კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№11 ქეთი კანტიძე: მინდა, მე შემიყვარდეს, ის კი უარმყოფდეს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ქეთი კანტიძე, რომელსაც მაყურებელი სხვადასხვა როლით იცნობს, სულაც არ არის პროფესიით მსახიობი, თუმცა სწორედ ამ საქმით შეაყვარა თავი უამრავ ადამიანს. გადამდები  ენერგიულობის, დადებითი მუხტისა და ხალისიანი განწყობის გამო, დარწმუნებული ვარ, მისი ეკრანზე გამოჩენა ყველას უხარია. ქალბატონ ქეთისთან საუბარი ჯერ კიდევ ბავშვობის „სიყვარულებით“ დავიწყეთ.
  ქეთი კანტიძე: მაინცდამაინც ლამაზი ბავშვი არ ვიყავი. საშუალო შესახედაობა მქონდა. სკოლაში ერთი ბიჭი მომწონდა და იმას, რა თქმა უნდა, არ მოვწონდი. ბავშვობიდან ძალიან მინდოდა მსახიობობა. ერთ დღესაც გვითხრეს, ხვალ კინოსტუდიიდან უნდა მოვიდნენ და გადაღებისთვის გოგო შეარჩიონო. ვზივარ ჩემთვის და ვფიქრობ, რომ გადამიღეს ფილმში, რომელიც გამოვიდა ეკრანებზე და ყველა მცნობს. მხვდება ეს ბიჭი ყვავილებით და მეკითხება: ეს შენა ხარ? მე ვეუბნები: კი, მე ვარ. ყველა გაგიჟებულია, მიკრავენ ტაშს და მე მოვდივარ ყვავილებით ხელში, ამაყად. მოკლედ, ჩავიძირე ოცნებებში. მეორე დღეს მოვიდა ასისტენტი კინოსტუდიიდან. ვზივარ გაჭიმული მერხთან და ველოდები, როდის მოვა ჩემამდე. პირველ მერხთან მჯდარ გოგოს გვარი ჰკითხა, დედიკოს უთხარი, ხვალ კინოსტუდიაში მოგიყვანოსო. მეორე, მესამე გოგოთიც დაინტერესდა. ჩემი რიგიც მოვიდა, დამინახა და პირკატა ეცა. მე აღტკინებული სახით ვუყურებ და ის ისაა, გვარი უნდა ვუკარნახო, რომ ეს არაო, თქვა და გადავიდა სხვაზე. ასე გაიბნა ჩემი ყვავილები, გაქრა ის ბიჭიც და კინოც (იცინის). მაგრამ ხომ გაგიგიათ, ობლის კვერი ცხვა, ცხვა და გვიან გამოცხვაო. ჩემი ცხოვრების მეორე ნახევარში დაიწყო სერიალები, ფილმები – მაინც მოვხვდი კინოში. სკოლის ასაკს რომ დავუბრუნდე: შემდეგ დავიწყე ლექსების წერა, ძალიან პოეტური ბავშვი ვიყავი. ერთი ბიჭი მომწონდა, მაგრამ იმან არც იცოდა და თვითონ, რა თქმა უნდა, არ მოვწონდი. ცისფერთვალება, მაღალი, სიმპათიური იყო. სკოლა რომ დავამთავრეთ, ამხანაგმა მითხრა, მეგობარი გამითხოვდა და წამოდი, სტუმრად წავიდეთო. მივედით და ეს ბიჭი აღმოჩნდა ამ გოგოს მეგობრის ქმარი. გამახსენდა ჩემი ბავშვობა და გამეცინა. მე, ძირითადად, ცალმხრივი სიყვარულით ვიყავი ხოლმე დაკავებული (იცინის). სკოლის შემდეგ, თვრამეტი-ცხრამეტი წლისას კიდევ ერთი ბიჭი მიყვარდა და მის ქუჩაზე დავდიოდი. სიყვარულის გამო ოცი კილოგრამი მოვიკელი. მაგრამ რომ გადამიყვარდა, ისევ მოვიმატე. დიდ მსხვერპლზე კი წავედი – შიმშილით ვიკლავდი თავს და გული მიმდიოდა ხოლმე. ისე, ახლაც მომატებული ვარ და ერთი კაი სიყვარული არ მაწყენდა. მინდა, მე შემიყვარდეს, ის უარმყოფდეს და მეუბნებოდეს, არ მიყვარხარ, შე მსუქანოო, ან „თუ მოიკლებ ერთ ოც კილოს, შეგიყვარებ“. ხომ დავიცავ დიეტას და გავხდები?! ძალიან კარგი იქნებოდა (იცინის).
