კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 როგორ გამოგვადგა საკუთარ სიკარგეში დაეჭვება და რატომ გაუჩნდა ბზარი დასავლეთის ყოვლისშემძლეობას

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ისე მოხდა, რომ განვითარებადის სტატუსის მქონე საქართველო რამდენიმე განვითარებული სტატუსის მქონე სახელმწიფოზე უკეთ დახვდა მსოფლიოს წინაშე წარმოქმნილ ახალსა და აქამდე უჩვეულო პრობლემას – რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ხელისუფლებამაც გამოიღო ხელი და მოქალაქეების უმეტესობაც ამჟღავნებს მოქალაქეობრივ თვითშეგნებას. თითქოს უდისციპლინოებმა და არაკანონმორჩილებმა, რასაც ათწლეულების განმავლობაში გვინერგავდნენ, დამცავი ნიღბებიც გავიკეთეთ, ხელთათმანებიც წამოვიცვით და ერთმანეთს შორის დისტანციასაც წარმატებით ვიცავთ, რიგსაც კი – მარკეტების გარეთ, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთელები ვართ. რამ გამოიწვია მობილიზება და რატომ არ ყოფილა ის დამოკიდებული მხოლოდ ეკონომიკის დონესა და კომფორტზე? – ამ თემას რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ.
– კომფორტი ცოტა ათაყვანებს ადამიანს და უჩლუნგებს თვითგადარჩენის ინსტინქტს? ანუ კომფორტული ცხოვრება არც თუ კარგია თვითგადარჩენისთვის?
– თქვენი კითხვა პასუხსაც მოიცავს... ახლახან მიამბო ჩემმა მეგობარმა საფრანგეთში მომხდარის შესახებ: ერთი ქალის მეზობელს აღმოაჩნდა კორონავირუსი, სასწრაფოდ წაიყვანეს კლინიკაში, თავად იმ ქალს კი სხვა სართულზე გადასვლა ურჩიეს და დაუბარეს, თუ ხველა და სიცხე დაგეწყოთ, დაგვიკავშირდითო. ქალმა დაურეკა თავის ექიმს და უთხრა, რომ მასთან ცოტა ხნის წინათ იყო ვიზიტზე, რადგან ყელი სტკიოდა და ახველებდა. ექიმმა ისტორიას ჩახედა და მიულოცა, თქვენ კორონავირუსი უკვე გადაგიტანიათო. არადა ლაპარაკია ექიმებზე და არა ყოფითი განათლების მქონე ადამიანებზე. ისაა დარღვეული, რასაც ვუწოდებთ თვითგადარჩენის ინსტინქტს, მოვლენებისადმი სერიოზულობაა დარღვეული და ეს არ ეხება მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს. ჩვენ ყოველდღიურად პოლიტიკაში ვაწყდებით, რომ თანამედროვე ლიდერები სისულელეებს აკეთებენ, არასერიოზულობას ამჟღავნებენ. ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებაც, ერთიანი ღონისძიებები გაატარეთო, ამის დასტურია – ფაქტია, არაფერზე სერიოზული რეაქცია პოლიტიკურ ლიდერებს არ აქვთ, არც ეკოლოგიურ პრობლემებზე, არც ბავშვების მდგომარეობაზე და ამ ჩამონათვლის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.
– სირიაში საომარი მოქმედებების განმავლობაში 10 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლეა დაღუპული და, ფაქტობრივად, არავის არაფერი უღონია ამის შესაჩერებლად
– ადამიანები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ იმ საომარ მოქმედებებთან.
– დიახ. თავისთვის ცხოვრობდნენ. და ამ კორონავირუსის გამო იდლიბში, რომელიც პანდემიამდე მთავარი ცხელი კერა იყო, ბავშვები გამოვიდნენ ქუჩაში სათამაშოდ. ბავშვები, რომლებიც, ეს პანდემია რომ არა, დიდი ალბათობით, დაიღუპებოდნენ ამ დღეებში.
– ასეთი გულგრილობა პირველი არ არის. ანალოგიური რამ მოხდა ჰიტლერის გამოჩენის დროსაც. ის სერიოზულად არავის აღუქვამს და ბევრმა ევროპელმა ლიდერმა, ოღონდ ჩვენ არ შევწუხდეთო და ჰიტლერს, ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთო. რა მოჰყვებოდა ამ მწვანე შუქის ანთებას, არ დაფიქრდნენ ან ვერ დაფიქრდნენ. ამიტომ, შეიძლება, უფრო ზოგადია პრობლემა და არა მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის. ევროპელები, როგორც ჩანს, ხშირად უშვებენ შეცდომას პრობლემის სიმძიმის შეფასებაში. არ არის გამორიცხული, რომ ევროპელობამ გაანებივრა ისინი. იმდენად გამოსდიოდათ ყველაფერი, რომ შეიძლება, შეეჩვივნენ იმას, რომ ყველაფერს მოაგვარებენ. რასაც მოიფიქრებენ ისე და იმას გადაწყვეტენ. ანუ, რასაც დროთა განმავლობაში დაერქვა ევროპაცენტრიზმი – რომ ყველაფერში მართლები არიან. ანალოგიური რამ მოხდა ახლაც და არც კი უშვებენ აზრს, რომ მათ შეიძლება, შეცდომა მოუვიდეთ. მგონი, რაღაც ამგვარი მოვლენაა და არა მხოლოდ კორონავირუსით გამოწვეული დაბნეულობა.
