კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 როგორ შეიქმნა ფრანგული ოპერა ქართველ ქალებზე და რა ლეგენდები არსებობდა მეთვრამეტე საუკუნის ევროპაში საქართველოს შესახებ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  Les Georgiennes – „ქართველი ქალები“, ასე ეწოდება ფრანგულ ოპერა-ბუფას, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე ცნობილმა ფრანგმა კომპოზიტორმა ჟაკ ოფენბახმა დაწერა და რომელსაც წილად უდიდესი წარმატება ხვდა.
  ლაშა გასვიანი (მუსიკოსი): „ქართველი ქალები“ ძალიან ცნობილი ფრანგი კომპოზიტორის, ჟაკ ოფენბახის შექმნილი ოპერა-ბუფა, ანუ იუმორისტულ-სატირული საოპერო ჟანრის ნაწარმოებია. ის დაწერილია 1864 წელს. ლიბრეტოს ავტორია ფრანგი მწერალი ჟიულ მუანო. როგორც ერთ-ერთი ფრანგული წყარო იუწყება, ჟიულ მუანოს ახლო მეგობრობა აკავშირებდა დიდ ფრანგ მწერალ ალექსანდრე დიუმა მამასთან. დიუმა მამა მას დიდ დახმარებას უწევდა ამ ოპერა-ბუფას ლიბრეტოს შექმნის საქმეში. როგორც იცით, დიუმა ნამყოფი იყო კავკასიაში, მათ შორის საქართველოშიც. მან ექვს კვირაზე მეტი დაჰყო თბილისში. როგორც ცნობილია, ყოველ მესამე დღეს გოგირდის აბანოებს სტუმრობდა და თბილისური ცხოვრება კარგად შეისწავლა. ამ ოპერა-ბუფაში არის ერთი მომენტი: ვითომ დაჭრილი ქმრები ომიდან ბრუნდებიან და ქალები მათ აბანოში ცხელი წყლით მკურნალობას მიუსჯიან. წარწერაც კი ფიგურირებს „ჩვენ აქ წყლით ვმკურნალობთ“. ეს პასაჟი ამ სანახაობაში, ალბათ, დიუმას გავლენით შევიდა.
  „ქართველი ქალების“ პრემიერა პარიზში 1864 წლის 16 მარტს გაიმართა. როგორც ფრანგული პრესა წერდა, წარმოდგენას დიდი ტრიუმფი ხვდა წილად. პარიზული პრემიერიდან შვიდ თვეში ეს ნაწარმოები ვენაშიც იდგმება და იმდენად დიდი წარმატებით, რომ ვენის საცეკვაო სალონებმა, რომელიც მაშინ ძალიან პოპულარული იყო, ამ ნაწარმოებიდან ნომრები აიღეს და თავიანთ რეპერტუარში შეიტანეს. პრემიერას, როგორც ჩანს, ვალსების მეფედ წოდებული იოჰან შტრაუსის უმცროსი ძმა, იოზეფ შტრაუსი ესწრებოდა. მას  ნაწარმოებიდან ძალიან მოსწონებმია ერთი მონაკვეთი – კადრილი, რომელიც თავისებურად გადაუმუშავებია და პრემიერიდან ოთხ დღეში დინაზაალის საკონცერტო დარბაზში შეუსრულებია ორკესტრის თანხლებით და უდიდესი წარმატებით. დინაზაალის პრემიერიდან სამ დღეში, ჩნდება მისი საფორტეპიანო ვერსიაც. გამოდის, რომ ამ ნაწარმოებმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. მან ევროპის თითქმის ყველა მსხვილი ქალაქი მოიარა. ამ ნაწარმოებში მთავარი როლის შესრულება, მსახიობის კარიერაში უდიდეს წინსვლას ნიშნავდა. 1874 წელს პრემიერა ნიუ-იორკშიც გაიმართა. როგორც იმდროინდელი პრესა იუწყება, მას თავბრუდამხვევი წარმატება მოჰყვა. ნიუ-იორკის თეატრმა ცენტრალ-პარკისგან სპილოც კი იქირავა სპექტაკლში მონაწილეობის მისაღებად. მალე ოფენბახი თავად ჩადის ამერიკაში და ნაწარმოების საკუთარი ხელით გადაწერილი ხელნაწერი მიაქვს. ისიც ესწრება ტრიუმფს, მაგრამ შემდეგ, ნელ-ნელა ამ ნაწარმოების კვალი ქრება, აღარსად იდგმება და დავიწყებას მიეცა. ამის მიზეზებზე საუბარი ჯერ არ შემიძლია
– რას უკავშირდება ამ ნაწარმოების ხელმეორედ დაბადება?
