კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№11 მანანა კოზაკოვა: ასაკის პლუსი არის ერთი რამ, ზუსტად იცი, რა აღარ გინდა

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: მანანა.
გვარი: კოზაკოვა.
პროფესია: მსახიობი.
– ბავშვობა...
– ჩემს ბავშვობასთან  ასოცირდება ბებიები – მანანა ბებია და მისი და ნათელა. თავადაც ბებიას სახელი მქვია. მანამდე ხარ ბავშვი, ვიდრე მშობელი გყავს და მით უმეტეს –  ბებია. პირველად სწორედ ბებიებმა მაზიარეს თეატრს, ერთად დავდიოდით სულ,  ჯერ დავლაშქრავდით რუსთაველის თეატრს და მერე სხვებს. მათი დამსახურებით მქონდა განებივრებული და ტკბილი ბავშვობა.
–  ჩემი პროფესია განაპირობა...
– თეატრი, მსახიობობა და კინო ჩემთვის არ იყო უცხო. მამა  სულ ლაპარაკობდა თავის საქმეზე, გვიყვებოდა, როგორ მუშაობდა ამა თუ იმ როლზე და ასე შემდეგ. ჩვენც შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავით. სამწუხაროდ, ჩვენი პროფესიის ხალხში მიღებულია ფრაზა: „ღმერთმა დამიფაროს, რომ ჩემი შვილი იყოს მსახიობი“. ჩვენს ოჯახში ასე არ ყოფილა.
– პროფესიული ჩვევა...
– პრემიერის წინ განმარტოება. ამ დროს ჩემს თავთან დარჩენა და ფიქრი მიყვარს – თითქოს, გლადიატორივით ვარ, სცენაზე საომრად გავდივართ და მობილიზაცია მჭირდება ხოლმე.
– მეშინია...
– უმარავი რამის, მათ შორის შეცდომების. მინდა, რომ ნაკლები შეცდომა დავუშვა. მეშინია ახლობლების ჯანმრთელობის მდგომაროებასთან დაკავშრებული საკითხების, საკუთარ თავზე ნაკლებად ვშიშობ ხოლმე. ცოტა მიწისძვრის შიში მაქვს, უფრო სწორად, ნანგრევების ქვეშ, რომ არ აღმოვჩნდე და უცებ გარდავიცვალო ეს მაშინებს.
– ცოდვა – ეს არის...
– ერთხელ  მამაოს ვკითხე: ათი მცნების მიხედვით, რომელი უფრო დიდი ცოდვაა-მეთქი და ძალიან საინტერესო პასუხი გამცა: თუ გაჰყვები ნებისმიერს, მაგალითად ქურდობას, მიადგები ორ მთავარს. ესენია: სასოწარკვეთილება და ამპარტავნება, რომლებიდანაც ყველა დანარჩენი მომდინარეობს. სასოწარკევთილებაა, როცა შენს თავს აძლევ უფლებას, არ გჯეროდეს ვინმესი – მეგობრის, ახლობლის, ღმერთის, რაც პირველ რიგში, უნდობლობაა. ამპარტავნება კი პრიმიტიულთა ხვედრია, რომელიც აჩერებს ყველანაირ პროგრესს. სრულიად ვეთანხმები ამ მოსაზრებას.
– მწამს...
– სიყვარული ღმერთია და არ მჯერა, რომ ღმერთი დამსჯელი ორგანიზმია, პირველ რიგში, ის არის აბსოლუტი, როგორიც სიყვარული. სულ რომ არ გწამდეს უფლის, ეს იმდენად კარგი „ზღაპარია“, რომ აუცილებლად დაიჯერებ.
– ბედისწერა...
– ნამდვილად არსებობს და მიმაჩნია, რომ  50-50-ზეა. ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ბედს და არის კიდევ ისეთი ბედისწერა, რომელიც არაა შენზე დამოკიდებული. ეს, ალბათ, უფრო შემთხვევაა, რომელსაც ვერ შეცვლი, როგორც არ უნდა ეცადო.  რაც საჭიროა, ის მაინც მოხდება.
– მე და რისკი...
