კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 სამაგიერო

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

მეორე მოთხრობა ციკლიდან „ოჯახური ისტორიები“

  ამ ციკლის მეორე მოთხრობა უკვე თითქმის მზად მქონდა რედაქციაში მისატანად, რომ ჩემს მობილურზე ზარის ხმა გაისმა. უცნობი ნომერი იყო. არ მეცალა, მაგრამ მაინც ვუპასუხე.
– მე მარინა მქვია, – მითხრა მოსალმების შემდეგ უცნობმა, – თქვენთან შეხვედრა მინდა.
– რასთან დაკავშირებით? – ჯერ გამიკვირდასავით, მაგრამ გულმა მიგრძნო, რატომაც უნდოდა ჩემი ნახვა და მაშინვე გადავწყვიტე, რომ შევხვდებოდი. ისიც კი არ მიკითხავს, ჩემი მობილურის ნომერი საიდან გაიგეთ-მეთქი. არც თვითონ დაუწყია ახსნა-განმარტება, პირდაპირ საქმეზე გადავიდა:
– როდის გცალიათ? იცოდეთ, ორი-სამი საათი მაინც დამჭირდება, ისიც მხოლოდ პირველი შეხვედრისას. თუ დაგაინტერესებთ, კიდევ რამდენჯერმე მოგვიწევს გასაუბრება, თანახმა ხართ?
– ხვალ შევხვდეთ 12 საათზე, ჩემთან. თანახმა ხართ? – შევუბრუნე კითხვა.
– რატომ არ მეკითხებით, რატომ მინდა შეხვედრა? – მკითხა, სანამ ჩემს მისამართს ჩავაწერინებდი.
– მივხვდი, – ვუპასუხე ფრთხილად, – ჩემთან უცნობები ძირითადად თავიანთი ცხოვრების მოსაყოლად რეკავენ.
– ჰო, ასეა. თქვენი „ოჯახური ისტორიების“ პირველი მოთხრობა რომ წავიკითხე, მივხვდი, რაც უნდა მექნა – თქვენ უნდა შეგხვედროდით და ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომების შესახებ უნდა მომეყოლა. უკვე ასაკოვანი ქალი ვარ და, წლების განმავლობაში ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი. ჯერ აღსარების ჩაბარება დავაპირე, მაგრამ, რატომღაც, ვერ გავბედე – არ ვიცი, შემრცხვა თუ შემეშინდა; ალბათ, ორივე ერთად. თქვენთან შეხვედრა და გულის გადაშლა კი იმიტომ გადავწყვიტე, რომ ვეღარ ვუძლებ  სინდისის ქენჯნას. არაერთი საშინელი შეცდომა მაქვს დაშვებული, რომელთა გამოსყიდვას, ჩემი აზრით, მხოლოდ იმით შევძლებ, რომ საჯარო გავხადო თითოეული მათგანი. არ ვიცი, საკმარისი იქნება თუ არა ეს ნაბიჯი ჩემი სინდისის დასაწყნარებლად და სინანულის მოსაშუშებლად, მაგრამ მაინც უნდა ვცადო...
– რატომ გადაიფიქრეთ მოძღვართან მისვლა და აღსარების ჩაბარება?
– ალბათ, უფრო იმიტომ, რომ მოძღვარს აღსარების საიდუმლოს გათქმის უფლება არ აქვს, მე კი მინდა, სხვა ქალებმაც გაიგონ, რაც მივიღე შედეგად, რომ იგივე არ გაიმეორონ. ცხადია, ახალგაზრდა ქალებს ვგულისხმობ, რადგან იმ რამდენიმე მთავარ შეცდომას, რაც მე თავის დროზე ჩავიდინე, ჩემი ხნის ქალი, დიდი ალბათობით, არ ჩაიდენს, მით უფრო, რომ ერთ-ერთის ჩასადენად ასაკი პირდაპირი გაგებით არ შეუწყობს ხელს. ერთი სიტყვით, მინდა, ყველა ქალი საკუთარ გულში ჩავახედო, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ჩემნაირი ცოდვილი უამრავზე უამრავია, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ყველა განიცდიდეს ტკივილსა და რაც მთავარია, სინანულს. სწორედ ამ სინანულის გრძნობამ და სინდისის ქენჯნამ დამარეკვინა თქვენთან...
