კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (48)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

№11 კახაბერ ხოშტარია: ჩემთვის მუშაობა, გართობა – ყველაფერი ერთად ხდება, მოკლედ, ჩემი ცხოვრება დიდი აჯაფსანდალია

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  კახაბერ ხოშტარიას მრავაფეროვანი პროფესიებიდან მსახიობობა ერთ-ერთია, რომელიც ამ მომენტისთვის განსკუთრებით აქტუალურია, ის სერიალ „ჩცდ-ის“ ჯგუფის წევრი გახდა და ასტროლოგის როლი მოირგო.
კახაბერ ხოშტარია: მიხარია, რომ სერიალის გუნდმა კარგად მიმიღო საკუთარ ოჯახში. ჩემი პერსონაჟი ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებულია. მე არ ვარ ასტროლოგიით დაკავებული და ახლა მიწევს მის არსში გარკვევა. ვსწავლობ, როგორ შეიძლება სოციუმზე გავლენის მოხდენა. როგორ შეიძლება, შეცვალოს შენმა სიტყვამ ადამიანების მსოფლმხედველობა. არც თუ ისე მარტივი ყოფილა ამ ყველაფრის გააზრება, მაგრამ როდესაც ამ პროფესიის ხარ, ბევრ რამეზე გიწევს ფიქრი. მე, ჩემის მხრივ, ვცდილობ, ეს გმირი საინტერესო გავხადო და რეჟისორის ჩანაფიქრი სწორად განვავითარო.
– პროფესიით არა, მაგრამ ასტროლოგიით დაინტერესებულიც არ ხართ?
– ნებისმიერი სახის დამოკიდებულებას გავურბივარ. როდესაც რამეზე დამოკიდებული ხდები, გინდა თუ არა, გრაფიკს იცვლი. შეხედულებებიც მისგან გამომდინარედ გეცვლება. როცა შენი ყოველი დღე ასტროლოგიურ პროგნოზებზეა დამოკიდებული და დილით აუცილებლად მიგაჩნია, პროგნოზს გადახედო და მისი გავლენით შენს გეგმებში შესაბამისი ცვლილება შეიტანო, ეს ჩემთვის ნიშნავს, რომ საკუთარი მე არ გამაჩნია. თუ არ გაგიმართლა, სხვას აბრალებ და არა საკუთარ თავს, იმიტომ რომ სხვამ გიკარნახა რაღაცის გაკეთება. რეალურად, ყველა ადამიანი ცდილობს, საკუთარი ბედი თვითონ განაგოს და რამეზე დამოკიდებულება, მით უმეტეს, იმაზე, რაც ყველაზე მორგებულია, ჩემთვის მიუღებელია. პირადი ასტროლოგი კიდევ ცალკე თემაა, მგონი, ცოტა ავადმყოფობაში გადადის.
– პირადი რუკის შედგენაც საკმაოდ აქტუალურია. არ გქონიათ მსგავსი ცდუნება?
 – ცდუნება მქონდა, იმდენად, რამდენადაც, მეც, როგორც ყველას, მაინტერესებს, რა მოხდება ხვალ. მაგრამ ვხვდები, რომ რაც უნდა გითხრან, ხვალ რაც მოხდება, მაინც შენზეა დამოკიდებული. თუ გეუბნებიან, ერთ კვირაში შეიძლება, ბევრი ფული იშოვოო, შენ ზიხარ და ელოდები, როდის დაგეცემა ეს ფული თავში? ანუ, შანსი გაქვს, რომ იმ პერიოდში გაცილებით მეტი იშოვო, ვიდრე დღეს და არა – შენ სახლში იჯექი და ფული ფოსტით მოვა. მაგრამ ჩვენ ხომ ამას არ ვუყურებთ და მარტო შედეგი გვაინტერესებს.
– რაც შეეხება თქვენს რეალურ პროფესიას, რის მიხედვით მიიღეთ თავის დროზე გადაწყვეტილება?
 – რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი პროფესია მაქვს. მუსიკალური სასწავლებელი მაქვს დამთავრებული, დირიჟორის პროფესიით. მოგვიანებით თეატრალურში ჩავაბარე და დავრჩი კიდეც ფარიკაობისა და სასცენო მოძრაობის მასწავლებლად. მერე დავიწყე ცეკვა და კარგა ხანი ვცეკვავდი. რაღაც პერიოდი რომ გავიდა, ისევ მუსიკას დავუბრუნდი, კერძოდ, ხმის რეჟისურის განხრით. ახლა რამდენიმე ბენდისა და ვოკალისტის პროდიუსერი ვარ, პარალელურად – ხმის რეჟისორი სხვადასხვა პროექტში.
– ამდენი საქმიდან თქვენთვის რომელია პრიორიტეტული?
– ყველას თავისი წვლილი მიუძღვის ჩემს ცხოვრებაში. პერიოდულად ყველა მათგანს ვუბრუნდები. არცერთ პროფესიას არ შეუშლია ჩემთვის ხელი და არცერთი მათგანის სასწავლად გამოყოფილი დრო არ მიმაჩნია დაკარგულად. პირიქით, ყოველთვის ისეთი პროფესია მქონდა, რომელიც მხოლოდ ერთი-ორმა თუ იცოდა. მსახიობობასა და მუსიკალურ განათლებას არ ვგულისხმობ, მაგრამ ფარიკაობის სპეციალისტი ბევრი არ იყო და ცეკვაც, რომელსაც მე ვცეკვავ, ბევრმა არ იცის (ჩიჩოტკა). ზუსტად ამიტომაც შევაჩერე მათზე არჩევანი, ბევრი სპეციალისტი რომ არ გვყავდა. მივყევი და ვნახე, რომ ძალიან საინტერესო, მაგრამ რთული სპეციალობებია. მე კი სირთულეებთან თამაში მიყვარს და საინტერესოდ მიმაჩნია. საბედნიეროდ, ყველა პროფესიამ გაამართლა. თითოეული მათგანით სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა დოზით ვიყავი დაკავებული: თეატრალურში ფარიკაობასა და სასცენო მოძრაობას ცხრა წელი ვასწავლიდი, ამდენივე წელი ვცეკვავდი შოუ-ბალეტ „ვერნისაჟში“. ბოლო წლებია, პროდიუსინგით და ხმის რეჟისურით ვარ დაკავებული... გააჩნია, როდის რას აქვს უფრო მეტი შემოსავალი.
– ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები რომ ჩვენს ქვეყანაში ფინანსურ კრიზისებზე საუბრობენ ხოლმე?
– ალბათ, იმიტომაც დავრბივარ საქმიდან საქმეზე და კონკრეტულ პერიოდში რასაც მეტი შემოსავალი მოაქვს, იმას ვაკეთებ. ამ მომენტისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პროექტზე „ნიჭიერის“ ხმის რეჟისურაზე ვმუშაობ. „დიდი სცენა“, „მხოლოდ ქართული“, ჯაზ-ფესტივალის სერიები, დიდი გალა კონცერტები, მოკლედ, ყველა დიდ პროექტში ვმონაწილეობ. რაც კი მისწავლია, ყველა საქმე ერთმანეთს ეხმარება და ამიტომაც არ მაქვს განცდა, რომ რამე ტყუილად ვისწავლე. რომელიმე მათგანი რომ არ მესწავლა, არაფერი მოხდებოდა, მაგრამ მეტი რომ ვიცი, ამით რაღაცით ვიღაცაზე წინ ვარ. ალბათ, ამიტომაც ვარ ახლა ამ პროფესიებში „მოთხოვნადი“ თუ „დაძახებადი“. ჩემთვის არ არსებობს დღე, როცა სახლში დავრჩები და დავისვენებ.
– ამ სფეროში ხშირად პაუზებისა და ტაიმაუტების შესახებ საუბრობენ, რაც, როგორც ვხვდები, თქვენ არ გაწუხებთ.
– როდესაც პაუზის მოახლოებას ვგრძნობ, აუცილებლად ახალი იდეის განხორციელებას ვიწყებ. ამ ქვეყანაში შოუ-ბიზნესი არსებობს. არ არსებობს მათთვის, ვისაც იდეა არ აქვს. სხვა შემთხვევაში, შოუცაა და ბიზნესიც.
– ამ მომენტისთვის ვინც გვყავს, მგონი, ყველა ჩვენი ცნობილი მომღერლის წარმატებაში გაქვთ თქვენი წვლილი შეტანილი.
