი, „ტოლკო, როსტ რაზნიე”!
ცაბაძემ იმდენი იცინა, ძლივს მოაბრუნეს.
– „ხარაშო, ხარაშო”, ჩემო კვებზო, „სდელაემ.. სდელაემ”?!
– დაბადების დღე მაქვს ორ თვეში და მაშინ გამახარეთ, იუბილეზე.
– „ხარაშო, ხარაშო”, ჩემო რემზო.
ორმა თვემ მალე გაიარა.
გულაფანცქალებული იუბილარი სტუმრად მოსულ, საგანგებოდ დაპატიჟებულ ცაბაძეს მიეგება ორსართულიანი სახლის დიდ ეზოში. გიორგი მანქანიდან გადმოვიდა.
– „პალუჩაი, ზაკაზ”! – მიუთითა თავისი მანქანის საბარგულისკენ.
ძნელი მისახვედრი არაა...
მანქანიდან ერთი ყუთი ლუდი „ჟიგული“ გადმოიღეს.
– ეს რაა, ბატონო გიორგი? – პირი გააღო რეზო-კენზომ.
– „ტი ჟე გავარილ – „ჟიგული“? – ვოტ, პრინიოს”...
– „ია, ია“, – ალუღლუღდა მასპინძელი იუბილარი, – „მაშინუ პრასილ, მაშინა „ჟიგული”.
– „ვოტ, ვ მაშინე პივა „ჟიგული“, ა ჩტო ტი ხაწელ?”
– „ია მაშინა „ჟიგული“ პაპრასილ“, ბატონო გიორგი.
– „აა, მაშინა „ჟიგული“? ეტო ჟე ოჩენ დოროგა სტოიტ, პარენ”, მომინდომე რა შენც, ჩენზოო!
ჯინჯოლიას პირი გაუშრა. (ს. გაუჩო)

скачать dle 11.3