– პირველი ორმხრივი სიყვარულიც გავიხსენოთ.
– ერთ მხატვარს ვუყვარდი ძალიან და მეც მიყვარდა. სხვათა შორის, ეს უკვე ორმხრივი სიყვარული იყო. მაგრამ დედამ უარი თქვა, ჯერ კონსერვატორიაში უნდა ჩააბაროს, რა დროს სიყვარულიაო. არადა, სერიოზული ურთიერთობა გვქონდა. ოჯახში მოდიოდა, მოჰქონდა ხოლმე წიგნები, ყვავილები, ნახატები. სულ მხატავდა, მაგრამ სახეს არ მიხატავდა. როგორიც მინდა, ისეთს წარმოგიდგენო. ასე ვუყვარდი, გენაცვალე. უკვე ცოლად უნდა გავყოლოდი, მაგრამ დედაჩემმა უნდა ჩააბაროსო და... ჩემ დროს ასე იყო, ჯერ უნდა გესწავლა, გათხოვებაზე მერე გვეფიქრა. მოგეხსენებათ, ოთხი წელი ვაბარე და ვერ ჩავაბარე კონსერვატორიაში. მერე, რატომღაც, დავშორდით. მერე იყო კიდევ ერთი, რომელსაც ცოლად ვუნდოდი და თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ უნდა გავთხოვილიყავი. მეც მომწონდა, მიყვარდა კიდეც. მთაწმინდაზე ავიდოდით, თბილისს გადმოვყურებდით და ლექსებს ვკითხულობდით. ასეთი რომანტიკული ამბები გვქონდა, მაგრამ რამდენიმე თვეში გავიგე, რომ ცოლ-შვილი ჰყოლია და მატყუებდა. ნაჩხუბარი ყოფილა იმ პერიოდში და ეს რომ გავიგე, სულ ტალახში ვათრიე, იმდენი ვლანძღე.
– ოჯახის შექმნა როგორ გადაწყვიტეთ?
– ოჯახი ძალიან გვიან, 47 წლის ასაკში შევქმენი. ვთვლი, რომ ამ ასაკში უკვე აღარ აქვს აზრი. არ გამოვიდა ჩვენი ტანდემი და სამ წელიწადში დავშორდით. ეს არ იყო დიდი სიყვარული. უბრალოდ, არ გინდა, მარტო დარჩე. ახლა ჯერჯერობით მარტო ვარ და ველი ძალიან დიდ სიყვარულს (იცინის). სინამდვილეში, მარტო არ ვარ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მეგობარი მყავს და თავი მეც მათი ტოლი და გასათხოვარი მგონია. არ მაძლევენ დაბერების საშუალებას, ასე რომ, ჯერ კიდევ ველოდები სიყვარულს (იცინის). მე ვფიქრობ, ახალგაზრდა რომ ხარ, ოჯახი მაშინ უნდა შექმნა. 20-21 წლის ასაკში რომ გავთხოვილიყავი, გავაჩენდი ბევრ შვილს და მეყოლებოდა ბევრი შვილიშვილი. ყველა გოგო ახალგაზრდა უნდა გათხოვდეს, ყოველ შემთხვევაში, იმ ასაკში, შვილების გაჩენა რომ შეეძლოს.
