კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 ვინ არიან ის ქართველები, ვინც ესპანეთში კორონავირუსით გარდაიცვალნენ

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  კორონავირუსს ესპანეთში მცხოვრები ორი ქართველის 73 წლის სერგო მელაძისა და 34 წლის ცირა ნაჭყებიას სიცოცხლე ემსხვერპლა. სერგო ორ ათეულ წელზე მეტია, რაც ამ ქვეყანაში ცხოვრობდა, ცირა კი ესპანეთში მეუღლესთან ერთად სულ რამდენიმე დღის წინ უმძიმესი დიაგნოზით სულ სხვა დაავადების სამკურნალოდ ჩავიდა.
  კახა გოგიძე (სერგო მელაძის ახლობელი): ამ ადამიანთან მთელი ჩემი ბავშვობაა დაკავშირებული, თუმცა – არა მხოლოდ. მე ახალციხეში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ წარმოშობით იქიდან არ ვარ. დედა თბილისელია, მამა ქარელიდანაა. იქ უმაღლესის დამთავრების შემდეგ განაწილების შედეგად მოხვდნენ. სერგო მელაძე იქ გავიცანი. ის მაშინ 18-19 წლის იყო. მის ხელში გავიზარდე. ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა, სულ ერთად ვიყავით. როდესაც ახალციხეში თეატრი აღდგა, სერგო იმ ჯგუფში იყო, რომელიც ნანა დემეტრაშვილმა და მიშა მეძმარიაშვილმა წაიყვანეს თბილისიდან. ის იყო ერთ-ერთი, ვისი ხელითაც განახლდა მესხეთის სახელმწიფო თეატრი. ბავშვი რომ ხარ, ვიღაცები გამორჩეულად გიყვარს და ზუსტად სერგო იყო ჩემთვის ის გამორჩეული ადამიანი. იმიტომ არ ვამბობ, რომ სხვა ქვეყანაში ასე ტრაგიკულად გარდაიცვალა. საკმაოდ პირდაპირი ადამიანი ვარ და დაუმსახურებლად არავისზე არაფერს ვიტყვი. ის გამორჩეულად მიყვარდა. ძალიან ხალისიანი კაცი იყო, ფიზიკურად – დიდი და მაღალი. ხმის ტემბრით ძალიან ჰგავდა ეროსი მანჯგალაძეს და გულწრფელად ვამბობ, წარმოუდგენლად ნიჭიერი არტისტი იყო. გული მწყდება, ასეთი გაქანების ადამიანი რომ ისეთ დროს დაიბადა, როდესაც არც ტელევიზია იყო აქტიური და არც სოციალური ქსელები – დღევანდელივით. სამწუხაროდ, გარდაცვალების შემდეგ იგებს ხალხი მის შესახებ.
– თუმცა, როგორც ვხვდები, თეატრისთვის საკმაოდ ბევრი ექნება გაკეთებული.
– რასაკვირველია. ძალიან ბევრი რამ გააკეთა მესხეთის თეატრისთვის, უამრავი როლი აქვს ნათამაშები. შემდეგ დედაც ჩამოიყვანა სოფელ აწყურში და იქ დასახლდნენ. ნათელი და ხალისიანი ადამიანი იყო. ბოლოს შარშან ვნახე, საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. ჩამოდიოდა ხოლმე და ჩვენს ოჯახს აუცილებლად მოინახულებდა. ნათელმირონობაც გვაკავშირებს, მამაჩემი მისი ერთ-ერთი შვილის ნათლიაა. სერგო იმდენად პოზიტიური ადამიანი იყო, ვისაც ერთხელ მაინც ჰყავდა ნანახი, აუცილებლად დაამახსოვრდებოდა,. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე აღესრულა სხვა ქვეყანაში. განსაკუთრებით ცუდია, რომ მისი კრემაცია უნდა მოხდეს (ინტერვიუ ჩაწერილია 25 მარტს – ავტორი). დიდი ტრაგედია ისაა, რომ იქ იმდენი ადამიანი იღუპება, კრემაციაზეც რიგებია. შემდეგ კი მისცემენ ოჯახს მისი ფერფლის ნაწილის გადმოსვენებისა და მშობლების გვერდით დაკრძალვის საშუალებას. კინოფილმებში მინახავს ასეთი აპოკალიფტური სცენარი, მაგრამ ეს სულაც არ მაძლევს უფლებას, დეპრესიას მივეცე, პირიქით, უფრო მეტად გავუჯიუტდი ამ ცხოვრებას.
– ესპანეთში როდის გადავიდა საცხოვრებლად?
