კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 როგორ შეუყვარდა გურამ დოჩანაშვილს ამირან შალიკაშვილის მსახიობი ქალი

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  „...არასოდეს გასართობად არავის დავყავდი, სამუშაოს ვირივით ამკიდებდნენ და პირველ გასაყვან გზას მიმაყენებდნენ, მეც რა მექნა, მივადგებოდი ხან აღმართს, ხან დაღმართს, მივუყვებოდი, ხანდახან ერთი გასეირნების ფასად”... ეს ერთი სევდიანი, თეატრზე უზომოდ შეყვარებული და თეატრისგან გარიყული კაცის, ამირან შალიკაშვილის ძალიან საინტერესო დღიურებია. მისი დღიურებიდან, რომელსაც „ცრემლიანი შემოდგომა“ ჰქვია, მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტს გთავაზობთ.
  „... გასტროლებზე ხშირად დავდიოდი. სასტუმროში არ მეძინა. დიდხანს ვფიქრობდი მაკბეტის როლის შესრულებაზე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მაკბეტის გარდა, ქართული სახეების განსახიერებაზე ვფიქრობდი, მაგრამ ვინ გაღირსა. ბატონმა რეზო ჩხეიძემ დამიძახა თავის ფილმში. გადაღება რომ დამთავრდა, მითხრა: „მე ახალი ამირან შალიკაშვილი აღმოვაჩინე“. ხმა არ ამომიღია, ჩემთვის გავიფიქრე – ყველაფერი უკვე დაგვიანებულია... მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში რასაც ვხედავდი, რასაც განვიცდიდი, ყველაფერ ამის გათამაშების, შესრულების ჟინი მიპყრობდა. თამაში ჩემი ხედვის არე იყო, ასევე სულიერი სამყარო. დავინახავდი ლამაზ გოგონას, იმ წუთში გავიფიქრებდი - სიამოვნებით ვუმღერებ კარგ მელოდიას-მეთქი, მორბენალ ირემს რომ დავინახავდი, გავიფიქრებდი: ოჰ, რა შესანიშნავად ვიცეკვებდი-მეთქი. ფრინველს რომ მოვკრავდი თვალს, აფრენა, ცაში ფრენა მინდოდა ჩემი სხეულით, ხელებით ფრთებს წარმოვიდგენდი და მივფრინავდი. ყველაფერსა და ყველაში თეატრალურ განსახიერებას ვხედავდი – კრებებზე, პლენუმებზე, ყრილობებზე რომ ვიჯექი, სპექტაკლებს ვდგამდი. თამაში, დადგმა, ჩემი სულიერი სამყარო იყო. ამიტომ დამიგროვდა ამდენი სპექტაკლი, ამიტომ გაჩნდა ამდენი ქურდი, თეატრალური ქურდი. სიმღერებსაც იპარავენ და ჩემ მიერ გამოგონილ პლასტიკურ სანახაობასაც... ხშირად ვწყნარდები იმით, რომ ქართული პანტომიმის ხელოვნების ტრადიცია ჩემს მიერ არის დამკვიდრებული... ახალგაზრდობაში ძალიან მინდოდა, ვაჟკაცური როლები მეთამაშა, მაგრამ ვინ გაღირსა. სულ ბებრებს მათამაშებდნენ. მსახიობში ყოველთვის არის ერთი როლი, ერთი გაელვება, ერთი შემოქმედებითი მწვერვალი, ეს მაღალი მწვერვალი არ მეღირსა არც მუსიკალური კომედიის თეატრში და არც მარჯანიშვილის თეატრში. თუმცა მუსიკალურ კომედიის თეატრში ვითამაშე ჯარჯი, ჰაროლდი – „შეშლილ ძმაში“... ორივე თეატრი მოკლე სეზონში მივატოვე, გავყევი უბედურ აზროვნებას და შევქმენი განსახვავებული თეატრი საქართველოში, რომელიც სრულიად ახალ სიტყვას ამბობდა. ჩემს თეატრში ვითამაშე ისეთი როლები, რომლებიც, ალბათ, შემორჩება ამ ჟანრის ჟამთასვლას. იქით-იქით მაინც გამირბის აზრი, იქით მაინც დამეკარგა მარგალიტი, იქით, იქით ბევრი დანაშაული ჩავიდინე, მე იქით, იქით ბევრმა რეჟისორმა გამწირა, უკმაყოფილო გრძნობით დავემშვიდობე ორი
ჟანრის თეატრს, დავადექი ეკლიან გზას, რომელსაც დღემდე მივყვები. დღეს ყველას და ყველაფერს გავურბივარ, არავისთან შეხვედრა არ მინდა. მიყურებენ ისე, თითქოს ვერ მცნობენ, ცინიზმი სარკაზმით ივსება, უსიტყვოდ მეუბნებიან – „გაეთრიე“. მე კი, მე კი არ მივეთრევი. ეს დიდი შემოქმედის საქციელს არ ჰგავს. დანაშაული ჩადენილია, არავინ მიჭერს. რატომ, რატომ არ შევქმენი ისეთი სიტუაცია, რომ დავეჭირე? მაგრამ ნიჭიერს არ იჭერენ, ნიჭიერს წამებაში ხდიან სულს...
