კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 თიკო ჩხეიძე: ტატას სახელზე ტაძარი ორ თვეში აშენდა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  დაახლოებით ორი წლის წინ თბილისში, რევიშვილების ოჯახში, საშინელი ტრაგედია დატრიალდა – 9 წლის გოგონა, ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და მოდელ თიკო ჩხეიძის უფროსი შვილი, ტატა, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. მალე დასრულდება ტაძრის მშენებლობა ტატას სახელზე. სულ ახლახან კი ტატას დედამ და ნათლიამ გოგონას სახელზე სტარტაპი შექმნეს, რომელიც მოზარდების გზამკვლევი იქნება მრავალ საკითხში.
  თიკო ჩხეიძე (ტატას დედა): სტარტაპი „ტატა“ ბევრი ძიების, ფიქრისა და დიდი მონატრების ნაყოფია. ეს არის პროექტი, რომლის საშუალებითაც მოზარდებს შეეძლებათ ჰყავდეთ მეგობარი „ტატა“, რომელიც მათი ერთგვარი გზამკვლევი იქნება. ის გააცნობს ყველა სიახლეს და ხაზს გაუსვამს ქართულ ხარისხიან პროდუქტს თუ პროდუქციას. ეს პროექტი მუდმივ ძიებასა და განვითარებაში იქნება. ამ ეტაპზე შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ ჩვენს „ინსტაგრამ“ და „ფეისბუქ“-გვერდებს, სადაც ყველა სიახლე გაჟღერდება.
  ნინუკა გაგუა (ტატას ნათლია): ამ ყველაფერს ძალიან სევდიანი წინაპირობა აქვს, რის შესახებაც ყველამ ვიცით. მე, როგორც ტატას ნათლიას, ძალიან მინდოდა, რომ ამ ადამიანის სიცოცხლეს გაგრძელება ჰქონოდა. ამიტომ, შევაგროვე მისი დატოვებული ჩანაწერები, ლექსები, ჩანახატები და გადავწყვიტე, წიგნად შემეკრა. თიკოს გაუჩნდა ანიმაციური გმირის შექმნის იდეა და ერთად შევძელით, შეგვექმნა „ტატა ოფიშელ“. ეს არის შემეცნებით-გასართობი გვერდი, სადაც ტატას პროტოტიპი ანიმაციური პერსონაჟი მოზარდებს მათთვის საინტერესო ინფორმაციას აცნობს და სასარგებლო რჩევებს აძლევს
თანამედროვეობისთვის ყველა აქტუალური ტრენდის გათვალისწინებით. იქნება ეს მოდის, თავის მოვლის საშუალებების, მუსიკალური მიმდინარეობების, ლიტერატურის, განათლების, მედიცინისა თუ სხვა მიმართულებით. კულინარია, მოგზაურობა, გართობა – მოკლედ, მაქსიმალურად ვეცადეთ, მოზარდის ყველა ინტერესი გაგვეთვალისწინებინა.  29 დეკემბერს დაიბადა ეს საიტი და ტატას პროტოტიპი, ამ დღიდან დავიწყეთ პირველი ნაბიჯების გადადგმა. უკვე არსებობს გვერდი, რომელსაც ჰყავს თავის გამომწერები და ანიმაციური გმირი. რამდენიმე ვიდეორგოლიც ჩავწერეთ მოდაზე.
– რადგან ანიმაციური გმირი ტატას პროტოტიპია, ალბათ, მისი თვისებებიც გამოჩნდება და ამიტომ გკითხავთ, როგორი გოგო იყო ტატა?
თიკო: ტატა... საშინლად მოუსვენარი, ქარიზმატული, დახვეწილი. საოცარი იუმორის გრძნობის მქონე გოგონაა, რისი მეშვეობითაც მუდამ ამახსოვრებს გარშემო მყოფთ თავს. თითქმის ყველა მისი მეგობარია,
ძალიან უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია. არ არსებობს სიახლე, რის შესახებაც მან არ იცის და თავისი აზრი არ გააჩნია. მას ყველაზე თბილი და კეთილი ღიმილი აქვს.