– ქალბატონო მარინა, – შევაწყვეტინე ჩემს მომავალ რესპონდენტს, – ძალიან გაგვიგრძელდა საუბარი. მე მგონი, აჯობებს, დათქმულ დროს შევხვდეთ და მაშინ მიამბეთ ყველაფერი.
– მართალი ბრძანდებით, ნამდვილად ასე ჯობია, – მაშინვე დამენთახმა როლში შეჭრილი ქალბატონი, – ბოდიშს გიხდით ჩემი გადაჭარბებული ემოციების გამო. თქვენი მისამართი ჩამაწერინეთ, თუ შეიძლება!
მისამართი ჩავაწერინე და ვთხოვე, არ დაეგვიანა. მობილური რომ გავთიშე, მხოლოდ მერე გავბრაზდი საკუთარ თავზე: ამ ხნის ისე მოვიყარე, მსგავსი დაუკვირვებლობა და გაუფრთხილებლობა არ ჩამიდენია – აბსოლუტურად უცხო ადამიანი, რომელიც თვალით არასდროს მინახავს და რომლის არც გვარი, არც ვინაობა და არც მისამართი არ ვიცი, სახლში დავპატიჟე, მისამართიც ჩავაწერინე და ლამის ფიანდაზები დავუგე – შენი ჭირიმე, არ დამაღალატო და დაუგვიანებლად მესტუმრე-მეთქი.
თავიდან კი გავბრაზდი, მაგრამ მერე გამიარა სიბრაზემ – გული მიგრძნობდა, რომ ის ვიღაც მარინა არ ცრუობდა. ამ ჩემს წინათგრძნობაზე დაყრდნობით, უცბად დავმშვიდდი და მოუთმენლად დაველოდე მეორე დღის 12 საათს. მანამდე კი იმაზე მკითხაობას შევუდექი – ნეტავი როგორ გამოიყურება ქალბატონი მარინა, რომელმაც აღსარების ჩაბარება მოძღვრის ნაცვლად ჩემთან, აბსოლუტურად უცნობ ადამიანთან გადაწყვიტა-მეთქი. ხან როგორი წარმოვიდგინე, ხან – როგორი, მაგრამ აბსოლუტურად სხვანაირი აღმოჩნდა, ანუ ჩემი ფანტაზიებისგან სრულიად განსხვავებული: საშუალო სიმაღლის, ცოტათი პუტკუნა (მე მაღალი და გამხდარი მეგონა), მოკლედ შეჭრილი თმით და ოდნავ კეხიანი თხელი ცხვირით (მე კი, რატომღაც, კეფაზე დახვეული თმითა და აპრეხილი ცხვირით მყავდა წარმოდგენილი). დაემთხვა მხოლოდ ოთხი რამ: თხელი, ლამაზი ფეხები; ძალიან შავი თმა, მუქი წითელი პომადა და საოცრად ლამაზი მომწვანო თვალები, ისეთი წყლიანი, გეგონებოდა, სადაცაა ტირილს დაიწყებსო. ყველაზე მეტად ის გამიკვირდა, რომ ზუსტად ვიცოდი, როგორი თვალებიც ექნებოდა. მომხიბლავად იღიმებოდა, მაგრამ თვალები სევდითა და ტკივილით ჰქონდა სავსე, რაც განსაკუთრებულ იერს აძლევდა. მზეთუნახავი ნამდვილად არ იყო, მაგრამ თვალის მოკვრისთანავე იქცევდა ყურადღებას. ასაკის მიუხედავად (თავადვე მითხრა, მალე 55 წლის ვხდებიო), 25 წლის ბიჭიც ინტერესით შეავლებდა თვალს და 65 წლის მამაკაციც. საერთოდ, ასეთი ქალები განსაკუთრებით მოსწონთ კაცებს – უფრო ეფექტურები, ვიდრე ლამაზები.