– თქვენი ცხოვრების სირთულეები ამ საკითხს უკავშირდება?
– ჩემი ცხოვრების მთავარი სირთულე მარტოობაა, მეტი არაფერი მაწუხებს. სიბერეში მარტოობის მეშინია, დანარჩენს ყველაფერს მოერევა ადამიანი. შეიძლება, ოც კაცთან ცხოვრობდე და თავს მაინც მარტო გრძნობდე, მაგრამ უნდა ეცადო, რომ სრულიად მარტო არ დარჩე. ერთი და მყავს, ღმერთმა კარგად ამყოფოს, ერთმანეთთან კარგად ვართ და ერთმანეთს ვპატრონობთ, მაგრამ მეორე ნახევარი აუცილებლად უნდა გყავდეს. შვილები თავის გზას იპოვიან, მაგრამ მეუღლესთან ერთად რომ გაატარებ დარჩენილ ცხოვრებას, ეს კარგია.
– თავს დამნაშავედ თვლით, რომ ეს ნაბიჯი არ გადადგით?
– რა თქმა უნდა, დამნაშავე ვარ. ახალგაზრდობაში ძალიან მომთხოვნი ვიყავი. უცნაური კრიტერიუმები მქონდა. ადამიანი იმის გამო დამიწუნია, რომ არ სცოდნია ჩემი უსაყვარლესი მწერლის, ჰემინგუეის ნაწარმოები. ეს ხომ იდიოტიზმია?! ან ისე არ ესმოდა მუსიკა და ისე არ უყვარდა მოცარტი, როგორც მე. აქედან რომ ვუყურებ, ყველაფერი სისულელეა, მაგრამ იმ მომენტში ეს მეჩვენებოდა ამოსავალ წერტილად.
– პროფესიად მსახიობობა რატომ არ აირჩიეთ?
– ყოველთვის მინდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი, მაგრამ თეატრალურში არ ჩავაბარე. იმდენად გაღმერთებული მქონდა ეს პროფესია, რომ ვერ შევკადრე ჩემი თავი.
– მგონი, ძალიან ცუდი წარმოდგენა გქონდათ საკუთარ თავზე.
– ძალიან. ჩემი თვითშეფასება ნულის ტოლი იყო. მუსიკის სწავლა განვაგრძე. არ ვიყავი ცუდი მუსიკოსი, ვდირიჟორობდი, ვწერდი, ძალიან მიყვარდა ეს სამყარო, მაგრამ კონსერვატორიაში ჩაბარების ოთხწლიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, გადავწყვიტე, საერთოდ, არსად აღარ ჩამებარებინა.  კინომცოდნე, არაჩვეულებრივი ადამიანი ლალა თაბუკაშვილი არსებობდა ჩემს ცხოვრებაში და მან დამარწმუნა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, აუცილებლად უნდა დამემთავრებინა ინსტიტუტი. იმ წელს იყო მიღება ხმის სარეჟისოროზე და რადგან მუსიკალური განათლება მქონდა, ამ პროფესიაზე  ჩავაბარე და წითელ დიპლომზეც დავამთავრე. რუსთაველის თეატრში ვმუშაობდი რეჟისორის თანაშემწედ, ოცდაორი წელი გავატარე იქ. შემდეგ აქ გადმოვედი და უკვე თხუთმეტი წელია, მარჯანიშვილის თეატრის დასის მმართველი გახლავართ. ინსტიტუტის პარალელურად, გიორგი ცინცაძემ გადამიღო ფილმში, შემდეგ სვირავამ და ასე დაიწყო ჩემი ბავშვობის ოცნების ასრულება 90-იან წლებში. მანამდე ჩემი კომპლექსების გამო ვერ გავბედე ამ ნაბიჯის გადადგმა და მერე იმდენად უკომპლექსო გავხდი, ახლა ყველაფერს ვთამაშობ, რაც გინდა, მითხარი. ქასთინგზე რომ მივდივარ, ვკითხულობ – როგორი გინდათ, მაღალი, გამხდარი, ქერათმიანი მოვიდე თუ დაბალი, მსუქანი და შავი? როგორსაც მეტყვი, ისეთი ვიქნები-მეთქი. თავიდანვე რომ ასეთი შემართებით ვყოფილიყავი და თავში სულელური აზრები არ მქონოდა, კარგი იქნებოდა, მაგრამ ღმერთმა ასე ინება. მგონია, რაც ძალიან გინდა, ის აუცილებლად შეგისრულდება.
