კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 გია ჭანტურია: მეუღლეებთან დღესაც ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ფილოლოგია, სხვადასხვა დროს არაერთი პროფესია შეითვისა და პროფესიამ უკვე ჰობის ადგილი დაიკავა. ამჯერად სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩნდა ტოტოს როლზე.
  გია ჭანტურია: დღეს თუ ვინმე რამე ფასეულს აკეთებს ტელესივრცეში, ერთ დროს ყველა ერთად ვიყავით. „ფორმულა კრეატივშიც“ ჩემი მეგობრები არიან და რომ დამირეკეს, ცოტა არ იყოს, გამეცინა. არ ველოდი. ამ სერიალის მაყურებლად კი, მაგრამ მონაწილედ ვერ წარმომედგინა თავი. მაგრამ, მიდი, მიდიო და დავთანხმდი. ჩემი პერსონაჟი არ არის ბოლომდე გამოვლენილი, მაგრამ მოვლენები საინტერესოდ ვითარდება. მთავარია ის, რომ ამ წლების განმავლობაში  „ჩცდ-მ“ უზარმაზარი საქმე გააკეთა, საოცარი სამსახიობო სკოლა შექმნა. რაც შეეხება პერსონაჟებს, მე და ჩემი ფრთის დანარჩენი გმირები, არ ვართ დადებითი პერსონაჟები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აკეთებენ ცუდ საქმეს და არ აქვთ არანაირი მორალური ღირებულება. ტრაგიკული ადამიანები არიან. ელვირი არაა უნიჭო ადამიანი, არც ტოტო, მაგრამ შავი პიარია მათი საქმე და სიკეთის საკეთებლად კი არა, საკუთარ ნიჭს შიდა კლანურ ინტრიგებში იყენებენ და მავნებლობით არიან დაკავებულები. ეს ტრაგედიაა. ქართულ ჟურნალისტიკაშიც არიან ძალიან ნიჭიერი ადამიანები, ასევე, მსახიობები და რეჟისორები, მაგრამ მათი ნიჭიერება ყოველთვის ვიღაცას და რაღაცას ემსახურება. საბჭოთა გავლენამ უნიჭიერესი ადამიანები ამორალურებად აქცია, ვერ გამოდიან იმ ეპოქიდან.
– ძალიან მიჭირს ამ როლის მორგებაო, ამბობდით.
– იმიტომ, რომ ამ ადამიანს იდეა არ გააჩნია. შეიძლება, ადამიანმა რაღაც დააშავო, მაგრამ ეს გარკვეულ იდეას ემსახურებოდეს. ასეთს უკეთ გავუგებ. თუნდაც, კომუნისტური იდეებით აღსავსე ტიპი იყოს, თუ მას ამის ნამდვილად სჯერა და საკუთარი იდეისთვის თავის გაწირვაც კი შეუძლია, მისაღებია. ვიცით კიდეც მსგავსი მაგალითები. „იდეინი“ ადამიანი, რაც უნდა ჩემთვის მიუღებელ იდეას ემსახურებოდეს, მაინც პატივსაცემია. ესენი კი მხოლოდ პირად ამბიციებს, ფულს და განდიდებას ემსახურებიან.
– მათი საქმიანობა პოლიტიკურ რაკურსშია მოქცეული და პოლიტიკური აქტივობა არასდროს ყოფილა თქვენთვის უცხო.
– ჩემი სტუდენტობის დროს დაიწყო ეროვნული მოძრაობა. ყოველთვის მქონდა მიზანი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, დაგვენგრია საბჭოთა საშინელება და დაგვემარცხებინა ორასწლიანი ურდო, რომელმაც ძალიან გადააგვარა ქართველი კაცი. ზუსტად იმავეს ვემსახურები დღესაც. მინდა, ამ ქვეყნის დასავლური, სწორი მიმართულებით განვითარება. თუ რუსეთს არ დავაღწიეთ თავი, არაფერი გვეშველება. რასაც კი ქართველი დამოუკიდებლად აკეთებს, ყველაფერში წარმატება აქვს. თუნდაც უცხოეთში წასული ქართველები ავიღოთ. როგორც კი თავისუფალ გარემოში ხვდებიან, საოცრებებს აკეთებენ და ამიტომ თავისუფალი გარემო ჩვენს ქვეყანაში უნდა შევიქმნათ. მაგალითები გვინდა? ბალანჩინიდან დაწყებული ალექსანდრე ქართველიშვილით გაგრძელებული, ბიზნესმენები, არქიტექტორები, ბალეტი ავიღოთ, თუნდაც ოპერა, ყველგან გვყავს მსოფლიო დონის პროფესიონალები, ყოველთვის მოწინავე პოზიციებზე რომ დგანან.