მამაკაცებს კი არა, მეც მომეწონა, თანაც, ჩემდაუნებურად, ნდობითა და თანაგრძნობით განვიმსჭვალე მის მიმართ და უცებ ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ამ ქალს ბავშვობიდან ვიცნობდი, ალბათ, უფრო იმიტომაც, რომ თითქმის ტოლები აღმოვჩნდით. ამ გრძნობამ ძალიან ახლობლური ატმოსფერო შექმნა და სულ რამდენიმე წუთში ჩვენ შორის ყოველგვარი დაძაბულობა უკვალოდ გაქრა.
– ყავა თუ ჩაი? – ვკითხე შინაურულად.
– მხოლოდ ცივი წყალი, თუ შეიძლება. და, კიდევ, თუ არ შეგაწუხებთ, თან მოვწევ, თორემ ისე ვერაფერს მოგიყვებით. სახლში ეწევით?
– პრობლემა არ არის, ისე მოიქეცით, როგორც უკეთ იგრძნობთ თავს, – ვუთხარი ღიმილით, მერე ცივი წყალი და საფერფლე დავაწყვე მაგიდაზე და დიქტოფონი მოვიმარჯვე, – როცა მეტყვით, მაშინ ჩავრთავ.
მარინამ ხელის კანკალით ამოიღო პატარა ხელჩანთიდან სიგარეტი, მოუკიდა და თხრობა დაიწყო...
***
ჩვენს პირველ საუბარს ხუთი ასტრონომიული საათი, რამდენიმე ფინჯანი ყავა, სამ-სამი ნაჭერი ყველიანი ბუტერბროტი, 17 ღერი სიგარეტი (აქედან მე მხოლოდ ორი ღერი მოვწიე, თუმცა, უკვე წლები იყო, არ მომიწევია) და თითქმის ერთი გრაფინი ცივი წყალი შეეწირა.
ჩვენ კიდევ ექვსჯერ შევხვდით ერთმანეთს და ყველა შეხვედრა ისევ ჩემთან შედგა – ასე მერჩივნა, რადგან ჩემი ოჯახი აგარაკზე იყო წასული და სახლში მარტო ვიყავი. მეშვიდე შეხვედრაზე მარინას აღსარებაც დასრულდა, მაგრამ დიქტოფონზე ჩაწერილ ამხელა მასალას დამუშავება და გაშალაშინება სჭირდებოდა.
ამ საქმეს ერთი კვირა მოვანდომე და უკვე დასაბეჭდად გამზადებული მოთხრობა მარინას წავაკითხე. მხოლოდ ორი პატარა აბზაცი ამომაშლევინა და მორიდებით მკითხა:
– ხომ არ აჯობებდა, თხრობა პირველ პირში რომ ყოფილიყო?
– მაგაზე მეც ვიფიქრე. საერთოდ, როცა პერსონაჟი თავად ყვება საკუთარ ისტორიას, მკითხველი უფრო ბუნებრივად და რეალურად აღიქვამს ტექსტს; მაგრამ, მეორე მხრივ, როცა მთხრობელი ავტორია და არა თავად პერსონაჟი, ის თითქოს მკითხველის პოზიციიდანაც უყურებს აღწერილ მოვლენებს და თავის დაკვირვებებს პატარ-პატარა კომენტარებით გამოხატავს. ამიტომ გამიჭირდა, გადამეწყვიტა, რომელი ვარიანტი ამერჩია. ბევრი ფიქრის შემდეგ მაინც მეორე ვარიანტი ვარჩიე, ანუ, როცა მესამე პირში მიმდინარეობს თხრობა, მაგრამ შენ თუ გირჩევნია (მე და მარინა მეორე შეხვედრიდან ისე დავახლოვდით, რომ სიტყვები „თქვენ“ და „ქალბატონო“ თავისთავად გაქრა ჩვენი საურთიერთობო ლექსიკონიდან), მთელ მოთხრობას პირველ პირში გადავიტან.
– არ ვიცი, – ჩაფიქრდა მარინა, – დავიბენი, ხო იცი! მოდი, მოვიფიქრებ და საღამოს დაგირეკავ.