– სამსახურში მსახიობების კონტროლი გევალებათ და ალბათ, საკმაოდ მკაცრი ხართ.
– ეგ ყველაზე ძალიან არ მომწონს, მაგრამ იუმორი მეხმარება. სიცილ-სიცილით ისე მოვუხსნი ხოლმე ხელფასს მსახიობებს, რომ არავინ ბრაზდება. არავის დასჯა არ მიყვარს, მაგრამ შიდა განაწესის დარღვევას, ნამდვილად ვერავის ვაპატიებ, რადგან ძალიან მიყვარს აქაურობა.
– მითხარით, რომ ძალიან დიდ დროს ატარებთ სამსახურში. სახლის საქმეები თუ გიყვართ?
– სახლის საქმეებზე ვგიჟდები და ნაირ-ნაირ საჭმელებს ვაკეთებ. ჩემი გოგოები რომ მოიცლიან ხოლმე, ვპატიჟებ და პატარა სადილებს ვაწყობთ. ისინიც ამბობენ, რომ სასწაული ხელი მაქვს: ისეთ კექსს ვაცხობ, ხილით, მსოფლიოში რომ ვერავინ გააკეთებს. ნიგვზიანი კერძები, ჭვიშტარი, მუჟუჟი, ღორის ხორცი, ხარჩო, კუჭმაჭი – ყველაფერი კარგი გამომდის. სალათები და ფოთლები დიეტაზეც საკმარისია. კარგ საჭმელს რომ გავაკეთებ ხოლმე, ვიძახი – ქე მოვუვლიდი ამ საჭმლით ცხრა პირ ქმარ-შვილს-მეთქი. რას იზამ, ტყუილად გავცდი. მშობლები რომ გარდამეცვალნენ, ძალიან განვიცადე. ქმარი და შვილი რომ არ გყავს, მთელი ენერგია მშობლებზე გადაგაქვს და შვილივით უვლი, მით უმეტეს, ასაკში რომ შედიან და ისინი რომ გამომაკლდნენ, არასაჭიროდ ვიგრძენი თავი. თუმცა, სამსახურში ჩემი გოგოები, ბავშვობის მეგობრები, სულ მეჩხუბებიან, ჩვენ აქ არ ვართო და მართლა, მადლობა ღმერთს, რომ ასეთი მეგობრები მყავს!  
– ამ ყველაფრის ფონზე, ისეთი ენერგიული და პოზიტიური ხართ, სხვას უჩენთ სიცოცხლის ხალისს.
– კი, ხალისიანი ვარ. არავის სჭირდები ჯმუხი და უხასიათო. ოდნავ სერიოზული ან მოღუშული სახით რომ დამინახავენ, მაშინვე მეკითხებიან, რა იყო, რა მოხდაო და ამიტომ ვარ სულ გაღიმებული. შეიძლება, არ გეცინებოდეს, მაგრამ ყველას თავისი პრობლემა აქვს და კიდევ შენი რომ მოახვიო თავს, არაა კარგი, ამიტომ ამას შიგნით ვიტოვებ. ადამიანმა უნდა იფიქრო, რომ სხვას გაუხალისო ცხოვრება და კარგ ხასიათზე დააყენო. აი, მივხვდი ჩემი ცხოვრების მიზანს. იმისთვის ვცხოვრობ, რომ სხვა ადამიანს ბედნიერება, სილაღე და სიკეთე მოვუტანო.

скачать dle 11.3