– უფრო პრაგმატული ვარ, ვიდრე რისკიანი. ვრისკავ, სადაც მგონია, რომ არის ალბათობა რაღაც გამომივიდეს. ვგულისხმობ გონებრივ რისკებს და არა იმას, რომ შევალ კაზინოში, მილიონს მოვიგებ და ამის იმედად ოჯახს გავაპარტახებ. რეალობასთან არსებული რისკები მიყვარს. რისკი იყო, როცა მე და ლევანმა ვიყიდეთ აგარაკი, რომელიც ავაშენეთ და საკუთარი ხელით გავაკეთეთ. პრინციპში, რაც ლევანს გავყევი ცოლად, სულ რემონტს ვაკეთებთ – ლარი გვაქვს თუ ორი ლარი, მნიშვნელობა არ აქვს. ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც ცვლილებები უყვართ, ლევანი მიეკუთვნება მათ რიცხვს და მეც გადმომედო ეს ჩვევა. ზოგადად მშიშარა არ ვარ, რისკსაც გააჩნია – ის, რაც სხვისთვის შეიძლება სარისკო იყოს, ჩემთვის ჩვეულებრივი ცხოვრებაა ან – პირიქით.
– ვეჭვიანობ...
– ნაკლებად. რომ გითხრათ, მეც და ლევანიც ამ თვისებით გამოვირჩევით-მეთქი, არა. გააჩნია, ვინ რას ეძახის  ეჭვიანობას. ეჭვიანი ადამიანი არის ის, ვინც არარსებულს იგონებს და  ფანტაზიას მიეცემა. არის შემთხვევა, როცა არა ეჭვიანობა, არამედ ადეკვატური რეაქციაა მოვლენაზე. თუ ვხედავ, არა ფიზიოლოგიურად, არამედ, თუნდაც,  თვალებით მღლატობს ადამიანი,  ვერ მოვიტყუებ თავს და შესაბამისი რეაქცია მექნება.
– მაღიზიანებს...
– სიყალბე. სოციალურ ქსელებს რომ ვაკვირდები – ამდენი „რა ლამაზი ხარ“, „ჩემო სიცოცხლე“, „შენზე ლამაზი არავინაა“ და მსგავსი რამ, სწორედაც რომ, სიყალბეა.  ამ ყველაფერმა მოიტანა როგორც ლანძღვა, ასევე ზედმეტი დაუმსახურებელი, გადაჭარბებული ქება.  აი, ეს მაღიზიანებს,  რადგან არ მჯერა მათი. მქონდა შემთხვევა, ფოტო მედო, სადაც მომატებული ვიყავი წონაში და ამ საკითხს განვიცდიდი. მახსოვს, ერთმა ადამიანმა გარეგნობასთან დაკავშრებით
საშინელება დამიწერა, ისეთი საშინელება, რომ ვიტირე. მეორე თუ მესამე დღეს ეს ადამიანი მხვდება ქუჩაში და მესალმება,  გაღიმებული და თბილი სახით. გავგიჟდი. „ფეისბუქი“ ჰგონიათ თავისი პირადი სამზარეულო, სადაც „მოსულა“, რომ ვიღაცა განიკითხო და გაჭორო. ამის უკან დგანან ადამიანები და არ აქვთ უფლება, ასე მარტივად ვიღაცის ცხოვრება გადახაზონ. გეგონებათ, თავად უცოდველები არიან და შეცდომა არავის დაუშვია. სხვებს ასწავლიან ცხოვრებას და თავისას არ უყურებენ. არ მიყვარს ასეთი სიყალბე და არც ზედმეტი ქება. ყველა ლამაზი როგორ არის?! სიტყვა ლამაზმა აზრი დაკარგა.
– სიყვარული – ეს არის...
– მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ეს არის ბედნიერების ჰორმონის გამოყოფა. ჩემთვის სიყვარული არის შენდობა, პატიება და უნარი, ადამიანი მიიღო ისეთი, როგორიც არის.
– დრო და სიყვარული...