საღამოს დამირეკა და ისვვ მორიდებით მთხოვა:
– მაინც მირჩევნია, რომ მე ვიყო მთხრობელი. თუ არ გეწყინება და არ გაგაწვალებ, იქნებ გადააკეთო...
– შენი სურვილი ჩემთვის კანონია, არანაირი წყენა და წვალება. ხვალ საღამოს ყველაფერი მზად მექნება, მოდი და კიდევ ერთხელ გადაიკითხე.
– აღარ არის საჭირო, გენდობი. ყველაფრისთვის დიდი მადლობა. მიხარია, რომ გაგიცანი.
– მეც ძალიან მიხარია. იმედია, ჩვენი ურთიერთობა ამით არ დამთავრდება.
– რა თქმა უნდა. აბა, დროებით!
– ნახვამდის!
მობილურის გათიშვისთანავე მივუჯექი კომპიუტერს და საღამოსთვის ყველაფერი დასრულებული მქონდა. ზოგადად, ძალიან თვითკრიტიკული ვარ, მაგრამ ეს მოთხრობა მართლა მომეწონა – ნამდვილად ჯდებოდა რუბრიკის თემატიკაში: ჩემს კომპიუტერში ინახებოდა ერთი ოჯახის ისტორია, რომელიც სავსე იყო ჩვეულებრივი ადამიანური ვნებებით, სიყვარულით, ერთგულებით, დიდი თუ პატარა ტკივილებით, დიდი თუ პატარა ცოდვებით, ღალატით, თანადგომით, გაუტანლობით, სათნოებით, მკრეხელობით, მიტევება-არმიტევებით, სამაგიეროს გადახდით, მიღებული სიამოვნებით, უამრავი შეცდომით, თანაგრძნობის ძიებით, მოწინააღმდეგეზე თუ საკუთარ თავზე გამარჯვებით მიღებული ნეტარების შეგრძნებით, დამარცხებით გამოწვეული დეპრესიით და... სინანულით, სინანულით ბევრი რამის, ძირითადად კი იმ ჩადენილი შეცდომების გამო, რომლებსაც ვეღარ გამოასწორებ და რომელთა შედეგს აუცილებლად იწვნევ ოდესმე, თანაც ძალიან მწარედ, ოღონდ, მაინც ვერ დააღწევ თავს ამ სინანულს, მიუხედავად იმისა, რომ ხვდები: შენ დაიმსახურე და ამიტომაც მოგეზღო ამ შეცდომების სამაგიერო – ზუსტად ის მოგეზღო, რაც შენდაუნებურად, შენი უგუნურებით თუ გამიზნულად დამართე სხვას.
მოკლედ, დანარჩენს თვითონ მარინა მოუყვება მკითხველს.
***
„შეცდომებს ყველა უშვებს – ზოგი დიდს, ზოგი პატარას, ზოგიც უმნიშვნელოს – მაგრამ უკლებლივ ყველა. არ არსებობს შეუმცდარი ადამიანი, მაგრამ სამაგიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავსაც კი არ უტყდებიან, რომ არასწორად მოიქცნენ. უფრო მეტიც, ჰგონიათ, რომ თვითონ ყოველთვის და ყველასთან მართლები არიან. არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ძირითადად ასეთი ადამიანებისგან შედგება ჩვენი საზოგადოება. პრინციპში, მეც ასეთი ვიყავი, ოღონდ, როგორც ახლა გამომაქვს დასკვნა, გარკვეულ დრომდე. მანამდე (ანუ ამ „გარკვეულ დრომდე), მართალია, ხანდახან თვითონვე არ მომწონდა ხოლმე ჩემი სიტყვა ან ქმედება, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, გამართლება მომეძებნა საკუთარი საქციელისთვის, გულში თუ ხმამაღლა სხვისთვის გადამებრალებინა, მერე კი მართლა ვიჯერებდი, რომ მე არაფერ შუაში არ ვიყავი და ამით მთავრდებოდა ყველაფერი – მომხდარი აღარასოდეს მახსენდებოდა, ყოველ შემთხვევაში, თვითკრიტიკული განწყობა არ მაწუხებდა. ასეთი შემთხვევა კი საკმაოდ ბევრი იყო ჩემს ცხოვრებაში.
