კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 ქარიზმა – მითი თუ რეალობა

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  არსებობენ ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც ყველას უხარია, ერთნაირად უყვართ მეგობრებს, თანამშრომლებს,  ხელქვეითებსა  და უბრალო ნაცნობებსაც კი. ხშირად ამას კარგ აურას  ვეძახით. სინამდვილეში ეს ქარიზმაა.
  ბევრი ფიქრობს, რომ ქარიზმა ერთგვარი ტალანტია, თანდაყოლილი ნიჭი, თუმცა ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ქარიზმატულობის გამომუშავება ყველას შეუძლია, თუკი  მიხვდება ადამიანების მოხიბვლის მთავარ პრინციპს – ისინი უყვართ, ვის გვერდითაც თავს განსაკუთრებულად გრძნობენ და კიდევ, ქარიზმატული ადამიანები საკუთარი თავის წარმოჩენაზე არ ფიქრობენ. მათ ისედაც იციან საკუთარი თავის ფასი. ქვეცნობიერად ყველას ის ადამიანი იზიდავს, ვის გვერდითაც თავს განსაკუთრებულ პიროვნებად გრძნობს.
გთავაზობთ ძალიან სასარგებლო  რჩევებს:
*  მოუსმინეთ ყურადღებით – ადამიანს თავი მნიშვნელოვნად და კომფორტულად რომ აგრძნობინოთ,  ეცადეთ თვალებით კონტაქტი არ შეწყვიტოთ. აქეთ-იქით ყურებას, პარალელურ საქმიანობას, ტელეფონში ქექვას, სოციალურ ქსელებში სიახლეების სქროლვას, საათის გადამოწმებას არ გირჩევთ. ის უნდა დაარწმუნოთ, რომ პატივს სცემთ, დაინტერესებული ხართ, გადარდებთ…  გამოხატეთ ემოციები. ქარიზმატული ადამიანები გულხელდაკრეფილი არ სხედან. მათ მდიდარი ჟესტიკულაცია აქვთ. გაიღიმეთ, წარბები შეჭმუხნეთ, თავი დაუქნიეთ. ადამიანზე ხელის ჩამორთმევის მანერითაც კი შეგიძლიათ, შეიქმნათ შთაბეჭდილება. თქვენი აზრით, რატომ ართმევენ ხოლმე ასე გულმხურვალედ ხელს პოლიტიკოსები თავიანთ ამომრჩევლებს, რატომ უყურებენ გამუდმებით თვალებში? ეს ყურადღებაა, ყურადღება კი ყველას სიამოვნებს.
* არ მოაბეზროთ ადამიანს თავი – სანამ რამეს ეტყოდეთ, დაფიქრდით, რამდენად მნიშვნელოვანი რამ გაქვთ სათქმელი. თუ არც ისე საინტერესოდ მოგეჩვენებათ – გაჩუმდით. რაც უფრო ნაკლებს იტყვით, მით უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭება იმას, რაც თქვით.
*  გაეცით უანგაროდ და მიიღეთ სიხარულით – ეცადეთ, უფრო მეტი გასცეთ: კომპლიმენტებითა და მორალური მხარდაჭერით დაწყებული, მატერიალურით – ნივთებით დამთავრებული.  გაეცით უანგაროდ, სანაცვლოდ კი ნურაფერს დაელოდებით. ოღონდ ისიც დაიმახსოვრეთ, დავალებულად ყოფნა არავის მოსწონს, ამიტომ არასოდეს თქვათ უარი მიღებაზე. თანაც, აუცილებლად გამოხატეთ სიხარული და მადლიერება. სხვებსაც მიეცით საშუალება დიდსულოვნად და საჭირო ადამიანად იგრძნოს თავი.
* თავს ის იფასებს, ვისაც სხვები არ აფასებენ – აბზუებული ცხვირის პატრონ ადამიანს, არავინ უყვარს. ის არავის აფასებს, გარდა მასზე უფრო მეტად აბზუებული ცხვირის მქონეებისა. ნორმალურ ადამიანებს კი, ვისი სიმპათიის დამსახურებითაც თქვენს ცხოვრებაში რაღაცას შეცვლით, ეს დისკომფორტს უქმნის. ხალხს სნობები არ უყვარს. თუ ენამახვილი ბრძანდებით, ეცადეთ, ეს ნიჭი ხალას, კეთილ იუმორზე დახარჯოთ და არა ცინიზმზე. გაითვალისწინეთ, როგორც  უნდა გელაქუცონ გამორჩენის მიზნით, რეალურად გულშემატკივარი არ გეყოლებათ, რადგან ლაქია ვერაფრით გიგულშემატკივრებთ.
* ქარიზმატული ადამიანები გონებაგახსნილები არიან, მუდამ ღია ახალი ინფორმაციისთვის, ახალი ურთიერთობებისთვის. ყველაფერს გულით აკეთებენ. მათ მართლა უყვართ ადამიანები, მართლა აინტერესებთ ისინი, მართლა გრძნობენ მათ მნიშვნელობას და ზემოდან არავის უყურებენ.
და რაც მთავარია, ეცადეთ,  იყოთ გულწრფელი. შეიყვარეთ და დააფასეთ  ადამიანები და  ისინიც დაგაფასებენ.  