– იმ რეალობაში, როგორი იყო თქვენი თინეიჯერობა, თავისუფლების სულისკვეთება, დახეული ჯინსები, გრძელი თმა...
– საბჭოთა პერიოდში კომუნისტური ნომენკლატურის შვილებს მეტი საშუალება ჰქონდათ, დასავლური კულტურა ენახათ, ვიდრე ჩვეულებრივ მოკვდავს. შემდეგ თაობას მეტი სიახლის სურვილი ჰქონდა, მაგრამ იმდენად იყვნენ ელიტურ, დალხენილ ცხოვრებას მიჩვეულები, მათი „ჰიპური“ ცხოვრება უფრო „ტიპობას“ ჰგავდა. ღამე უნდოდათ კარგ სახლსა და რბილ ლოგინში ძილი, მაგრამ სახლიდან გამოსულებს ჩანთაში დახეული ჯინსები ედოთ, მიდიოდნენ, გაერთობოდნენ, შემდეგ ისევ „მოწესრიგდებოდნენ“ და სახლებს დაუბრუნდებოდნენ.  მე ძალიან გრძელი არა, მაგრამ მხრებამდე თმა მქონდა. ვუკრავდით მიწისქვეშა გადასასვლელებში და მაშინ ეს იყო საოცრება. ერთ-ერთი პირველები ვიყავით მე, ზაზა კორინთელი, გიორგი ბეჟუაშვილი და კიდევ ბევრი. რუსთაველზე ან თავისუფლებაზე ვიდექით და ხშირად გვქონდა კონფლიქტური სიტუაცია. მოვიდოდა ვიღაც ნასვამი ტიპი და გეტყოდა: მიდი, ძმაო, ერთი ქურდულები შეუბერე. რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. გრძელი თმით რომ გხედავს, დახეული ჯინსებით, თან, კაი ლამაზი მეგობარი გოგოები გეხვევიან გარს, მათ კი არ აქვთ წვდომა „თავისუფალ“ გოგონებთან, მერე იმათ უყურებენ უშნოდ. ჩვენც ცოტა ისე გვიყურებდნენ და მოკლედ, იწყებოდა ხოლმე გიტარების თავზე გადამტვრევა, შესაბამისი პასუხი მათი მხრიდან და ასე შემდეგ. შემდეგ კი ახსნა: კი, ძმაო, დახეული ჯინსები მაცვია, მაგრამ თავს არ დაგაჩაგვრინებ. კვირაში თუ არა ათ დღეში ერთხელ ასეთი ამბები ხდებოდა.
– ძალიან ბევრი პროფესია მოირგეთ...
– განათლებით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვარ. ოჯახის ტრადიცია გავაგრძელე, მეც ძალიან მაინტერესებდა ეს სფერო. ვმუშაობდი ხელნაწერთა ინსტიტუტში, რაც საუკეთესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. საშუალება მქონდა, საცავებში შევსულიყავი და შეუფასებელი საგანძური მენახა. ცოტა ხანი ენათმეცნიერების ინსტიტუტშიც ვიმუშავე, მაგრამ მივხვდი, რომ არ იყო ბოლომდე ეს ჩემი საქმე და წამოვედი. სკოლა ისე დავამთავრე, არც მიმღერია. ეს უნივერსიტეტში თავისთავად დაიწყო. მერე უფრო ხელოვნების კუთხით გადავიხარე. კინოსტუდიაში მოვხვდი, გაძვალტყავებული იყო ყველაფერი, მაგრამ ახალგაზრდებს თავისუფლება გვქონდა და რაღაცებს ვქმნიდით. შემდეგ იყო „105“, შემდეგ დაიბადა „დარდუბალას“ იდეა. არავის სჯეროდა, თუ საქართველოში ათწუთიანი ანიმაციური ფილმის კეთება შეიძლებოდა, მაგრამ წავედით ამ ავანტურაზე და გავაკეთეთ. მერე იყო პირველი სამგანზომილებიანი სერიალი, შემდეგ – „ჩვენი ეზო“. პარალელურად, „პირველ არხზე“ მე და დათო გოგიჩაიშვილს „ოქტაგონი“ მიგვყავდა. ასე რომ, ძირითადი პროფესია უკვე ჰობად იქცა. ვისწავლე რეჟისურა, ვარ სცენარისტი, მემონტაჟე, ოპერატორიც ვყოფილვარ. სხვადასხვა რადიოში დიჯეი ვიყავი.