პირველად სინდისის ქენჯნის მაგვარი რამ 15 წლის ასაკში ვიგრძენი, ოღონდ, ეს იმდენად მკრთალი და სუსტი ქენჯნა იყო, რომ ბოლომდე ვერც კი გავაცნობიერე, რას განვიცდიდი. იმ დღეს, სრულიად შემთხვევით, ადრე დავბრუნდი სახლში მეგობრის დაბადების დღიდან – რაღაცამ მაწყინა და მისვლიდან ერთ საათში წამოვედი. არდადეგები იყო და დედა და ჩემი უმცროსი და-ძმა სოფელში იყვნენ წასულები ბებია-ბაბუასთან. სახლში მარტო მამა მეგულებოდა. პირველ სართულზე ვცხოვრობდით და გამიკვირდა, ჩაბნელებული ფანჯრები რომ დავინახე. ალბათ, სადმე გავიდა-მეთქი, გავიფიქრე და ძლივს მოვძებნე ჩემი ჩანთის კუთხეში მიჭუჭკული გასაღები, სადარბაზოს მბჟუტავ შუქზე ძლივს მოვარგე ჩვენი ბინის კარს, შლეგიანივით შევვარდი და პირდაპირ ტუალეტისკენ ავიღე გეზი. იქიდან ცოტა სულმოთქმული გამოვედი და მხოლოდ მაშინ დავაპირე დერეფანში შუქის ანთება, მაგრამ უცებ ვიგრძენი, რომ სახლში მარტო არ ვიყავი. „ქურდები!“ – გავიფიქრე შიშით, ფეხაკრეფით შევიპარე სამზარეულოში, უზარმაზარი ხის კოვზით შევიარაღდი და ასევე ფეხაკრეფით გავემართე მშობლების საძინებლისკენ, საიდანაც საეჭვო შრიალი და ჩურჩული მომესმა. ოთახის კარი შეხსნილი იყო. ჩურჩული უკვე აშკარად გავიგონე, ღრიჭოში ხელი შევყავი, ჩამრთველი გადავატრიალე და მთელი ხმით ვიყვირე – ხელები მაღლა-მეთქი, ოღონდ შიშისგან თვალები მაგრად დავხუჭე. ახლა რომ ვიხსენებ, მეცინება ასეთი ბავშვური საქციელის გამო, მაგრამ ვინც მერე იქ დავინახე და რაც მეორე დღეს ჩავიდინე, სულაც აღარ იყო სასაცილო, თუმცა ძალიან დიდხანს, წლების განმვალობაში, დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორად მოვიქეცი. საქმე ისაა, რომ, როცა თვალები გავახილე, დავინახე საწოლზე წამომსხდარი ორი შიშველი ადამიანი, რომლებსაც ელდისა და გაოცებისგან მორუხო-მომწვანო ფერი ედოთ სახეზე, თვალები გადმოეკარკლათ და ყბა ლამის მკერდამდე ჰქონდათ ჩამოვარდნილი. ალბათ, ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ ამ ორიდან ერთ-ერთი მამაჩემი იყო, აი, მეორე კი თავიდან ვერც კი ვიცანი, შიშისგან ისეთი შეცვლილი ჰქონდა სახე. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ აღვიქვი, რომ მამაჩემის შიშველ სხეულზე ასევე შიშველი სხეულით მიკრული ქალი ჩვენი ზედა მეზობელი იყო, დედაჩემის მეგობარი მარგო. მარგომ რამდენიმეწუთიანი გაოგნების შემდეგ კივილით ისე ისკუპა საწოლიდან, რომ დამეჯახა და კედელზე მიმანარცხა, მერე კი თავის ტანსაცმელს წამოავლო ხელი, სასწრაფოდ გადაიცვა და ჯლიგინით გავარდა ბინიდან. მე ერთი კი მოვასწარი, ქანდაკებასავით გაშეშებული მამაჩემისთვის შემეხედა და მერე აღარაფერი მახსოვს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3