  ... ჩემი მეგობარი თენგიზ ჩანტლაძე გამახსენდა, რამდენს დადიოდა, რამდენს შრომობდა რამდენ დღე და ღამეს ათენებდა, საქართველოს კუთხეებს აღვიძებდა, სიცოცხლე, სიხალისე შეჰქონდა. შეხვედრისას სევდიანად მიყურებდა, რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ საკუთარ ტკივილს მალავდა, ჩემსას იზიარებდა, წუხდა, სურდა ღიმილიანი საქართველო... არ თვრებოდა, სუფრასთან იჯდა ქართული იუმორის განსახიერება. იუმორი ტრაგედიის ტოლფასია. დიდხანს იყო ის ჩემს გვერდით... ჩვენ არასოდეს მოვსულვართ და თუ მოვალთ – არასოდეს წავალთ, ჩვენ მუდამ აქ ვიქნებით...
  ჩემში ემოცია იმდენად დიდი იყო, სპექტაკლზე სკამებს ვისროდი, ვკიოდი, ვღრიალებდი, შეშლილს ვგავდი, ამიტომ ჩემ გარშემო შეიქმნა შიში, რეპეტიციიდან ვერავინ გადიოდა და ვერც დაგვიანებული შემოდიოდა. არ ვიცი, საიდან გამომიმუშავდა ეს სიმკაცრე. ალბათ, შინაგანი, მშფოთვარე ბუნებისგან გამომდინარე თავანკარა წყარო იყო, ნიჭი იყო, ღვთიური. ზოგი ცივი გონებით ამჟღავნებს თავის ნიჭიერებას, ზოგი კივილ-წივილით, ეს მე ძალიან გვიან შევნიშნე. ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა ძალიან ადვილია... არასოდეს არავის ვემორჩილებოდი. ერთადერთი, ვისი მონაც ვიყავი, რეპეტიცია იყო. რეპეტიციაზე ჩემი ხელზე დახვევა შეიძლებოდა. მსახიობს სისულელეც რომ ეთქვა, ვემორჩილებოდი, ყველა მის კაპრიზს ვასრულებდი... კარგად მახსოვს, მე თვითონ, როგორც მსახიობი, როგორ ჩამოვყალიბდი. მასწავლებლებიც მახსოვს, მაგრამ რეჟისორად როგორ გარდავიქმენი და ვინ მასწავლა რეჟისურა – არ მახსოვს. სასწავლებელში და თეატრალურ ინსტიტუტში რაღაცას ვაკეთებდი, როგორც რეჟისორი, მაგრამ ის, რაც შემდეგ ჩემში აღმოვაჩინე, ნამდვილად მაოცებს...
  ... 1977-79 წელს თეატრში არეულობა მოხდა, ჩემმა გაზრდილებმა მიმატოვეს, გაიქცნენ ფილარმონიაში და სპექტაკლები დამეშალა. ეს ხშირად ხდებოდა. გვიან მივხვდი, რომ სიმღერას და მოძრაობას თავისი შარმი აქვს. უცებ ვიღაცას მოეწონები, შენც ის მოგეწონება. გაიფიქრებ, ამ თეატრში რა მინდა, წავალ, ვიმღერებ, ვიცეკვებ, ვიპანტომისტებ და ავშენდები. ისე აშენდა შენი მტერი, როგროც ჩემი მოწაფეები აშენდნენ, პანტომიმისტობენ,
მეტი არაფერი, სახელს უცვლიან ჩემს მიერ გამოგონილ მოძრაობებს და არ იციან, რომ ეს მოძრაობა არ გახლავთ. პანტომიმა ადამიანის სულიერებასა და ბალეტზე მაღლა დგას. ის განცდაა, ტკივილია, სიცოცხლეა, ბალეტი კი ცეკვაა... ჩემს სამშობლოში პანტომიმის ჟანრი დამკვიდრდა და აწი რაც გინდათ, ის გააკეთეთ. წარმატებაც იყო, მაგრამ ვაი ამ წარმატებას, თეატრი დაიწვა და მიკროინფარქტიც ავიკიდე. საავადმყოფო... ჩემი მეუღლე, კირა მეორე ბავშვს ელოდება. მწარე დღეები მიდის, მე საავადმყოფოში მნახულობენ, აუცილებელი გახდა გლანდების ოპერაციის გაკეთებაც. ამ დროს მე ორმოც წელს გადაცილებული ვარ, ეს ოპერაციაც ჩატარდა. ვგდივარ პალატაში, არც ჭკვიანი არც შეშლილი, ვგრძნობ არავის ვჭირდები. მიდის დღეები, თვეები... ამ დროს ჩემთან მოდის