– ჩემთვის ნათლად გამოჩნდა, რომ ყველა მარტო დარჩა მაინც ამ პრობლემის წინაშე და თითოეული სახელმწიფოს მარიფათზეა, ძირითადად, დამოკიდებული, როგორ გადაჭრის ამ პრობლემას. ვერსად წახვალ საჩივლელად, არავის სცალია შენს დასახმარებლად და შეიქმნა ვითარება, როდესაც ხალხებმა თავად უნდა იპოვონ გამოსავალი. იზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებას?
– ეს რომ ასეა, ამაზე მეტყველებს, თუნდაც, ის, რომ სულ უფრო გახშირდა იმაზე ლაპარაკი, რომ ევროპული ერთიანობა იშლება კორონავირუსის გამო, სწორედ იმიტომ, რომ ევროპული ქვეყნები საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე გადაერთნენ და აღარ სცალიათ ერთმანეთისთვის. იხურება საზღვრები და შენგენის ზონა, როგორც ასეთი, ფაქტობრივად, გაქრა. ეს იმასაც ნიშნავს, რომ დაუფიქრებლობას ცუდი შედეგი მოაქვს. ეს დღევანდელმა დღემ ცხადი გახადა, თორემ დღევანდელობის მოვლენა არ არის. უზარმაზარი პრობლემა შეექმნა ევროპას მიგრანტების გამო და, ევროპულობას როგორ ვუღალატებთო და ხელი არ გაანძრიეს, საერთოდ არ გადაწყვიტეს და დატოვეს ღიად, მაშინ, როდესაც, როგორც კი კორონავირუსის პრობლემა გაჩნდა, არათუ საზღვრები დახურეს, უკან არ დაიხიეს არაფერზე. ესე იგი, არ იყო საზღვრების დახურვა სირთულე. მაშინ, გადაეწყვიტათ თავის დროზე, იმათ რაღას ერჩოდნენ, თავიანთ მოქალაქეებს, რომლებიც მიგრანტების მსხვერპლი გახდნენ?! საქმეც ესაა – ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს.
– თუმცა ძალიან ოპერატიულად მიიღეს ერთმანეთის მხარში არდგომის გადაწყვეტილება.
– მიიღეს იმიტომ, რომ, რეალურად, მითია ევროპული ერთიანობის ის ვარიანტი, რაც თავად ამოიჩემეს, რომ ევროპული ცივილიზაცია, მაინცდამაინც, არის ის, რომ ყველა ადამიანმა იცხოვროს იქ, სადაც თვითონ უნდა.
– და როგორ გამოჩნდა ნათლად ისიც, რომ ადამიანი ყველაზე მეტად დაცულია იქ, სადაც დაიბადა, გაიზარდა, რომელი ქვეყნის შვილიცაა. ჩვენი ქვეყნები იქცა ჩვენს სახლებად, იმიტომ რომ ჩვენი მთავრობების გარდა არავის ვაინტერესებთ, სხვებს ვაინტერესებთ იმდენად, ოღონდ ვირუსი არ შევუტანოთ. ჩვენს მთავრობებს კი ჩვენი ჯანმრთელობა აინტერესებთ.
– და კიდევ ერთი რამ გამოჩნდა, გააცნობიერეს, რომ, მე თუ ვირუსის გადამტანი აღმოვჩნდი, ხიფათი ემუქრება ყველას, ამიტომ გახდა ეს სახლი ასეთი ძვირფასი. ვერ გაგაგდებენ და არც გაგაგდებენ, იმიტომ რომ მათთვისვეა სახიფათო, თუ სახლიდან გაგაგდეს, რადგან შეიძლება, სხვები დაასნებოვნო. იმის თქმა მინდა, რომ ძალიან დიდი გაკვეთილი ჩაგვიტარა მამაზეციერმა ამ ვირუსის შემოტანით, ისევე, როგორც თავის დროზე იყო ლაპარაკი, რომ შიდსი არეული ცხოვრების ჭკუის სასწავლებელი იყო და, მართლაც, შიდსის ეპიდემიის შემდეგ უფრო ზომიერი გახდა ევროპის სექსუალური ცხოვრება.
