კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 ანა მჭედლიძე: ქმრის გარეშე დავრჩი და ცოტა უცნაური შეგრძნება მაქვს

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  ანა მჭედლიძის პერსონაჟის წინაშე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ახალი გამოწვევებია, ბიზნესი და საფეხბურთო გუნდი. ეს უკანასკნელი ანასთვის განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა, რადგან რეალურად ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. თუმცა, ამ ყველაფრამდე ქმართან განშორება მოუწია.
  ანა მჭედლიძე: ხუთი წელი ვიყავით მე და შოთიკო ნოზაძე ცოლ-ქმრის ამპლუაში და ახლა დავრჩი ქმრის გარეშე. ცოტა უცნაური შეგრძნება მაქვს, მაგრამ იმდენად საინტერესოდ ვითარდება ჩემი პერსონაჟის ხაზი, რომ მოწყენის საშუალება არ მაქვს. ძალიან მომწონს, რომ ასე შეიცვალა. ბიზნესი და ფეხბურთის გუნდი ჩაიბარა და აუტკივარი თავი აიტკივა (იცინის). პირადად მე ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ და ამიტომ გამიხარდა, ეს თემა რომ თამუნასთვისაც საინტერესო გახდა.
– შენ ფანატიკოსი გულშემატკივარი ყოფილხარ.
– მთელი ოჯახი ფეხბურთის გელშემატკივრები ვართ. ფეხბურთი ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ 14 წლიდან მიყვარს მესი, მისი გადაკლული ფანი ვიყავი. ჟურნალ-გაზეთებიდან ვჭრიდი მის ფოტოებს, ინტერვიუებს და კედლებზე ვაკრავდი. მაშინ არ იყო მასზე ასეთი ბუმი, 18-19 წლის იყო, მაგრამ თავიდანვე ეტყობოდა ყველაფერი და ბოლოს და ბოლოს „ბარსელონას“ ფეხბურთელი იყო. შემიყვარდა და მას შემდეგ, ამდენი წელია, მისი ერთგული ვარ. ადრე მინდოდა, მისთვის წერილი მიმეწერა. არ ვიცი, რას ვფიქრობდი, მივწერდი და ისიც მიპასუხებდა?! მეპატიება, თოთხმეტი წლის ვიყავი (იცინის). დავწერე წერილი, დედაჩემის მეგობარს ვათარგმნინე ესპანურად, მაგრამ მერე მითხრეს, – დაეშვი, შვილო, დედამიწაზეო. თბილისში რომ იყო ჩამოსული სათამაშოდ, მთელი დღე ველოდი, როდის დაიწყებოდა ონლაინ-ბილეთების გაყიდვა. 4 444-ე ვიყავი რიგში, ლექციაზე ვიჯექი და ცალი თვალით რიგს ვაკვირდებოდი. ოთხიათასი რომ გაიყიდა, დამთავრდა ონლაინ-გაყიდვა და სტადიონზე გაგრძელდა. ცოცხალ რიგში დგომა ვერ გავრისკე და გადავწყვიტე, გადამყიდველისგან მეყიდა. განა რამდენი ეღირება-მეთქი?! ჰოდა, ღირდა 700 დოლარი (იცინის). ასე დავრჩი ბილეთის გარეშე და ისე განვიცდიდი, თბილისში ვერ გავჩერდებოდი, ახლომახლო ყოფნა არ მინდოდა და მეგობრებთან ერთად ბათუმში წავედი. ჩემი მეგობრები რომ უყურებდნენ თამაშს, მე აქეთ ვიჯექი ჩემთვის და მოვთქვამდი. დღემდე არ მინახავს ამ თამაშის არცერთი კადრი. თუმცა, მისი ნაცვამი მაისურის ჩაცმის ბედნიერება მქონდა (იცინის). ჩემმა მეგობარმა წამიყვანა „მსოფლიო სპორტის“ გამომცემლობაში. ჩავიცვი მესის ნაცვამი მაისური, მისივე ხელმოწერით და მაშინაც ვერ ვიკავებდი ცრემლებს, მაგრამ უკვე ბედნიერებისგან. დარწმუნებული ვარ, რომ ერთხელ მაინც ვნახავ მის თამაშს.
– შენი პერსონაჟისგან განსხვავებით, კარგად გესმის ფეხბურთი.
– კი, ეს დედაჩემის დამსახურებაა. ჩვენი სახლის კედლები „პლაკატებით“ გვქონდა სავსე. ჩემი და „რეალის“ გულშემატკივარი იყო. სერიალში, ერთ სცენაში „თამაშგარე მდგომარეობას“ „ვგუგლავ“. ეს რომ დედაჩემს უნახავს, განწირული ხმით დამირეკა, ოთხი წლის იყავი ეს რომ გასწავლე და ეს რას ნიშნავსო? (იცინის) ძალიან მომწონს, ახლა ჩემი პერსონაჟისთვისაც ასე მნიშვნელოვანი რომ გახდა ფეხბურთი. ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა, ფეხბურთის გუნდი მყოლოდა, ამხელა ამბიცია არ მქონია და ოცნების გარეშე გავხდი საფეხბურთო გუნდის პრეზიდენტი (იცინის).
