კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 როგორ გავუმკლავდეთ სტრესულ სიტუაციას სიცილის თერაპიის დახმარებით და რა ვარჯიშები გაგვხდის უფრო ნაყოფიერს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ბოლო პერიოდში ექიმები დიდ ყურადღებას უთმობენ გელოტოლოგიას, ანუ სიცილის თერაპიას. გელოტოლოგები აღნიშნავენ, რომ სიცილი ამცირებს ტკივილებს, კურნავს კანის ალერგიულ დაავადებებს, ადუნებს კისრისა და ზურგის კუნთებს, არეგულირებს თავის ტვინისა და გულის მუშაობას. ისინი გვირჩევენ, გავიცინოთ მაშინაც კი, როცა არ გვეცინება. ვუყუროთ რაც შეიძლება კომიკურ, სასაცილო გადაცემებს, ფილმებს, ხშირად ვიკითხოთ ანეკდოტები.
  სიცილის თერაპიის ფუძემდებელია ამერიკელი ჟურნალისტი ნორმან კოზისი. ის რამდენიმე თვის განმავლობაში მხოლოდ კომედიური ჟანრის ფილმებს უყურებდა. როგორც კოზისი ირწმუნება, სიცილის თერაპიის სეანსების მერე მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, კერძოდ, გათავისუფლდა სახსრების ტკივილისგან.
  პედიატრები გვირჩევენ, არ შთააგონოთ პატარას, რომ ხმამაღალი სიცილი უკულტურობაა. დათრგუნვილი სიცილი, ისე როგორც შეკავებული ცრემლი, ნელი მოქმედების ნაღმია, რომელიც შეიძლება, ნებისმიერ დროს „აფეთქდეს“ – რაც გამოვლინდება, ეგრეთ წოდებულ, ფსიქოსომატურ დაავადებებში, უპირველეს ყოვლისა, გასტრიტის, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის, ბრონქული ასთმის სახით. ჯანმრთელი ბავშვი ყოველთვის იღიმის, მხიარული და ხალისიანია. ხოლო ნებისმიერი დაავადების დროს პატარა დაღონებულია, მოშვებული, თვალები ნაღვლიანი აქვს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ორგანიზმისთვის იუმორი ისევე აუცილებელია, როგორც ჰაერი, წყალი და საკვები. სიცილი აუმჯობესებს განწყობასა და თვითშეგრძნებას. ეს ორგანიზმის მიერ ნეირომედიატორების – დოფამინის, სეროტონინისა და „ბედნიერების ჰორმონის“ – ენდორფინის ინტენსიურ გამომუშავებას უკავშირდება.
მაგნო შავდია: იმისთვის, რომ კარგად ვიგრძნოთ სიცილის მნიშვნელობა, აუცილებლად უნდა გავიცინოთ. ასე უკეთ გავიგებთ, ვიდრე ახსნით. პირადი გამოცდილება ყოველგვარ ახსნას სჯობს.
– თუმცა, ყველას ხომ არ მოსდის სიცილი ბუნებრივად და როგორ უნდა მოვიგვაროთ?
– არასწორი მიდგომაა. სიცილი და მხიარულება მეტად ბუნებრივია, ვიდრე სერიოზულობა. ბუნებრიობის მაგალითს ხომ ბავშვისგან ვიღებთ და ბავშვი სიხალისესთან უფრო ახლოა, ვიდრე სერიოზულობასთან. რომ ვიზრდებით, საზოგადოება გვასწავლის, რომ სერიოზულები ვიყოთ, რადგან სერიოზულობა საქმის ხარისხიან კეთებასთან ასოცირდება. თუმცა, თანდათან ვხვდებით, რომ საერთოდაც არ არის ასე. როცა ადამიანი ხალისიანია, გაცილებით გონიერი, შემოქმედებითი, კრეატიული და გამჭრიახია. ასე რომ, საზოგადოების ნაკარნახევი წესი სერიოზულობის შესახებ სულაც არაა უპირობოდ მართებული. როცა გვეკითხებიან, როგორ ვისწავლოთ სიცილი? მე ვეკითხები – სერიოზულობა როგორ ისწავლე? ხალისიანი ხომ ბავშვობიდანვე იყავი და სერიოზულობა როგორ ისწავლეთ, ეგ გაიხსენეთ.
– ასაკის მატებასთან ერთად, ყველა გვკარნახობს წესებს, რა არის მიზანშეწონილი, რა – ნაკლებად და ალბათ, ამითაა გამოწვეული.