ნინუკა: ტატა ჩემთვის არასდროს იქნება წარსულ დროში. ის არის ქარიზმატული, ენერგიული გოგონა, რომელსაც აქვს საკუთარი ხასიათი, ჩაცმის სტილი, მუსიკალური გემოვნება. ეს გოგონა იქნება გზამკვლევი და მისაბაძი გმირი, როგორ ჩავიცვათ, როგორ გავატაროთ წელიწადის სხვადასხვა დრო, სად მივიღოთ განათლება, რა წიგნები წავიკითხოთ, როგორ ვიკეკლუცოთ და ასე შემდეგ. ტატას ჩანაწერების საფუძველზე იგება ეს ყველაფერი და თითოეულ საკითხზე ფსიქოლოგებთან გავდვართ კონსულტაციებს.
– 29 დეკემბერი – სტარტაპის დაბადებისთვის ეს თარიღი, ალბათ შემთხვევით არ შეგირჩევიათ?
– 29 დეკემბერი ტატას დაბადების დღეა და ეს თარიღი სიმბოლურად შევარჩიეთ. ძალიან ემოციური იყო ჩვენთვის და დიდხანს ვმუშაობდით ამ საკითხზე. ბოლო დღეებში, როცა ამ გოგონას საბოლოო ვერსიას ველოდებოდით, ძალიან ბედნიერები ვიყავით, გვეგონა, მართლა თავიდან დაიბადა ტატა იმ ფორმით, რა ფორმითაც  ძალიან საინტერესო და სარგებლის მომტანი გახდება თანატოლებისთვის.
– ნინუკასთან განსაკუთრებული კავშირი ჰქონდა ტატას...
თიკო: დიახ და ეს კავშირი უცვლელად გრძელდება მათ შორის. მარტივად ვიტყვი, ნინუკამ არ მომცა საშუალება, ჩემს ცუდ ფიქრებთან მარტო დავრჩენილიყავი. მუდმივად მიმეორებდა, რომ დაწერდა წიგნს და ამით მეც ქვეცნობიერად დავიწყე ფიქრი, რომ რამე უნდა გამეკეთებინა. ახლა ეს წიგნი იწერება. ემოციურად ცოტა რთულია, ამიტომ დროში გაიწელა, თუმცა პირობას ვდებ, რომ მისი სახით, მალე მოზარდებს ძალიან საინტერესო და სახალისო  ისტორიებს შევთავაზებთ. თანატოლები აუცილებლად გაავლებენ პარალელს თავიანთ ცხოვრებასთან.
ნინუკა: მუცლიდან ვგრძნობდი ამ ბავშვს, პიროვნულად ბევრი მსგავსება იყო ჩვენ შორის. ახლა უკვე სხვა სამყაროდან დაიწყო ურთიერთობა. ვისაც გამოუცდია, რას ნიშნავს, როცა საყვარელი ადამიანი სხვა ფორმატით გეკონტაქტება და სიყვარულს გადმოგცემს, ის გამიგებს. ამ ყველაფრამდე ტატა მესიზმრა და მითხრა: ნათლია, ფონდი უნდა შევქმნათ, რომელსაც ასეთი ლოგო ექნებაო და დამიხატა. დილით თიკოს დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი. მითხრა, სასწრაფოდ დამიხატე, როგორი იყოო და დღეს მსგავსი ლოგო გვაქვს „ტატა ოფიციალისთვის“. ამის გაკეთება ტატას სურვილი იყო.
– თიკო, მეუღლეც ჩართულია ამ ყველაფერში?
თიკო: ნუკრის როდესაც მოვუყევი, ავუხსენი, რას ვაპირებდი იდეა ძალიან მოეწონა, მას არ უყვარს ჩემს პირად პროექტებში ზედმეტად ჩართვა. ის, რომ მოეწონა, საკმარისია. თუ დახმარება დამჭირდება, ის აუცილებლად ჩემ გვერდით იქნება.
– როგორც ვიცი, თქვენი ოჯახი ტატას სახელზე ტაძარს აშენებს და ამ პროცესში ჩართული ხართ როგორც მატერიალურად, ისე ფიზიკურად.
