კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№13 როგორ შეძლო ლუკა მარიამიძემ დიდ ტრაგედიასთან ერთად ჩემპიონობის მოპოვება

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ახალგაზრდებში თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გამარჯვება 19 წლის ლუკა მარიამიძემ მოიპოვა. სპორტსმენისთვის დიდი სიხარული და ტრაგედია ერთ დღეს მოხდა – გულშემატკივრების ტრიბუნაზე მოულოდნელად გარდაიცვალა ლუკას მამა... ამ ამბის გამო, ნახევარფინალის მოგების შემდეგ, არავის ეგონა, თუ ლუკა ფინალში გამოცხადდებოდა, მაგრამ მან დიდი ტკივილის მიუხედავად, ფინალში გასვლა და ღირსეული გამარჯვება შეძლო.
  ლუკა მარიამიძე: დაბადებიდან ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი და მშობლებმა გადაწყვიტეს, ისეთ სპორტზე შევსულიყავი, რომელიც ვაჟკაცური იქნებოდა. ამიტომ შევედი თავისუფალ ჭიდაობაზე, სადაც ჩემი პირველი ტრენერი  მეზობელი იყო. ვარჯიში თბილისში დავიწყე, ისე, წარმოშობით გორელი ვარ. გორში ჭიდაობა საკმაოდ განვითარებული სპორტია და მამამაც უფრო ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. რაღაც პერიოდის შემდეგ, სხვა სპორტზე გადავედი, ფეხბურთსა და რაგბის ვთამაშობდი, თუმცა საბოლოოდ, მაინც, ჭიდაობას დავუბრუნდი.  მამა იყო   ინიციატორი და მონდომებული, რომ ჭიდაობაში დავრჩენილიყავი.  დედა ცდილობდა, უფრო სწავლაზე ვყოფილიყავი ორიენტირებული.
– საქართველოს ჩემპიონი გახდი, წარმატებამდე რა სირთულეების გადალახვა მოგიწია?
– ადამიანი შრომის ხარჯზე აღწევს ყველაფერს. ჩვენ, სპორტსმენებს, დიდი შრომის ფასად გვიჯდება ნებისმიერ შეჯიბრებაზე გამარჯვება, ეს იქნება საერთაშორისო თუ სხვა. მთელი წელი ვემზადებით ერთი კონკრეტული კონკურსისთვის. იმისთვის, რომ გახდე გამარჯვებული, ბევრი რამე უნდა მოიკლო. შეიძლება, რაღაც მომენტში არ გაგიმართლოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ის ყოველდღიური წვალება აუცილებლად დაფასდება და საწადელს მიაღწევ. ის, რაც 29 თებერვალს შემემთხვა, ამაზე დიდი სირთულე ცხოვრებაში არ გადამილახავს. ჩემთვის ყველაზე ტრაგიკული დღე იყო, მაგრამ ღმერთის წყალობით, ისევ მამასა და დედას გამო, შევძელი, ყველაფერი გვერდზე გადავდე და გამარჯვება მოვიპოვე.
– მამას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა? რა მოხდა მაშინ...
– მამა 55 წლის იყო და არაფერი აწუხებდა, ჯანმრთელი ადამიანი გახლდათ. ექსპერტიზას ამ დრომდე დასკვნა არ გამოუტანია, მაგრამ ჩვენ რასაც ვვარაუდობთ, ეს იყო გულის შეტევა ან თრომბი. ისე უცებ მოხდა ეს ამბავი, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. იმ დღეს ყველაფერი კარგად დაიწყო. შეხვედრებზე, როგორც ყოველთვის, მამა და ჩემი ნათესავები მგულშემატკივრობდნენ, გავიმარჯვე კიდეც და მივედი ნახევარფინალამდე. ნახევარფინალის დროს გახდა მამა ცუდად, მაგრამ მე არ ვიცოდი. როცა გავიმარჯვე და მსაჯმა ხელი ამიწია, დავინახე, რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო მამასთან შეკრებილი, რომლებიც მის დახმარებას ცდილობდნენ. მივხვდი, მამას რაღაც სჭირდა, ემოციებისგან მოწინააღმდეგეს ხელი ვეღარც ჩამოვართვი, როგორც ხდება ხოლმე, მაშინვე გავიქეცი ტრიბუნებთან, მაგრამ იქ არავინ მიმიშვა... მერე, მთელი ღამე ექსპერტიზაზე მომიწია ყოფნა, ურთულესი დღე იყო... მე და დედამ ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, თუ შევძლებდი, აუცილებლად უნდა მეჭიდავა. დედას დავუჯერე, მოვახერხე ფინალში ჭიდაობა და მოვიპოვე გამარჯვება, რომელიც მამას ხსოვნას მივუძღვენი.
– როგორ შეძელი ამ ტრაგედიასთან ერთად ჩემპიონობის მოპოვება?