– 1876 წლის შემდეგ ეს ნაწარმოები გაქრა და თითქმის საუკუნე-ნახევარი  დაკარგულად ითვლებოდა. ევროპაში და მით უმეტეს, საქართველოში მის შესახებ ინფორმაცია არავის  ჰქონდა. საქმე ისაა, რომ 2019 წელს ოფენბახის დაბადებიდან ორასი წლისთავი შესრულდა და იუბილის აღსანიშნავად, ერთ-ერთმა ფრანგულმა ასოციაციამ მოინდომა დაედგათ ოფენბახის ისეთი ნაწარმოები, რომელიც ძალიან ცნობილი არ იყო. ოფენბახის ერთ-ერთმა სპეციალისტმა, ჟან ქრისტოფ კეკმა, რომელთანაც ახლა კომუნიკაცია მაქვს, მიაწოდა იდეა „ლე გროუპ ლირიკის“ დირიჟორს, ლორან ზაიკს, რომ დაედგათ ოპერა-ბუფა „ქართველი ქალები“. სხვა ვარიანტებიც შეუთავაზებია, მაგრამ რადგან ლიბრეტო ძალიან ახლოს იყო ფემინისტურ თემასთან და ქალთა ემანსიპაციის საკითხებთან, მისი დადგმა ერთმნიშვნელოვნად გადაწყვიტეს.  მას ამჯერადაც დიდი წარმატება ხვდა წილად. დამდგმელი რეჟისორია რენო ბუტენი.
– თქვენ როგორ მიაკვლიეთ ამ ინფორმაციას?
– მე მესამე მუსიკალურ ტექნიკუმში ვსწავლობდი კლასიკური ვოკალის განხრით. კლასიკური მუსიკა ჩემთვის არაა შორეული, ამ სფეროში კარგად ვერკვევი. რამდენიმე წლის წინ შემთხვევით წავაწყდი ამ ოპერის პოსტერს და იქიდან დავიწყე კვლევა. წელს, ოფენბახის ორასი წლის იუბილე კიდევ ბევრი დეტალის გარკვევაში დამეხმარა.
– რატომ მაინცდამაინც ქართველი ქალები?
– იმდროინდელ პარიზულ საზოგადოებაში მოდაში იყო ფიქრები აღმოსავლეთზე. მათ ძალიან ეგზოტიკურად წარმოედგინათ აღმოსავლეთი. დაკარგულ სამოთხედ მიაჩნდათ, სადაც მოგზაურობაზე ყველა ოცნებობდა და მოწინავე ევროპელებისთვის ეს ხელმისაწვდომი გახდა. მსგავსი ნაწარმოებები კი ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ ადამიანებს, რომლებიც აღმოსავლეთში მოგზაურობას ვერ შეძლებდნენ, წარმოდგენა შეექმნებოდათ. რატომ მაინცდამაინც ქართველი ქალები? ამ პერიოდის ფრანგულ მუსიკაში ძალიან ცნობილია ოპერა-ბუფას ერთ-ერთი მიმდინარეობა, რომელსაც ფრანგები  „თურქუერის“ ეძახიან. ამ მიმდინარეობაში ორიენტალისტური, ანუ აღმოსავლური თემატიკაა აქტუალური. მისი ლიბრეტო ეხება ოტომანთა იმპერიის უკიდურეს აღმოსავლეთ პროვინციას, როგორადაც საქართველო მიაჩნდათ.
– როგორია ამ ოპერა-ბუფას შინაარსობრივი მხარე?