– როცა ტატას ვაცილებდით, ჩვენთვის ყველაზე მძიმე წუთებში ჩვენმა ბერმა (მამა ანუბი) უცებ სიჩუმე დაარღვია: როგორც კი მონასტერში დავბრუნდები, მაშინვე დავიწყებ ტატას სახელზე ტაძრის აშენებასო. იცით, რა, მონასტრის ცხოვრება ერთ ოჯახად ცხოვრებას ნიშნავს, როცა ჩვენი დახმარება სჭირდება, ნუკრიც და მეც ჩვენს მეგობრებთან ერთად ჩავდივართ და ვეხმარებით, საქმეს ვინაწილებთ ხოლმე. ზოგჯერ გოგოები სატრაპეზოში ვეხმარებით მამებს.
ტაძარი დაახლოებით ორ თვეში აშენდა, ახლა პერანგი ეცმევა.
– რას ეტყოდით იმავე ტკივილის მქონე დედებს?
– გამოცდილებით მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სხვისი მაგალითით კი არ უნდა იცხოვრონ, უბრალოდ, საკუთარ რეალობას შეხედონ. გაიაზრონ, რა მოხდა და რა სირთულის წინაშე დგანან. ამ დროს ასეთ მდგომარეობაში მყოფთ, რატომღაც, უყვართ არსებული ტრაგედიის კიდევ უფრო დამძიმება და მეტად გტანჯავენ. ამიტომ ვუსურვებ, იპოვონ ძალა საკუთარ თავში, რომლითაც ცხოვრებას გააგრძელებენ. გაშორდნენ ადამიანებს, ვინც კიდევ მეტად თრგუნავთ და პოზიტიურ, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებთან იკონტაქტონ.
– რა გეგმები გაქვთ კიდევ?
– ტატამდე რომ გეკითხათ, უამრავ რამეს გეტყოდით, თითქმის ყველაფერი დაგეგმილი მქონდა, სად გააგრძელებდა სწავლას, რომელ ქვეყანაში. მარტო რომ არ ყოფილიყო, ვინ უნდა გამეყოლებინა. სასწავლებელშიც რომ არ ყოფილიყო მარტო, ასევე, ვის უნდა ესწავლა მასთან ერთად, რომ მე მშვიდად, ხოლო ტატა კომფორტულად ყოფილიყო... რა უაზრობაა! ახლა მიხარია ამ პროექტის განხორციელება და ამ დღეებით ვცხოვრობ.
– ეს ტრაგედიის გადატანაში გეხმარებათ?
–  ამ დროს თავად ღმერთი აძლიერებს ადამიანს, რომლის ტკივილიც მხოლოდ მას ესმის, რადგან წარმოუდგენელია ადამიანმა გაიაზროს რა არის ეს...
ნინუკა: თიკო ჩემთვის გმირია, ისაა დედა, რომელმაც საკუთარი ტკივილის ტრანსფორმაცია შეძლო. დავაძალე, რომ ამ ყველაფერში წამყვანი როლი მას ეთავა, მისი გზამკვლევობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. წიგნის წერის პროცესმა ორივეს მოგვცა საშუალება, რომ ჩვენი ემოციები სხვისთვის სარგებლის მომტანად გვექცია და ამას არ აქვს კომერციული დანიშნულება. გვინდა, ტატას სახელით, ბავშვებისთვის სიკეთის კეთება შევძლოთ. თიკო აქეთ გვამხნევებდა ყველას. როცა რელიგიურ ჭრილში უყურებ ამ ყველაფერს და როცა სიტყვა სიკვდილს არ აღიარებ, აცნობიერებ, რომ ეს არის სულის ტრანსფორმაცია და საყვარელ ადამიანთან სხვა ტიპის ურთიერთობას აგრძელებ. ხვდები, რომ სული უკვდავია, ის ადამიანიც უკვდავია მანამ, სანამ ის შენში ცოცხლობს. სანამ გიყვარს და სანამ მასზე ზრუნვას აგრძელებ იმ ფორმით, რა ფორმითაც ამას ახლა მე და თიკო ვაკეთებთ.

скачать dle 11.3