– რატომაა, ყველა რომ ნეგატივზე წუწუნებს? იმიტომ, რომ ნეგატივს ვიღებთ, როგორც ჩვეულებრივ ამბავს. მხიარულება კი ამ ნეგატიური ყოველდღიურობიდან ხელოვნური ჩანს. არადა, პირიქით, მოწყენილობა და საცოდაობაა არაბუნებრივი. ამიტომ, პირველ რიგში, ბუნებრივი და ხელოვნური მდგომარეობის გარჩევა უნდა შევძლოთ. შედეგად მივხვდებით, რომ ჩვენ რამე ახალს კი არ ვსწავლობთ, მხოლოდ ბუნებრივ მდგომარეობას ვუბრუნდებით.
– თუმცა, სერიოზულობა და მორგებული იმიჯები ახლა უფრო აქტუალურია. როგორ დავუბრუნოთ ასეთები ბუნერივ მდგომარეობას?
– მე არავის გაცინებას არ ვაპირებ (იცინის). ადამიანმა თვითონ უნდა გამოთქვას სურვილი, რომ გახდეს ჩვეულებრივი, ალალი, ბუნებრივი და ხალისიანი. თუ ადამიანი იგრძნობს, რომ შინაგანი ბავშვი ძალიან დააკომპლექსა და ეს აწუხებს, შეიძლება, მას რაღაც აუხსნა და დაეხმარო. თორემ მე მისიონერი ნამდვილად არ ვარ. არსებობს სპეციალური ვარჯიშები სიცილის მოსაგვრელად, მაგრამ ამისთვის, პირველ რიგში, სურვილია საჭირო.
– რა სახის დახმარებები არსებობს მათთვის, ვისაც ბუნებრიობის დაბრუნების სურვილი აქვს? ამ სიტუაციაში, როდესაც ყველა ასე დასტრესილია, ეს, ალბათ, ყველას დაეხმარება.
– გამოდის, რომ ხალხი ძალიან არაბუნებრივ მდგომარეობაშია. მე პოლიტიკოსებთანაც ჩამიტარებია კონფერენცია, მაგრამ ისინი ისეთი გაყინულები არიან, არ ღირს მათთან მუშაობა, „მკვდარი ხალხია“. ჩემთვის ცოცხალი ნამდვილი, მოღიმარი ადამიანია.
– თქვენ როდის დაინტერესდით სიცილის თერაპიით?
– ოცდაათ წელზე მეტია. მაშინ იოგას მოვეკიდე ძალიან სერიოზულად. შემდეგ შემხვდა წიგნი „ოშოზე“, რის შემდეგაც ოშო ჩემი მასწავლებელი გახდა. მივიღე მისგან ზიარება და სახელი „მაგნო“, რაც ფუფუნებას ნიშნავს. შემდეგ თბილისში ჩამოვაყალიბე სამედიტაციო ცენტრი, რომელიც 12 წელი იატაკქვეშეთში ფუნქციონირებდა, რადგან კომუნისტების დროს აკრძალული იყო. შემდეგ მთელი ცენტრი, 25 კაცი ინდოეთში წავედით და მას შემდეგ საცხოვრებლად საქართველოში აღარ დავბრუნებულვარ. თუმცა, ისე ჩამოვდივარ ხოლმე. გერმანელი მეუღლე მყავს, საერთო ინტერესებმა შეგვახვედრა. ის ჰიპნოთერაპევტია, დამაჰიპნოზა და უკვე 25 წელია, მიყვარს (იცინის). დროის გარკვეულ ნაწილს გერმანიაში ვატარებთ, ნაწილს – ინდოეთში.
– როგორ ეხმარება სიცილის თერაპია ადამიანს?
– მაგალითად, გაქვთ პრობლემა და მისი გადაწყვეტა გინდათ, მაგრამ არ გვარდება და დაძაბული ხართ. როგორღაც დაივიწყეთ პრობლემა და 10-15 წუთი იცინეთ. შემდეგ დაუბრუნდით პრობლემას და ნახავთ განსხვავებას, უცებ გამოჩნდება პრობლემის კრეატიული გადაწყვეტის გზა, რომელსაც აქამდე ვერ ხედავდით. საუკეთესო გადაწყვეტილება ხალისიანი განწყობის დროს მიიღება. უკვე კომპანიებიც მიხვდნენ, თუ არასტრესულ გარემოში ეყოლებათ თანამშრომლები, გაცილებით უკეთესი შემოსავალი ექნებათ. ახლა სემინარებს რომ ვატარებ, კომპანიის ხელმძღვანელებს, პირველ რიგში, ვურჩევ, გაახალისონ თანამშრომლები – აცეკვონ, ამღერონ, იზეიმონ ერთად და მერე შესთავაზონ პრობლემების გადაწყვეტა. ნახავთ, თუ უკეთესი და უფრო შემოსავლიანი გადაწყვეტილებები არ მიიღონ. იცოდეთ ისიც, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ბუნებრივია თუ ხელოვნური სიცილი, რადგან ტვინი ამას ვერ ასხვავებს. როცა თქვენში ხელოვნურად იწვევთ სიცილის ვიბრაციას და ამ განწყობაზე გადადიხართ, გონება ტყუვდება და დადებითი ელემენტების გამოყოფას იწყებს, არა იმ რაოდენობით, როგორც ბუნებრივი სიცილის დროს, მაგრამ მაინც. ამიტომ ხელოვნურ სიცილს ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობასთან დასაბრუნებლად ვიყენებთ. სამწუხაროდ, ადამიანებს უჭირთ იმის აღქმა, რამდენად არსებითია სიცილი და უფრო მეტად ისე უყურებენ, როგორც გასართობს. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ მოხერხდება მიდგომის შეცვლა.