– დაახლოებით 20-25 წელი იქნება. 90-იანებში, ყველაფერი რომ აირია და ჩვენს ქვეყანაში სიცოცხლის საშიშროება დადგა, მაშინ წავიდა მეუღლესთან და უფროს ვაჟთან ერთად და იქ დამკვიდრდა. მაშინვე არა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, ცოტა რომ დალაგდა სიტუაცია, ძალიან აქტიურად დაიწყო მიმოსვლა. ახლა 73 წლის იყო, დიდი შვილები ჰყავს, ორივე დაოჯახებულია. ძალიან სამწუხაროა, რომ ტკბილი სიბერის საძებნელად წასულს ასეთი რამ დაემართა. ალბათ, დაბრუნებაც ჰქონდა გადაწყვეტილი, სახლიც იყიდეს თბილისში. თან, ისე გამოიყურებოდა და  იმდენად აქტიური იყო, ვერც იფიქრებდით, რომ საპენსიო ასაკი ჰქონდა. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საჭირო შვილები ჰყავს, მაგრამ ბუნებრივია, ისინიც ესპანეთში ცხოვრობენ. ახლა ამ ვირუსმა ისე
გააკეთა, რომ მთელი ქართველობა უკან ბრუნდება, სამშობლოში. მიზეზი საკმაოდ დრამატულია, მაგრამ მათი დაბრუნება – სასიხარულო. ამ გასაჭირმა დაგვანახვა, რომ ჩვენს ქვეყანას უნდა მივხედოთ, რომ ამაზე კარგი არ არსებობს. არ ვარ სადღეგრძელოს რეჟიმში ჩვენი თავისა და ქვეყნის მაქებარი, მაგრამ ასეთ დროს მართლა ბევრი რამ ჩანს. ახლა ვდგავარ და მიწას ვბარავ, მადლობა ღმერთს, თბილისში სახლი მაქვს ეზოთი. სერგოს წასვლამ ბევრ რამეზე დამაფიქრა.
– თუ გაქვთ ინფორმაცია, მისი ოჯახის წევრები როგორ არიან?
– მის მეუღლესაც სიცხე აქვს, თუმცა დიაგნოზი დაზუსტებული არ არის და არ მინდა, ჭორაობაში ჩამომერთვას. არ არის კარგი მდგომარეობა. ისეთი სიტუაციაა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე კორონავირუსით გარდაიცვალა, სახლში გაუშვეს სიცხიანი, სიმპტომებით, თუ გაგიმწვავდება, მერე მოდიო.
ცირა ნაჭყებიას ოჯახის გასაჭირის შესახებ საზოგადოებამ „სიკეთის ქალაქის“ მიერ მათ შესახებ მომზადებული სიუჟეტიდან შეიტყო. ბებიის იმედად დატოვებული ხუთი შვილიშვილი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა და გამოჯანმრთელებული დედის მალე დაბრუნებაზე ოცნებობდა.
შორენა ნაჭყებია (ცირა ნაჭყებიას მული): ჩემი რძალი გუშინ დაკრძალეს  ესპანეთში და გვითხრეს, რომ 5-7 წლის შემდეგ შეგვეძლება გადმოსვენება. ხუთი შვილი დარჩა. სათითაოდ გამოვიყვანე და ყველაზე პატარას გარდა ყველას ავუხსენი მდგომარეობა. ძალიან გაუჭირდათ რეალობის აღქმა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, არ დაისტრესონ. ახლა მეც სამტრედიაში ვარ მათთან ერთად. ჩემი ძმა ამბობს, აუცილებლად დავბრუნდები, ევროპის დანახვაც არ მინდაო. სპეციალური რეისები ინიშნება, მაგრამ ბილეთები ძვირი ჯდებაო და არ ვიცი, როგორ მოახერხებს. თუმცა, ჯერ კარანტინშია.
– წავიდნენ იმისთვის, რომ ძალიან მძიმე დაავადებისთვის ემკურნალათ, როგორ დაინფიცირდა თქვენი რძალი?
– რამდენად მართალია, არ ვიცი, მაგრამ როგორც გვითხრეს, პირველი ქიმიის გაკეთების შემდეგ, ექიმებს უთქვამთ, შეიძლება, ქიმიის მეორე კურსს ვერ გაუძლოს, ყველაფრისთვის მზად იყავითო. ისე მოხდა, რომ მეორე ქიმიამდე ორი დღით ადრე, საავადმყოფოში დააწვინეს, გაუკეთდა ქიმია და მეორე დღეს გარდაიცვალა. ექიმებმა თქვეს, კორონავირუსით დაინფიცირდაო, იზოლირებულ ოთახში გადაუყვანიათ.
– რამდენი ხანია წასულები არიან?