– როცა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორი გახდით, უკვე ყველაფერი გამოცდილი გქონდათ.
– 2009 წელს გავხდი დირექტორი. ხშირად ამბობენ, მთავარია, მენეჯერი იყოს მაგარი და სულაც არაა აუცილებელი, კონკრეტულად იმ სფეროსთან ჰქონდეს შეხებაო. მე ვფიქრობ, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. „რუსთავი 2-იდან“ წამოსვლის შემდეგ ჩემი სტუდია გავაკეთე და სარეკლამო ბიზნესით ვიყავი დაკავებული. ბევრი საინტერესო პროექტი შევქმენით, სათქმელად მარტო ბალი ბიჭუნაც ღირს. იქიდან წავედი ტელევიზიაში. ამ სფეროში ყველა ეტაპი გავიარე – ხან სტუდიაში მხედავდნენ სახრახნისით და ხან მანქანას ვაკეთებდი (იცინის). სხვანაირად არ შემეძლო. ბევრი ამბობდა, რას შვრება, გაგიჟდა? რატომ არ დადის ჰალსტუხითა და პიჯაკით ოფისშიო. მსგავსი რამ არასდროს მაინტერესებდა. საოცარი გამოცდილება მივიღე 2008 წელს. მაშინ დირექტორი არ ვიყავი, მაგრამ მის მოვალეობას ვასრულებდი. საოცრებები აკეთა ჩვენმა გუნდმა და დღეს რომ მსოფლიოს უამრავი მასალა აქვს ამ ომზე, უმრავლესობა „პირველი არხის“ მაშინდელი სტაფის დამსახურებაა. მაშინ დავიბარე ყველა და ვუთხარი, შეგიძლიათ, სახლში წახვიდეთ, ნებისმიერ მომენტში შეიძლება, დაგვარტყან და ეს არ იქნება სირცხვილი-მეთქი. ვეხვეწებოდი წასულიყვნენ, მაგრამ რომ მოვრჩი საუბარს, უკლებლივ ყველა თავის ადგილს დაუბრუნდა. ვამაყობ იმ ხალხით.
– მგონია, რომ შევარდნაძის პაროდია ფონად გასდევს თქვენს ცხოვრებას. როგორ დაიწყო ეს ეტაპი?
