კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 დარე ლაცუზბაიას აფხაზეთიდან თბილისში საიდუმლო მასალები მოჰქონდა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  დარე ლაცუზბაიას ცხოვრების გზა, სხვადასხვა მიზეზის გამო,  საკმაოდ რთულია, მაგრამ ამის მიუხედავად, ყოველთვის აქტიურია, პრობლემების წინააღმდეგ ბოლომდე იბრძვის და იმარჯვებს კიდეც.
დარე ლაცუზბაია: აფხაზეთში ნამდვილ სამოთხეში ვცხოვრობდით. ზღვისპირას, ქალაქის ცენტრში. სკოლაში ქართულ სექტორში ვსწავლობდი. დედა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იყო და სამივე შვილი ფილოლოგებად აღგვზარდა. მოგვიანებით, მეც ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლიდი სკოლაში, მაგრამ ომი რომ დაიწყო, აფხაზეთის ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა. მაშინ ახალ ამბებს აქ სარელეო ხაზით ვაგზავნიდით, მაგრამ ანძის აფეთქებს შემდეგ, კვირაში ორჯერ მოვფრინავდი თბილისში და „პირველი არხისთვის“ საიდუმლო მასალები მომქონდა. საკმაოდ რთული და დაძაბული პერიოდი იყო. რამდენჯერ ტანკითა და ბეტეერით მივსულვარ სახლში. თავიდან კი უკვირდათ მეზობლებს, მაგრამ მერე მიეჩვივნენ (იცინის).
– ზუსტად ამ დროს გაგიცნიათ მეუღლე.
– ჩემი ნათლულის და გაჰყვა ცოლად ჩემი მომავალი მეუღლის მეგობარს და თანამებრძოლს. ზუსტად მაშინ მოგვქონდა მე და თამრიკო გოგისაშვილს საიდუმლო მასალები თბილისში. სპეციალურად ჩვენთვის დააყენეს თვითმფრინავი ჩეჩნებმა. ჟურნალისტები ავედით, ადგილები დარჩა და შემდეგ შემოვიდნენ სხვებიც, მათ შორის ჩემი მომავალი მეუღლეც. რომელიც გვერდით მომიჯდა და ხელში ჩემოდანი დამაჭერინა, რომელიც ტყვიებით ყოფილა სავსე (იცინის). მეუღლე „შავი ავაზას“ წევრი იყო. როცა ერთმანეთი გაგვაცნეს, ჩემზე თქვა, უკვე ვიცნობო. გამიკვირდა, რადგან მე არ მახსოვდა და მერე მითხრა, რომ სიზმარში ვყავდი ნანახი. შეუღლებიდან ნახევარი წლის შემდეგ, ფოტოების დათვალიერებისას მივხვდით, რომ ომამდე ერთი წლით ადრე, რაღაც მომენტში, სოჩაში შევხვედრივართ ერთმანეთს კაფეში და ცოტა წავკამათებულვართ (იცინის). მოკლედ, გაცნობიდან ძალიან მალე გამაბრუა და დღემდე გაბრუებული დავდივარ (იცინის). შეუღლების შემდეგ სოხუმში წავედით. ჩემი სამსახურის გამო იანვარში თბილისში ჩამოვედით. მაგრამ როცა ნეიტრალური დრო გამოაცხადეს, გადავწყვიტეთ, ისევ სოხუმში ჩავსულიყავით – ეს იყო აგვისტოს ბოლოს. მაშინ შვიდი თვის ფეხმძიმე ვიყავი და პირველი შვილის დაბადებისთვის ვემზადებოდით. 16 სექტემბერს ტყვარჩელის მხრიდან დაიწყო დარტყმა და 19-ში ისევ თბილისში გადმოვფრინდით. ტრაპზე რომ ავდიოდი, რვა თვის ფეხმძიმეს მუცელში კონდახი მომხვდა. ქართველი მეომარი ბიჭი ცოლ-შვილს აცილებდა და შემთხვევით მოუხვდა. ოქტომბრის ბოლოს უნდა გამეჩინა ბავში, მაგრამ ამ ტრავმას საშინელი ფრენაც დაემატა და მდგომარეობა შეიცვალა. მალევე დამეწყო მშობიარობა, ათი დღე ვიწექი წვეთოვნის ქვეშ ნაყოფის შესანარჩუნებლად, მაქსიმალურად ჭიმავდნენ დროს, მაგრამ ჩემი შვილი მაინც რვათვიანი დაიბადა. თუმცა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. სხვათა შორის, ჩემმა მეგობარმა მიიღო ჩემი მშობიარობა, ეს მისთვისაც პირველი იყო – მანანა მგალობლიშვილს ვგულისხმობ, რომელიც დღეს ბევრ უშვილო წყვილს ეხმარება.
– ამ პერიოდში მეუღლეც რთულ მდგომარეობაში ყოფილა...