– უფრო დაცული... მითი, რომ ევროპელები, ზოგადად, დასავლელები, არიან ყველაზე გონიერები და ყველაფერი იციან, რადგან არიან მდიდრები და წარმატებულები, დაიმსხვრა?
– ყოველი შემთხვევისთვის, მაგ მითს მნიშვნელოვანი ბზარი გაუჩნდა. ვხედავთ, რომ იმ ქვეყნების, რომლებზეც დგას ევროპული ცივილიზაცია, დაუდევრობის გამო მოიკიდა ვირუსმა ფეხი. ეს დაუდევრობა იწყება საიდან?! მართლაც, ევროპული ცივილიზაციის აკვნიდან – იტალიიდან. როგორც ჩანს, ჩვენ კარგი სამსახური გაგვიწია იმან, რომ სულ ვეჭვობთ, ვართ კი ისეთი კარგები, როგორც ევროპელები და არ ვიშურებთ ძალისხმევას და ამ ძალისხმევის გამოა ცოტა უკეთესი შედეგი, ღმერთმა კარგი ყურით გვისმინოს, რომ გვაქვს. ეს პრობლემისადმი სერიოზული დამოკიდებულების შედეგია. რაც თქვენ მოყევით, ამის დამადასტურებელია პირბადეები, ხელთათმანები, დისტანციის დაცვა. ვისაც არ აქვს პრობლემისადმი სერიოზული დამოკიდებულება და ასეთია მარნეულის შემთხვევა, ვნახეთ, რა შედეგია. და იქაც არასერიოზულობის გარდა სხვა მიზეზი არ არის, იმიტომ რომ, ფაქტობრივად, ყველა ერთნაირად გააფრთხილეს. ბევრმა სხვა რეგიონში მცხოვრებმაც გამოავლინა არასერიოზულობა, თუმცა იმდენმა არა, რომ ეს კატასტროფად ქცეულიყო, მაგრამ მარნეულში ისეთი ზომის დაუდევრობა და არასერიოზულობა ვნახეთ, რომ ამან შესაძლოა, კატასტროფული შედეგი გამოიღოს: ეპიდემიამ მიიღოს გაცილებით რთულად სამართავი ხასიათი.
– იმედია, წამალსა და ვაქცინას რომ გამოიგონებენ, ერთმანეთს გაუნაწილებენ.
– მეეჭვება, ეს სტრატეგია აირჩიოს რომელიმე ქვეყანამ, მოვლენების ლოგიკიდან გამომდინარე. ვთქვათ, ამერიკამ თავისთვის ჩაკეტა ეს ვაქცინა, ესე იგი, აშშ-ში დროებით ჩასული ჩინელი რომ ვერ მოიხმარს ამ წამალსა და ვაქცინას, მაგრამ ის ხომ ამერიკელს გადასდებს ავადმყოფობას?! ასე რომ, ქვეყნების ჩაკეტვა მათი ინტერესი არ არის, პირიქით, ქვეყნების ინტერესი უნდა იყოს, რაც შეიძლება, ფართოდ გავრცელება იმის, რაც ყველა ადამიანს გადაარჩენს, იმიტომ რომ ყველა აღმოჩნდება დარტყმის ქვეშ.
– პოლიტიკური ბრძოლაც მიმდინარეობს ამასობაში: აშშ არ ეხმარება ევროპას, რუსი და ჩინელი მედიკოსები ჩავიდნენ კუბელებთან ერთად. ამის პოლიტიკური შედეგი როგორ იქნება, ხომ გადაივლის ეს პანდემიაც, ადრე თუ გვიან?
– ეს არ არის მხოლოდ ჰუმანური აქტი, დამხმარეები თავიანთ თავსაც ეხმარებიან ამით. ეს ადამიანები ერთ ადგილას ხომ არ ცხოვრობენ?! მთელი მსოფლიო მოძრაობს და ამ მოძრაობაში ნებისმიერი შეიძლება, აღმოჩნდეს ინფექციის წყარო და გამავრცელებელი, ამიტომ ამ ინფექციას ყველამ თუ არ მოუარა, მხოლოდ ერთ ქვეყანაში შეუძლებელია, დაამარცხონ. ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ მარნეულზე და ხომ ვერ ვიტყვით - იყოს მარნეულში ინფექცია, მერე ჩვენ რა?! ეს ხომ არ იქნება სწორი?! იმიტომ რომ მარნეულიდან ინფექცია მოედება მთელ საქართველოს, შემდეგ – ამიერკავკასიას და ასე შემდეგ. ამდენად ვამბობ, რომ, ალბათ, ამერიკული მხარე აცნობიერებს იმას, რომ ევროპისთვის დახმარების არგაწევა თავად ამერიკას ამყოფებს რისკის ქვეშ.

скачать dle 11.3