კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 ვინ და რა ვითარებაში გაათათრა გასომხებული ელიგუმ ორბელიანი და ვინ შეირთო მისი ცოლი

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  გიორგი მესამის მიერ ორბელების დამარცხებისა და დასჯის დროს ამირსპასალარ ივანე ორბელის ძმა, ლიპარიტი, ორ ძესთან, ელიკომთან (ელიგუმ, ელიკუმ) და ივანესთან ერთად, უცხოეთში ყოფილა, ადარბადაგანისა და ჩრდილოეთ ირანის დიდ ათაბაგთან.
  1184 წელს ივანე ლიპარიტის ძე ორბელი შემოეხვეწა თამარ მეფეს და სამშობლოში დაბრუნება ითხოვა. ჩვენმა ხელმწიფემ  შეიწყნარა, დააბრუნა და დაუბრუნა ორბეთის ციხე.
  ივანეს ძმა, ელიკომ ლიპარიტის ძე ათაბაგთან დარჩა. დაწინაურდა ათაბაგის კარზე და შემდეგ მისივე თხოვნით,  გადაიყვანეს ნახჭევანში, რათა საქართველოსთან უფრო ახლოს ყოფილიყო.
  ელიკომი დაქორწინდა სომეხ ქალზე, არ უნდოდა მაჰმადიანზე დაქორწინება, რადგან უკვე თვითონაც გრიგორიანი იყო, ანუ გასომხებული (წინაპრები მართლმადიდებლები ჰყავდა, ქართველი დიდებულები). ცოლად  მოიყვანა სივნიეთის ეპისკოპოსის, სტეფანეს დისა და აზნაურ აბაზის მშვენიერი ასული. სომეხი ეპისკოპოსის დის ასულმა ელიკომს გაუჩინა ვაჟი: „ძე ერთი უტურფესი, რომელსა ეწოდა სახელი მამისი თვისისა ლიპარიტ“.
  შემდეგში განსაცდელი შემთხვევია ელიკომ ორბელს. ავად გამხდარა და სიკვდილის პირას იყო, თურმე, რის გამოც, სტეფანოს ორბელიანის სიტყვით, უნებლიეთ თუ უძლურებით, დიდი შეცდომა ჩაუდენია:
„ესრეთ ცხოვრობდა მრავალსა ხანსა, ხოლო დღესა ერთსა ავად შეიქმნა ელიკომ. რომელი ესმა ათაბაგსა, მოვიდა მასთან სანახავად და დაჯდა სიახლოესა უძლურისასა, აწუხებდა მას და ეტყოდა „ამისთვის მოველ, რათამცა მრავალი საბოძვარი მიბოძო“. მიუგო მან და ჰრქვა: „ჰოი, დიდო ათაბაგო, რა გნებავს, რამცა შეგძღვნა შენ?“. ხოლო მან ჰრქვა: „არცა უნჯნი და არც ნივთნი პატივისანი მწადს შენ მიერ, გარნა მიბოძე მე სარწმუნოება შენი და მიიღე სჯული ჩემი“. და ფრიად დაუხშირა თქმა ამისი. მაშინ, საწყალობელმან შეღონებულმან და შეშინებულმან სატკივრისაგან, ვითარცა სულელმან, იწყო ბოდვა: „იყავნ ნებრ სიტყვისა შენისა“. რომლისათვის დიდათ განიხარა ათაბაგმან, მუხლნი მოუდრიკა მას და მისცა ჭაჰუკი და ქალასრა და ნახჩვანის ბაზარში ოცდაათი კლიტე მტკიცისა სიგლითა და ბეჭდითა ყრმასა მას ლიპარიტს სამკვიდრებლად მისდა და მამულად“.
  ასე გათათრდა გასომხებული ორბელი, სასიკვდილო აგონიის დროს, თუ სტეფანოს ორბელიანი სიმართლეს ამბობს, ეს ამბავი კი საკუთარი დიდი პაპის შესახებ ნამდვილად ეცოდინებოდა. სამაგიეროდ, უხვი წყალობა მიიღო ათაბაგისგან და დიდი შემოსავალი, მათ შორის, ვაჟისთვის, ყრმა ლიპარიტისთვის. სტეფანოსის თქმით, გამოდის, რომ ელიკომის გამაჰმადინებით გახარებულმა ათაბაგმა ელიკომს აუწყა, შენს ძეს სოფლებს, ჭაჰუკს და ქალასრას  გადავცემო და ბაზრის შემოსავალს. თუმცა, ელიკომის წინ ათაბაგის დაჩოქება, თუნდაც ელიკომის გამაჰმადიანებით გახარებულის, ცოტა უცნაური ჩანს და ძნელი დასაჯერებელია.
  მაგრამ, ელიკომ ორბელიანი არ მოკვდა ავადმყოფობით, გამოჯანმრთელდა.
ძალიან აწუხებდა, თურმე, გათათრება გასომხებულ ელიკუმ ლიპარიტის ძე ორბელს და გადაწყვიტა, დაბრუნებოდა სომხურ სარწმუნოებას.
„ხოლო ელიკომ წყალობითა ღმრთისათა უკეთ შეიქნა და მორჩა. ფრიად შეინანა, მივიდა სულტნისა და ათაბაგისა, უარჰყო თათრობა, აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნება ქრისტესი და თქვა:
  „ჰოი, უფალნო ჩემნო, უკეთუ გნებავდესთ ვიყო მე სარწმუნოებასა ჩემსა ზედა და ერთგულად გმსახურო თქვენ, უკეთუ არა, განმზადებული ვარ სიკუდილად სარწმუნოებისა ჩემისათვის”.