– ხმის ტემბრით შევარდნაძეს ჩემზე უკეთ ბევრი ბაძავდა, მაგრამ პაუზები, ცოტას წავიტრაბახებ და მგონია, რომ ყველაზე უკეთ გამომდიოდა. მე ვიყავი ზვიად გამსახურდიას მომხრეების გუნდში და შესაბამისად, შევარდნაძე ჩემთვის მიუღებელი იყო. გარკვეულწილად, მას მტრად ვთვლიდი. ვცდილობდი, გამეკრიტიკებინა, გამელანძღა, მემხილა, მაგრამ თუნდაც „დარდუბალას“ დროს, ზღვარი არასდროს გადამიკვეთია და შეურაცხყოფაზე არ გადავსულვარ. თავიდან ძალიან მძიმე რეაქცია ჰქონდათ. ეს პროექტები რომ დაიწყო, ერთ-ერთ ჩვენიანთან მივიდნენ. დედამისმა კარი რომ გააღო, ჰკითხეს, თქვენი შვილი დედისერთააო? და წავიდნენ. ჩემთან დარეკა ვიღაცამ და მამაჩემს უთხრა: თქვენთვის კარგი მინდა და იქნებ აუხსნათ თქვენს ბიჭს, რომ თავს იღუპავსო. რა თქმა უნდა, მამაჩემმა აგინა. მოკლედ, თავიდან იყო მსგავსი მცდელობები, მაგრამ მერე, ალბათ, ვიღაცამ ურჩია, რომ იქნებ, ეს ყველაფერი პლუსად დავიწეროთო. რამდენჯერმე უცხოელებთან შეხვედრაზე აღნიშნა კიდეც, ჩემზე ამას აკეთებენ, ნახეთ როგორი დემოკრატია გვაქვსო. მაგრამ ვიცი, რომ ზოგ სერიაზე ძალიან ღიზიანდებოდა და არ მოსწონდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს საზოგადოებრივ აზრზე ძალიან დიდ გავლენას ახდენდა. დაუნდობელი რკინის კაცი და მაგარი პოლიტიკოსი ჩვენ სასაცილო პერსონაჟად ვაქციეთ, რაც მისთვის ყველაზე მეტი დარტყმა იყო. ძალიან კეთილი ბიძა ჩანსო, გვეუბნებოდნენ და კეთილი ბიძის იმიჯი შევარდნაძისთვის ძალიან ცუდი იყო. მას მოსწონდა იმიჯი „ცუდი კაცია, მაგრამ დიდი პოლიტიკოსი”, რაც დავუმსხვრიეთ.
– წინასწარმეტყველებაც გამოგდიოდათ მისი პაროდირების დროს...
– ეს არ იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა, მაგრამ განსაკუთრებით ერთი დამამახსოვრდა კარგად: ერთ-ერთ სერიაში დანგრეულ ქუჩებზე იყო საუბარი და ვთქვი: „იამკები“ არის ძალიან კარგი, ხალხი ჩქარა ვერ ივლის და ავარიები არ მოხდება. თქვენ რა გინდათ, რომ ჩქარა იარონ და დაიღუპონ? არ დავინახო აქ „ტრასა“ დააგოთ. ეს ჩავწერე, მაგრამ სანამ სერია ეთერში გავიდოდა, მეორე დღეს თითქმის იგივე სცენარი იხილა მაყურებელმა საინფორმაციოში. შევარდნაძეს ქუჩაში უთხრეს, რომ გზა არის დასაგები. უნდა ვაღიაროთ, რომ შევარდნაძეს ძალიან მაგარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. გაიცინა და თქვა: რა გინდა, მშვენიერია ასე, ჩქარა ვერ ივლიან და ავარიები არ მოხდებაო. ადამიანის ხასიათს რომ ერგები, თითქოს, მის გონებაში ძვრები. ეტყობა, არც ისე რთულადაა ადამიანის ტვინი მოწყობილი (იცინის). იმიტომაც იყო ჩემი პაროდია მისაღები, ისეთ რამეებს ვამბობდი, რაც მისთვის იყო დამახასიათებელი.
– და ბოლოს, ოჯახი...
– ცოტა ადრე დავქორწინდი, ოცის წლის უკვე მამა ვიყავი. დავშორდით ერთმანეთს მე და ჩემი პირველი მეუღლე. მერე მეორედ დავქორწინდი, ისევ არ გამოვიდა რაღაც და ბოლოს 12 წელია, უკვე შევედი ჩემს ნავსაყუდელში, სადაც ძალიან მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ თავს. მყავს მეუღლე, რომელიც საოცრად მიყვარს და ვუყვარვარ. ვცდილობ, სულ მასთან ერთად ვიყო და თუ ერთად არ ვართ, ვცდილობ, სახლში მალე მივიდე. სახლში მისვლა მიხარია და მგონია, რომ დედამიწაზე საუკეთესო ცოლი მყავს. თუმცა ყოფილ მეუღლეებთან დღესაც ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს. ხუთი შვილი მყავს – ორი პირველი, ორი მეორე და ერთი მესამე ქორწინებიდან და ხუთივეს ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ, შეიძლება, ერთმანეთისადმი – უფრო მეტი პასუხისმგებლობებიც. მიხარია მათთან, როგორც განსხვავებულ და ძალიან საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა.

скачать dle 11.3