– თუმცა, ამ სიტუაციაში ალბათ, ბევრისგან გსმენიათ სკეპტიკური ფრაზები, თუნდაც – ვის სცალია ასეთ დროს სიცილისთვისო...
– კი, ბევრი კამათი მქონია ამასთან დაკავშირებით (იცინის). რა უცნაურია, ადამიანი როდესაც დადებით მდგომარეობაშია, ეჭვი ეპარება მისი ნამდვილობის შესახებ, მაგრამ როცა იტანჯება, ეჭვი არ აწუხებს. თითქოს, პოზიტივი ზედაპირულია. არადა პოზიტივია ბუნებრივი და ტანჯვა და წუხილი კი – შეძენილი. რა თქმა უნდა, გეტყვიან, ასეთ მდგომარეობაში, რა გეცინებაო?! მიზეზი არ ელევათ – სახელმწიფო არ მოსწონთ, ეკონომიური მდგომარეობა არ აკმაყოფილებთ... მაგრამ საქართველოზე უფრო ღარიბ ქვეყნებში ჩამიტარებია ტრენინგი და გაცილებით ბედნიერი და უკეთეს ხასიათზე მყოფი ხალხი მინახავს. ასე რომ, ეკონომიკას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. სიცილის დროს ადამიანის ყველაზე ღრმა შრე – სული იწყებს ფუნქციონირებას. სიხარულის ენერგია სულიდან გადმოედინება, გულს გაივლის და შემოდის სხეულში. ამიტომ, როცა ადამიანი სიცილსა და სიხარულს აჩერებს, ფაქტობრივად, აჩერებს ამ ღვთაებრივ ენერგიას, რომელიც ცდილობს, გადმოიღვაროს და განკურნოს ადამიანი ყველა დონეზე. როგორ შეიძლება ამის ჩახშობა?
– შეგვიძლია, კონკრეტული სავარჯიშო ვასწავლოთ მკითხველს?
– საშინაო დავალება? კარგი (იცინის). ოშომ თქვა, იმ მრავალი განზომილებიდან, რასაც ემოციები მოიცავენ, მინდა, აღვნიშნო ოთხი: რომლის მეშვეობითაც ემოციები შეიძლება გასუფთავდეს: მხიარულება, სიხალისე; კეთილგანწყობა, მეგობრულობა; მადლიერება; თანაგრძნობა. თუ შეიტანთ თქვენს ცხოვრებაში ამ ოთხ ემოციას, თქვენ მიაღწევთ ემოციების სიწმინდეს. აირჩიეთ ერთი და სამი დღის განმავლობაში მხოლოდ ეს ემოცია გამოხატეთ, მიუხედავად იმისა შეესაბამება თუ არა სიტუაციას. გარდა ამისა, ყველაზე კარგია ყოველ დილით ჩავუტაროთ საკუთარ თავს თერაპია. რომ გაიღვიძებთ, პირველ რიგში, ის კი არ უნდა იფიქროთ: „აუ, დღეს ის მაქვს გასაკეთებელი და რა გააკეეთებს“- ასე არ შეიძლება. დილის პირველ აზრს მოსდევს ემოცია, რომელიც მთელი დღე არ მოგშორდებათ. ამიტომ ეცადეთ, პირველი ემოცია ძალიან ხალისინი იყოს. რომ გაიღვიძებთ, გაზმორება განაგრძეთ სამი-ოთხი წუთი და შემდეგ დაიწყეთ ხითხითი. 3-4 წუთი იცინეთ და რომ ადგებით, ნახავთ რამდენად დადებითი და ხალისიანი შემართება გექნებათ და რამდენად მხიარულად, აქტიურად და ნაყოფიერად გაატარებთ მთელ დღეს.

скачать dle 11.3