  თუ ეს მართალია, სულთანს და ათაბაგს, როგორც ჩანს, ძალიან სჭირდებოდათ ცნობილი საგვარეულოს შთამომავალი ელიკომი. ელიკომის შთამომავალი, სტეფანოს ორბელიანი წერს:
  „ხოლო მათ ფრიად საჭიროებისა კაცისა მისთვის აღარა შეაწუხეს და ამყოფეს იგი ნებასა თვისსა ზედა“.
ილდეგიზიდ ათაბაგს თავისი გეგმები ჰქონდა ელიკომთან დაკავშირებით. უნდოდა, საქართველოს ყოფილი დიდებულების შთამომავალი გამოეყენებინა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამიტომ, განჯის მხარეში წაუყვანია საომრად. ალბათ, ქართველების წინააღმდეგ, რადგან განჯა საქართველოს ინტერესის სფეროს წარმოადგენდა და ჩვენი მოხარკე იყო მაშინ. ათაბაგები ჩვენი ქვეყნის კონკურენტებად ითვლებოდნენ. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ტერიტორიებზე მათაც ეჭირათ თვალი. საქართველოსა და ადარბადაგან-ჩრდილოეთ ირანის დიდ ათაბაგებს შორის შეტაკებები ხშირი იყო.
განჯასთან ომში დაღუპულა ელიკომ ორბელი. ეს, დაახლოებით, 1195-1196 წლებში უნდა მომხდარიყო. სტეფანოს ორბელიანი წერს: „რომელი მცირედს ჟამს უკან გაჰყუა ათაბაგსა, რომელი მოვიდოდა განჯას და მუნ ომში მოკუდა“.
  იმ დროს ელიკომის ძე ლიპარიტი მცირეწლოვანი ყოფილა. ნახჭევანელებს, შეიძლება, ათაბაგის ბრძანებით, მძევლად აუყვანიათ პატარა ორბელიანი:
„და დაშთა მცირე ყრმა იგი ლიპარიტ ობლად და უპატრონოდ. ოდეს ესმათ ესე მთავართა ქალაქისათა, მიიყუანეს ყრმა და დედა მისი ნახჩევანს და დაიცევდენ მათ, ვითარცა მზევალთ, რათა არა წარიყუანოს დედამან ფარულად“.
  შესაძლოა, ფიქრობდნენ, რომ გაიზრდებოდა გასომხებული ორბელების შთამომავალი, მას საქართველოს წინააღმდეგ ომში გამოიყენებდნენ. ასეთ შემთხვევაში, ეს სამაგალითოდ გამოადგებოდათ მაჰმადიანებს, რომელთაც უნდოდათ სომხები დაეპირისპირებინათ ქართველებისათვის. ირანის მაჰმადიანებს საუკუნეების განმავლობაში ჰქონდათ ასეთი პოლიტიკა – ჩვენს მართლმადიდებელ წინაპრებს გრიგორიან სომხებს უპირისპირებდნენ. მით უმეტეს, იცოდნენ, ორბელების ოჯახს  ბრაზი ჰქონდა ბაგრატიონებისადმი, თამარის ოჯახისადმი, დემნას აჯანყების ჩახშობისა და ორბელების დასჯის გამო. იქნებ ამიტომაც მისცეს ნება გამაჰმადიანებულ ელიკომს, დაბრუნებოდა გრიგორიანობას. შესაძლოა, ამიტომ აიყვანეს მძევლად პატარა ლიპარიტ ელიკომის ძე ორბელი და არ მისცეს დედამისს უფლება, ქართველების მიერ კონტროლირებად სომხურ მიწებზე გადაეყვანა ვაჟი ან სომხურად, გრიგორიანულად გაეზარდა.
იმ დროს პატარა ლიპარიტის ბიძა, ივანე, უკვე შემოხვეწილი იყო თამარ მეფეს და დაბრუნებული საქართველოში.  
გარდა ამისა, პატარა ლიპარიტს და მის ახალგაზრდა დედას საკმაო ქონება დარჩებოდათ ელიკომისგან. ახალგაზრდა და შეძლებული ქალის ხელში ჩაგდებასაც მოინდომებდა ვინმე. ასეც მომხდარა. სტეფანოსი მოგვითხრობს:
  „ხოლო თათარმან ერთმან მძლავრობით მოიყუანა იგი სახლსა თვისსა და ითხოვა ცოლად. და ყრმა იგი აღიზრდებოდა მას სახლსა შინა და არა იცოდა ქრისტიანობა უმეტეს ათსა წელსა“.
მაშასადამე, მაჰმადიანურ ოჯახში იზრდებოდა ლიპარიტ ელიკუმის ძე და ქრისტიანობას არ იცნობდა ათ წლამდე.
ცოტა ხანში სივნიეთი მაჰმადიანთაგან გაათავისუფლა თამარ მეფის ჯარმა, ზაქარია და ივანე მხარგრძელების მეთაურობით და შემოუერთა საქართველოს სახელმწიფოს. სივნიეთის ეპისკოპოსმა მოისურვა დის შვილიშვილის, ლიპარიტ ელიკუმის ძის გამოხსნა მძევლობიდან.

скачать dle 11.3