კიევის დელეგაცია. გასტროლებს მთავაზობენ, შევთანხმდით. ყველაფერზე მოვილაპარაკეთ, მისამართები გავცვალეთ და დავშორდით. მზად ვიყავი, მერბინა, მევარჯიშა. ასეც მოხდა – მივდივარ საავადმყოფოდან, კარგად ვხდები, თითქმის ყველაფერი აღვადგინე. მოკლე ხანში მზად ვიყავი კიევში გასტროლებისათვის. დავიწყე რეპეტიციები, შევადგინე დიდი რეპერტუარი, ერთი მათგანი იყო გურამ დოჩანაშვილის სცენარის მიხედვით შექმნილი წარმოდგენა – „ფიროსმანი მეფე“. ჩავფრინდით კიევში, მოვეწყვეთ სასტუმროში, მეორე დღეს დაინიშნა რეპეტიცია ლესია უკრაინკას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. რეპეტიციაზე ხალხი შეგროვდა. იგი მაღალ დონეზე მიდის, როგორც ამას კომუნისტები იტყოდნენ. უცებ იღება კარი, შემოდის თეატრის ადმინისტრატორი და ხმამაღლა აცხადებს. „სპეკტაკლ სევოდნია ნე სასტაიტსა“ და გავიდა გარეთ. ფარ-ხმალი დაყარა. ქვეყნის პირველი პირი გარდაიცვალა. ცოტა ხნის შემდეგ ვიგებ, რომ კიევსა და მთელ უკრაინაში, ასევე, მთელ საბჭოთა კავშირში ყველა თეატრალური სანახაობა მოიხსნა. უიმედო განწყობა დაგვეუფლა. რა ვიღონო, არ ვიცი, საღამოს სპექტაკლზე სრული ანშლაგია, მივდივარ, თეატრის დირექტორს ვუხსნი, ამის მოხსნა არ შეიძლება, რადგან ფინანსურ ზარალს მე ვერ აღვადგენ, მას პასუხის გაცემა არ შეუძლია. რეკავს კულტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილესთან, იქიდან პასუხი: „ჯერ ვერაფერს გეტყვით, დაიცადეთ“. ვიცდით, დრო მიდის. ის დღე რატომღაც წელიწადად იქცა. ჩემთვის ვფიქრობ – რა დავაშავე, ღმერთო! ღმერთი არაფერს მპასუხობს. მე ოცდაათ მსახიობთან ერთად განწირული ვგდივარ თეატრის პარტერში. თავში მიტრიალებს უთავო აზრები: „რაღა დღეს მოკვდა, ხვალ მომკვდარიყო“. რა ვუშველო ამდენ ხალხს, რით შევინახო. დარბაზის კარი იღება, შემოდის ადმინისტრატორი. აღარ მახსოვს, როგორ ავირბინე კიბეები, გავირბინე დერეფანი, დირექტორის კაბინეტში ვარ... კულტურის სამინისტრო თანახმაა, რომ თქვენ დღეს სპექტაკლი ითამაშოთ. თვითონაც დაესწრება. უნდა გენახათ, როგორ გავრბოდი. ატყდა რიარია... ორი საათის განმავლობაში რეპეტიციაა, მერე – სპექტაკლი. დამთავრდა, ტაში არ ცხრება. დარბაზში ხალხი ტირის, ფიროსმანის ტრაგედიას ხალხმა ანდროპოვის სიკვდილის გლოვა გადააბა... მინისტრი სცენაზე საჩუქრით
ამოვიდა. ბევრი ილაპარაკა, მე მისი ნალაპარაკევიდან მხოლოდ ბოლო სიტყვები მახსოვს: თქვენ ზუსტად უპასუხეთ ჩვენს დღევანდელ ტკივილს! თეატრმა გამარჯვება მოიპოვა, გასტროლები გაგრძელდა, ტელევიზიამ რამდენიმე სპექტაკლი გადაიღო და გადასცა, ბევრი შემოქმედებითი შეხვედრა გვქონდა. ცოტა სიყვარულსაც ხომ უნდა შევეხოთ. მე და გურამ დოჩანაშვილს რა მოგვასვენებდა. გურამს ჩემს თეატრში ერთი გოგო შეუყვარდა. მის მეუღლესთან ბოდიში უნდა მოვიხადო. ქალბატონო ნათელა, გულწრფელად მინდა აგიხსნათ, რომ როდესაც თქვენი მეუღლე სხვა ქალთან გაისეირნებს, ეს ღალატი არ არის. მერე ისეთი მწერალი, ჩვენი დროის კლასიკოსი, როგორიც გურამია, როგორ შეიძლება