– სიყვარული გზა არის, ისევე, როგორც ცხოვრება. მაგალითად, ადამიანი თინეიჯერობისას სულ სხვაგვარია, მერე რაღაცას მატებს საკუთარ თავს, ეცემა, დგება და ასე შემდეგ. ზუსტად ასეა სიყვარულიც. სიყვარული არის კარდიოგრამა, ხან ზემოთ ადის, ხან ჩამოდის. თუ კი ნამდვილი სიყვარული შედგა, მას ღრმა ფესვები აქვს, რომელიც ყოველთვის გახარებს, გახალისებს და გაძლევს იმედს, რომ ამქვეყნად უაზროდ არ  მოხვედი.
– იდეალური მამაკაცი...
– იდეალური არ არსებობს. რაც მომწონს მამაკაცში, არის გულწრფელობა,  არ თამაშობდეს და იყოს ისეთი, როგორიც არის. არ უნდა იყოს ძუნწი.
– ის, რაც უპატიებელია...
– რაც წლები მომემატა, სირბილეც უფრო მეტი გამიჩნდა. ადამიანი ძალიან სუსტი და ცოდვილია, რომელსაც უჭრის ამ ცოდვებთან გამკლავება. ამიტომ უპატიებელი არაფერია. თუკი მამაკაცზე ვისაუბრებთ, თუ მას აღარ  უყვარხარ, უნდა გაეცალო, წახვიდე. შენდობა მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ სიყვარული ქრება, ჯობს, აღარ აწამოთ ერთმანეთი.
– შეგშურებიათ?
– ნაკლებად. მაგრამ ეს ადამიანური თვისებაა და რაღაც მომნდომებია, რომ მეც ასე მქონოდა. რომ გითხრათ, სხვისი ცხოვრება ჩემთვის საინტერესო ყოფილა-მეთქი, არა. მე ჩემი უფრო მაინტერესებს.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– კარგი ჩინური გამოთქმაა: იმდენ ხანს იყავი სანაპიროსთან, ვიდრე არ ჩამოატარებს შენი მტრის გვამს. ბრაზი ყველას გვაქვს და ალბათ, სამაგიეროს გადახდის სურვილიც გაგვჩენია, მაგრამ გამოცდილებამ მაჩვენა, რომ არ ღირს პასუხის დაბრუნება. იყო შემთხვევები, როცა არაფერი მოვიმოქმედე და ისე დალაგდა ყველაფერი, როგორიც საჭირო იყო. მეც გავთავისუფლდი ამ ბრაზისგან. ოღონდ ამაზე ვიმუშავე, მაგრამ, აი, ნახეთ მე რა კეთილშობილი ადამიანი ვარ – ასე არაა. გამოცდილებამ მაჩვენა, რომ მოვლენებს უნდა დაელოდო.
– ვტირი...
– როცა გული მიჩუყდება, მაშინ. თინათინი და ლევანი ძალიან გულჩვილები არიან, მე ასე არ ვარ. საკუთარ თავზე ნაკლებად ვტირი.
– ვემალები...
– სტუაციას, სადაც თავს კარგად არ ვგრძნობ, სადაც ვიბნევი. ასაკის პლუსი არის ერთი რამ, ზუსტად იცი, რა აღარ გინდა – ექსპერიმენტების ჩატარება გეზარება.
– ვემტერები...
– პოლიტიკას, იმიტომ კი არა, რომ აპოლიტიკური ვარ, არა, ვემტერები აღრევას –  ყველა პროფესიის ხალხი რომ ხვდება ამ სფეროში. ვფიქრობ, ყველამ საკუთარი საქმე უნდა აკეთოს.
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– არა, ეს არის ერთ-ერთი რამ, რაც ბებიამ მასწავლა: ბოდიშის მოხდა არ არის სირცხვილი.
– ვამაყობ...
– პიროვნებებით და საკუთარი მიღწევებით, რასაც ჰქვია სირთულეების გადალახვა. ჩემი შვილით ვამაყობ, რადგან ვთვლი, რომ მთავარი ინვესტიცია საკუთარი შვილის აღზრდაა, რაც ძალიან რთულია.
– ვიტყუები, როცა...
–  უფრო ვლავირებ, ნაკლები კონფლიქტი რომ იყოს.
– ვეძებ...
– ნაპოვნი მაქვს ყველაფერი და რაც ვიპოვე, ის მქონდეს დიდხანს.
– ქალური სისუსტე...
– უნდა, რომ იყოს დაუცველი და პატარა.

скачать dle 11.3