– კი. ჩემი მეუღლე ჩვენთან ერთად გამოფრინდა. გულში დაიჭრა და რეაბილიტაციის კურსი ბოლომდე არ ჰქონდა გავლილი. მაგრამ იმდენი ქალი და ბავშვი ჰყავდა „აკიდებული“, სხვა გზა არ იყო და ყველას თავი მას ჩააბარეს. მაშინ არ გვეგონა, უკან დაბრუნება თუ შეუძლებელი იქნებოდა. უთხრეს: ჩადი, ესენი ჩაიყვანე, დააბინავე და შემდეგ უკან გადმოფრინდიო. მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩვენი თვითმფრინავი ბოლო აღმოჩნდა.
– აქ როგორ გააგრძელეთ ცხოვრება?
– მეუღლე თბილისიდან იყო, სახლი გვქონდა, მაგრამ ცარიელი კედლები დაგვხვდა. არც სასმელი, არც საჭმელი, ახლობლები გვეხმარებოდნენ. თავიდან გვიჭირდა, მაგრამ ჩემი და უფრო წვალობდა ბავშვებთან ერთად, რომელიც მერე სრულიად უცხო ადამიანმა შეიფარა – ნახევარი სახლი დაუთმო და ძალიან გულთბილად მიიღო. შემდეგ გადავწყვიტეთ, რუსეთში წავსულიყავით. ჩემი მეუღლე 18 წლიდან მოსკოვში სწავლობდა, მაგრამ ომი რომ დაიწყო, საქართველოში იყო საბუთების წასაღებად ჩამოსული და გამოიძახეს – ასე მოულოდნელად ჩაერთო ომში. ამ ყველაფრის შემდეგ, თბილისში არანაირი პერსპექტივა არ ჩანდა, იქ უფრო შეეძლო სამსახურის შოვნა, პატარა ბავშვი გვყავდა და წასვლა გადავწყვიტეთ. იქ მეორე შვილიც შეგვეძინა.
– დაბრუნება საკმაოდ რთული ამბის გამო გადაწყვიტეთ, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას ვგულისხმობ.
– ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სტრესის ფონზე მოხდა. ჩემი მეორე შვილი ხუთი წლის იყო, მკერდზე რომ შემთხვევით სიმკვრივე აღმოვაჩინე, რაც მეორე ხარისხის სიმსივნე აღმოჩნდა. გავიკეთე ოპერაცია, ექვსი კურსი ქიმიოთერაპია, მაგრამ არაფერი მინდოდა აქ ჩამოსვლის გარდა. მიუხედავად იმისა, რომ მეც ვმუშაობდი, ყველაფერი მივატოვე და საქართველოში წამოვედი.
– მანამდეც ბევრი სირთულე გამოგივლიათ. ამ პრობლემის წინაშეც ძლიერი აღმოჩნდით?
– თავიდან შოკი იყო, ერთადერთი კითხვა მქონდა – რატომ მე? მეორე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე? რატომ? სიკვდილის შიში მქონდა, მაგრამ მაშინვე პირველ რიგში ჩემი შვილები დადგნენ. უმცროსი იმდენად პატარა იყო, დამოუკიდებლად ჭამა და ჩაცმა არ შეეძლო. დედა, და, მეუღლე, ყველა გვერდით მყავდა, მაგრამ მინდოდა მენახა, ჩემი შვილები როგორ გაიზრდებოდნენ.
– თუმცა, იმდენად აქტიური ცხოვრება გაქვთ, რთულად წარმოსადგენია, რომ ამდენი გადაიტანეთ და ასეთ პრობლემასთან გიწევთ გამკლავება.
– შინაგანი განწყობა ყველაზე მნიშვნელოვანია. აუცილებლად დადებითად უნდა დაიტვირთო და ეს უკან დაგიბრუნდება. პირველი მკურნალობის შემდეგ რომ გამოკვლევას ვიკეთებდი, ძალიან მეშინოდა, არ ეთქვათ, რომ კარგი შედეგი არ მქონდა. მაგრამ თუ ნერვიულობით ვერ შველი სიტუაციას, რატომ უნდა ინერვიულო? თუ თავი ხელში არ აიყვანე, ძალიან გაგიჭირდება. ახლაც კლინიკაში რომ დავდივარ, ბევრ უიმედოდ განწყობილ ადამიანს ვხვდები. კი, არ ვამბობ, რომ არ მეშინია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
– მკურნალობას სად აგრძელებთ?