– ორ მარტს წავიდნენ აქედან. ჩემს რძალს ერთ დილას ფეხი ასტკივდა. რომ ადგა, გავლა გაუჭირდა, კოჭლობდა. ჩემმა ძმამ მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანა. სამტრედიიდან ქუთაისში გაგზავნეს. იქ უთხრეს, რომ მელანომა ჰქონდა და თუ ვინმე გყავთ საზღვარგარეთ, აუცილებლად წაიყვანეთ, აქ ამას ვერ მივხედავთო. ქიმიოთერაპია 17 ათასი ლარი ჯდებოდა. ოჯახს არაფრის საშუალება არ ჰქონდა, მაგრამ „ფეისბუქზე“ დავწერეთ ყველაფერი და ერთ კვირაში შეგროვდა საჭირო თანხა. დიაგნოზის დასმიდან მაქსიმუმ ათ დღეში გაემგზავრნენ. იქ ექიმებმა უთხრეს, რომ კიბო ჰქონდა, მაგრამ არა მელანომა. ამ დაავადების მკურნალობა საქართველოშიც შეიძლებოდა და გარკვეული პერიოდი კიდევ იცოცხლებდა ეს ადამიანიო. მაგრამ რადგან იქ არანაირი ზომები არ მიიღეს სეფსისიც განვითარდაო. ესპანეთში შეეცადნენ მისთვის სისხლის გაწმენდას. უთქვამთ, იმ დონეზეა უკვე დაავადება, რთული იქნება მისი მკურნალობაო. შემდეგ უკვე კორონავირუსიც დაემატა და გარდაიცვალა.
– კორონავირუსით, ალბათ, საავადმყოფოში შეიძლებოდა, დაინფიცირებულიყო?
– დიახ, ასე გამოდის. მანამდე ვირუსის სიმპტომები არ ჰქონია.
– საქართველოში საერთოდ არ უმკურნალია?
– არა. მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლები გამოუწერეს, ამას ვერ შევეხებით, შეიძლება, პაციენტი დავკარგოთო. მე თვითონ ველაპარაკე მის ექიმს, რამდენად სწორად მოვიქცევით, მისი ევროპაში წაყვანით-მეთქი. კი, მისი გადარჩენის შანსი სამოცი პროცენტიაო, მითხრა. ამიტომ გადავწყვიტეთ წაყვანა. ექიმს რომ ეთქვა, აზრი არა აქვს, ისეთი მდგომარეობაა, რომ დაიღუპებაო, ნამდვილად არ გავრისკავდით, ახლა მიცვალებულსაც ვეღარ ვტირით. ესპანელ ექიმებს უთქვამთ, რომელი ექიმი მკურნალობდა ამ ქალბატონს, წლინახევრის ბავშვი ჰყავს და როგორ ვერ მიხვდა ექიმი, რა მდგომარეობაში ჰქონდა გოგოს საშვილოსნო და შიდა ორგანოები, ეს არ არის ერთი თვის და წლის მდგომარეობა. დიდი ხნის წამონაზარდია და თავისუფლად უნდა შეემჩნია მასთან მომუშავე ექიმს, რა ხდებოდა მის ორგანიზმშიო. ასეთ მდგომარეობაში საერთოდ როგორ გააჩინა ბავშვი? უბრალო გინეკოლოგიც თავისუფლად უნდა მიმხვდარიყო ამ ყველაფერსო. ეს არის ექიმის დანაშაული. იმხელა წამონაზარდი ელვის სისწრაფით არ გაჩნდებოდა.
– ძალიან უჭირდა ოჯახს მატერიალურად და ამ მდგომარეობამ კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია. საუბედუროდ, ბავშვებმა დედა დაკარგეს, მაგრამ დახმარება კვლავ სჭირდებათ...
– ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოიჩინა გულისხმიერება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უამრავი ადამიანი, ემიგრანტი თუ აქ მცხოვრები შემოგვეხმიანა. გვირეკავენ და თანხის ჩასარიცხად ანგარიშის ნომერს გვთხოვენ. სახლი ავარიულ მდგომარეობაში იყო, ინგრეოდა, მთავრობა საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. მხოლოდ სოციალურ დახმარებას ვიღებთ. არსებობს ჯგუფი „სიკეთის ქალაქი“, მათ გააშუქეს ამ ოჯახის მდგომარეობა და მას შემდეგ ზარები არ შეწყვეტილა. ახლა რემონტი მიმდინარეობს, აბაზანა-ტუალეტი უკვე მოწესრიგებულია, სამზარეულო და სამი ოთახი – იზოლირებული. ბავშვებს დედის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ვერაფერი შეუმსუბუქებთ, მაგრამ სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები ახლა უკვე აქვთ და ეს ჩვენმა ხალხმა შეძლო. უდიდესი მადლობა მათ. ადამიანები რომ მოდიან, ყველა გიოს კითხულობს, რადგან სიუჟეტიდან სწორედ ის გაიცნეს და თანხას ჩუქნიან. გიო მოდის, ფულს მაწვდის და მეუბნება, მამიდა, ამ ფულით კარი გამოვცვალოთ, ამით ფანჯარაო. სახლში რემონტს ვაკეთებო, ამბობს და კმაყოფილია. თითოეულ დღეს ულამაზებენ ბავშვებს, ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. რამდენიმე დღის წინ, შეიძლება, მეფიქრა, რომ ჩვენ ქვეყანაში მათი დამხმარე არავინ არსებობდა, დღეს ამ ყველაფერს ვუყურებ და ვხვდები, რომ თურმე, ზუსტად ჩვენ გვყოლია ხალხი, რომელიც გაჭირვების დროს არ მიგატოვებს.

скачать dle 11.3