– მოქმედება ვითარდება მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისის საქართველოში. ძალიან ცნობილი ოსმალეთის სულთანი ფაშა როდოდენდრონი გადაწყვეტს, რომ თავის ჰარამხანა ლამაზი ქალებით შეავსოს. ქართველი ქალები კი სილამაზით არიან განთქმულები. ამიტომაც, ფაშა თავის 32 სპილოსა და ამდენივე თავზეხელაღებულ მეომართან ერთად მოემართება საქართველოს ქალაქ ჯეგანში. ქართველი ქალები გაიგებენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და მათთან საომრად ქმრებს გააგზავნიან. დაახლოებით 150 ქართველი მამაკაცი გაემართება ფაშასთან საომრად. თუმცა გზად შიში იპყრობთ. როგორც როდოდენდრონი ამბობს, ეს ქალაქი იმიტომ ამოირჩია, რომ ის განთქმულია ყველაზე ლამაზი ქალებით, რომლებსაც სულელი კაცები ჰყავს – ლამაზ ქალებს ადვილად მოვიპოვებთო. შეშინებული ქართველი მამაკაცები მასთან შებრძოლებას ვერ გაბედავენ. ერთ-ერთს ჭურვი აუფეთქდება ბანაკში და დასახიჩრებული ქმრები, მაგრამ არა ბრძოლით, უკან ბრუნდებიან. ქართველ ქალებს დახეიბრებული ქმრების დანახვაზე გული მოულბებათ, ალაყაფის კარს გაუღებენ და შემოუშვებენ. ძალაუფლებას თავიანთ თავზე იღებენ. აბჯარს ჩაიცვამენ და ხელში იარაღს იღებენ. ქმრებს კი წყლით მკურნალობას მიუსჯიან.
ფაშა როდოდენდრონი კი ჭკუას იხმარს. რაზმს დამალავს, თვითონ კი მუსიკოსის ტანსაცმელს გადაიცვამს და ასე შეიპარება ქალაქში. ამბობს, ერთი ქართველის მოსყიდვა მინდოდა სამ რუპიად, მაგრამ მან თავის ერთგულება არ გაყიდაო. მისი თანამემამულე – ბობოლი, რომელიც საქართველოშია გამოქცეული, ამაზე ეუბნება: არ იცით, ქართველები რკინის არიან, მაგრამ ოქროს გული აქვთ და ხუთ რუპიაზე რომ ასულიყავით, აუცილებლად დაგეხმარებოდათო. ფაშა მივა მეთაურ ქალთან, რომელსაც ფეროზა ჰქვია. ფეროზას კიდევ ორი დამხმარე ქალი ჰყავს – ნანი და ზაიდა. ფაშა ცდილობს, ფეროზა შეცდომაში შეიყვანოს და გაიტყუოს, მაგრამ არ დაუჯერებენ. გადაცმულ ფაშას მთავარ მედოლედ გაამწესებენ და კაცების მედდობას დაავალებენ. ქალები ბრძოლისთვის ემზადებიან, როცა ფაშას ტანსაცმლის ჯიბეში ქალაქის რუკას იპოვიან და მიხვდებიან, ვინცაა. ფეროზა აწყობს ვახშამს, ათრობს ფაშას და სიმთვრალეში მზაკვრული გეგმების შესახებ წამოაცდენინებს. რის შემდეგაც მას სიკვდილს მიუსჯიან. ქალები გაიგებენ იმასაც, რომ მათ ქმრებს არ უბრძოლიათ და ქალაქიდან გაყრიან. მაგრამ ბოშების ფორმაში გადაცმული კაცები უკან შემოდიან. ამასობაში ფაშას ჯარისკაცებიც აღწევენ ქალაქში. ფაშა თანამემამულის მოსყიდვას ცდილობს, ბობოლიც დაჰპირდება დახმარებას, მაგრამ უთანხმოება მოუვათ ნანის სიყვარულის გამო. გაბრაზებული ბობოლი უღალატებს ფაშას და ქართველების მხარეს გადავა. ის ეხმარება მამაკაცებს, რომ იარაღი ისევ ხელში აიღონ. მართლაც, კაცები იწყებენ ბრძოლას და შემოსეულებს ქალაქიდან ყრიან. რითაც ცოლების თვალში რეპუტაციას აიმაღლებენ და ქალებიც ქმრებს უკან იღებენ. თუ მანამდე ყვიროდნენ – ძირს მამაკაცებიო, ამ გამარჯვების შემდეგ ქართველ კაცებს დღეგრძელობას უსურვებენ. ჟიულ მუანოსა და ოფენბახის საქართველო, ერთგვარი მოდელია, როგორ შეიძლება, ქალებმა გაათანასწორონ თავიანთი და კაცების უფლებები და დაამყარონ სქესთა შორის ბალანსი. დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ნაწარმოები თბილისის ოპერაში დაიდგას.

скачать dle 11.3