– შენი პერსონაჟი ქმრის გარეშე დარჩა, ამ დროს შენს ცხოვრებაში რა ხდება?
– ცხოვრებაში მთავარი სტაბილურობაა და სტაბილურად არაფერი ხდება (იცინის). სერიოზულად არასდროს არავინ მყვარებია და შესაბამისად, სერიოზული ურთიერთობაც არ მქონია. ვიღაც დამინახავს, მომწონებია და ვსიო, მიყვარს-მეთქი, მითქვამს, მაგრამ სერიოზული – არაფერი. ჩემი თავი ისევ 14 წლის მგონია, არადა 27-ის ვარ. ზოგჯერ მეც მიკვირს, მაგრამ ასეა (იცინის).
– როგორი ბიჭები გიყვარდება ხოლმე?
– მთავარია, ადამიანთან საერთო ენა გამონახო და სასაუბრო თემა არ გელეოდეს. ერთმანეთის გაგება უნდა შეგეძლოთ. თან, იუმორის გრძნობაც უნდა ჰქონდეს, ეს გადასარევი იქნება.
– ოჯახის შექმნაზე გიფიქრია?
– ჯერ ამაზე არ მიფიქრია. ბუნებრივიცაა, სერიოზულად არასდროს მყვარებია. მგონია, რომ ოჯახი ოცდაათი წლის შემდეგ უნდა შექმნა. მანამდე უნდა გაიგო, რა არის თავისუფალი ცხოვრება. მიხვდე, რა გინდა და რისთვის ხარ მზად. შეიძლება, 35 წლისაც არ იყო მზად ამ პასუხისმგებლობისთვის, მაგრამ ამ ასაკამდე იმდენი რამ ნახო, რომ აღარ ინანო ეს გადაწყვეტილება. ამიტომ  30 წლამდე გათხოვება ნაადრევი მგონია. სასიამოვნოა, როცა ეს პასუხისმგებლობა არ გაქვს აღებული, თავისუფალი ხარ და ცხოვრების გემოს იგებ. ჩემი აზრით, ოჯახი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ფაქტობრივად, სხვა ადამიანი ხდები. ამ გადმოსახედიდან მგონია, რომ ცოტა ადრეა ჩემთვის ამხელა პასუხისმგებლობის აღება.
– როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება სერიალში გამოჩენის შემდეგ?
– ახლა სულ სხვა ცხოვრება მაქვს, გაცილებით უკეთესი. ხალხის სიყვარული უდიდესი რამაა, ამაზე მეტი რა უნდა ინატრო? ყველა გიღიმის, ყველა სითბოს გამოხატავს. სადმე მიდიხარ და ყველაფერზე გიკლებენ ფასს (იცინის). მაგრამ ამასობაში, ასაკიც მომემატა, მაშინ 22 წლის ვიყავი, მაგრამ, მგონია, რომ არ შევცვლილვარ.
– თენგოსთან, ანუ შოთიკო ნოზაძესთან თუ გაქვს ურთიერთობა მისი სერიალიდან წასვლის შემდეგ?
– ძალიან მიყვარს შოთიკო, ქეთიც და ხატიაც. სულ მენატრება ჩვენი სუფრის სცენები, თამუნა და ბაქარი რომ მოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან, მე და თენგო, ლუნა და ნუგო რომ ვიკრიბებოდით ერთად. ისეთი აქტიური ურთიერთობა აღარ გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ისე ხშირად ვეღარ ვხვდებით ერთმანეთს, თორემ ჩვენ შორის არაფერი მომხდარა.
– ცოტა ხნის წინ, ბებოს ოცნება აუხდინე და ერთად იტალიაში იმოგზაურეთ. როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდი?
– არც ისე ცოტა ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ სტამბოლზე მეტად არცერთი ქალაქი არ მომწონებია. აქ ევროპისა და აზიის ნაზავი ისე თვალსაჩინოდ და საინტერესოდაა წარმოდგენილი, რომ უზომოდ მიმზიდველია. ძირითადად, მეგობრებთან ერთად მივდივარ ხოლმე სამოგზაუროდ ან გასტროლებზე. მაგრამ ამჯერად ბებოსთან ერთად ვიყავი. გადავწყვიტეთ, ერთად წავსულიყავით იტალიაში. ბებომ მითხრა, რომ ეს ბაბუს ოცნება იყო. რომელიც ისე გარდაიცვალა, ვერ აიხდინა და ამიტომ მას განსაკუთრებულად უნდოდა ამ ქვეყნის მონახულება. ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით. ბებიამაც გმირულად, დღეში ათი კილომეტრი იარა ფეხით ჩემთან ერთად.
– სერიალის პარალელურად, თეატრშიც ხარ, არა?
– სიღნაღის თეატრის მსახიობი ვარ, მანამდე მარნეულის თეატრში ვიყავი და დავდივარ ხოლმე აქეთ-იქით. სასიამოვნო პროცესია გარემოს გამოცვლაც და ის ყველაფერი, რაც თეატრში ხდება.

скачать dle 11.3