– კი. იმიტომ, რომ ძალიან ბევრთან მქონია შეხების წერტილი. რაღაც პერიოდი ნინო ქათამაძის ხმის რეჟისორი ვიყავი, რომელსაც გასტროლებზეც დავყვებოდი. გიორგი სუხიტაშვილი, მარიკო ებრალიძე, ვაჟა მანია, სალომე ბაკურაძე, გვანცა ჯაფარიძე, ნინი წიკლაური, ოთო ნემსაძე, მარიტა როხვაძე – ყველასთან პროდიუსინგი მაკავშირებს. ახლა ბენდ „სკარლეტის“ პროდიუსერი ვარ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მეგობრები თუ ოჯახის წევრები, ერთსა და იმავეს მეუბნებიან, იქნებ დაისვენო, იქნებ ცოტა ხნით სადმე წახვიდეო. მიზანმიმართულად, ვირივით მუშაობას არ ვცდილობ, თავისთავად ხდება ასე. წინასწარ არასდროს ვიცი, ხვალ რა საქმე გამომიჩნდება. როცა სცენაზე დგას ოთხმოცი ადამიანი და შენ გელოდება, ამ დროს ცუდად ყოფნის უფლებაც არ გაქვს. ამიტომ ცდილობ, სულ ფორმაში და ტონუსში იყო. დღეს ავად ვარ და ვერ მოვალ, ხვალ ვერ მოვალ და... ზეგ უკვე აღარავინ დაგიძახებს. ამ ყველაფრის გათვალისიწინებით, დასვენება უკანა პლანზე გადადის. როცა საკუთარი საქმე გიყვარს, ალბათ, მისი კეთების დროს ისვენებ კიდეც. პროფესიით მსახიობი ვარ, ორი წელი პანტომიმის თეატრში ვიმუშავე, მაგრამ მივხვდი, რომ ამ საქმით ოჯახს ვერ შევინახავდი. ამიტომ სხვა რაღაცებსაც მოვკიდე ხელი.
– ოჯახურ ცხოვრებაზე რას იტყვით?
– ჩემი მეუღლეც პროფესიით მსახიობია. მისთვის ჩემი გრაფიკი და საქმიანობა უცხო არაა. მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუშაობდა და ამჟამად ფოტოგრაფიითაა დაკავებული. თეატრალურში ერთად ვსწავლობდით, ჯგუფელები ვიყავით და დამთავრების შემდეგ შევუღლდით. თანაცხოვრებაში პლიუსებიცაა და მინუსებიც, ეს ყველაფერი ერთმანეთს აბალანსებს და 25 წლის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით ბალანსის შენარჩუნებაში. მთავარი ურთიერთგაგებაა, ყველაფერი დათმობაზეა აგებული. როცა ხვდებიან, რომ სიტუაცია ჩიხში შედის, რომელიმემ უნდა დათმოს და შემდეგ გაანალიზონ სიტუაცია. თუ ყველაფერი ერთმანეთის ჯიბრით ხდება, შეიძლება, ურთიერთობა მეორე დღესვე დასრულდეს.
– მეუღლე არ წუხს ხოლმე თქვენს უდროობაზე?
 – ეგ მომენტი არ გვაქვს, რამდენადაც ყველა ასე ვართ. დღის განმავლობაში რომ ვინმე მოვიდეს ჩვენთან, სახლი აუცილებლად დაკეტილი დახვდება. მთელი დღე საქმეებზე ვართ გასულები. ასე რომ, დროის ნაკლებობის შესახებ ერთიმეორეს არ ვაძახებთ. ის ფოტოგრაფია და სულ გადაღებები აქვს. ერთი შვილი გვყავს და ისიც მეტ-ნაკლებად ამ სფეროშია – დიჯეია. სულ სტუდიაში და მუსიკის კეთებაშია. სახლში ყველა სხვადასხვა დროს მივდივართ. ასე რომ, სტანდარტული ოჯახური ცხოვრება – დილის 6-იდან 9-ამდე რომ მუშაობენ, არ მაქვს. როცა საკუთარი საქმე გიყვარს, ეს პრობლემად არ გეჩვენება. ჩემთვის მუშაობა, გართობა, ყველაფერი ერთად ხდება. მოკლედ, ჩემი ცხოვრება დიდი აჯაფსანდალია.

скачать dle 11.3