ამდენ ლამაზში არ გაერიოს. გურამ დოჩანაშვილს ორი გული აქვს: ერთი ტკივილიანი, მეორე სიყვარულის, სულ ამ ორი გულით დაიარება... გავაგრძელებ კიევურ ვოიაჟს. ჩემო ძვირფასო მკითხველო, როცა გურამს სიყვარული განაღდებული ჰქონდა, მეც მეწვია სიყვარული. ჩემთან შემოვიდა ახალგაზრდა გოგონა, სახელად ნატაშა, გვარი არ მახსოვს. მოვიდა ჩემთან ძალიან, ძალიან ლამაზი, მაღალი, ღიმილიანი, შხვართი ფეხებით, ხელი გამომიწოდა, გრძელი თითები... ჩამოვართვი ხელი, თბილი, თბილი, თბილი. თმა ქალურად მოწესრიგებული, მკერდი... ხელს ვართმევ, მის საუბარს ვისმენ, მაგრამ არაფერი მესმის. მეორე დღეს რომ მოვიდა, გავიგე, რაც სურდა. ნატაშა სწავლობს კიევის თეატრალურ ინსტიტუტში, რამდენიმე როლი შეასრულა კინოში, ჩემი სპექტაკლების ნახვის შემდეგ, სურვილი აღეძრა, პანტომიმა ისწავლოს. რა მესპექტაკლება, გავფრინდი. მაშინვე ერთმა აზრმა გამიელვა, ამას ჩემი თეატრის ბიჭები წამართმევენ, ისინი ხომ ყოველთვის ჩასაფრებულები მყავდნენ. დავიწყე ამ გოგოსთან რეპეტიციები, ისე, რომ ბიჭებს არ ენახათ... მეც რა მელაკუდა ვარ, რომ ეს გემრიელი ბარკალი ვინმეს დავუთმო – ამ გოგონას ხან თეატრის უკანა კარიდან შემოვიყვან, ხან წინიდან, ხან ადმინისტრატორის, ხან დირექტორის ოთახიდან გამომყავს, ყოველდღე ვიცვლი სარეპეტიციო დარბაზს. დარბაზის ცვლა გახმაურდა და თეატრის დირექტორმა უბრძანა ადმინისტრატორს: „შეამოწმე ყველა სარეპეტიციო დარბაზი, იქნებ მართლაც არ ვარგა. მათი გამგზავრების შემდეგ დავიწყოთ რემონტი“. მოვლენათა კულმინაცია მაშინ გამოიკვეთა, როცა ნატაშა სადეკორაციოს უზარმაზარი კარიდან გავაცილე. ბიჭები მიღიმიან, მიცინიან, მაგრამ ნატაშა როგორ მოდის და როგორ მიდის, ვერ ხედავენ. მხოლოდ ერთხელ ნახეს სასტუმროში.
  გასტროლები წარმატებით მთავრდება. ჩვენ შეხვედრა მოგვიწყეს კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში... ნატაშას ვეუბნები – დასკვნით შეხვედრაზე დედაშენთან ერთად მოხვალ... შევთანხმდით... ნატაშა დედასთან ერთად მოვიდა, ბიჭებმა დაინახეს და კბილები გაილესეს. შესვენებაზე გამოვვარდი და ნატაშა გავაფრთხილე – როგორც კი დამთავრდება ჩვენი გამოსვლა, იმ წუთში წადი სახლში. ის მართლაც ასე მოიქცა. დამთავრდა წარმოდგენა, მე მშვიდად ვიცმევ, ბიჭები აფორიაქებულნი იცმევენ, გავარდნენ გარეთ, დიდხანს ეძებეს, მაგრამ მშვიდობით! ვერავინაც ვერ ნახეს. ჩიტი გაფრინდა, ყურჩამოყრილები მობრუნდნენ უკან და „შვეცკი სტოლს“ მიადგნენ, როცა ორი სამი ჭიქა კონიაკი დავლიე, მაშინ ვუთხარი: „0-1“ ჩემს სასარგებლოდ. ბიჭებმა გაიხედ-გამოიხედეს, „იხტიბარი“ არ გაიტეხეს, ჩაიცინეს და წავიდნენ. მე სიყვარულიც ვიცი და მისი მოვლაც მშვენივრად მეხერხება... მეორე დილით, ადრე თვითმფრინავით უნდა გამოვფრინდეთ კიევიდან. ისევ კურიოზი, დავდივარ, დავათრევ ოცნებებს, დავათრევ ხილვებს... ქალი დგას, ქალი დგას, მიცინის, მიცინის, სხვას გაუგორდება, ვინ იცის, ვინ იცის, გამტეხს სიცივე, ვიცი, ჩემს იქით რაღაცა მოხდება...“

скачать dle 11.3