ჩვენ –  ადამიანები...     
                          
  ჩვენ, ადამიანები ზედმეტად ემოციურები ვართ – ვბრაზობთ, გვწყინს და გვიჭირს პატიება... გარდა იმისა, რომ უამრავ ენერგიას ვხარჯავთ, საკუთარ თავს არაკომფორტულადაც ვგრძნობთ. პატიება ყოველთვის  ვინმესთან შერიგებას არ ნიშნავს.  პატიება წყენისგან გათავისუფლებაა და რადგან ადამიანებს, ეგოსთან გამკლავება არ შეგვიძლია, აჯობებს, გავაცნობიეროთ, რომ ვინმესთვის პატიება, ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე მას, ვისაც ვპატიობთ.
  იმისთვის რომ აპატიოთ, დამნაშავის ძებნას უნდა მოეშვათ.  ჩვენ ყველანი ერთნაირად დამნაშავეები და ამავე დროს, უდანაშაულოები ვართ. თქვენ ერთნაირად უნდა აპატიოთ სხვასაც და საკუთარ თავსაც. სხვანაირად სიმშვიდის მიღწევა შეუძლებელია. ცუდი და კარგი  ადამიანები  არ არსებობენ. თითოეულ ჩვენთაგანში არის რაღაც კარგი და რაღაც ცუდი. ურთიერთობაში ყველას ჩვენი ტვირთი მოგვაქვს, რომელიც მერე სწორად მოქცევაში გვიშლის ხელს და შედეგად, ყველა ვიღებთ ტრავმას. როცა ვინმეზე ნაწყენი ხარ, ის ადამიანი შენს წარმოსახვაში უნდა დააპატარაო, აქციო პატარა ბავშვად, რომელმაც უბრალოდ, არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს და ეშლება, იმიტომ რომ ვერ ხვდება, თუ ამით რამეს აშავებს. ასე იფიქრეთ და მისთვის პატიება გაგიადვილდებათ.
  ჩვენ არ გვაქვს  იმდენი ძალა,  იმდენი ენერგია და  იმდენი გამოცდილება, რომ ყველა ადამიანის დახმარება შევძლოთ. ჩათვალეთ, რომ კონკრეტულმა ადამიანმა, რომელმაც გული ძალიან გატკინათ, თავისი ფუნქცია შეასრულა თქვენს ცხოვრებაში. რაღაც გასწავლათ და ახლა უნდა წავიდეს.
დახუჭეთ თვალები და იფიქრეთ ადამიანზე, რომელმაც თქვენში ბრაზი გამოიწვია.  შემდეგ ეს სურათი გააქრეთ თქვენი გონებიდან და ღრმად და ნელა ისუნთქეთ. შემდეგ უკვე იმ ადამიანებზე იფიქრეთ, ვინც გიყვართ, ის ადგილები წარმოიდგინეთ, რომლებიც ბედნიერებას განიჭებთ, სადაც სიმშვიდე და სილამაზეა. მერე  გული პოზიტივით აივსეთ, სხეულს სასიამოვნო შეგრძნებები დაუბრუნეთ და დამშვიდდებით.
არავის მისცეთ უფლება, დაგირღვიოთ სულიერი სიმშვიდე.
  პატიება ერთჯერადი აქტი არ არის. არამედ, მუდმივი დამოკიდებულება და  ჩვევაა. ჩვევას კი გამომუშავება სჭირდება.
საჭიროა გავიაზროთ, რომ  ჩვენც ბევრი შეგვეშალა.
  ჩვენი ცხოვრება ჩვენი შინაგანი მდგომარეობის ანარეკლია. სულიერი სიმშვიდის მიღწევა და ბედნიერების განცდა თუ გვინდა, ეს ყველაფერი საკუთარ სულში უნდა ვეძიოთ. აპატიეთ და გაუშვით, იმიტომ კი არა, რომ ის ამას იმსახურებს, იმიტომ, რომ თქვენ გჭირდებათ ეს.
скачать dle 11.3