– მე და მამა ერთად ვემზადებოდით ყოველი შეჯიბრებისთვის და ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო. სულ ვამბობდით, რომ სახლში გამარჯვებულები დავბრუნდებოდით. მამა ყოველთვის მეუბნებოდა, ყველაფრის მიუხედავად, ნებისმიერი სირთულისა თუ კონკურენციის დროს აუცილებლად ბოლომდე უნდა მებრძოლა, არასოდეს დავნებებულიყავი. ეს ყველაფერი მამასგან ვიცი და გულში მაქვს. არ დავნებდი, ყველაფერი გვერდზე გადავდე და ვიბრძოლე. დარწმუნებული ვარ, მამას ასე ენდომებოდა. მას არ უყვარდა საქმის შუა გზაში მიტოვება. ამ ფიქრით, მამას ხსოვნის გამო შევძელი ეს ყველაფერი.
– არავინ ელოდა ფინალში შენს გამოჩენას...
– 29 თებერვლის შემდეგ, საერთოდ ეგონათ, რომ დარბაზში აღარ მივიდოდი და ჭიდაობასთან შეხება გამიჭირდებოდა. მე ასე არ ვფიქრობ, რადგან მამას ამ სპორტის მიმართ სულ სხვა დამოკიდებულება ჰქონდა. ფინალზე რომ მივედი, მე და ჩემმა ტრენერებმა ვისაუბრეთ. მითხრეს, რომ ახლა ვერ შევძლებდი. თუ წავაგებდი, სპორტის წესებიდან გამომდინარე, ვერაფერს იზამდნენ. ჯობდა, დამესვენა და მერე ყველანაირად შემიწყობდნენ ხელს, კიდევ მომცემდნენ შანსს, რომ ფინალი მეჭიდავა. ეს ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ, როგორც გითხარით, საქმის ბოლომდე მიყვანა მინდოდა და დილით აწონვებზე გამოვცხადდი. წონა დაკარგული მქონდა, რადგან დახარჯული ენერგია ვერ ავინაზღაურე, არ მიძინია, არ მიჭამია, არ დამისვენია. მიუხედავად ამისა, მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობდი და ასეც მოხდა.
– ფინალში ჭიდაობის სტიმული გარკვეულწილად დედამაც მოგცა.
– დიახ, ნამდვილად. დედისერთა ვარ და მშობლები ყოველთვის განსაკუთრებით ზრუნავდნენ ჩემზე. თითქმის ერთნაირი პოზიციები ეკავათ ჩემს წინსვლასთან, წარმატებასთან და განვითარებასთან დაკავშირებით. ერთად იღებდნენ ჩემს შესახებ გადაწყვეტილებებს. ახლა მხოლოდ დედა დამრჩა ოჯახის წევრებიდან, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შემიძლია, რაღაც ვკითხო. მასზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ამ ცხოვრებაში აღარავინაა.  შესაბამისად, მისი აზრი ყოველთვის ღირებული იქნება. სწორედ, ამიტომ მივედი მასთან და ვკითხე, როგორ მოვქცეულიყავი.  მიპასუხა: თუ, შეძლებ, მინდა, იჭიდაოო.
– რაზე ისაუბრე ბოლოს მამასთან და როგორი ურთიერთობა გქონდათ?
– მამა ყოველთვის ემოციური იყო ჩემ მიმართ, სიხარულს მძაფრად გამოხატავდა. ყელანაირად ხელს მიწყობდა, რაც კი ამ კუთხით შეიძლება არსებობდეს, მართლა ჩემთვის ცოცხლობდა. მისი მიზანი ჩემი სწორ გზაზე დაყენება იყო და სწორედ ამისთვის შრომობდა და წვალობდა. ბოლოს შეჯიბრებაზე ვისაუბრეთ. ამდენს რომ ვჭიდაობდი და შეხვედრა-შეხვედრაზე მიდიოდა, მითხრა: აღმედგინა ძალები და რამე მეჭამა, ფულიც მომცა. ის ფული ბოლომდე არ დამიხარჯავს და მამას დანატოვარი ახლაც შენახული მაქვს. ნახევარფინალზე ვიდრე გავიდოდი, მამასთვის მინდოდა ხელით მენიშნებინა, რომ მოვიგებდი, მაგრამ შორს იყვნენ ტრიბუნებზე და შეუძლებელი იყო, დავენახე. რომ გავიხედე მათკენ, თავად მამა მიყურებდა და ხელით მანიშნებდა მოგებაზე.  შევედი შეხვედრაზე,  გამოვედი და  მამა აღარ იყო... ჩვენ მეგობრები ვიყავით.
– რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?
– აქამდე ვიყავი ჭაბუკების ორგზის საქართველოს ჩემპიონი. პირველად რომ საქართველო მოვიგე, წონის გამო ვერ ვიჭიდავე ევროპა და მსოფლიო. მეორე ჯერზე ევროპა ვიჭიდავე, თუმცა ნახევარფინალი წავაგე. ტრავმა მქონდა, წელი მტკიოდა და ვერ შევძელი გამარჯვება. ახლა ახალგაზრდებში ვარ. დაგეგმილია ევროპისთვის მოსამზადებელი საერთაშორისო ტურნირები. წელს ჩემი სამიზნე ევროპა და მსოფლიოა.

скачать dle 11.3