– პირველი ეტაპის გავლის შემდეგ თბილისში ჩამოვედი და აქ ვიტარებდი სამ თვეში ერთხელ გამოკვლევებს. ძალიან კარგი დინამიკა და აქტიური ცხოვრება მქონდა. უძრავი ქონების სააგენტო ჩამოვაყალიბე, ხალხთან კომუნიკაცია ძალიან მომწონდა, შემდეგ გაჩნდა ტელევიზია, გადაღებები. მაგრამ დაახლოებით, ორი წლის წინ, რეციდივი აღმომაჩნდა ძვალზე, ოთხ ადგილას მქონდა მეტასტაზი. თორმეტი წლის შემდეგ ისე მივიღე ეს ამბავი, თითქოს მზად ვიყავი, თითქოს, ველოდი. ფიქრი მაშინვე მკურნალობის ეტაპებზე დავიწყე. მთელი თორმეტი წელი კი ვიყავი მშვიდად, მაგრამ ზუსტად რომ აღვწერო ის მდგომარეობა, გეტყვით, რომ თორმეტი წელი მშვიდად ვიჯექი ჭურვზე. ეს ყველაფერი გაცნობიერებული მქონდა და სიტუაციას რეალურად ვუყურებდი. კი არ მინდოდა და კი არ ვეძახდი ამ სიტუაციას, მაგრამ გამორიცხულიც არ იყო, რომ ასე მოხდებოდა. ჩემი თავი მოვამზადე ცუდი სიტუაციისთვისაც. როცა ეს მომენტი დადგა, მხოლოდ მკურნალობასა და შესაბამის თანხაზე დავიწყე ფიქრი. აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვყვარებივარ და ბევრს ნდომებია ჩემი გამოჯანმრთელება. უცებ შეგროვდა ჩემს მეგობრებსა და ახლობლებში საჭირო თანხა. თურქეთში ვიმკურნალე, შემდეგ აქ ჩამოვედი. აქაც ძალიან კარგი ექიმები მყავს – ალექსანდრე თავართქილაძე, მაია მაისურაძე. არაჩვეულებრივი გოგოები, რომელთა გამოც ქიმიოთერაპიის გასაკეთებლად სიხარულით მივდიოდი: ნინო ურიადმყოფელი, ქეთი ჩხოიძე, მაია დობორჯგინიძე, ქეთი მაღრაძე – ისინი ჩემი სიცოცხლის ელექსირები არიან.
– და როგორია მკურნალობის შედეგი?
– გამოკვლევების შემდეგ ძალიან სასიხარულო ამბავი მითხრეს – ძვალში არსებული მეტასტაზები დაფიბროზდა, ნაწიბური გახდა. ანუ მკურნალობამ კარგი შედეგი გამოიღო. ყველაფერი შეჩერდა და ღმერთის წყალობით, ამ ეტაპზე ყველაფერი რიგზეა. როგორც ჩემმა ექიმმა მითხრა, უკვე „ფონგასული“ ვარ. ამ ეტაპზე, ონკოლოგიური პრობლემა არ ფიქსირდება. პრაქტიკულად, განკურნებული ვარ და  ახლა ჰორმონოთერაპიას გავდივარ.
– გამოდის, სიმსივნე ორჯერ დაამაცხეთ.
– ორჯერ შევეჭიდე და ორივეჯერ გავიმარჯვე (იცინის). მთავარი და აუცილებელია ლოცვა. ეკლესია არასდროს მიმიტოვებია. მაგრამ ზიარების ინტენსიურობა ბოლო დროს გაიზარდა. მეორედ რომ დამემართა ეს ამბავი, ყოველ კვირას ვეზიარებოდი და ყოველი ზიარების შემდეგ, ვგრძნობდი, რომ უკეთ ვხვდებოდი. ქიმიოთერაპიიდან მეხუთე დღე კრიზისულია, მაგრამ მე შემეძლო ასეთ დროს მთელი დღე ვმდგარიყავი ეკლესიაში და ზიარება მიმეღო, საერთოდ არ მიჭირდა. ზიარება სულსაც წმენდს და ორგანიზმსაც.
– პროფესიით მსახიობი არ ხართ, „ჩემი ცოლის დაქალებში“ როგორ აღმოჩნდით?
– პროფესიით მსახიობი არ ვარ, მაგრამ ყოველთვის ვმღეროდი, ჯერ სკოლის, შემდეგ კი უნივერსიტეტის ანსამბლში. ასე რომ, სცენა და ტელევიზიაში მუშაობიდან გამომდინარე, ეკრანიც, ჩემთვის უცხო არ იყო. ქასთინგზე ეკა მჟავანაძემ მიმიწვია და დამამტკიცეს კიდეც კულტურისა და განათლების მინისტრის როლზე, სადაც მე დედაჩემის სახელი და გვარი მაქვს – ირინა კუპრავა. როდესაც ამან სერიალში გაიჟღერა, ძალიან ბევრს ესიამოვნა და დიდი რეზონანსი გამოიწვია დედაჩემის მოსწავლეებისა და მეგობრების მხრიდან. რაც შეეეხება ჩემს ამ სერიალთან დაკავშირებას, კონცერტზე ვიყავით, უკვე ბნელოდა, როცა ჩემი 12 წლის შვილთან ორი ქალბატონი მოვიდა და ფოტოების გადაღება დაუწყეს. ეკა მჟავანაძე და ხათუნა აგლაძე აღმოჩნდნენ. საერთაშორისო ფილმი გადაიღეს „გაყინული შადრევნების წელიწადი“, რომელმაც ბევრი პრიზი მიიღო. ჩემი შვილი ამ ფილმში დაამტკიცეს როლზე და იქედან მიიწვიეს „ჩემი ცოლის დაქალებში“, სადაც ჯეკოს მეგობრის – ლუკას როლს თამაშობდა. ასე რომ, შვილს უნდა ვუთხრა მადლობა, რომ მეც ამ სერიალში აღმოვჩნდი (იცინის).

скачать dle 11.3